დავით ზურაბიშვილი: ,,დარწმუნებული ვარ, პარლამენტში ჩვენი რიცხვი მაქსიმალურად გაიზრდება _ ,,ნაციონალები'' ყველაფერს გააკეთებენ, უმცირესობაში არ აღმოჩნდნენ და ჩვენ შემოგვიერთდნენ!''
როგორ ემზადება არჩევნებისთვის კოალიცია ,,ქართული ოცნება'', რამდენი ადამიანი ,,გაიწვრთნება'' საარჩევნო პროცესების მეთვალყურედ და კომისიის წევრებად, რატომ ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს და რა გეგმას არ განიხილავენ, ამასთან, როგორ წარმოუდგენიათ 2011 წლის დეკემბერში მიღებულ კანონებში ცვლილებების შეტანა, მაშინ, როცა პალიკო კუბლაშვილის მტკიცებით, მოთხოვნების მიუხედავად, არსებითი საკითხები არ შეიცვლება, ,,ვერსიის'' კითხვებს ,,რესპუბლიკური პარტიის'' ერთ-ერთი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი პასუხობს: - კოალიცია ინტენსიურად მუშაობს. თითქმის ყოველდღე, რეგიონებში ახალ ოფისებს ვხსნით. მარტის ბოლოს ეს პროცესი დასრულდება. პარალელურად, შეიქმნა ერთგვარი სკოლა, რომელშიც მონაწილეობენ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე უცხოური ფონდებიც. აქ ჩვენ მხარდამჭერებს მოამზადებენ კომისიის წევრებად, საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებად და, ზოგადად, საარჩევნო პროცესის მეთვალყურეებად. ეს ყველაფერი საჭიროებამ მოითხოვა, რათა მაქსიმალურად შევძლოთ არჩევნების კონტროლი, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის ფარგლებში. - საბოლოოდ, რამდენი ადამიანის გადამზადებას გეგმავთ ან თუ იცით ზუსტი რაოდენობა, რამდენ ადამიანს ამზადებთ? - ზუსტი ციფრი ნამდვილად არ ვიცი, თუმცა, ჩვენ ინტერესებში შედის, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადავამზადოთ. ამით შესაძლებლობა გვექნება, მეტი საარჩევნო ოლქი მოვიცვათ. ჩვენი ამოცანაა, საარჩევნო პროცესს მაქსიმალურად დავაკვირდეთ და არც ერთი დეტალი არ გამოგვრჩეს. დღეს ჩვენი ძალისხმევა სწორედ ამ მიმართულებით იხარჯება და აგვისტომდე პერიოდს ამ სამუშაოებისთვის გამოვიყენებთ. რაც შეეხება კოალიციის წინასაარჩევნო აქტიურობას, ის პიკს აგვისტო-სექტემბერში მიაღწევს. - თუ აგვისტომდე თქვენი ძალისხმევა მხოლოდ დამკვირვებლების გადამზადებაზე დახარჯეთ, ბოლო ორ თვეში საზოგადოების განწყობის შეცვლა როგორ წარმოგიდგენიათ? - არჩევნები ოქტომბრის დასაწყისში უნდა დაინიშნოს, ამიტომ სასურველი ეფექტის მისაღებად, ბუნებრივია, კოალიციამ განსაკუთრებული აქტივობა აგვისტოდან უნდა დაიწყოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არჩევნებს მოუმზადებლები შევხვდებით. არჩევნების საკითხთან დაკავშირებით კოალიციაში ოთხი სამსახურია შექმნილი, რომლებსაც ხელმძღვანელობენ ზვიად ძიძიგური, თინა ხიდაშელი და სხვები. ასევე შექმნილია სტრუქტურები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ. ჩვენ იმასაც შევძლებთ, რომ დეკემბერში მიღებული კანონები შევცვალოთ, რომელსაც ხელისუფლება თურმე, ევროპული გამოცდილების საფუძველზე გვთავაზობს. - ეს როგორ უნდა მოახერხოთ, როცა პავლე კუბლაშვილის მტკიცებით, არსებულ კანონში, მიუხედავად მოთხოვნისა, არსებითი საკითხები არ შეიცვლება? - გარწმუნებით, ხელისუფლებას მიღებული დრაკონული კანონების შეცვლა აუცილებლად მოუწევს. რა თქმა უნდა, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა მოქალაქეობის პოლიტიკური აქტივობის კონტროლის უფლება დაიტოვოს, თუმცა მათი ძალისხმევა ფუჭი იქნება. ჩვენ გონიერი ადამიანები ვართ და ვხვდებით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები სერიოზულად არც კი უნდა აღვიქვათ. საერთოდ, ამ ბოლო დროს, სააკაშვილის გუნდი იმდენ სისულელეს ამბობს და აკეთებს, მათზე ყურადღების გამახვილებაც კი არ ღირს. - არ აკონკრეტებთ, რატომ ხართ ასე დარწმუნებული, ან საერთოდ, რა გაძლევთ იმის გარანტიას, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან დათმობაზე წავა? - არ ვამბობ, რომ ყველაფერი იდეალურად იქნება. უბრალოდ, არსებობს იმის გარანტია, რომ ჩვენი მოთხოვნები, კანონის ცვლილებებთან დაკავშირებით, დაკმაყოფილდება. ამ საკითხით დაინტერესდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსი, ფონდები, არასამთავრობო