რეგიონებში კონტროლის პალატის მიერ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირების მასობრივი დაკითხვების სერიის მე-5 დღეს კონტროლის პალატამ პირველი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილ ფინანსურ დეკლარაციებში დარღვევები აღმოაჩინეს.
"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თქმით, "კონტროლის პალატა მათ წინააღმდეგ ვერანაირ სადამსჯელო ოპერაციას ვერ განახორცილებს, იმიტომ, რომ რასაც ისინი ბრძანებენ, აბსურდია".
"ყველა უკანონობას კანონით დავუპირისპირდებით. ჩვენი აქტივისტები ძალიან ყოჩაღად იქცევიან. იქ მიდის ხალხი, იცავს თავის უფლებებს, კონტროლის პალატის წარმომადგენლებს ეკითხებიან, რაში გვდებთ ბრალს. მათ, ვინც დაკითხვაზე არ მიდიან, განცხადებები კონტროლის პალატის ცენტრალურ ოფისში მიაქვთ.
"დღეს 10-მდე ადამიანი აშშ-ს საელჩოს მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა და რაც ამ დღეებში ხდება, ყველაფერი დეტალურად აცნობა მათ. ხვალ შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან იქნება. ჯერჯერობით მათ ქმედებას ეს დავუპირისპირეთ, მომავალში ვნახოთ, რა მოუვათ თავში და შესაბამისად, მოვიფიქრებთ, როგორი პასუხი გავცეთ", - ამბობს უსუფაშვილი.
"ეს მასობრივი დაკითხვები რეგიონებიდან დაიწყეს, ჯერ თბილისში არ გადმოსულან. ქალბატონ მოგელაძეს თავში რა მოუვა, არავინ იცის. ასე რომ, შესაძლოა, თბილისშიც დაიბარონ აქტივისტები.
"ჩვენ მარტო ის ვიცით, რომ ეს არის კონტროლის პალატისა და სპეცსამსახურების მიერ ერთბლივად დაგეგმილის სპეცოპერაცია, რომ რეგიონებში ხალხი დააშინონ", - აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" წევრი რომან კუსიანი, რომელიც პარტიის რეგიონალურ საკითხებს კურირებს.
რატომ გახდა აუცილებელი ასეთი მასობრივი ახსნა-განმარტებების მოსმენა მაინცდამაინც "ქართულ ოცნების" აქტივისტებისაგან და თან რეგიონებში? კონტროლის პალატის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ის ახსნა-განმარტებები, რაც ამჟამად რეგიონებში მიმდინარეობს, რამდენიმე დღის წინ თბილისშიც იყო და "ქართული ოცნების" შემოწმების მიზეზი ამ მოძრაობის მიერ წარდგენილ დეკლარაციაში საეჭვო ნიუანსები იყო.
"კონკრეტულად რატომ "ქართული ოცნება" და არა სხვა, ამაზე კომენტარი სამომავლოდ გაკეთდება... ყველა პარტიამ წარმოადგინა ეს დეკლარაციები, მათ შორის "ქართულმა ოცნებამაც" და იქ იყო ნიუანსები... სხვა პარტიების მიმართ რა იქნება და რა არა, საქმის კურსში არ ვართ", - კონტროლის პალატის პრესსამსახურში კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.
დაკითხვები გრძელდება...
რეგიონებში უკვე რამდენი დღეა, ადგილობრივი გამგეობის შენობები კონტროლის პალატისა და დაცვის პოლიციის მიერ არის დაკავებული და უკვე მერამდენე დღეა რიგრიგობით კითხავენ ყველას, ვინც კი რაიმე ფორმით "ქართულ ოცნებასთან" არის დაკავშირებული.
