«სახალხო კრების» აღმასრულებელი საბჭოს წევრები ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ, მაგრამ გამოქვეყნდა შეხვედრის მხოლოდ ის ნაწილი, რომელშიც «ქართული ოცნების» ლიდერი საუბრობდა. ერთობ უცნაურად გამოიყურებოდა თავად ფაქტიც, როდესაც ივანიშვილმა «სახალხო კრების» წევრებს, ცნობილ ადამიანებს, რომელთაც საზოგადოება პატივს სცემს, განუცხადა, თქვენ დაგელაპარაკებით, ოღონდაც ნინო ბურჯანაძეზე უარი თქვითო. ამას რომ პრესაში გაეჟონა, ბიძინა ივანიშვილს განცხადება უნდა გაეკეთებინა - ამას მე როგორ ვიკადრებდიო. ამის ნაცვლად კი თვითონ გამოაქვეყნეს ინფორმაცია. ამ უცნაურ შეხვედრასა და სხვა აქტუალურ თემებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრა «დემოკრატიული მოძრაბა - ერთიან საქართველოს» თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.
- ქალბატონო ნინო, როგორი განწყობა დაგეუფლათ, როდესაც გაიგეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი «სახალხო კრებასთან» ურთიერთობას თქვენ გარეშე გეგმავს? - ამ შეხვედრაზე, რამდენადაც ვიცი, ასე პირდაპირ არ თქმულა. შეიძლება, ჩვენი აღმასრულებელი საბჭოს ღირსეული წევრები შეგნებულად არ ამბობენ. ისინი მოვიდნენ «ქართული ოცნებიდან» და მხოლოდ პოზიტივზე ისაუბრეს. ეს ადამიანები მოტივირებული არიან, რომ საერთო საქმე გამოვიდეს და ამის გამო მათ ძალიან ბევრი რამის გვერდზე გადადება შეუძლიათ. უფრო ვფიქრობ, რომ მათი პირველივე სიტყვებიდან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად დაინახა, რომ ეს არ არიან ის ადამიანები, რომლებთანაც ის ხშირ შემთხვევაში მიჩვეულია ურთიერთობას. - თუმცა გავიხსენოთ პრესსპიკერ მაია ფანჯიკიძის ორშაბათის განცხადება. მან თქვა, ჩვენ გავნაგრძობთ ურთიერთობას «სახალხო კრებასთან», ოღონდ ბურჯანაძის გარეშეო. მაშ, ეს რაღაა? - დიახ, ეს სრულიად გაუგებარია. სიმართლე გითხრათ, «სახალხო კრების» შუა და დაბალ რგოლებში ინტენსიურად მუშაობენ ივანიშვილის წარმომადგენლები ადამიანების გადასაბირებლად. ამასთან დაკავშირებით საკმაოდ დელიკატურად გავაკეთე განცხადება და აღმოჩნდა, რომ ამ განცხადებამ ბიძინა ივანიშვილის წყენა გამოიწვია. თუ ის ხვდება, რომ ეს საწყენია, მაშინ აუკრძალოს თავის აქტივისტებს როგორც კრების, ასევე პარტიის რიგითი წევრების გადაბირება, ფულის შეთავაზება. განცხადება განა იმიტომ გავაკეთე, რომ მარტო დარჩენის გვეშინია, ჩვენმა წევრებმა ძალიან კარგად იციან, რომ სწორედ ის გზაა სწორი, რომელსაც «სახალხო კრება» ადგას. ისევე, როგორ თავის დროზე შევატყობინე გაზეთის მეშვეობით ბიძინა ივანიშვილს, რომ სინამდვილეში მას სულაც არ ჰქონდა 44 რაიონში ორგანიზაციები და მერე, პირველი უარყოფის მიუხედავად, დადასტურდა, რომ მართალს ვამბობდი. შეგახსენებთ, რომ სულ ერთი კვირის წინ შეგვატყობინეს, პირველი ფილიალი გავხსენით და ახლა ვიწყებთ მუშაობასო. ესე იგი, როცა ამბობდნენ, რომ 44 ოფისი უკვე მუშაობსო, ეს ასე არ ყოფილა და მე ვიყავი მართალი. ამავე მოტივით შევეცადე, ბიძინა ივანიშვილისთვის მიმეწვდინა ხმა, რომ კი არ უნდა შეეცადო, უკვე არსებული რესურსი გადაიბირო, ახალი რესურსი უნდა მოიზიდო; ის ადამიანები, რომლებიც