სექტორი, საზოგადოება - კანონში ცვლილებებს ყველა მათგანი კატეგორიულად ითხოვს. ხელისუფლებაზე ზეწოლა იმდენად დიდია, რომ კანონში სწორედ არსებითი საკითხების გადახედვა მოუწევთ. იცით, რატომ? აბსოლუტურად ყველა, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, თანხმდება, რომ დეკემბერში მიღებული კანონები დრაკონულია, ხელისუფლებას პოლიტიკური პარტიების კონტროლის საშუალებას კი არ აძლევს - ვინ როგორ ან რამდენი ფული დახარჯა, საზოგადოებას პოლიტიკურ ცხოვრებას უკრძალავს. - თუმცა პრეზიდენტმა პარლამენტში სტუმრობისას განაცხადა, უცხოელი დეიდების იმედი ნუ გექნებათო... სხვა მექანიზმი არ გაქვთ შემუშავებული, როგორ უნდა განახორციელოთ მმართველ გუნდზე ზეწოლა? - პრეზიდენტმა რაც არ უნდა თქვას, ჩვენ არჩევნებს აუცილებლად მოვიგებთ, თუნდაც ამ დრაკონული კანონების პირობებში. საერთოდ, ქალბატონი მოგელაძის მსგავსი პერსონები საბჭოთა კავშირს მახსენებს. როგორ მოუწყო მან მოქალაქეებს დაკითხვა და რა სახის ზეწოლა განხორციელდა ადამიანებზე, ამაზე მოგვიანებით, აუცილებლად ვისაუბრებთ. მანამდე კი, გეტყვით, რომ საზოგადოებაში ჩვენდამი ნდობა დღითიდღე იზრდება და ამ პროცესს სააკაშვილი ვერ შეაჩერებს. მოგეხსენებათ, ბატონი ბიძინა უკვე გავიდა რეგიონებში, მცხეთასა და საგარეჯოში მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრები სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებისთვის მზადება აქტიურად დავიწყეთ. ამასთან, ნებისმიერი გზით შევეცდებით, საქართველოს თითოეულ ქალაქსა თუ სოფელში, რეალური ინფორმაციის მიწოდება უზრუნველვყოთ. მალე ტელეკომპანია ,,მაესტრო'' მაუწყებლობას აღადგენს და რეგიონებშიც გავრცელდება. ,,მეცხრე არხიც'' ემზადება ეთერში გასასვლელად, ამდენად გაცილებით მეტი საშუალება გვექნება საზოგადოებასთან მუდმივი კონტაქტის დასამყარებლად. ჩვენი გათვლებით, საკმაოდ ფართომასშტაბიანი წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას ვგეგმავთ. ისეთის, როგორიც დღემდე არც ერთ ოპოზიციურ ძალას არ ჩაუტარებია. თუ არჩევნებში მოვიგეთ, მაგრამ ხელისუფლება მაინც შეეცადა ჩვენი ამომრჩევლების ხმების გაყალბებას, ბუნებრივია, ამ ყველაფერს პროტესტიც მოჰყვება. - სოზარ სუბარის განცხადება - ვინც შიშს გადატეხს, წინ წარვუძღვებითო, ამის გამოძახილია? - ამ საკითხის განმარტება, ვფიქრობ, საჭიროც კი აღარ არის - ცხადია, ჩვენ, პოლიტიკოსები რომც არ გამოვიდეთ ქუჩაში, თვითონ ხალხში გაჩნდება საპროტესტო ტალღა, რომელსაც სააკაშვილი და მისი გუნდი წინ ვერ აღუდგება. თუ გახსოვთ ერთი შემთხვევა მაინც, ხელისუფლებას არჩევნები ტოტალურად გაეყალბებინოს და საზოგადოებაში ამას პროტესტი არ მოჰყოლოდეს?! - ჩვენ ისიც გვახსოვს, რომ საზოგადოების პროტესტს არც რეალური შედეგი მოჰყოლია... - საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ არ განვიხილავთ ვარიანტს - არჩევნებს თუ წავაგებთ, შემდეგ რა ღონისძიებებს უნდა მივმართოთ. ,,თუ'' - არ არსებობს, რადგან ჩვენ არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ. სხვანაირად, როგორ გითხრათ? ჩვენი ამოცანა არჩევნებში გამარჯვების ოქმებში დაფიქსირებაა, რათა ხელისუფლებამ ერთხელ მაინც შეძლოს დამარცხების აღიარება. ვფიქრობ, ხელისუფლება თავზე ხელის აღებას ვერ გაბედავს. ხოლო პარლამენტში ორი მესამედით მოვალთ თუ სამი მეოთხედით, დარწმუნებული ვარ, ჩვენი რიცხვი მაქსიმალურად გაიზრდება - ,,ნაციონალები'' ყველაფერს გააკეთებენ, რათა უმცირესობაში არ აღმოჩნდნენ და ჩვენ შემოგვიერთდნენ. - ცოტა ხნის წინ ამტკიცებდით, არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთო, ახლა საპირისპიროს ამბობთ და პარლამენტში რომ შევალთ, მერე გადმოვიბირებთ ,,ნაციონალებსო''... - არა, სპეციალურად კი არ დავიწყებთ გადმობირებას, უბრალოდ, ყოველთვის ასე ხდებოდა. შევარდნაძის პარლამენტში, მისი მხარდამჭერი მაჟორიტარები, სააკაშვილის მიღებულ კანონებს ხმას ერთხმად აძლევდნენ. ასეთია ამ ხალხის ბუნება _ ყოველთვის ცდილობენ გამარჯვებულის გვერდით ყოფნას, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა. |