"ბურჯანაძის პოლიტიკურ ფიგურას ძალიან ცუდი სამსახური გაუწია პუტინთან ვიზიტებმა, ივანიშვილმა ამიტომაც არ ისურვა ბურჯანაძის გვერდით დაყენება"

"ერთი შეხედვით, პუტინის განცხადებაში განსაკუთრებული არაფერია, არჩევნები ნებისმიერ ქვეყანაში აჩენს პოლიტიკური ცვლილების მოლოდინს. ეს მოლოდინი შეიძლება ჰქონდეთ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, რადგან ისინი ამბობენ, რომ სააკაშვილს არ დაელაპარაკებიან. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ პროპაგანდისტულ ფორმულებს, რასაც ჩვენი ხელისუფლება ავრცელებს, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილის პუტინის პროექტად წარმოჩენას, გამოდის, რომ პუტინის ეს მეტად ჩვეულებრივი განცხადება ლამის სახელისუფლებო პარტიის მიერ წამოყენებული ბრალდებების მტკიცებულებაა. თუ დაკვირვებიხართ, პუტინი და სააკაშვილი ხშირად უწყობენ ხოლმე ერთმანეთს ხელს ამგვარი განცხადებებით, რა თქმა უნდა, უნებლიეთ, მაგრამ ფაქტია, რომ უწყობენ. ახლაც იგივე განმეორდა და ამ შანსს სახელისუფლებო პარტია ხელიდან არ გაუშვებდა", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "პუტინი და სააკაშვილი ერთმანეთს ხშირად უწყობენ ხელს ამგვარი განცხადებებით" / `სააკაშვილის ხელისუფლება ძალოვანი სტრუქტურების გარეშე წარმოუდგენელია".

"აქამდე ოპოზიციის ყველა ძლიერი ფიგურა მმართველმა პარტიამ რუსულ ძალად გამოაცხადა, ასე იყო ბადრი პატარკაციშვილისა და ნინო ბურჯანაძის შემთხვევაში, ასეა ახლა ივანიშვილის მიმართაც. ამ გზით ხელისუფლება აქამდე ახერხებდა მეტოქის გაუვნებელყოფას, მაგრამ ეს ფორმულა ივანიშვილის შემთხვევაში ჯერჯერობით არ მუშაობს. სხვა მდიდარი ქართველებიც იყურებოდნენ რუსეთიდან საქართველოსკენ, მაგრამ მათ მიმართ ქართველ საზოგადოებას იოტისოდენა სიმპათიაც არ გასჩენია, რადგან მათ რუსეთუმეებად მიიჩნევდნენ. აი, ივანიშვილი კი არ აღიქმება რუსეთუმედ. სამების აღმშენებელი, რუსთაველის, მარჯანიშვილისა და სხვა თეატრების, უნივერსიტეტების განმაახლებელი, ბოტანიკური ბაღის გადამრჩენი, საქართველოს ქალაქების რეკონსტრუქტორი, ძნელი წარმოსადგენია, რუსეთუმე იყოს. რადგან რუსეთი მტერთან ასოცირდება, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: შეიძლება მტერი ამდენ სიკეთეს აკეთებდეს? ეს პარადოქსია და, ფაქტობრივად, გამორიცხული. ბიძინა ივანიშვილის რუსეთუმეობის კონტრარგუმენტი მისი ოცწლიანი, ფართომასშტაბიანი საქველმოქმედო საქმიანობაა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

"ივანიშვილს რომ ეთქვა, ყველას გელით და ყველასთვის ღია მაქვს კარიო, ის პარტიები, რომლებიც დღეს ასე აკრიტიკებენ, ალბათ, მყისვე მასთან გაჩნდებოდნენ, თუმცა მერე სირთულეები დაიწყებოდა შიგნით. ოპოზიცია არაერთხელ გაერთიანდა და მერე დაიშალა იმ მოტივით, რომ ვერ თანხმდებოდნენ საერთო პოზიციაზე. ვფიქრობ, სადემარკაციო ხაზის გავლება სწორი იყო, განსაკუთრებით იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც ხელისუფლებასთან მხოლოდ რიტორიკულად არიან დაპირისპირებულნი. მე მგონია, რომ ბურჯანაძის პოლიტიკურ ფიგურას ძალიან ცუდი სამსახური გაუწია პუტინთან ვიზიტებმა, რამაც მას ბევრი მხარდამჭერი დააკარგვინა. რაც შეეხება ივანიშვილს, ის არის ფიგურა, რომლის პოლიტიკური ბიოგრაფია ახლახან დაიწყო, რომლის შესახებაც დასავლეთმა ბევრი არაფერი იცის. ბუნებრივია, რომ ის ცდილობს, დასავლური ხაზი მკაფიოდ გამოხატოს თავის პოლიტიკურ ნაბიჯებში, ამიტომაც არ ისურვა ბურჯანაძის გვერდით დაყენება", - მიიჩნევს პოლიტოლოგი.

