შავნაბადას მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი შიო გაბრიჭიძე ერთ-ერთი ქადაგებისას მრევლს მიმართავს: "ვისაც პრეზიდენტი არ უყვარს, არა ვნახო აქ შემოსული... მე არანაირი ეშმაკები აღარ ვნახო მომავალ წირვაზე... ვისაც არ უყვარს პრეზიდენტი., არის ეშმაკი..." - მამა შიოს ქადაგების ეს ნაწილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გავრცელდა. პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი კი ამბობს, რომ ეს ამბავი ადრე მოხდა და მსგავსი განცხადებები, თან ამბიონიდან, მიუღებელია, - ასეთი ქადაგებები ეკლესიას სახელს უტეხს და ამიტომაც მონასტრის წინამძღვარმა გაფრთხილება მიიღო. მისივე განმარტებით, ანალოგიური ქადაგებები ადრეც ყოფილა და არა მარტო მღვდლებში, მღვდელმთავრებშიც კი და მსგავს განცხადებაზე მღვდელმსახური შენიშვნას აუცილებლად იღებს პატრიარქისგან", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ვისაც არ უყვარს პრეზიდენტი, არის ეშმაკი..." / შავნაბადას არქიმანდრიტმა ამ სიტყვების გამო საპატრიარქოსგან გაფრთხილება მიიღო.
"ცნობისთვის, შავნაბადას წმინდა გიორგის მონასტრის წინამძღვარი მამა შიო ქადაგებისას ამბობს, რომ პრეზიდენტი უფროსად დააყენა ღმერთმა - "თუ საჭიროა, სიკვდილით უნდა ვპასუხობდეთ იმას, რომ იდიდოს ჩვენი სამშობლოს სახელი, იდიდოს ჩვენი პრეზიდენტის სახელი და ვისაც პრეზიდენტი არ უყვარს, არა ვნახო აქ შემოსული, იდიდოს ჩვენი პატრიარქის სახელი, იდიდოს ჩემი სახელი, იდიდოს თქვენი მამის სახელი. მე არანაირი ეშმაკები აღარ ვნახო მომავალ წირვაზე... ვისაც არ უყვარს პრეზიდენტი, არის ეშმაკი, ვაცხადებს და ვწერ პირჯვარს, რომ გამოსწორდეს, დაანებოს მაიმუნობას თავი, ის უფროსად რომ დაგიყენა ღმერთმა, ის არის შენი მარჩენალი... ისრაელში შვილის ურჩობა სიკვდილით ისჯება", - აღნიშნავს ქადაგებისას მამა შიო, რომლის განცხადებით, "ახლა რომელი სულელი იქნება, რომ სახელმწიფოს მეთაური იყოს და არ უყვარდეს თავისი საქმე, არ უნდოდეს ყველაზე კარგი სახელმწიფო მეთაური იყოს, არ უნდოდეს რომ მისი საქმიანობა დავით აღმაშენებლის საქმიანობას შეადარო?!" - აღნიშნავს გამოცემა.
"ზოგიერთი მღვდელი თუ მღვდელმთავარი, ვიდრე სასულიერო პირს ეკადრება, იმაზე მეტად არის განწყობილი ხელისუფლების საამებლად, მაგრამ ამბიონიდან ასეთი რამის ქადაგება არ შეიძლება. რელიგია პოლიტიკისგან გამიჯნული უნდა იყოს და მსგავსი განცხადების გაკეთება არ შეიძლება. მრევლის ასე დაყოფა, ასეთი განცხადებების გაკეთება ეკლესიისთვის მიუღებელია და ასეთ პოზიციას ნამდვილად ვერ გავიზიარებთ. ეს განცხადებები ეკლესიის პოზიცია არ არის, ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული სასულიერო პირის პოზიციაა და და მსგავსი განცხადებების გამო ყველა სასულიერო პირი პატრიარქისგან შენიშვნას იღებს. ეკლესიისთვის ასევე მიუღებელი იქნებოდა, რომელიმე მღვდელს ექადაგა, ვინც ხელისუფლებასთან თანამშრომლობს, ის ტაძარში არ უნდა შემოვიდესო", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამა მიქაელ ბოტკოველი.
"როგორც მამა მიქაელი ამბობს, უკვე რამდენი წელია, მამა შიო შავნაბადას წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარია. მან ამ გამცხადების გამო შენიშვნა მიიღო, მაგრამ წინამძღვრად ისევ რჩება. ამჟამად მონასტრის ზედამხედველობა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსს, მართყოფის ეპიკოპოსს, მუუფე იაკობს ევალება. "მე მღვდელმთავარი არ ვარ და რეაგირების მოხდენა ჩემს კომპეტენციას სცილდება. ერთადერთი ის შემიძლია, რომ პატრიარქს აუცილებლად ვითხრა, ამა და ამ სასულიერმა პირმა ასეთი განცხადება გააკეთა-მეთქი. მე დავურეკე მეუფე იაკობს, მას ვკითხე ამ ფაქტის შესახებ და მითხრა, რომ ეს ძველი ამბავია და არა მგონია ისევ განმეორებულიყოო. ამის გამო ის საპატრიარქოშიც ყოფილა დაბარებული და შენიშვნაც მიუღია. ადამიანი ათას რამეს აშვებს და მან შენიშვნები მიიღო და კონსულტაციებიც გაიარა. სასულიერო პირები, როგორც წესი, პოლიტიკაში არ უნდა მონაწილეობდნენ. მართალია, მათ პოლიტიკა აინტერესებთ, იმიტომ რომ ისინიც ამ ქვეყნის შვილები არიან და მათი ინტერესიც არის, როგორი იქნება ქვეყნის ხელისუფლება, მაგრამ საჯაროდ, მით უმეტეს ქადაგებისას ასეთ აზრებს არ უნდა ავრცელებდნენ", - დასძენს მამა მიქაელ ბოტკოველი. მისივე თქმით, "ეკლესიაში შეიძლება იყვნენ როგორც ხელისუფლების მომხრე, ისე ხელისუფლების მოქინააღმდეგეები, მაგრამ ამ ნიშნით მათი დაყოფა არ შეიძლება. სასულიერო პირები საკუთარ პოლიტიკურ სიმპათია-ანტიპათიებს არ უნდა ამჟღავნებდნენ", - წერს სტატიის ავტორი.