"მინდა თავიდან დავიწყო - როცა ნიკა რურუა დაინიშნა კულტურის მინისტრად, ვიფიქრე, მისი წინამორბედებისგან განსხვავებით უფრო პრინციპული იქნებოდა. პრინციპული მართლაც გამოდგა, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართული კულტურის საზიანო საქმეში. ჯერ ერთი, რუსთაველის თეატრი რობერტ სტურუას გარეშე დატოვა, ამიტომ ახლა იქ მივიღეთ "დრამწრის" დონე. ბოლო ხანებში "კარგი ამბავი" გავიგეთ - დაიდო ხელშეკრულება რესტორნების ქსელთან და ახლა ნებისმიერ ფულიან კაცს შეუძლია შვილის ქორწილი რუსთაველის თეატრში აღნიშნოს. თუ ეს უნდოდა რურუას, მაშინ გამოუვიდა და მინდა მივულოცო. რაც შეეხება 29 თებერვლის დადგენილებას (რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ), კითხვები და ეჭვები გაჩნდა არა რეორგანიზაციის, არამედ თავად პროცესის მიმართ", - აცხადებს "ქართული აკადემიის" წევრი ნუკრი ქანთარია გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ნუკრი ქანთარია: "კულტურის სამინისტროსადმი შეთავაზება მაქვს და ამას თქვენი გაზეთის საშუალებით ვაცხადებ!"
"იყო დაჟინებული, მაგრამ უშედეგო მცდელობა მინისტრისა, რექტორად ყველგან თავისი კადრი გაეყვანა. თეატრალურში 30 მარტსაა დანიშნული არჩევნები და ამ დადგენილების მიხედვით, ესეც არ დაგვცალდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებამ გოგა მარგველაშვილი დანიშნა რექტორის მოვალეობის შემსრულებლად. იგი საქმის სპევიალისტია, პროფესიონალი და ყველანაირად შეეცადა მათი ხუშტურები ისე დაეკმაყოფილებინა, ინსტიტუტიც გადაერჩინა. მეტიც, რადგან ამის თქმა უკვე შეიძლება - მას ჩემთან დაკავშირებით რამდენჯერმე შეეხმიანენ, რატომაა ქანთარია სრული პროფესორი და ამავე დროს ასეთი ოპოზიციურიო?! გოგამ კი გამოიჩინა კაცობა და ამის თქმა არც თავს აკადრა, არც მე. იგი რექტორის მოვალეობას 2 წელს ასრულებდა, მერე 5 წლით ავირჩიეთ, ზაფხულში ვადა გაუვიდა და ისევ ავირჩიეთ მეორე ვადით", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნუკრი ქანთარია.
"მარგველაშვილის არჩევიდან 5 თვის თავზე სამინისტროდან მოდის ბრძანება - თურმე არასწორად აგვირჩევია. ეს სრული ნონსენსი იყო, გამოგვიცხადეს, პირველ ვადად ის ითვლება, რექტორის მოვალეობას რომ ასრულებდაო. ესეც მისალოცი გამარჯვება რურუასთვის. მერე წავედით სასამართლოში, სადაც პროცესი გაიჭიმა და ბუნებრივია, სამივე ინსტანცია წავაგეთ. მინისტრი კი, მთელი ეს დრო, მოთმინებით იცდიდა და ამბავი არ გახმაურებულა. ამასობაში აკადემიურმა საბჭომ მოვალეობის შემსრულებლად ისევ მარგველაშვილი დანიშნა, რექტორის არჩევნები კი 30 მარტს გადავიდა", - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვას - "მარტო თქვენ არ ხართ ოპოზიციურად განწყობილი სახელოვნებო წრეებში და ეს საყოველთაო რეორგანიზაცია წინასაარჩევნოდ თქვენნაირი "თავისუფალი რადიკალების" ჩასახშობად ხომ არ კეთდება?" - პასუხობს:
"არ არის გამორიცხული, ასეც იყოს. თუმცა აქ მგონი მსხვილი ქონებრივი ინტერესიც იმალება. შემთხვევით, აქ, ამ ძველი ისტორიული, კარგა ადგილას მდებარე შენობების ინტერესი ხომ არ გაუჩნდა მთავრობას? დრამის ფაკულტეტის გაჩანაგებაზე ან საერთოდ სამივე სასწავლებლის (თეატრალური უნივერსიტეტი. კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია) გაერთიანებაზე ხომ არაა საუბარი? მოკლედ დაინიშნა არჩევნები და ვფიქრობდით, ვინ შეიძლებოდა გასულიყო ჩვენი წრიდან. თუ ღია ბრძოლა წავიდოდა, ვფიქრობდით ასეთ შემთხვევაში რექტორობას დროებით ჩემ თავზე ავიღებდი, თუმცა ამის სურვილის არ მქონია. ამ დროს, კონსერვატორიაში უპრობლემოდ დანიშნეს თავიანთი კადრი და სიმშვიდემ დაისადგურა. სამხატვრო აკადემიაში ამაზე პარალელური პროცესი წავიდა. აკადემია სამინისტროს დაჰპირდა, თქვენ კანდიდატს ავირჩევთო და და მაინც თავისი წარმომადგენელი აირჩია - ვინმე პოპიაშვილი სამინისტროს კანდიდატი იყო და არჩევნებში ნული მიიღო! იმავე დღეს მოდის სამინისტროდან ბრძანება, რომ აკადემიის არჩევნები, რაღაც სისულელის გამო ბათილად იქნა ცნობილი, მაგრამ ორ დღეში აკადემიამ მოვალეობის შემსრულებლად ისევ თავისი კაცი აირჩია - სამინისტრომ ეგეც გააბათილა და აღარც ამ 30 მარტის არჩევნებს დაელოდა, ისე გამოსცა ეს 29 თებერვლის ბრძანება საკონტროლო გასროლასავით!"