"დამოკიდებულება არ იცვლება. გუშინ დაიწყო ეს მასობრივი დაკითხვები და ისევ გრძელდება. მაგალითად, ლანჩხუთში კონტროლის პალატის მიერ დაბარებული ხალხი 5 საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული სპეცსამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც დაცვის ფორმაში ჩაცმულები არიან", - აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" წევრი რომან კუსიანი: "საინტერესოა ისიც, რომ კონტროლის პალატის მიერ დარიგებულ უწყებებში არ არის მითითებული, არგამოცხადების შემთხვევაში რა სანქცია ელის პირს. არც ის არის მითეთებული, ადმინისტრაციული კოდექსის რომელი მუხლის მიხედვით მოხდა ამ ადამიანების დაბარება, ამიტომაც ვერც ერთი იურისტი ვერ სცემს პასუხს იმაზე, გამოუცხადებლობის შემთხვევაში რა შედეგი შეიძლება მოიტანოს."
კუსიანი ყვება, რომ "გურჯაანში დაბარებული იყო ერთი ადამიანი, რომელსაც "ქართულ ოცნებასთან" არანაირი კავშირი არ ჰქონია გარდა იმისა, რომ ოფისში პარკეტი დაამუშავა. რიგითი მუშა კი დაიბარეს და დაკითხეს - საიდან, ვინ დაუკავშირდა, რა სიტუაცია იყო ოფისში და ა.შ.
რომან კუსიანი: "როგორც გუშინ ხდებოდა ჩხრეკები, ერთი კითხვის 5-6-ჯერ გამეორება და რამდენიმე საათიანი დაკითხვა ოჯახურ მდგომარეობაზე და იმაზე, აიღეს თუ არა ამ ადამიანებმა ფული, ასე გრძელდება დღესაც. არის შემთხვევები, როცა ადამიანებს პირდაპირ სთავაზობენ - ჩვენთან ითანამშრომლეთო. თანაც, ამ დაკითხვაზე კონტროლის პალატის წარმომადგენლების გარდა სხვა, გაურკვეველი პირებიც ესწრებიან და ისინი უკვე მეორე წრეზე ატარებენ დაკითხვას.
"მაგალითად, გურიაში სხვა პრინციპი მოქმედებდა. დაბარებულ პირს ჯერ ერთ ოთახში კითხავდა კონტროლის პალატის წარმომადგენლები, შემდეგ ის მეორე ოთახში გადაჰყავდათ და იქ უკვე სხვა პირების მიერ, ჩვენთვის გაურკვეველია ვინ არიან, ხდებოდა ხელახალი "გასაუბრებები".
"ქართული ოცნების" აქტივისტები, ვისაც კონტროლის პალატის უწყება მიუვიდათ, ნაწილი ახსნა-განმარტებებზე ადგილობრივი გამგეობის შენობაში გამოცხადნენ, ნაწილი კი თბილისში ჩავიდა და კონტროლის პალატის ცენტრალურ ოფისში მიიტანა განცხადება, სადაც ითხოვენ კანონის საფუძველზე განუმარტონ, თუ რის საფუძველზე ხდება მათი დაკითხვაზე დაბარება.
"ბათუმში დღეს "თავისუფალი დემოკრატების" 7 აქტივისტი იყო დაბარებული, მათ კონტროლის პალატიდან უწყება გუშინ მიუვიდათ. დღესაც მიუვიდა რამდენიმეს. ასე რომ, კონტროლის პალატა არ ჩერდება და ვისაც უწყებები დღეს ჩამოურიგდათ, ისინი ხვალისთვის არიან დაბარებულები", - ამბობს "თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე სულხან ღლონტი.
მისი თქმით, ამ ხალხს არაფერი დაუშავებია და დამალვას არავინ აპირებს. ასე რომ, კონტროლის პალატას და პოლიციას შეუძლიათ ეს დაკითხვები გააგრძელონ.
"კანონის წინაშე ყველა მართალია, მათ ყველა კითხვაზე პასუხი აქვთ. ირიბი მუქარის მიუხედავად, ვერც ერთი აქტივისტის დაშინება ვერ მოხერხდება, ისინი წლებია ამ საქმეში არიან ჩართული და ასე მარტივად მათი დაშინება შეუძლებელია.
