2008 წლის აგვისტოს ელვისებურ ომს საქართველოსთვის არა მარტო ტერიტორიების, არამედ მილიარდი დოლარის იარაღის დაკარგვაც მოჰყვა. ახლა რუსული «ჟანგიანი ტანკებით» გაზიდული სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება მოსკოვის სიახლოვეს, სამხედრო-კვლევითი ინსტიტუტის პოლიგონზე დგას. ბელგიის, ისრაელის, თურქეთის, პოლონეთის, უკრაინის, იტალიის წარმოების დანადგარებს თუ სატრანსპორტო საშუალებებს რუსი სამხედრო სპეციალისტები გულისყურით სწავლობენ. ყველაზე მეტი იარაღი კი ამერიკული წარმოებისაა. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, როგორი «კმაყოფილია» ჩვენი «სტრატეგიული პარტნიორი» _ აშშ, რომელმაც ჯექსონ-ვენიკის შესწორება სწორედ იმიტომ მიიღო გასული საუკუნის 70-იან წლებში, რომ რუსეთში მაღალი ტექნოლოგიები ვერ შესულიყო! სხვათა შორის, ეს ყბადაღებული შესწორება, არაერთი დაპირების მიუხედავად, ამერიკის შეერთებულ შტატებს დღესაც არ გაუუქმებია, მაგრამ სააკაშვილის წყალობით ყველა ამერიკული სამხედრო სიახლე 5 დღეში სრულიად უფასოდ რუსებმა ჩაიბარეს. 2008 წლის თებერვალში საქართველოს ხელისუფლებამ გამალებით დაიწყო იარაღის შეძენა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით გამოყენებული იქნა კომბინირებული სისტემა ამერიკული ელემენტების ბაზაზე, რომელიც საშუალებას იძლეოდა, მოესმინათ ან ჩაეხშოთ მობილური კავშირი, გამოეყენებიათ ამერიკული კოსმოსური სადაზვერვო ძალების დაჯგუფების კოსმოსური დაზვერვის ხედვითი მასალა; მოდერნიზებული ტანკები T-72, რომლებზეც ისრაელის წარმოების სამიზნეებია, ამომცნობი სისტემები («საკუთარი-სხვა»), პოლონური მონიტორები. ნადავლს შორის ინგლისური «ლენდ როვერია». მასზე დამონტაჟებულია მოძრავი სამეთაურო პუნქტი. მისი საშუალებით საომარი მოქმედებისას როგორც მეთაურებთან, ისე რიგით სპეცრაზმელებთანაც იყო შესაძლებელი დაკავშირება, თანამგზავრიდან ბრძოლის მიმდინარეობის მთლიანი სურათის მიღება. მასში არის ელემენტები, რომლის საშუალებითაც რაკეტსაწინააღმდეგო სისტემასთან ინტეგრირებაა შესაძლებელი. მერე რა, რომ საქართველოს არასოდეს ჰქონია საკუთარი თანამგზავრები და იგი არ შედის ამერიკის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში! რუსულმა დაზვერვამ ჯერ კიდევ 2008 წლის თებერვალში, ომამდე ექვსი თვით ადრე გაარკვია, რომ ქართული მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას კავშირგაბმულობას და საბჭოთა ტექნიკის მოდერნიზაციას უთმობდა. სულ ცოტა ხნის წინ ნათელი გახდა, რომ საქართველო ამერიკულ იარაღს ვეღარ მიიღებს. აღარც უკრაინელები მოიკლავენ თავს ქართველების დახმარებით. იქაურ რადას დღემდე ვერ გაურკვევია, სად წავიდა უკრაინული იარაღისთვის გადახდილი ქართული ფული. «ნარინჯისფერი» უკრაინა რომ «ვარდისფერ» საქართველოს იარაღით ამარაგებდა, ეს რუსებმა მაშინვე შეიტყვეს, როგორც კი ბრძოლის ველზე უკრაინული კომპლექსი «ბუკი» აღმოაჩინეს. «ამ რთულ დანადგარზე რომ იმუშაო, სულ ცოტა, საშუალო-ტექნიკური განათლება უნდა გქონდეს, მეთაურს კი ჰაერსაწინააღმდეგო უმაღლესი სასწავლებელი უნდა ჰქონდეს დამთავრებული. საქართველოში ასეთი სასწავლებლები არ არის, სამაგიეროდ არის კიევში», _ აცხადებდნენ ისინი. რაკეტებიც «უკრსპეცექსპორტმა» მიაწოდა ქართულ მხარეს. თუმცა ცხინვალის ებრაული კვარტალი, ბედის ირონიით, სწორედ ისრაელში წარმოებული რაკეტებით განადგურდა. დაბომბვას გამანადგურებლებით სუ-25 ახორციელებდნენ, რომლის მოდერნიზაციაც ასევე ისრაელში მოხდა. იარაღით ვაჭრობა რომ ერთობ სარფიანი ბიზნესია, ეს საყოველთაოდ ცნობილია. არც ის არის დაფარული, რომ საქართველომ ამერიკელი გამომძიებლების ყურადღება მიიპყრო იარაღის შესყიდვებში კორუფციული გარიგებების გამო. ერთ-ერთმა ბრალდებულმა დევიდ ალგერისმა ბრალი აღიარა. მან დაადასტურა, რომ 2008 წლის თებერვალში მას ისრაელიდან გაყიდვების აგენტი დაუკავშირდა, რომელმაც საქართველოს მთავრობასთან 14 მილიონი ერთეული M-855 ტიპის ვაზნის მიყიდვაზე გააფორმა ხელშეკრულება. ამ აგენტმა ისრაელში ვაზნები 3,9 მილიონ დოლარად შეიძინა, ხოლო საქართველოს მთავრობას 4,7 მილიონად მიჰყიდა. ალგირესს საკომისიოს სახით 112 ათასი ერგო. ივლისში იმავე აგენტმა საქართველოს მთავრობას 7,2 მილიონის ღირებულების საბრძოლო მასალა მიჰყიდა. ალგირესმა 57,6 ათასი დოლარი მიიღო. კვების ინდივიდუალური რაციონის საქართველოსთვის მიყიდვაში დახმარების საფასურად მან 15 ათასი დოლარი აიღო. ალგირესი ადასტურებს, რომ ყველა შესყიდვაში ქართველი მოხელეები ქრთამს იღებდნენ. ისიც ძალიან საინტერესოა, რომ 4,7 მილიონი დოლარის ღირებულების ვაზნები ქართულ არმიას 2008 წლის აგვისტოს ომში საერთოდ არ გამოუყენებია! თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს, სააკაშვილი ქართული ჯავშანმანქანებითა და «კატიუშას» ანალოგებით იწონებს თავს, «ლაზიკასა» და «დიდგორს» უკეთებს რეკლამას და ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ იგი მათ გამოყენებას ჟენევაში მოლაპარაკებებზე არ აპირებს! ერთი მილიარდის შეიარაღება რუსულ არმიას 2008 წელს დიდი ძალისხმევის გარეშე ჩაუვარდა ხელში. რამდენი პამპერსი და სასმელი წყალი მოუვიდოდა საქართველოს ამ ერთ მილიარდში, ნამდვილად აუცილებელ სოციალურ პროგრამებზე რომ არაფერი ვთქვათ! ვინ იხეირა აგვისტოს ომით? ქართველმა მოხელეებმა, რომლებმაც იარაღის შესყიდვაზე მოითბეს ხელი; რუსმა სამხედროებმა, რომლებმაც მოწინააღმდეგის თანამედროვე ტექნოლოგიები და დანადგარები მიიღეს; აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა, რომლებმაც 17 წლის განმავლობაში