"რაც შეეხება "ფორბსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილის ნათქვამს "ერთი ან ორი, მაქსიმუმ სამი მინისტრის დაჭერის" შესახებ, სიმართლე გითხრათ, საზოგადოებაში კანონისადმი პატივისცემის გასაჩენად ზოგჯერ დაჭერაც აუცილებელია, თავის დროზე სააკაშვილის მოქმედებასაც მოჰყვა სასიკეთო შედეგები, მაგალითად, ვნახეთ, რომ ბიუჯეტი გაიზარდა. კანონის სიმკაცრე ყველგან ერთნაირად მოქმედებს, ანუ წარმოშობს კანონმორჩილებას, მაგრამ საკითხი დგას ასე: კანონმორჩილებას ხელისუფლება სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის იყენებს, თუ პირადი მიზნებისთვის? სააკაშვილის ხელისუფლებას სწორედ ეს აერია - პრობლემა დაჭერა კი არ იყო, არამედ ის, ეს დაჭერა კანონიერი იყო თუ არა. თავისთავად სიმკაცრე დანაშაულის გამო აუცილებელიც არის, მაგრამ კითხვა ასე ისმის: ეს სიმკაცრე ყველას მიმართ ერთნაირია, თუ შერჩევითი?", - დასძენს რამაზ საყვარელიძე და შეკითხვას - "არსებობს მოსაზრება, რომ ხელისუფლების დამარცხება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ბზარი გაჩნდება მის შიგნით. ბოლო ხანს სააკაშვილი ისე ხშირად უმღერის დითირამბებს თავისი უახლოესი გარემოცვის წევრებს - მერაბიშვილს, ადეიშვილს, ამგვარი საფრთხის პრევენციას ხომ არ ცდილობს?" - პასუხობს:

"პოლიტიკოსებმა კარგა ხანს იქილიკეს, როდესაც ნაციონალებმა თქვეს, მერაბიშვილი ხერხემალიაო, არადა, უშიშროების მინისტრი ყველა სახელმწიფოში არის ხერხემალი. ნაპოლეონს პოლიციის მინისტრმა ჟოზეფ ფუშემ უღალატა, მაგარამ როცა ხელისუფლებაში დაბრუნდა, ისევ ფუშე აიყვანა, არა ნდობის გამო, არამედ იმიტომ, რომ შეეძლო ამ ხერხემალზე იმის აგება, რასაც შინაგანი საქმეები ჰქვია. ამას თავისი მოხერხება და ორგანიზატორობა სჭირდება. ვფიქრობ, თავის დროზე სწორი პოზიცია იყო ისიც, ივანიშვილმა მერაბიშვილის მისამართით კომპლიმენტები რომ არ დაიშურა. მერაბიშვილმა ამ ქვეყანაში მართლა ბევრი, წლობით გადაუჭრელი პრობლემა მოაგვარა, თუმცა ამას ვინ როგორ იყენებს, ეს ხელისუფლებაზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე მერაბიშვილის სინდისზე. ის, რომ სააკაშვილი თავისთვის ამ მეტად კრიტიკულ მომენტში ცდილობს მეტად ყურადღებიანი იყოს მათ მიმართ, ვის მხრებზეც დგას, გასაკვირი ნამდვილად არ არის. მისთვის ძალოვანი სტრუქტურები ყოველთვის განსაკუთრებულად პრივილეგიური იყო, რადგან მისი ხელისუფლება ძალოვანი სტრუქტურების გარეშე, უბრალოდ, წარმოუდგენელია.