"მშობლიურმა ხელისუფლებამ, ეტყობა, გადაწყვიტა, საფუძვლიანად მიხედოს ქართულ ოცნებას. ამ დღეების განმავლობაში ივანიშვილის კოალიციის გარშემო ათასგვარი ქარტეხილი ტრიალებს. ბიძინისტებს კონტროლის პალატა სერიოზულად აწიოკებს. ნათია მოგელაძის შემართებით აღფრთოვანებულმა ნაცაქტივისტებმაც ფხა გამოიღეს, ახლა ისინიც ცდილობენ აქტიურად დაუპირისპირდნენ "პუწინის" კაცად შერაცხულ ივანიშვილს. ამ მიმართულებით განსაკუთრებული აქტიურობა გურჯაანელმა ნაციონალებმა გამოიჩინეს", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ბიძინა ივანიშვილი: "მაღალი კი არის, მაგრამ კაცობა და სიმაღლე სხვადასხვა რამეა" / ახმეტაში ქართული ოცნების ხელოსნებსაც დაერივნენ.
"14 მარტს, როცა მოგელაძის ხალხი ბიძინისტებს საქართველოს მასშტაბით აშიშვლებდა, ივანიშვილმა კახეთში ქართული ოცნების რაიონული ოფისები გახსნა. გურჯაანსა და ყვარელში ის გახსნას პირადად დაესწრო. ყვარელში მისმა ვიზიტმა მშვიდად ჩაიარა, აი, გურჯაანში კი დიდი შფოთი შეიქმნა. ეტყობა, აქაურებს პრეზიდენტი ძალიან უყვართ. პრეზიდენტის მოყვარული გურჯაანელები ივანიშვილს გადაუხტნენ და მათი აზრით, საკადრისად შეამკეს. სტუმართმოყვარეობით განთქმული გურჯაანელები აშკარად ვერ დახვდნენ კარგად სტუმარს. თუმცა პოლიტიკაში ასეთები მოსულა. შეხვედრის ამსახველი კადრები კახეთის საინფორმაციო ცენტრმა თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა, თუმცა რაღაცებია ამოჭრილი - როგორც ცენტრის ჟურნალისტები ამბობენ, იქ ბევრი უცენზურო სიტყვა იქნა ნახმარი", - აღნიშნავს გამოცემა. "ივანიშვილის გურჯაანულ ვოიაჟს მარტო ჟურნალისტები არ იღებდნენ. ივანიშვილის სიახლოვეს ადგილობრივი სამართალდამცავებიც ტრიალებდნენ, ხელში კამერები ეკავათ და საგულდაგულოდ აფიქსირებდნენ გურჯაანელ ბიძინისტებს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, ამ ღონისძიებას თვალს გურჯაანის პოლიციის უფროსი პეტრუზაშვილიც ადევნებდა. ის საკმაოდ მშვიდად გამოიყურებოდა. სიმშვიდე არც ივანიშვილსა და მის დაცვას დაუკარგავთ. შესაბამისად, დაპირისპირება გაცილებით მძიმე ფორმებში არ გადასულა. მოგვიანებით კი ივანიშვილმა საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა. კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებს კურდღლები უწოდა", - დასძენს გამოცემა. "შიშზეა დაფუძნებული ყველა მაგისი ქმედება, მშიშარა კაცია, მხდალი კაცია და იმიტომ ექცევა ასე საკუთარ ხალხს" - განაცხადა ივანიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილის მისამართით, რომელსაც გურჯაანში სიმაღლეც დაუწუნა და ტერმინი "კურდღლები" კიდევ ერთხელ ახსენა. "არც ერთმა არ იფიქროთ, რომ მე უკან დავიხევ ერთი ნაბიჯითაც კი. ეს კურდღლები პირველ დღეებში ფიქრობდნენ, რაღაცებს ისროდნენ, "ხლაპუშკებს", დაცვას დაუძახეს, იარაღი ჩამოართვეს. პატარა კაცები არიან და ფიქრობდნენ, რომ ფსიქოლოგიურად მოახდენდნენ გავლენას, რაღაც ერთ კვირაში შეიძლება უარიც მეთქვა და გავქცეულიყავი სადღაც. მაღალი კია, მაგრამ კაცობა და სიმაღლე სხვადასხვა რამეა. ეს სოზარია მაღალიც და კაცურიც" - განაცხადა ივანიშვილმა გურჯაანში მხარდამჭერებთან შეხვედრისას. ადრე ასეთ ხისტ განცხადებებს ივანიშვილი არასდროს აკეტებდა, მაგარმ ახლა, როგორც კახელები იტყვიან, "შაღონდა", - წერს სტატიის ავტორი. "ამით მან თავისი მომხრეებიც გაახარა. საქართველოში ხომ ისეთი რადიკალი ლიდერები მოსწონთ. მართალია, ივანიშვილი გაცეცხლებულია, მაგრამ რადიკალიზმში გადავარდნას არ აპირებს. "მე გპირდებით, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. მივყვეთ გონებით, ემოციები გავდოთ გვერდზე. ემოციურად რაც ვაკეთეთ, ძალიან ბევრი დავანგრიეთ და ძალიან ბევრი გაილახა, ძალიან ბევრი დაიღუპა კიდეც ემოციურობით. ახლა მხოლოდ გონებით, მხოლოდ ჭკუით, მივყვეთ აზრიანად. ძალა ერთობაშია და ჩვენს ხელში. როგორც შეიძლება სამი უგუნური კაცი მოერიოს მთელ საქართველოს? არც მოხდება ეს არასოდეს", აღნიშნა ივანიშვილმა. გურჯაანელების მსგავსად, სტუმრის მიმართ უპატივცემულობა ახმეტაშიც გამოამჟღავნეს. ამ შემთხვევაც დამნაშავე პოლიტიკაა", - განაგრძობს სტატიის ავტორი. "როგორც ირკვევა, აქ ქართული ოცნების რაიონულ ოფისს არემონტებენ. სარემონტოდ ხელოსნები ჩაიყვანეს, რომლებიც საოჯახო ტიპის სასტუმროში დაბინავდნენ. სხვა სასტუმროები იქ არ არის - პრეზიდენტმა იქ სასტუმროების გასახსნელად ჯერ ვერ მოიცალა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, საოჯახო სასტუმროში დაბინავებული ხელოსნები სასტუმროს პატრონმა დაიფრინა. არსებული მონაცემებით მათ გამოსახლებას თვალს ახმეტის პოლიციის უფროსი ადევნებდა. ახმეტაში ქართულ ოცნებას მტრობა ყველაზე ადრე დაუწყეს - მკითხველს ემახსოვრება, რა შარში გაეხვია ახმეტის მთავარი ოპოზიციონერი ზაქარია ქინქლაძე: ახმეტის რესპუბლიკური პარტიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ივანიშვილის მხარდამჭერი განცხადება შარშან ოქტომბერში გააკეთა. ამ განცხადებიდან ძალიან მალე მისი შვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს, მას კი მაღაზიისთვის ნაქირავები ფართის დაცლა მოსთხოვეს. მას ფართი პოლიციის თნამშრომლისგან ჰქონდა ნაქირავები. პოლიციელმა ქინქლაძეს სასამართლოშიც უჩივლა. რამდენიმე დღის წინ კი მას მეურნეობა დაეწვა - იქ ხანძარი ძალიან საეჭვო ვითარებაში გაჩნდა", დასძენს სტატიის ავტორი. |