არიან ნეიტრალურები, ვინც შეშინებულნი სახლში სხედან, ვინც ჯერ არ მოქმედებენ, _ ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. ბუნებრივია, ამ მეთოდებით ვერავინ გაბედავს ნონა გაფრინდაშვილთან, რეზო ესაძესთან, ელიზბარ ჯაველიძესთან, ლუკა კურტანიძესთან, სოსო ჯაჭვლიანთან, გია ბურჯანაძესთან და ირაკლი ბათიაშვილთან ლაპარაკს, მაგრამ მინიშნებები, რომ «სახალხო კრება» კია კარგი, მაგრამ ბურჯანაძეა ცუდი, უარყოფითად მხოლოდ ამის მთქმელებს ახასიათებთ, იმიტომ, რომ ნებისმიერ ერთიან და მონოლითურ გუნდში, მით უმეტეს ისეთში, რომელზეც ამბობ, რომ ნამდვილად ებრძვის ხელისუფლებას, ამ ტიპის განხეთქილების შეტანა სწორედ ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმაა და მეტი არაფერი. მე ძალიან ვამაყობ, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ესაა პირველი მაგალითი, როდესაც შეიქმნა ერთიანი მონოლითი «სახალხო კრების» სახით და გადაიტანა ამდენი ზეწოლა, ამდენი წნეხი, ცილისწამება, შავი პიარი, ფიზიკური ზეწოლა, მორალურს და ემოციურს რომ თავი დავანებოთ, და მაინც, ადამიანები ვერც გატეხეს, ვერც გადაიბირეს, ვერც მოისყიდეს, ვერც შეაშინეს. ეს მონოლითური ერთობა უფრო ძლიერდება ნებისმიერი ასეთი ქმედების დროს. ჩემთვის, უბრალოდ, გაუგებარია ერთი მარტივი რამ: რატომ ებრძვიან ბურჯანაძეს და არა სააკაშვილს? მე მგონია, რომ დღეს ოპოზიციური ძალები უნდა ებრძოლონ სააკაშვილს. იმ ტონით საუბარი, რომლითაც ზოგიერთებმა უფლება მისცეს თავს, ბურჯანაძეზე ელაპარაკათ, სააკაშვილზე არ მომისმენია და ვფიქრობ, ხალხი ამ ტონით საუბარს სწორედ სააკაშვილზე ელის. - მეტ რადიკალიზმსაც ელის... სიტყვა რადიკალიზმმა მოიტანა და, თუ არ ვცდები, თინა ხიდაშელი თქვენი სტუდენტი იყო. - დიახ, კობა დავითაშვილიც. ირაკლი ოქრუაშვილიც. ირაკლი ალასანიაც. - ისე, ერთიანად შემოვიდნენ ამ პოლიტიკურ მინდორზე და სტუდენტობაშიც ასეთები იყვნენ? - არა. ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ კარგი სტუდენტები იყვნენ, ძალიან მონდომებულები, მოტივირებულები. ნამდვილად საინტერესო იყო მათთან ლექციების წარმართვა იმიტომ, რომ ზოგადად ძალიან საინტერესო კურსი იყო. იქ იყვნენ გაცილებით უფრო წარმატებული ადამიანები, ვიდრე ესენი. არის მათი ყოფილი თანაკურსელი, რომელიც ლონდონის წამყვანი ბანკის ვიცე-პრეზიდენტია, ერთი კიდევ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საკმაოდ პრესტიჟულ თანამდებობაზეა და ა.შ., არიან წარმატებული ადვოკატები. აჩიკო კბილაშვილიც ჩემი სტუდენტია, სხვათა შორის. ასე რომ, როგორც სტუდენტები, ისინი საკმაოდ საინტერესო ადამიანები იყვნენ და იმედის მომცემნი. კარგ პროფესიონალებად ნამდვილად ჩამოყალიბდნენ, რაშიც, ვთვლი, ჩემი პოზიტიური წვლილიცაა. რაც შეეხება პიროვნულ თვისებებს, მე ნამდვილად ვერ შევძლებდი, სერიოზული ზეგავლენა მომეხდინა. - ყველა ადამიანი მოქმედებს ისე, როგორც მიზანშეწონილად მიიჩნევს. გასაოცარი სხვა რამ არის: როდესაც შენ არ გინდა აჭარაში მურმან დუმბაძე, როდესაც არ გინდა ნინო ბურჯანაძე და ჯიუტად აცხადებ, რომ ჩვენი რეიტინგი მაღალია და უფრო მაღალი იქნება ოქტომბრისთვისო, რეალურად ეს რეიტინგები სანდოა? ის