პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას რუსეთ - საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების ინიციატივა დააყენა. როგორ აფასებთ ამ ინიციატივას?
- ამ ინიციატივით სააკაშვილი ეცადა, ტრადიციულად, რამდენიმე მიმართულებით ჩაეგდო ანკესი: ერთის მხრივ, გათვლა გაკეთდა დასავლეთზე, განსაკუთრებით ევროპაზე, რომელიც ბოლო წლებია აქტიურად მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაალაგოს ურთიერთობები რუსეთთან და არჩევნების წინ სააკაშვილს აუცილებლად სჭირდება ახალი შტრიხები და ტონალობები შესძინოს საკუთარ პერსონას. მეორეს მხრივ, ეს ინიციატივა მიმართული იყო საკუთარი ელექტორატისთვისაც: საქართველოს საზოგადოების სულ უფრო ფართო ნაწილში იკიდებს ფეხს ანტიამერიკული განწყობები და რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების სურვილი. ბუნებრივია, რომ სააკაშვილს სურს ყურადღების მიღმა არ დარჩეს ელექტორატის ეს ნაწილიც. ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს თავისთავად საინტერესო და ნაყოფიერი ინიციატივაა. თუმცა, იმ დაუნდობელ წინასაარჩევნო ბრძოლაში, რომელიც წინ გველის, პროვოკაციების მცდელობებიც არ გამოირიცხება და ეს ინიციატივა შეიძლება კარგად იყოს გამოყენებული ამ პროვოკაციების მსურველ-დამგეგმავთაგან.
მაგალითად, ძალიან ნიშანდობლივია რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთში მოქმედი ახალგაზრდული მოძრაობა „რუსეთის ქართველთა კავშირი“, რომლის უკანაც რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია დგას, ქართულ ოპოზიციასთან თანამშრომლობას, სოციალური ქსელებით მილიონამდე მომხრის მობილიზებას და საქართველოში საპროტესტო პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობას გეგმავს. „ჩვენი მიზანია მილიონამდე ადამიანის შეკრება, თარიღის დანიშვნა, როდის და რომელ რიცხვში შევძლებთ ჩვენ ყველანი ჩვენს სამშობლოში, ქალაქ თბილისში შეკრებას. დიდ მარშ-მიტინგს მოვაწყებთ კამერების თანხლებით და ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა“, – ასეთია ორგანიზაციის წარმომადგენლების გეგმა“.
არ გამოვრიცხავ, რომ ეს რაღაც სათადარიგო, ძალიან სახიფათო გეგმის ნაწილია. რთული არ იქნება, რომ ასეთი „მარშ-ბრასოკი“ გააპიარო, როგორც გარე ძალების მიერ დაფინანსებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, თანმდევი შედეგებით, რაც თეორიულად ოპოზიციის ფართომასშტაბიანი შეზღუდვის ინდულგენციად იქნება გამოყენებული. რუსეთთან უვიზო რეჟიმის პირობებში მართლაც ბევრი ქართველი თუ არაქართველი რუსეთის მოქალაქის შემოდინება მოხდება საქართველოში, რამაც შეიძლება მავანთა ფანტაზიებს სერიოზული გასაქანი მისცეს. მშვენიერი პიარი იქნება დასავლეთისთვისაც: აი, ჩვენი უვიზო რეჟიმის შემოღებას რუსეთმა რითი უპასუხა. თავად ამ მოკლე ინფორმაციის ყველა წინადადება პროვოკაციული შინაარსის შემცველია და მსგავსი ტიპის განცხადებები ყურსმიღმა არ უნდა დატოვოს საზოგადოებამ და სათანადო პრევენციული ზომები მიიღოს, რადგან შემთხვევით მართლაც არ გაჩნდეს ასეთი საფრთხისშემცველი ფანტაზიების რეალობად ქცევის სურვილი.