ნანატრ აღიარებას მიაღწიეს; ამერიკელებმა და სხვა მოკავშირეებმა, რომლებმაც თითქმის უდანაკარგოდ მოუსინჯეს კბილი რუსეთს; ეს სია გრძელია, წაგებული კი მხოლოდ ქართველი ხალხი და საქართველო დარჩა. ახლა, სამარცხვინოდ წაგებული ომიდან თითქმის ოთხი წლის შემდეგ, ტრაგიკული დამთხვევით, ჯიხაშკარის მიდამოებში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის უკანასკნელ მარშრუტს სამხედრო პიკაპები სერავს. იქვე სასროლეთიც არის მოწყობილი. ადგილობრივები ამბობენ: «ნებაყოფლობითი რეზერვის თაობაზე ყოფილან აქ, ცენტრში მოსულები. ზაფხულში ჯიხაშკარში და მოსაზღვრე სოფლებში იყო წვრთნები. გავიგეთ, რომ აქ «კომანდოს» ბატალიონსაც წვრთნიდნენ. რამდენიმეჯერ ისიც დავინახეთ, როგორ ჩამოსხეს ჯარისკაცები ვერტმფრენებიდან. პიკაპები ხშირად ჯარისკაცებით არის სავსე. ალბათ, სადმე ახლომახლო გადაჰყავთ». საკუთარ ვინაობას ჯიხაშკარელები, გასაგები მიზეზის გამო არ ამჟღავნებენ, ქალები კი იმას ამბობენ, რომ პიკაპები ღამღამობით ისეთი სიგნალებითა და სირენებით დაქრიან, რომ ბავშვებს ეღვიძებათ. «შევწუხდით ძალიან და, როცა ვუთხარით, ასე ნუ ხმაურობთო, ცინიკურად მოგვიგეს მანქანიდან, _ რაო, შეგაწუხეთო»? სააკაშვილის მილიტარიზმმა გამსახურდიას მომხრეც და ყოფილი მხედრიონელიც «ნებაყოფლობით რეზერვში» გააერთიანა. ვახტანგ ზარანდია და დათო შენგელია იმ დაჯგუფებებს ჩაუდგებიან სათავეში, რომლებიც რეზერვზე მეტად პარტიზანულ რაზმს ჰგავს. საყურადღებოა, რომ ორივემ «ვარდისფერი» ციხე მოიარა. ზარანდია იარაღის უკანონო ტარებისთვის 4 წელი იჯდა და 2 წლის წინ გაათავისუფლეს, ხოლო შენგელიას 2004 წელს ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციისთვის 24 წელი მიუსაჯეს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 7 წლის შემდეგ გამოუშვეს. ვისაც სჯერა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პატიმრის ავადმყოფობას რამედ დაგიდევთ, ისიც შეუძლია ირწმუნოს, რომ აფხაზეთის ყურისძირში ატეხილი ეს «სამხედრო თამაშები» მხოლოდ რეზერვის მომზადებას ნიშნავს და არა რაიმე სხვას. ქართულმა პრესამ ბევრი წერა ზონდერბრიგადების შექმნაზე, ხოლო სამეგრელოში ჩასულმა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას ამ დაჯგუფებების შექმნა «ნატოს სტანდარტების მოთხოვნად» გააცნეს. «სოფლის ცენტრში იყო შეკრება. ხალხს უთხრეს, რომ ნებაყოფლობითი რეზერვი ნატოს მოთხოვნააო, ეს იქნება სოფლის თავდაცვა და ნებისმიერი საგანგებო სიტუაციის დროს, როგორც ქუდზე კაცი, ისე უნდა გამოხვიდეთო. ეს იქნება წყალდიდობა, ხანძარი, ყაჩაღობა თუ ომი, ნებისმიერ სიტუაციაში მზად უნდა იყოთო», _ აცხადებენ ადგილობრივები. ახლა წარმოიდგინეთ, თბილისში ჩამოსულმა რასმუსენმა როგორ უჩურჩულა ეს ყველაფერი სააკაშვილს და