"ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. პირველივე დღეს, როგორც კი ივანიშვილმა განაცხადა, პოლიტიკურ ცხოვრებაში ვერთვებიო, მეც ვთქვი, რომ მასთან დავდგებოდი. მასთან ვმეგობრობ და ხშირად მისაუბრია, როგორ უნდა ეშველოს საქართველოს ეკონომიკას, სოფლის მეურნეობას, წარმოებას. ბიძინა თვლიდა, რომ მე ბიზნესში შეიძლება პრობლემები შემქმნოდა და ამიტომ ამდენი ხანი ეს გაცხადებული არ იყო. ამ დღეებში შევიკრიბებით და ჩამოვაყალიბებთ, რა ფორმით მოხდება "ქართულ ოცნებასთან" ჩვენი ურთიერთობა. ალბათ თანამშრომლობა მთელი პარტიით მოხდება. პარტიის წევრებისთვის ჯერ არ მითქვამს, ამ საკითხს ხვალ განვიხილავთ. პარტიაში მოლაპარაკების შემდეგ მე და ბიძინა თავად გადავწყვეტთ, ურთიერთობა როგორი ფორმით უნდა გვქონდეს", - აცხადებს პარტიის "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ლიდერი გოგი თოფაძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თოფაძე "ქართულ ოცნებას" უერთდება / "ყველა ბიზნესმენს, ვინც ამ ხელისუფლებისთ უკმაყოფილოა, მოვუწოდებ, გამოვიდეს..."
"ივანიშვილი პატრიოტია, ძალიან ბევრს ეხმარებოდა ამ ხელისუფლებას და ძალიან ბევრი გაუკეთა ქართველ ერს და რაც მთავარია, კარგი გეგმები აქვს, რომელსაც აუცილებლად შეასრულებს. წარმოიდგინეთ ივანიშვილი, რომელსაც 7 თუ 12 მილიარდი აქვს და ნებისმიერ ქვეყანაში შეეძლო უზრუნველი ცხოვრება, რატომ აიკიდებდა ამდენ პრობლემას, საქართველო რომ არ ტკიოდეს. ხელისუფლების დაპირებების არავის სჯერა, ივანიშვილის კი ბევრს სჯერა - იმიტომ, რომ მას სიტყვა არასოდეს გაუტეხავს და ტყუილი არ უთქვამს. რაღა ამ კაცს აბრალებენ "რუსული ოცნებების ასრულებას", რუსებს ამ ხელისუფლებამ არ მიჰყიდა ყველაფერი?! ან ბენდუქიძე პრივატიზაციას რომ ჩაუდგა სათავეში, ვისი ფულითაა მოსული?! მეეჭვება ბენდუქიძეს რამე ქველმოქმედება ეწარმოებინოს საქართველოში, მაგრამ მისი ფული რუსული არ არის?!" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგი თოფაძე.
"რუსეთში მოღვაწე ძალიან ბევრ ქართველთან მისაუბრია და მათთვის მითქვამს, რატომ არ მოდიხართ საქართველოში და არ დებთ ფულს-მეთქი. ზოგი ამბობს, არ გვინდა ფული "დაგვაწერონო". გვარებს ვერ ვიტყვი. ძალიან ბევრია ისეთი, რომლებმაც ერთი შარვლით გადაიარეს ჭუბერი და დღეს მილიარდერები არიან. ვოლგოგრადში, სანკტ-პეტერბურგში, მოსკოვში არიან ასეთი ადამიანები. საქართველოში არსებობს ნომენკლატურული ბიზნესი. თავისუფალი ბიზნესი არ არსებობს. ძნელია, დღეს წნეხს გაუძლო, არ იყო ამ ხელისუფლების პარტნიორი და შენი ბიზნესი გაიტანო. მე მათ ჯგუფში არ ვარ, ამიტომ ვარ ძალიან შევიწროებული", - დასძენს მრეწველთა პარტიის ლიდერი და შეკითხვას - "თქვენ გარდა, თუ შეიძლება რომელიმე ქართველი ბიზნესმენი ვიხილოთ ივანიშვილის გვარდით?" - პასუხობს:
"ძალიან ბევრი ბიზნესმენია, რომელიც მეგობრობს ივანიშვილთან და უნდა ივანიშვილის გვერდით დგომა, მაგრამ ეშინია. თუმცა ყველაფერი წინაა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ვისაც აქვს სურვილი, რომ ივანიშვილის გვერდით იდგეს, მე მათ ვინაობას ვერ გავამხელ. შეიძლება ჩემს კომპანიებს სერიოზული პრობლემები შეექმნას, როცა ივანიშვილის გვაერდით დავდგები, მაგრამ იგივე პრობლემებს სხვას ჩემი განცხადების გამო ვერ შევუქმნი. ყველას, საქართველოში მყოფ ბიზნესმენებს, მათ ვინც დატერორეს და დააყაჩაღეს, ვინც ამ ხელისუფლების უკმაყოფილოა, გამოვიდეს და ეს თქვას".