ოპოზიციისა და ექსპერტების ნაწილმა გამოთქვა ვარაუდი, რომ მიხეილ სააკაშვილს ამერიკაში ვიზიტის დროს პირდაპირ ურჩიეს, სამართლიან არჩევნებთან ერთად აღარ იფიქროს რაიმე ფორმით ხელისუფლებაში დარჩენაზე. სააკაშვილი დასავლეთისგან ამგვარ მხარდაჭერას ვერ მიიღებს, ამიტომ ცდილობს რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებას. თემურ ალასანიას დანიშვნა გრიგოლ ვაშაძის მრჩევლად, მოგვიანებით კულუარული საუბარი იგორ ივანოვთან, თქვენი აზრით არის თუ არა კრემლთან ურთიერთობების დალაგების მცდელობა?
- მოდით ერთი წუთით დავუშვათ, რომ პუტინს შეცდომა არ მოსვლია, როცა თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნებში გამარჯვება მიულოცა – დალაგებულა ურთიერთობები და ეგ არის! თუმცა, თუ სერიოზულად მივუდგებით ამ საკითხს, გააჩნია რას ვიგულისხმებთ ურთიერთობის დალაგებაში. მე ვფიქრობ, შეიძლება იყოს მცდელობა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება შეეცადოს დაარწმუნოს რუსეთის ხელისუფლება, რომ მან ნეიტრალური პოზიცია დაიკავოს საქართველოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და არ ისარგებლოს და ხელი არ შეუწყოს არჩევნების შედეგებით გამოწვეული შესაძლო უკმაყოფილების გაღვივებას. ამდენად, მოლაპარაკების თემა შეიძლება ეხებოდეს იმას, რომ სააკაშვილმა და პუტინმა ერთგვარი მორატორიუმი თუ კონსენსუსი დაამყარონ ერთმანეთის ხელისუფლებაში შენარჩუნების მიზნით ანუ მარტივად, რომ ვთქვათ პირობა დადონ, რომ შენ ჩემს შიდა საქმეებში არ ჩაერიო და მე შენსაშიო.
არ დაგვავიწყდეს, რომ არა მხოლოდ სააკაშვილისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ პუტინმა თავი შეიკავოს საქართველოს შიდა პოლიტიკაში სხვადასხვა ფორმით ჩარევისგან, არამედ პუტინისთვისაც არანაკლებ მტკივნეულია სააკაშვილის, როგორც „დემოკრატიის კრეისერის“ როლი რუსული ოპოზიიცის, რბილად რომ ვთქვათ წახალისების საქმეში. სააკაშვილი, შესაძლოა პუტინს სწორედ ჩაურევლობის გარანტიებს აძლევდეს და მისგანაც იგივეს ითხოვდეს, მაგრამ რამდენად სანდოა მათთვის ერთმანეთის სიტყვა?!
წესით, მოლაპარაკებები გაცილებით მნიშვნელოვან საკითხებს უნდა მოიცავდეს, ისეთებს, მაგალითად, როგორიცაა საქართველო-რუსეთის პოზიციების ურთიერთგაცვლა-გაზიარება ისეთ გლობალურ თემებთან მიმართებაში, როგორიცაა სირია და ირანი. თუმცა, ვერ გეტყვით ეს თემები მოექცა თუ არა საქართველოს ხელისუფლების ინტერესთა ფორმატში. მაგრამ, თუ საქართველოს ხელისუფლება მართლაც პუტინისგან გარკვეული გარანტიების მიღებას ცდილობს, გამორიცხული არ არის, ირანის კამპანიის შემთხვევაში, სომხეთში არსებული ბაზისკენ რუსეთისთვის გზის გახსნის შეთავაზებაც დადგეს დღის წესრიგში.
პუტინი „პრინციპულ“ პოზიციას ინარჩუნებს სააკაშვილთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ არ გადაისინჯება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების საკითხი. თქვენი აზრით, რაიმე პოზიტიურ ცვლილებას უნდა ველოდოთ რუსულ - ქართულ ურთიერთობებში?
