მიხეილ სააკაშვილის 2004 წლის 21 ივლისის #281 ბრძანებულებით შეიქმნა პრეზიდენტის საკონსულტაციო ორგანო - მრჩეველთა საბჭო. შესაბამისი დებულებით განისაზღვრა მისი ფუნქციები და ამოცანები. მრჩეველთა საბჭოს კომპეტენციაში შედიოდა: ა) პოლიტტექნოლოგიური გამოკვლევები ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესის ფონზე; ბ) არსებული სოციოლოგიური გამოკვლევების კრიტიკული ანალიზი და ადეკვატურ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების მომზადება; გ) საერთაშორისო გამოცდილების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციათა კომპლექსის შემუშავება; დ) ქვეყანაში შექმნილი კონკრეტული სირთულეების გამომწვევი მიზეზების შესწავლა, ანალიზი და საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების წარდგენა აღნიშნული სირთულეების მოგვარების შესახებ; ე) სავარაუდო დადებით და უარყოფით შედეგთა პროგნოზირება და პრევენციულ ღონისძიებათა თაობაზე წინადადებების მომზადება; ვ) რეკომენდაციების მომზადება მიმდინარე საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ პრობლემებზე; ზ) საქართველოს პრეზიდენტთან სხვადასხვა დაწესებულებებისა და ფიზიკური პირების მიერ წარდგენილი წინადადებების განხილვა და საქართველოს პრეზიდენტისათვის რეკომენდაციის წარდგენა აღნიშნული წინადადებების გაზიარების მიზანშეწონილობის თაობაზე; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტის სხვა ცალკეული დავალებების შესრულება.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭო თავდაპირველად 5 კაცისგან შედგებოდა. ესენი იყვნენ: სოსო ცინცაძე - პოლიტოლოგი (პროფესორი), საბჭოს თავმჯდომარე; შოთა ჯაფარიძე - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრის გამგე (პროფესორი), საბჭოს წევრი; რამაზ საყვარელიძე - პოლიტოლოგი-ფსიქოლოგი, საბჭოს წევრი; იგორ კვესელავა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა პოლიტოლოგიის კათედრის გამგე, საბჭოს წევრი; გიორგი გაჩეჩილაძე - ლიტერატურის ინსტიტუტი, ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორი. დადგენილი რეგლამენტით საბჭოს საჭიროებისამებრ მოიწვევდნენ, საბჭოს წევრთა ხელფასი კი 400 ლარით განისაზღვრა. თუმცა ამ სახით მრჩეველთა საბჭომ მხოლოდ ერთ წელიწადს იარსება. პრეზიდენტის ინტერნეტსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს მიხეილ სააკაშვილს უკვე 9 მრჩეველი ჰყავს, რომელთა უმეტესობა ყოფილი პარლამენტარი თუ სხვა სამთავრობო სტრუქტურის ყოფილი თანამშრომელია. მაგალითად, მრჩეველთა საბჭოში შედიან ყოფილი პარლამენტარები - ვან ბაიბურთი და ნოდარ გრიგალაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ვასილ (დავით) სიხარულიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი. დავინტერესდით, თუ რა რეგლამენტით მუშაობენ პრეზიდენტის მრჩევლები, რა ინტენსივობით ხვდებიან პრეზიდენტს და რას ურჩევენ. თუმცა, სამწუხაროდ, მათ ნაწილს საერთოდ ვერ დავუკავშირდით, ნაწილმა კი კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა. ვან ბაიბურთი: - ამ კითხვებზე პასუხს ვერ გაგცემთ, სჯობს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართოთ. - კი მაგრამ, მრჩეველთა საბჭო რა რეგლამენტით მუშაობს, ამას თქვენ ვერ მეტყვით? - მაპატიეთ, მაგრამ ვერა. ის მრჩეველთა საბჭო სხვა იყო, ეს სულ სხვაა. ამაზე უკეთესად დაგელაპარაკებიან ადმინისტრაციაში. ალანა გაგლოევა: - ამ საკითხზე ახლა ვერ დაგელაპარაკებით, მოგვანებით დამირეკეთ. ნოდარ გრიგალაშვილი: - ჯერ ერთი, ამ საკითხზე უკვე სამი ინტერვიუ მაქვს მიცემული და მეტად აღარ ვაპირებ ლაპარაკს, მეორეც, ეს ორგანო არ არის არჩევითი, არის დანიშვნითი და ჩვენ პასუხისმგებელი ვართ მხოლოდ პრეზიდენტის წინაშე. აშკარაა, პრეზიდენტის მრჩევლებს საკუთარ საქმიანობაზე ლაპარაკი არ სურთ, თუმცა ფაქტია ისიც, რომ ისინი მეტად სოლიდურ ანაზღაურებას იღებენ. 2011 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, მრჩევლის თანამდებობაზე ლევან თარხნიშვილმა წლიურ ხელფასად 28.000 ლარი მიიღო, ნოდარ გრიგალაშვილმა - 30.000 ლარი, ალანა გაგლოევამ - 44.294 ლარი, ვან ბაიბურთმა - 32.530 ლარი, მუბარის კარაევმა - 32. 330 ლარი, ნატალია ყანჩელმა - 76. 640 ლარი, რომან გოცირიძემ - 30.000 ლარი, ვასილ სიხარულიძემ კი - 15.300 ლარი. სამწუხაროდ, ვერ გავარკვიეთ, მრჩეველთა ხელფასი დიფერენცირებულია თუ, უბრალოდ, პრეზიდენტი ზოგიერთს უფრო მოწყალე თვალით უყურებს და, შესაბამისად, ეს სახელფასო დანამატშიც აისახება. ბუნებრივად ჩნდება კითხვები: ადამიანები, რომლებიც საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას იღებენ, რას ურჩევენ საქართველოს პრეზიდენტს, საერთოდ თუ ურჩევენ რამეს, ან საჭიროებს კი საქართველოს პრეზიდენტი მათ რჩევებს? ვინაიდან ამჟამინდელი მრჩევლებისგან პასუხი ვერ მივიღეთ, გადავწყვიტეთ, 2004 წელს შექმნილი მრჩევლთა საბჭოს თავმჯდომარეს, ბატონ სოსო ცინცაძეს დავკავშირებოდით: - მრჩეველთა საბჭომ ჩვენი შემადგენლობით მხოლოდ ერთ წელიწადს იარსება, თავდაპირველად დიდი ენთუზიაზმით შევუდექით საქმეს, პრეზიდენტიც იჩენდა ინტერესს ჩვენი საქმიანობისადმი. ძირითადად ამა თუ იმ სფეროში არსებულ პრობლემებს ვაანალიზებდით და საექსპერტო დასკვნებს ვამზადებდით. სულ თორმეტამდე დასკვნა მომზადდა. პრეზიდენტთან შეხვედრა ყოველდღიურად არა, მაგრამ დროდადრო გვიწევდა. მერე არ ვიცი, რა მოხდა, მიხეილ სააკაშვილს ეს ინტერესი აშკარად გაუქრა. ეს იმ დაჯგუფების დამსახურება მგონია, "თავისუფლების ინსტიტუტს" რომ უწოდებენ. პირდაპირ გვესხმოდნენ თავს, ნოდარ ლადარია სულ ჩვენზე ლაპარაკობდა, როგორც ჩანს, პრეზიდენტის კარზე კონკურენტებად აღგვიქვეს. სურდათ, მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობის სრული მონოპოლია ჰქონოდათ. მოკლედ, ერთ წელიწადში ჩვენი საბჭო გაუქმდა. დღეს, როგორც ვიცი, პრეზიდენტს ჰყავს მრჩევლები, ოღონდ სტრუქტურულად როგორ მუშაობენ, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ვიცი, რომ სააკაშვილის მრჩეველია ფრანგი ფილოსოფოსის, გლუქსმანის ვაჟი რაფაელ გლუქსმანი. რას ურჩევს, ვერ გეტყვით, არ ვიცი. - როგორ ფიქრობთ, რატომ არ სურთ ამ ადამიანებს საკუთარ საქმიანობაზე ლაპარაკი, მით უფრო, რომ თქვენგან განსხვავებით, ისინი საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას იღებენ? - ვერ გეტყვით. ჩვენ ჟურნალისტებისთვის არაფერი დაგვიმალავს. რაც შეეხება ანაზღაურებას, ჩვენი ანაზღაურება ისეთი მიზერული იყო, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. |
|
||
კომენტარები: |