"სააკაშვილი ხელს უწყობს საქართველოს მოქცევას რუსეთის "ლიბერალურ იმპერიაში"... ის არის პრორუსული პოლიტიკოსი"

ვინ თქვა, რომ სააკაშვილი არის პროდასავლელი პოლიტიკოსი?! მე ამის არასოდეს მჯეროდა. მხოლოდ განცხადებების დონეზეა ის პროდავლელი, თირემ ქმედებებით, რაც მან გააკეთა, ყველაფერის არის პრორუსული. მთელი ელექტროენერგეტიკა პრაქტიკულად რუსული კაპიტალის ხელთ არის, საბანკო სექტორში არის მსხვილი რუსული ბანკი, სპილენძის და ოქროს მოპოვება-დამუშავება რუსების ხელშია, ტელეკომუნიკაციურ ბაზარზე არის ძლიერი რუსული კომპანია და კიდევ ეპატიჟება რუსულ კაპიტალს შემოსვლაზე. ამ დროს რუსეთს აქვს "ლიბერალური იმპერიის" მშენებლობის გეგმა. რუსეთმა უკვე მოაქცია ამ იმპერიაში სომხეთი. ჯერი უკვე საქართველოზეა", - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი ლადო პაპავა გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ლადო პაპავა: "რუსეთი საქართველოს "ლიბერალურ იმპერიაში" აქცევს".

"ვარდების რევოლუციის შემდეგ სააკაშვილმა კარი გაუხსნა რუსეთს თავიანთი ამ იმპერიული ზრახვების შესასრულებლად. ანტირუსული რიტორიკის ფონზე, 28 თებერვალს სააკაშვილმა პარლამენტში თქვა, რომ ის მზად არის რუსეთთან ურთიერთობისთვის, თუმცა ტერიტორიულ მთლიანობას არ დათმობს. სწორია, მაგრამ ამ თავის საპარლამენტო გამოსვლაში ერთი სიტყვაც არ უთქვამს ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ პრობლემებზე. პრაქტიკულად მან ეს მოხსენება ისე გააკეთა, რომ ერთ-ერთი უმწვავესი თემა, რომელიც არის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ამაზე პრაქტიკულად არაფერი უთქვამს... რაც შეეხება რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებას, სააკაშვილმა გამოასწორა ის შეცდომა, რომელიც დაუშვა მხოლო ჩრდილოკავკასიელებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებით. დამატებითი განსაკუთრებული ეკონომიკური ეფექტის მომცემი კი ეს აქტი ნამდვილად არ იქნება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო პაპავა.

"კითხვა იმის შესახებ, აპირებს თუ არა სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობას ჩემთვის არ არსებობს. არც არასდროს ყოფილა საინტერესო - იმიტომ, რომ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრობის გარდა სხვა გზა არ აქვს, მან სხვა არჩევანი არ დაიტოვა და ამის შესახებ ჩვენ წინი ინტერვიუებშიც ვისაუბრეთ. ასე რომ, ის, რომ სააკაშვილმა კონსტიტუცია შეცვალა, პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს ქვეყნის ლიდერი, რომ პარლამენტი ქუთაისში გადააქვს, რათა თბილისის საპროტესტო აქციები თავიდან აიცილოს - ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი იყოს. უბრალოდ, მან დღეს რომ თქვას, მე ვაპირებ პრემიერ-მინისტრობასო, ამით დასავლეთს დაიპირისპირებს, ხოლო რომ თქვას, პრემიერობას არ ვაპირებო, ნაციონალური მოძრაობა, როგორც პარტია, დაეშლება", - განაგრძობს ექსპერტი.

"რუსეთში პრეზიდენტი ისევ პუტინია. რაც არ უნდა მოხდეს რუსეთში, პრაქტიკულად არანაირი შანსი ქართულ-რუსული ურთიერთობების გამოსწორების ნამდვილად არ არის. იმიტომ, რომ პუტინი აუცილებლად გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც მან ბოლო პერიოდში ჩამოაყალიბა საქართველოს ლიდერთან მიმართებაში - ის, რომ სააკაშვილს არ დაელაპარაკება, ეს ძალიან კომფორტულია კრემლისთვის. ამ ფონზე აკეთებს იმას, რაც უნდა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში", - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვას - "ფაქტია, სააკაშვილმა ბოლომდე გაუხსნა რუსულ კაპიტალს საქართველოში გზა. ეს არ იქნება პოლიტიკური სუნის მქონე კაპიტალი?" - პასუხობს:

"პოლიტიკური სუნი" ეს რბილად ნათქვამია. უფრო სერიოზული ის არის, რომ მოსკოვი ატარებს პოლიტიკას, შექმნას "ლიბერალური იმპერია", ანუ ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების ეკონომიკური ბერკეტები კრემლს ჰქონდეს სამართავად. ფაქტობრივად, უკვე რამდენიმე წელია ჩვენს მეზობელ სომხებს თავისი ეკონომიკა არ გააჩნიათ, მაგრამ სომხეთის სრული ინტეგრაცია რუსულ სივრცეში ვერ ხერხდება იმიტომ, რომ მათ საერთო საზღვარი არ აქვთ. საქართველოს არის სწორედ ის ბუფერული ზონა, რომელიც შეიძლება რუსეთმა მოაქციოს თავის ეკონომიკური ზეგავლენის ქვეშ და მერე მოხდება სრული გაერთიანება რუსეთის ეკონომიკასთან საქართველო-სომხეთის ეკონომიკის. აზერბაიჯანს, იმის გათვალისწინებით, რომ სატრანზიტო გზები საქართველოზე გადის, დიდი არჩევანი არ ექნება - ეს არის რუსული გეგმა. პრაქტიკულად ამას ხელს სააკაშვილი უწყობს 2004 წლიდან დაწყებული", - განმარტავს ლადო პაპავა.

"... რაც შეეხება "გაღლეტილ მინისტრებს", ეს არის შეურაცხმყოფელი. უზრდელობა დამახასიათებელია "ვარდისფერი" რეჟიმისთვის. არა მარტო პრეზიდენტისთვის, მოდის სააკაშვილისგან და მერე ყველა ეჯიბრება უზრდელობაში. გაიხსენეთ კახა ბენდუქიძე თავისი ცნობილი გინებით, შეურაცხყოფის მიყენების ხშირი მცდელობით. დღეს ყველა დონეზე ეს სახელისუფლებო ელიტის სტილია. ასე ითვლება, თუ გინდა "ვარდისფერი" რეჟიმის პირობებში პოლიტიკური კარიერა გაიკეთო, უნდა იყო უზრდელი, შეურაცხყოფის მიმყენებელი. "მერაბიშვილი გაღლეტილია" - თვითონ ეს სიტყვათა წყობა, როგორი ღარიბიც არ უნდა იყოს ადამიანი, ნებისმიერისთვის შეურაცხმყოფელია. ასე რომ სააკაშვილისთვის მერაბიშვილიც კი არაფერს არ წარმოადგენს, ასე ადვილად, საჯაროდ, მთელი საქართველოს გასაგონად მიაყენა მას შეურაცხყოფა. თუ ის ასე მოექცა მერაბიშვილს, რა თქმა უნდა, ოპოზიციას კიდევ უფრო უხეშად ექცევა. უზრდელობის ნიმუში იყო, როგორ მოექცა სააკაშვილი ცაგარეიშვილს და ჯონდი ბაღათურიას, როცა ცაგარეიშვილმა სურათები მიუტანა. თავის დროზე ხომ სააკაშვილმა მიუტანა შევარდნაძეს სურათები - რა, შევარდნაძემაც მოისროლა და გადაყარა? როცა ქვეყნის პირველი პირი ხარ, ზრდილობა უნდა გეყოს და მოთმინება, რომ ეს ნაბიჯი შესაბამისად აღიქვა და თუ არ ეთანხმები, სათანადო პასუხი გასცე", - დასძენს ექსპერტი.

"იმით, რომ სააკაშვილმა სურათები მოისროლა და იმით, რაც თქვა, თავისი სისუსტე აჩვენა, ხოლო ჯანდი ბაღათურიას უშუალოდ მიაყენა შეურაცხყოფა ტალახში გორაობასთან და დაზელვასთან დაკავშირებითმ მაგრამ ამით სააკაშვილმა მარტო ბარათურია კი არ მიაყენა შეურაცხყოფა, მიაყენა მთელ ქართველ ერს, რომელიც ამ დროს ტელევიზორთან იჯდა. ქართული ანდაზაა, "ქურდს ქუდი ეწვისო". რაც ბაღათურიამ თქვა, არ ვიცი, მართლა ასე თუ არა, მაგრამ თუ ეს ტყუილია და თუ პრეზიდენტი თვლის, რომ დაუმსახურებლად დაადანაშაულეს, მას უნდა ეთქვა, რომ ეს არის ტყუილი, მეტი არაფერი. არ შეიძლება ქართული პოლიტიკური კულტურა ეფუძნებოდეს უზრდელობას. ამას როცა ვამბობ, რა თქმა უნდა, მათი გადასახედიდან შეიძლება "მუმია" ვიყო, მაგრამ მე მირჩევნია ვიყო "ზრდილობიანი მუმია" ვიდრე "უზრდელი ნაციონალი". - მიიჩნევს ლადო პაპავა.