- ნაკლებად, რადგან მიუხედავად იმისა, რომ პუტინის გაპრეზიდენტება აშშ-მ მაშინვე აღიარა, ისე რომ კითხვის ნიშნები არ დაუტოვებია არჩევნების შედეგის სამართლიანობასთან დაკავშირებით, ამერიკის ყოფილი და ახლანდელი გავლენიანი პოლიტიკოსების რიტორიკა პუტინს მუდმივად დაძაბულ რეჟიმში ამყოფებს. ანუ, ამერიკამ კი მიიღო პუტინის გამარჯვება როგორც ფაქტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის მის დასუსტებას არ შეეცდება მიზანმიმართულად: მაკფოლის ელჩად დანიშვნაც, თავად რუსებისავე შეფასებით, სწორედ ამაზე მეტყველებს. როგორც ჩანს, ამერიკელები უმიზნებენ პუტინის პრეზიდენტობის მეოთხე ვადას, ანუ მომავალი 6 წელი დაეთმობა სწორედ პუტინის პოზიციების შერყევის მცდელობას. ძალზედ ნიშანდობლივია, რომ ჟურნალისტის კითხვაზე - ამერიკელებიდან ვინმემ თუ მოგილოცათ პრეზიდენტად არჩევაო, პუტინმა უპასუხა: მხოლოდ მაკქეინმაო. მაკქეინის მილოცვის შინაარსი კი საყოველთაოდ ცნობილია: ის ლამის დაემუქრა პუტინს - შენი დღეები დათვლილიაო - დაახლეობით ასე ჟღერდა მისი „მილოცვის“ შინაარსი. საინტერესოა კონდოლიზა რაისის შეფასებაც: „რუსების ახალი თაობა ითხოვს პატივისცემას ხელისუფლებისგან. ჩვენთვის ხელსაყრელია, რომ მათი მცდელობები წარმატებით დაგვირგვინდეს და ჩვენ ვალდებულნი ვართ ამას ხელი შევუწყოთ“.
ამ ფონზე, სანამ საქართველოში სააკაშვილია, რომელიც ფაქტობრივად მორალური მაგალითი და გონებრივი და ფინანსური გამტარია რუსული ოპოზიციისკენ ამერიკული რევოლუციური გამოცდილებისა და იდეების, მანამდე პუტინი მშვიდად ვერ იქნება. პუტინი უნდა ხვდებოდეს, რომ აშშ დილემის წინაშეა: ანუ სააკაშვილი ამერიკისთვის შეუცვლელია როგორც ანტირუსული, ანტიპუტინური ფორპოსტი და ამავე დროს, სააკაშვილის წასვლა ხელისუფლებიდან სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების გზით, იქცევა პუტინის წასვლის პრელუდიად. ამდენად, პუტინი დილემის წინაშეა თავადაც. თუმცა, თუ რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებების ქცევებსა და მოტივებში, მათივე ქვეყნების ინტერესებიც ფიგურირებს, მაშინ სრულიად ლოგიკური იქნებოდა, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნე, სირიისა და ირანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ოპერაციის ფონზე, მათ შორის, პოზიციათა გარკვეული თანხვედრა თუ არა, ინფორმაციის გაცვლა მაინც მოხდეს.
როგორ შეაფასებთ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებს და ხედავთ თუ არა რაიმე ანალოგს საქართველოში ახლო წარსულში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებთან?
- რუსეთში დღეს მიმდინარე პროცესები ძალიან მაგონებს 90-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისში საქართველოში არსებულ სიტუაციას, როცა აშშ-მ თან ხელი შეუწყო „მოქალაქეთა კავშირის“ გამარჯვებას პარლამენტში და შევარდნაძის ხელახალ არჩევას პრეზიდენტის პოსტზე, თან პარალელურად, დაიწყო ინტენსიური მუშაობა ოპოზიციის გასაძლიერებლად.
რაც შეეხება 2008 წლის საქართველოსა და 2012 წლების რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ანალოგიებს, მთავარი რაც ზედაპირზე ჩანს, ის არის, რომ ერთმაც და მეორემაც დათმეს დედაქალაქები არჩევნებისთვის დემოკრატიულ-სამართლიანი იმიჯის შესაძენად და მასობრივი სოციალური უკმაყოფილების შესაკავებლად. თუმცა, ბევრ სხვა ანალოგიაზეც შეიძლება საუბარი.