"დაკითხვისას მუქარის ქვეტექსტები ოჯახს და ფინანსურ შემოსავლებს უკავშირდებოდა - რატომ ხარ "ქართულ ოცნებაში", რა მიზანი გაქვს, ოჯახში რამდენი ხართ, მეუღლე და შვილები გყავთ, ვინ სად მუშაობთ, შემოსავალი საიდან გაქვთ. ასევე ეკითხებოდნენ იმას, ლიდერებიდან პირადად ვის იცნობთო.
"ძალიან უცნაური შეკითხვები იყო. თან ამ კითხვებს რამდენჯერმე უმეორებდნენ და ყველა ამბობს, რომ ეს რეალურად იყო დაკითხვა. თანაც ამ ყველაფერს ერთვოდა ის, რომ დაკითხვამდე ყველას საგულდაგულოდ ჩხრეკდნენ, დეტექტორებითაც კი და შემდეგ სათითაოდ შეჰყავდათ ოთახებში", - ამბობს ღლონტი.
"რესპუბლიკური პარტიის" კასპის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხათუნა თათანაშვილი ამბობს, რომ კასპში უწყებები გუშინ ჩამორიგდა. უწყება 7 კაცს მიუვიდა, მათგან მხოლოდ ორი გამოცხადა გამგებლობის შენობაში. ერთ-ერთი "ქართული ოცნების" ოფისის მეპატრონე მანანა ხვთისიაშვილი იყო, რომლის დაკითხვაც 4 საათს გრძედებოდა.
ხათუნა თათანაშვილი: "გამგეობის შენობაში დილიდანვე მობილიზებლნი ივნენ დაცვის თანამშრომლები, ასევე იყვნენ ადგილობრივი ჟურნალისტები, მაგრამ ისინი არ შეუშვეს.
"ერთ-ერთი აქტივისტი, გიორგი მიპარიშვილი, რომელიც ჩვენ მხოლოდ ერთი კვირის წინ შემოგვიერთდა და გაზეთების დარიგებაში გვეხმარებოდა, ამბის საკითხავად გავუშვით გამგეობის შენობაში. დაცვის თანამშრომლებმა ის შენობაში შეიყვანეს და ერთი საათის შემდეგ გამოუშვეს.
"გიორგიმ მოგვიყვა - გამჩხრიკეს, ტანსაცმელი გამახდევინეს, მარტო საცვლების ამარა დამტოვესო, შემდგ კი ახსნა-განმარტება დააწერინეს. "კაპეზეს" უფროსი მამუკა გოჩიტაშვილი დაპატიმრებითაც კი დამემუქრაო.
"საღამოსთვის გიორგი დაგვიკავშირდა და გვითხრა - თავი ძალიან მტკივა და ოფისში ვერ მოვალო. ჩვენ მასთან სახლში მისვლა გვინდოდა, მაგრამ უარი გვითხრა - პრობლემები შემექმნება და არ მოხვიდეთო".
თათანაშვილი ამბობს, რომ იმ პირებს, რომლებიც უწყების მიღების მიუხედავად კასპის გამგებლობაში არ გამოცხადდნენ, პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები სახლებში მიადგნენ.
"ანზორ მანგველაშვილის მეუღლემ გვითხრა, რომ პოლიციელები იყვნენ და დაგვკითხესო - რამდენი ხართ, სად მუშაობთ, რამდენი ხანია თქვენი მეუღლე "ქართულ ოცნებასთან" ურთიერთობს, ფული საიდან გაქვთ, იარაღი გაქვთ თუ არა და ა.შ. ოჯახის ახლო ნათსავების სახელი და გვარები, მისამართები და ტელეფონის ნომრებიც კი მოუთხოვიათ", - ყვება თათანაშვილი.
5-დღიანი დაკითხვების შედეგები
კონტროლის პალატა აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილ დეკლარაციებში რეალურად მათ მიერ გაწეული ხარჯები ასახული არ არის.
"პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ პოლიტიკური ორგანიზაციებისგან მიღებული საფინანსო დეკლარაციების აუდიტის პროცესში დადგენილ იქნა, რომ ორგანიზაცია "ქართული ოცნების" მიერ გაწეული ხარჯები - სახელფასო, რემონტის, ოფისის იჯარის და ა.შ. რეალობას არ შეესაბამება და მათ მიერ სამსახურში წარმოდგენილ დეკლარაციებში ასახული არ არის.
"მხედველობაში გვაქვს, მაგალითად, ფართოდ რეკლამირებული ოფისების გახსნა, რაც კანონით ნებადართული საქმიანობაა, თუმცა, შესაბამის ფინანსურ ანგარიშგებებში ასახული უნდა იყოს და აღნიშნული მოთხოვნა დაცული არ არის.
სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს იმ პირთა გამოკითხვა, რომელთაც ზემოაღნიშნულ ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვთ, რათა დადგინდეს, რა ფაქტობრივი ხარჯებია გაწეული და რამდენად გამჭვირვალეა ეს თანხები", - ნათქვამია კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის განცხადებაში.
"ამ ეტაპზე დადასტურებულია ინფორმაცია, რომ მაგალითად, ოფისის საიჯარო კონტრაქტები დადებულია არა პოლიტიკური გაერთიანების, ან ფიზიკური პირის მიერ შემოწირულობის სახით, როგორც ამას კანონი მოითხოვს, არამედ კერძო ფირმების - ძირითადად კი კომპანია შპს "მენეჯმენტ სერვისის" მიერ, მიუხედავად იმისა, რომ კანონი კერძო ფირმების მიერ პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსებას კრძალავს.
"ასეთივე დადასტურებული ინფორმაციებია სახელფასო უზრუნველყოფასთან, რემონტის ხარჯებთან და სხვა მომსახურებებთან დაკავშირებით. აღნიშნული განხორციელებულია ე.წ. "შავი ფულის" სქემებით, კანონის გვერდის ავლის მიზნით და პოლიტიკური გამჭვირვალობის სხვა მოთხოვნების უგულვებელყოფით. აღნიშნულის შესახებ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მონიტორინგის პროცესის დასრულებისთანავე მიეწოდება", - ნათქვამია კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის განცხადებაში.
"ქართული ოცნების" პასუხი კონტროლის პალატას
"ქართული ოცნება" კონტროლის პალატისაგან რაიმე სანქციას არ ელის. მათი მტკიცებით, ამის არანაირი ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს.
"ქართული ოცნების" საბჭოს წევრი, იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ "კონტროლის პალატის უკანონობასა და თვითნებობას სულ მალე მოეღება ბოლო. უკვე ყველაფერი ზღვარს გადასცდა და დღევანდელი განცხადებაც იმ უკანონობის გადაფარვის მცდელობაა, რაც ამ დღეებში რეგიონებში გამოვლინდა".
ზაქარია ქუცნაშვილი: "განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ "ქართულმა ოცნებამ" აწარმოა ოფისების დაქირავება და რემონტი და ეს იანვარ-თებერვლის თვის ხარჯებში არ არის ასახული და რომ "მენეჯმენტ სერვისი" ქირაობს ოფისებს. ოფისები პირველი მარტიდან დავიქირავეთ, ამიტომაც ხარჯებზე ინფორმაციას იანვარ-თებერვალში ვერ გავცემდით. ეს ერთი ტყუილი. მეორე კი არის ის, რომ "მენეჯმენტ სერვისი" ქირაობს ოფისებს. ეს შპს ქვექირავნობის ხელშეკრულებით აძლევს "ქართულ ოცნებას" ამ ოფისებს. ქვექირავნობის უფლება ნებისმიერ იურიდიულ პირს აქვს და ჩვენ არანაირი კანონი არ დაგვირღვევია".