"აი, ეს თავგადასავალი უძღოდა წინ ამ დადგენილებას, ამან გააჩინა ეჭვები და აღშფოთდნენ სტუდენტები და პროფესურა. აკადემიაში გილაურმა რომ ნოშრევან ჩხაიძე დანიშნა, ეს ახალგაზრდა ვინაა, საერთოდ არავინ იცის. ერთი ის გავიგეთ, რომ კარგად იცის კომპიუტერი. მერე აღმოჩნდა, რომ 2006 წელს დაუმთავრებია ჩვენი უნივერსიტეტი კინოდოკუმენტალისტის განხრით, ოღონდ მისი არც დოკუმენტური ფილმი უნახავს ვინმეს, არც არაფერი. კაცი გინესის წიგნშია შესაყვანი - 2006-ში დაამთავრა, ყველა საფეხურს გადაახტა და 2012-ში უკვე რექტორი ხდება. არ ვიცი, ასე რით მოხიბლეს და რა უქნეს, მაგრამ თუ ნიჭიერია აქ მოსვლა სანანებელი გაუხდება, რადგან არა მგონია, კარგი საქმისთვის მოჰყავდეთ. სტუდენტებს უკვე ძლივს ვაკავებთ!~ ისინი მთლად დაიბნენ, არ იციან რა ხდება, სასწავლო პროცესს ხელი უკვე შეეშალა. მთავარია, ერთი არ აინჯღრეს", თორემ მერე დალაგება ძალიან ძნელია. მეშინია, ეს ბავშები რამე პროვოკაციაზე არ წამოაგონ, თან ეს ჩხაიძეც ახალგაზრდა კაცია", - განაგრძობს ნუკრი ქანთარია.
"ახალ რურუასთან შეხვედრას რა აზრი აქვს. მაგრამ თუ შეძლებს და მოისურვებს სიამოვნებით დავუჯდები საჯარო დებატებშუი. დღეს ჩემთვის ლანძღვა ადვილია, მაგრამ ეს არაფერს მოიტანს. ამიტომ კულტურის სამინისტროსადმი შეთავაზება მაქვს და თქვენი გაზეთის საშუალებით ვაჟღერებ: დაინიშნოს ნოშრევან ჩხაიძე თეატრალურის მენეჯერად. ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ ჩვენი შემადგენლობიდან და მათ შორის თვითონ მინისტრმა აირჩიოს რეაქორის მოვალეობის შემსრულებელი. ანდა მეორე ვარიანტი - სასწრაფოდ, პირველიცე დღიდან შეიქმნას სპეციალისტებით დაკომპლექტებული სარეორგანიზაციო კომისია და ჩხაიძემ ერთპიროვნულად კი არა, კომისიასთან ერთად იმოქმედოს", - აცხადებს რესპონდენტი.
"თუ საქმე შენობების გაყიდვაზეც მიდგა, მაშინ პასუხიც ადექვატური გვექნება. რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობაში მხოლოდ დრამის ფაკულტეტია და მსახიობები და რეჟისორები სხვადასხვა ადგილას თუ "განითესებიან", შენობა დაცარიელდება, ხოლო როცა დაწესებულება საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან არაკომერციულ პირად გადაკეთდება, სახელმწიფო მასზე ვალდებულებას მოიხსნის. მერე რეგენტების საბჭო, ანუ ჩინოვნიკები სხვადასხვა სამინისტროებიდან კანცლერს აირჩევენ, მთელი ფინანსები თავს მასთან მოიყრის და რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს, სახელმწიფო იტყვის - მე რა შუაში ვარო. კანცლერს შეუძლია შენობის გაყიდვა, დაცლა და ა.შ. უკვე დაიწყო შემოთვლები სამინისტროდან. სტუდენტებს, თვითმმართველობას იბარებენ და მიდის ჩაჩუმების მცდელობა. არც ისაა გამორიცხული, გარკვეული ფინანსური დახმარების მერე, ვინც მიხვდება, საკადრო წმენდა მე არ შემეხებაო, საერთოდ გაჩუმდეს. გვაქვს ამის გამოცდილებაც", - დასძენს ნუკრი ქანთარია.