რუსეთის ოფიციოზი აშკარა კონფრონტაციის გზას დაადგა დასავლეთთან. სირიის საკითხშიც მასთან რაიმე კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელი გახდა. საით მიაქანებს პუტინი რუსეთს?
- სულ მცირე, პუტინს არ სურს, რომ რუსეთის, როგორც მსოფლიო დერჟავის დასასრული მის სახელს დაუკავშირდეს, ეს კი სრულიად რეალურია, თუკი იგი სირიის სახით ახლო აღმოსავლეთში, ხმელთაშუაზღვაში უკანასკნელ ფორპოსტს, ხოლო ირანის სახით ძლიერ პარტნიორს დაკარგავს. ბუნებრივია, რუსეთის სურვილი: საკუთარი პოზიციები შეინარჩუნოს რესურსებით ისეთ მდიდარ რეგიონში, როგორიც ახლო აღმოსავლეთია. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, რუსებს ყურსმიღმა არ რჩებათ ამირეკელების რიტორიკაც, მაგ. საკმარისია გავიხსენოთ იგივე კარგად ცნობილი ბზერჟინსკის ერთ-ერთი ბოლო გამონათქვამი რუსეთთან მიმართებაში: „თუ ამერიკა საკმარის სიბრძნეს გამოიჩენს, მაშინ შემდგომი 20-30 წლის განმავლობაში მსოფლიო მნიშვნელოვან ცვლილებებს დაინახავს დედამიწის ამ ნაწილში. მათი შედარება გასული საუკუნის 90-იან წლებთან იქნება შესაძლებელი, როცა სრულიად მოულოდნელად შობის დამდეგს საბჭოთა კავშირი დაინგრა”... ასე რომ, არაფერი გასაკვირი რუსეთის კონფრონტაციულ ტონში არ არის, თუმცა, სხვა საკითხია, რამდენად შედეგის მომტანი იქნება ეს რუსეთისთვის.
თქვენ რომ იყოთ უმაღლესი ხელისუფალი, რა გზით შეეცდებოდით პრეზიდენტ პუტინთან ურთიერთობის დალაგებას?
რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ არა მარტო გავლენის სფეროდ მისი ხილვის სურვილით აიხსნება, არამედ შიშითაც. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რუსეთი საქართველოში მისი დაშლის ერთ-ერთ ინსპირატორს ხედავს: პუტინის არჩევნების წინ ინტერნეტით გავრცელებული ვიდეო - ჩვენი „მოდელირებული ქრონიკის“ რუსული ანალოგი - „რუსეთის პუტინის გარეშე“, სადაც საუბარია იმაზე, რომ რუსეთი დაიშლება და მას გაიყოფს ჩინეთი, დასავლეთი და საქართველო, რომელიც იპყრობს კრასნოდარის მხარეს, სწორედ ამ ჰიპერბოლირებულ შიშებს ასახავს. ისევე როგორც, თავის დროზე ქართული „მოდელირებული ქრონიკა“, ხელისუფლების, შეიძლება ავადმყოფურად გაზვიადებულ, მაგრამ რეალურ შიშებს ასახავდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რუსებს სურთ იხილონ იმის გარანტიები, რომ საქართველო მინიმუმ არ განიხილებოდეს მათ თვალში რუსეთის დაშლაზე ორიენტირებული ამერიკული ძალების ფორპოსტად. მეორეს მხრივ, ახალი გეოპოლიტიკური რეალობები, იგივე თურქეთის ამბიციების ზრდა, როგორც მსხვილი რეგიონალური სუპერსახელმწიფოსი, პერსპექტივაში, თავისთავად წარმოაჩენს რუსეთის, როგორც რეგიონალური ბალანსის როლს. და გონივრული, სახელმწიფო ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის წარმოების შემთხვევაში, საქართველო საინტერესო პარტნიორად შეიძლება იქცეს რეგონის ყველა მსხვილი მოთამაშისთვის. ოღონდ ამისთვის უპირველესად საჭიროა, როგორმე თავად ჩვენ გავთავისუფლდეთ საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში პატრონი-ყმის ეგზისტენციალური როლისგან და დავიწყოთ საკუთარი თავის, როგორც სრულფასოვანი პარტნიორის აღქმა.