როგორც ქუცნაშვილი აღნიშნავს, "როცა ამბობენ, რომ დარღვევები არის, ეს უნდა დამიმტკიცონ".
ზაქარია ქუცნაშვილი: "უკანონო ქვეყანაში ხალხს ხოცავენ, ქონებას ართმევენ და სამწუხაროდ, არც ჩვენი სამშობლოა ამ მხრივ გამონაკლისი. უსამართლო ქვეყანაში ყველაფერია შესაძლებელი, მაგრამ საკუთრივ რა დარღვევააა უნდა დამისაბუთონ. იჯარით ან ქვეიჯარით ფართის დაქირავება როდიდან იკრძალება?! ან თებერვლის შუა რიცხვებში მარტის გაწეულ ხარჯი როგორ უნდა ვაჩვენო?!
"ოფისების დახურვას ან უფრო მეტიც, ვინმეს დაჭერას ვერ განახორციელებენ. ამის არც ფორმალური და არც ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს. ერთადერთი, უკანონო შემოწირულობების დაბრალებით შეუძლიათ დაჯარიმების გამოყენება, მაგრამ აქ იჯარაზეა საუბარი და არ ვიცი ამას როგორ განმარტავენ. თუ იჯარა დანაშაულია, გამოდის, ოფისები უნდა ვიყიდოთ? არ გვჭირდება ზედმეტი ფულის ხარჯვა და ასეთი იძულება არ მესმის".
"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ კონტროლის პალატა მათ წინააღმდეგ ვერანაირ სადამსჯელო ოპერაციას ვერ განახორციელებს, იმიტომ, რომ რასაც ისინი ბრძანებენ, აბსურდია.
დავით უსაფუშვილი: "ჩვენ ხელშეკრულება დადებული გვაქვს კომპანიასთან, რომელიც უზრუნველყოფს ოფისების მოძებნასა და წესრიგში მოყვანას და ჩვენ ამ კომპანიას თანხას ვუხდით. ამ კომპანიასთან ხელშეკრულება ოფიციალურად გვაქვს გაფორმებული. ჩვენ ასევე შეგვიძლია რომელიმე სხვა კომპანიასთან გავაფორმოთ ხელშეკრულება, მაგალითად, დროშების დამზადებაზე ან სხვა. კონტროლის პალტას ეს შეკითხვები რომ ჰქონდეს, მაშინ ეს ელემენტარული იქნებოდა. მოსულიყო ჩვენთან, ეკითხა და შესაბამისად პასუხსაც მიიღებდა". მისი თქმით, "სინამდვილეში, კონტროლის პალატა აღიარებს იმას, რომ რაც რეგიონებში ხდება, ეს კანონს მიღმა მოქმედებებია. მათ არ აქვთ უფლება მოქალაქეები, ჩვენი აქტივისტები ასე დააწიოკონ და ახლა ამ გამოგონილი მიზეზით თავის გამართლებას ცდილობენ. ამაზე მეტყველებს ის დაუნომრავი და დაუთარიღებელი უწყებები, რომელიც ასობით ადამიანმა მიიღო და ის სხვადასხვა ხელმოწერები, რომლებიც ალბათ კუდ-ის თანამშრომლების მიერ არის შესრულებული. ამაზე მეტყველებს ის დაბარებული ხალხიც, რომელთა ნაწილს არანაირი კავშირი არ აქვს "ქართული ოცნების" ოფისების ქირავნობასთან.
"ამ თემასთან კავშირი მაქვს მე და ჩემთვის კონტროლის პალატას არაფერი არ უკითხავს. მკითხავს და 7 წუთში მიიღებს პასუხს, დოკუმენტაციებით. ასე რომ, კონტროლის პალატის განცხადება არის საკუთარი უსუსურობის და იმის აღიარება, რომ სინამდვილეში ისინი პოლიციური რეჟიმის მიერ დაგეგმილი ოპერაციის შირმაა. მათ მიერ განხორცილებულ ყველა უკანონობას ჩვენ კანონის ფარგლებში ვუპასუხებთ".