ჯგუფი, რომელიც წინააღმდეგია დამატებითი ოპოზიციური ძალების შემოერთებისა, თავად ვერც ერთ არჩევნებში ბარიერს ვერ გადალახავს. ეს რა არის? პოლიტიკური პრაგმატიზმის სრული დაკარგვა, ვერმორევა რაღაც სუბიექტური დამოკიდებულებების თუ დავალებაა ასეთი? თუმცა სააკაშვილისა და ივანიშვილის პროგრამებშიც ძირეული განსხვავებები არ ჩანს. - პროგრამაში კი არა, აქ უფრო ღრმა პრობლემაა - მოქმედების მანერასა და სტილშიც მსგავსებაა. გაკეთდა განცხადება, რომ დემოკრატია დამყარდება თურმე იმით, თუ ერთ ან ორ მინისტრს საჯაროდ დაიჭერენ. ჩვენ ეს უკვე გავლილი გვაქვს და ვიცით, ამ ტიპის დემოკრატიამ სადამდე მიგვიყვანა. მმართველი პარტიისგან ვხედავთ ხელისუფლების მონოპოლიზაციის მცდელობას და ახლა ვხედავთ, რომ არის ოპოზიციის მონოპოლიზაციის მცდელობაც, როდესაც აშკარად იკვეთება მესიანისტური ნიშნები, რომ შენ უნდა გადაწყვიტო, ერთმა პიროვნებამ, ვინ უნდა იყოს პოლიტიკაში და ვინ არა, ვინ უნდა გაიწიოს, ვინ _ გაიკრიფოს, ვის აქვს სამშობლოს სიყვარულის უფლება და ვის არა. რეიტინგებს რაც შეეხება, ეს მართლაც ძალიან სასაცილოა. თუ ამ რეიტინგებს მივყვებით, ვთქვათ მაშინ, რომ სააკაშვილი უპირობო ლიდერი ყოფილა. ყველა გამოკითხვით, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაკეთებული გამოკითხვების შედეგებითაც, მიხეილ სააკაშვილის ნდობის ხარისხია 67 თუ 72 პროცენტი და მაშინ ვაღიაროთ, რომ მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი ასეთი ყოფილა! ეს ხომ არავის სჯერა, თუმცა დიდი სიამოვნებით იჯერებენ იმას, რის ხალხისთვის ჩაგონებას, ამდენი ხანია, ცდილობს ხელისუფლება, რომ ბურჯანაძეს აქვს 0% რეიტინგი. თუ 0% მაქვს რეიტინგი და პულსი არ მესინჯება, როგორც ამას ხელისუფლება და ზოგიერთი ოპოზიციონერი ამბობს, მაშინ რა საჭიროა ამდენი ლაპარაკი ბურჯანაძეზე? რატომ მიდიან იმ ადამიანებთან, ვინც ბურჯანაძის პარტიაში ირიცხებიან? ეს პარტია თუ ურეიტინგოა და «სახალხო კრებას» თუ მხარდამჭერები არ ჰყავს, მაშინ ეს ხალხი არც თქვენ გამოგადგებათ, ბატონებო, და რატომ არის ასეთი თავგადაკლული ნადირობა ამ ხალხზე, ვერ გავიგე! ლოგიკურად ორი დასკვნის გამოტანა შეიძლება: ან არის ვალდებულება, რომ ბურჯანაძე არ უნდა იყოს, ან არის შიში ბურჯანაძის, როგორც ძლიერი პოლიტიკური ფიგურის, რომლის გვერდითაც ძალიან ბევრი ვერ ინავარდებს ისე, როგორ ახლა არიან განავარდებულები. არასდროს ვლაპარაკობ და არ ვიღებ გადაწყვეტილებას მოუმზადებლად ან თუ არ მაქვს მყარი საფუძველი. სხვა _ ვერც ფული, ვერც შანტაჟი და მუქარა აზრს ვერ შემაცვლევინებს. რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით, ბურჯანაძესთან ურთიერთობა ძალიან ბევრი ადამიანისთვის შეიძლება იყოს არაკომფორტული. - რაღაც ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ნინო ბურჯანაძემ იურისპრუდენცია კი ასწავლა თავის სტუდენტებს, მაგრამ ხეზე ასვლა არ ასწავლა, პოლიტიკას ვგულისხმობ. ეს ეტყობა მათ ნაბიჯებს. იმდენად არაფრთხილი გამონათქვამებია, გაუაზრებელი ხანდახან, დამატებით უამრავ შეკითხვას ბადებს. - მე ვასწავლე მათ საერთაშორისო სამართალი. ის, რომ ტყუილი არ უნდა თქვა და ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, მივიჩნიე, რომ მშობლებს უნდა ესწავლებინათ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ დღეს ჩემს წინააღმდეგ ოპოზიცია იყენებს იმავე მეთოდებს, რა მეთოდებსაც სააკაშვილი იყენებდა. შეიძლება, უფრო მცირე მოცულობით, რადგან ოპოზიციას არ აქვს ის შესაძლებლობები, რაც სააკაშვილს, მაგრამ პირველი დღიდან ჩემი ოპოზიციაში მოსვლისა, ოპოზიცია ებრძოდა ბურჯანაძეს და არა სააკაშვილს. არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, რომ გამოვაცხადოთ მორატორიუმი ერთმანეთის კრიტიკაზე მანამ, ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლებას არ მოვიშორებთ და, როდესაც მივაღწევთ თავისუფალ და დამოკრატიულ არჩევნებს, მოდით, მერე გავხსნათ ერთმანეთის წინააღმდეგ ცეცხლი, მერე შეგვიძლია ვაკრიტიკოთ ერთმანეთი, მაგრამ არა მანამ, ვიდრე სააკაშვილია ხელისუფლებაში. ადამიანურად იყო ჩემთვის საწყენი, პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, ბიძინა ივანიშვილის მიერ ასეთი უსამართლო კრიტიკა ჩემ მიმართ, როდესაც მან სიტყვა-სიტყვით გაიმეორა ის ბრალდებები, რომლებიც დიდი პიარ-კამპანიის შედეგად ჩამოაყალიბეს, რომ ბურჯანაძე არის პრორუსული და მას ხელისუფლების მხოლოდ ქუჩიდან შეცვლა სურს. სააკაშვილმა ძალიან ბევრი ფული და ენერგია დახარჯა იმაში, რომ ეს კლიშეები დაემკვიდრებინა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. ბიძინა ივანიშვილმა, წესით, ძალიან კარგად უნდა იცოდეს ჩემი გამონათქვამები, თუმცა, მე როგორც გავიგე, ის უფრო ახლოს მეგობრობდა ბოკერიასთან და მერაბიშვილთან. მე არ მინახავს, მაგრამ, რადგან პოლიტიკაში მოვიდა, ჩემი გამონათქვამები წაკითხული მაინც ხომ უნდა ჰქონდეს? დამისახელონ ერთი პრორუსული გამონათქვამი ან ერთი ანტიდასავლური. როგორც ჩანს, ისიც არ უნდათ, გაიხსენონ, რასაც «სახალხო კრება» დაარსების დღიდან ამბობდა, რომ ხელისუფლება სწორედ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს, მაგრამ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებით, რაც შეუძლებელია დღევანდელი ხელისუფლების ხელში. ხელისუფლებას ჯერ უნდა გამოვგლიჯოთ არჩევნების მართვის ბერკეტი ხელიდან, ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები და მხოლოდ შემდეგ იქნება რეალური ხელისუფლების ცვლილება. იმისათვის, რომ დღეს შევძლოთ ვითარების გარდატეხა და ხელისუფლების დამარცხება არჩევნების გზით, საჭიროა შეიქმნას ერთიანი ეროვნული ოპოზიციური ფრონტი, დამოუკიდებლად იმისა, ვის მოსწონს რუსეთი, ამერიკა, ევროპა, ქართული ფასეულობები, რაც უზრუნველყოფს არჩევნებში სააკაშვილის დამარცხებას, შემდეგ 6 თვის განმავლობაში იმ ცვლილებების განხორციელებას, რაც დაკავშირებულია საარჩევნო გარემოს რეალურ ცვლილებასთან და უკვე 6 თვის შემდეგ კონკურენტულ გარემოში თითოეულ ჩვენგანს გვექნება საკუთარ იდეოლოგიაზე საუბრის შესაძლებლობა. მე ჩემს იდეოლოგიაზე ვილაპარაკებ, «ქართულმა ოცნებამ» თავისი თქვას და შემდეგ თავად ხალხმა აირჩიოს ის ხელისუფლება, რომელსაც მართვის სადავეებს ჩააბარებს. სამი კვირის წინ გავაკეთე განცხადება და დღეს უკვე «სახალხო კრებამ» ეს ოფიციალურ წინადადებად ჩამოაყალიბა სხვა პოლიტიკური ძალების მიმართ, რომ ჩვენ მზად ვართ, პირადი ამბიციები გვერდზე გადავდოთ, რადგან ის თანამდებობასთანაა დაკავშირებული. ქვეყნის სიყვარულს კი ვერავინ ამიკრძალავს. ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე რომ ვაკეთო, ამას ვერავინ ამიკრძალავს, ამის უფლება საკუთარი თავისთვის სააკაშვილსაც კი არ მიუცია, რომელსაც დიქტატორს ვეძახით. აქედან გამომდინარე, ეს იყო სრულიად უპრეცენდენტო წინადადება. ვნახოთ, რა პასუხი იქნება ამ წინადადებაზე. ესაა იმ ადამიანების წინადადება, რომლებსაც გული შესტკივათ ქვეყანაზე. - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა თავის ბოლო ინტერვიუში განაცხადა: ბრიუსელში მქონდა უამრავი შეხვედრა ევროპარლამენტარებთან და სხვადასხვა სტრუქტურის ხელმძღვანელებთან. იქ საერთოდ არ იციან, ვინაა ბიძინა ივანიშვილი, იქ იციან, ვინ არის ნინო ბურჯანაძე და მას აღიქვამენ რეალურ ოპოზიციადო. - ძალიან მადლობელი ვარ ზაზა ხატიაშვილის ამ სიტყვების გამო. ის ძალიან საინტერესო და მებრძოლი პიროვნებაა და ამას როდესაც ის ამბობს, ესე იგი, ამის თქმის რეალური საფუძველი აქვს. მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ მხვდებიან დასავლეთში, განსხვავებით ქართული პოლიტიკური ელიტისგან. თუ არ მიცნობენ, მეუბნებიან, რომ მათთვის პატივია ჩემთან ურთიერთობა და, თუ მიცნობენ, ასევე დიდ პატივისცემას მიდასტურებენ, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა მილიონები დახარჯა, რათა ბურჯანაძის წინააღმდეგ შავი პიარი აეგორებინა. მისი ლაქიები, რომელთაგან ზოგი საელჩოში მუშაობს და ზოგიც აქედან ჩადის, ფაილებით ხელში დადიოდნენ, სადაც ტყუილები და სიბინძურეები ეწერა ბურჯანაძეზე. ერთი ძალიან საინტერესო მაგალითიც შემიძლია მოგიტანოთ. როდესაც ბატონი გილაური ბრიუსელში ბრძანდებოდა, ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან ერთსაათიან შეხვედრაზე პირველი 20 წუთი საუბრობდა, თუ როგორი საშინელი ადამიანია ბურჯანაძე, როგორ ვაპირებ ქვეყნის გადატრიალებას, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ ევროპარლამეტის ერთ-ერთი დეპუტატი ადგა და უთხრა: «თქვენ ჩვენ შეურაცხყოფას გვაყენებთ. თუ თქვენ მართლა თვლით, რომ ბურჯანაძეს აქვს 0% რეიტინგი, გაუგებარია, რატომ ხარჯავთ ამდენ დროს ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე ბურჯანაძეზე სალაპარაკოდ. დღეს დავრწმუნდი, რომ ბურჯანაძე ნამდვილად არის თქვენთვის ძალიან საშიში კონკურენტი, რომ მას ნამდვილად მაღალი რეიტინგი აქვს, ალბათ, ისეთივე, როგორი მხარდაჭერა და პატივისცემაც მას ევროკავშირში აქვს და საქართველოში რომ ჩამოვალ, მას აუცილებლად შევხვდებიო». ამ შეხვედრის შემდეგ ამ ქალბატონმა დამირეკა და მთხოვა, სამი კვირის შემდეგ დელეგაციის ვიზიტია საქართველოში და მინდა შეგხვდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, მე შორიდან გიცნობთ და ძალიან მინდა თქვენთან აზრის გაცვლა-გამოცვლაო. ასე რომ, ასეთი ფაქტები ჩემთვის უცხო არაა. მინგარელის კაბინეტთან რიგში რომ ჩადგა ლამის ჩვენი ერთი მინისტრი, იცოდა, რომ ჩემი შეხვედრა იყო დაგეგმილი და ეხვეწა, ბურჯანაძე არ მიიღოთო. ეს იწვევს უკურეაქციებს, ეს ადამიანები ეუბნებიან, რომ ეს არ არის თქვენი გადასაწყვეტი, ჩვენ ვის შევხვდებით და ვის არაო. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ, როდესაც ჩემი შეხვედრა იყო დაგეგმილი 26 მაისის შემდეგ ბატონ ფულესთან, ევროკომისართან, სააკაშვილმა ეს გაიგო და სასწრაფოდ გამოფრინდა ბრიუსელში თავისი თვითმფრინავით, ჩამასწრო ფულესთან და ნახევარი საათით ადრე შეუვარდა კაბინეტში, ბურჯანაძე არ მიიღო, მე მიმიღეო. სასაცილოა ეს ყველაფერი. ფულეს დაუდეს 40-გვერდიანი ფაილი, არ მიიღო ბურჯანაძე იმიტომ, რომ ქვეყნის დაქცევას აპირებს და, თუ მიიღებ, ეს მის მხარდაჭერად გამოჩნდებაო. - პრორუსულობაზე ლაპარაკმა უკვე ლამის ანეკდოტური ხასიათი მიიღო. დღეს უკვე მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებზე ჩამოკიდება, როდესაც შენს გვერდით ამხელა მეზობელია და რომლის რეიტინგი და მსოფლიოში გავლენა მხოლოდ იზრდება და არ კლებულობს, ეს სააკაშვილის ტერმინოლოგიით რომ ვისარგებლოთ, წასულ მატარებელზე შეხტომის სურვილს ჰგავს. - ერთ-ერთი პოლიტიკოსი ივანიშვილის კოალიციიდან აცხადებს, რომ დღეს საქართველოს არჩევნების ბედი წყდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. რატომ? ჩვენ ამერიკის შტატი გავხდით და ვერ გავიგეთ? არ მინდა, მთლად კოლონია დავარქვა. მე კიდევ არ მინდა, რომ ქართული არჩევნების ბედი წყდებოდეს ამერიკაში ან რუსეთში, მინდა, რომ საქართველოში წყდებოდეს და ყველაფერს გავაკეთებ, ასე რომ იყოს! ჩემთვის მიუღებელია რუსეთიდან დასმული კაცი საქართველოს მმართველად. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ასევე მიუღებელია ამერიკიდან ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოდან დასმული ლიდერი. ჩემი ქვეყნის ლიდერი უნდა იყოს ქართველების მიერ არჩეული, თუნდაც ჩვენ ვცდებოდეთ ლიდერების არჩევაში. როგორც ჩანს, ეს მწარე გამოცდილებაც გასავლელი გვაქვს. - დღეს გამოვიდა ინფორმაცია კოალიცია «ქართული ოცნებიდან», რომ ისინი ქირაობენ სერიოზულ ამერიკულ პიარკომპანიებს. ეს უკვე შემთხვევითი არაა და კარგად ჩამოყალიბებულ ტაქტიკას ჰგავს. ისეთი პირი უჩანს, რომ ისინი მართლაც ცდილობენ, შტატებში მოიგონ არჩევნები. - ქვეყანა არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და გადარჩენა სჭირდება. ნამდვილად არ მინდა, ოქტომბერში იმ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ, რომ შემოვტრიალდე და გნებავთ, თქვენი გაზეთის, გნებავთ, სხვა გაზეთის, საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით ნიშნი მოვუგო საკუთარ ხალხს და ვუთხრა, ხომ გეუბნებოდით, მე ვიყავი სწორი და ყველა დანარჩენი ცდებოდით. ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია ერთიანი ეროვნული ფრონტი, წინააღმდეგ შემთხვევაში «ქართული ოცნება» გავა საპატიო მეორე ადგილზე. როცა მე ამას ვამბობდი ბატონ ალასანიასთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, მაშინ ლამის ჩამქოლეს, რომ არა ბურჯანაძე, ამ არჩევნებს მოვიგებდითო. რას გვაძლევდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოგება, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩა. |