ისიც, სასწრაფო წესით, როგორ შეუდგა «ნატოს მოთხოვნის» შესრულებას. ამ სურათს მხოლოდ დანა-ჩანგლით აღჭურვილი თვალცრემლიანი დავით ბაქრაძეღა აკლია. მილიტარისტული ფუსფუსი კიდევ უფრო საეჭვო ხასიათს იძენს, თუ გავითვალისწინებთ, რომ სამეგრელოში მოსახლეობას «საიდუმლოდ» ეუბნებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, «აფხაზეთი ომით უნდა დავიბრუნოთო». რამდენიც უნდა უწოდო «ფორდის» პიკაპის ბაზაზე შექმნილ ჯავშანმანქანას «დიდგორი», დავით აღმაშენებელი ვერ გახდები. «პატარა ელვისებური ომი», რომელიც სააკაშვილმა 08.08.08 თარიღს დაამთხვია, მისი ვარაუდით, 12 აგვისტოს ახალი დიდგორობით უნდა დამთავრებულიყო. ომი მართლაც იმ დროისთვის დამთავრდა, მაგრამ დიდგორობისა მას არაფერი ეცხო. ახლა, ოთხი წლის შემდეგ, ციფრების მაგიის მოყვარული სააკაშვილი, არ არის გამორიცხული, 12.12.12-ისთვის ემზადებოდეს, ხოლო გამარჯვებას საკუთარი და სტალინის დაბადების დღისთვის – 21.12.12-ისთვის გეგმავდეს! იგი რომ ყველაფერს გააკეთებს ხელისუფლებაში დასარჩენად, პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისას უკვე დაადასტურა. ოპოზიციას იმაზეც დასცინა, რომ რისკიანები ვერ არიან. არადა, რას რისკავს სააკაშვილი? იმ დღისთვის – 2012 წლის 21 დეკემბრისთვის სამყაროს დასასრულია ანონსირებული და ან მოიგებს, ან მის შემდეგ ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა! ეს რომ მისთვის ნამდვილად ასეა, თავად სააკაშვილის მიერ ზუსტად ერთი წლის წინ ბრიტანული Iნდეპენდენტ-ისთვის ნათქვამი ცხადყოფს: «იმ ტერიტორიის დიდი ნაწილი, რომელიც რუსებმა დაიპყრეს, ქვა და კლდეა. მისი ფასი ნულია»! თითქოს მის გასაგონად თქვა ორი ათასი წლის წინ პეტრე მოციქულმა: «იგემეთ, რომ ტკბილია უფალი, რომელსაც მიეახლეთ, როგორც ცოცხალ ლოდს, კაცთაგან უარყოფილს, ღვთის მიერ კი რჩეულსა და ფასდაუდებელს. როგორც ცოცხალი ქვები, თქვენც აშენდით სულიერ სახლად, წმინდა სამღვდელოებად და სულიერი მსხვერპლის მწირველად, იესო ქრისტეს მეშვეობით სასურველად რომ უჩანს ღმერთს. რადგანაც წერილი ამბობს: «აჰა, მე დავდებ სიონში ქვაკუთხედ ლოდს, რჩეულსა და უძვირფასესს და არ შერცხვება მისი მორწმუნე». ამრიგად, ის ფასდაუდებელია თქვენთვის, ანუ მორწმუნეთათვის, ურწმუნოთათვის კი «ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, მაგრამ კუთხის თავად დაიდვა: ქვა ფეხწამოსაკრავი და კლდე საცდური». მათთვის, ვინც ეურჩება სიტყვას, და ვისთვისაც ეს ხვედრი იყო გამიზნული». ქვა და კლდე იყო იესო, რომელზეც აშენდა ეკლესია და «ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას». ქვა და კლდე, რომლის ფასი, სააკაშვილის აზრით, ნულის ტოლია. მან არა მარტო საქართველო, მაცხოვარიც უარყო! მაცხოვრის უარმყოფელი კი ანტიქრისტეს ხელის ბიჭია. |