თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო კარზე გავლენიანი ახალაიების კლანის ერთ-ერთი წარმომადგენელია. მიხეილ სააკაშვილის ერთგული თანამებრძოლის, როლანდ ახალაიას შვილებს, ბაჩო და დათა ახალაიებს რევოლუციაში შეტანილი წვლილისა და სააკაშვილის განსაკუთრებული ერთგულებისათვის “განსაკუთრებული” თანამდებობები შეხვდათ. დათა ახალაია ვანო მერაბიშვილის “კუდს” აკონტროლებს, ბაჩო ახალაიას კი ჯარი ჩააბარეს. თუმცა ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პენიტენციალურ სისტემაში “წესრიგი დაამაყარა” და “ჩინოვნიკური გამოცდილება” პატიმრებთან ურთერთობის დროს მიიღო. მის სახელს უკავშირდება ცნობილი “ციხის ბუნტიც”, რომელსაც რამდენიმე პატიმრის სიცოცხლე შეეწირა.
ბაჩო ახალაიას 3 წლის ფინანსური დეკლარაცია ასე გამოიყურება: 2008-2010 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო (ბაჩანა) ახალაიამ თავდაცვის უწყებაში სახელფასო ანაზღაურების სახით 158 213 ლარი აიღო. როგორც “პირWელის” მიერ ახალიას 2009, 2010 და 2011 წლების ფინანსური დეკლარაციის შედარებისას აღმოჩნდა, მან თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2008 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელფასის სახით - 30 000 ლარი აიღო, 2009 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 70 865 ლარი (ინფორმაციისთვის: ახალია 2008 წლის დეკემბრიდან 2009 წლის აგვისტომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო 2009 წლის აგვისტოდან დღემდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა უკავია), ხოლო 2010 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრამდე 57 348 ლარი გამოიმუშავა. ამასთან, დეკლარაციის ერთ-ერთი გრაფა “თქვენი, თქვენი ოჯახის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფული, რომლის ოდენობა 4000 ლარს აღემატება”, როგორც 2009, ისე 2010 და 2011 წლებში ცარიელია. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, სამი წლის დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ ახალაია ბანკებს დიდად არ წყალობს. კერძოდ, 2009 წლის ფინანსური დეკლარაციის თანახმად, ბაჩო ახალიას “თიბისი ბანკში” საკრედიტო ბარათი ჰქონდა გახსნილი, რომელზეც 3 000 აშშ დოლარი ერიცხებოდა. 2010 წელს კი, თავდაცვის მინისტრს “თიბისი ბანკში” სახელფასო ანგარიში ჰქონდა გახსნილი, რომელზეც, დეკლარაციის შევსების მომენტში, ნაშთის სახით 2 000 ლარი ჰქონდა. უკვე 2011 წელს ახალიას სახელფასო ანგარიში ბანკ “რესპუბლიკაში” ჰქონდა, რომელზეც ისევ 2 000 ლარი ერიცხებოდა. ახალაიების უძრავ ქონებას რაც შეეხება, თუ დეკლარაციებს ვენდობით, 2009 წელს თავდაცვის მინისტრს თბილისში, წინამღვრიშვილის #17-ში 44 კვ.მ ფართობის ბინა და 20 კვ.მ ფართობის სარდაფი ჰქონდა, რომელიც დეკლარაციის თანახმად, მხოლოდ მას არ ეკუთვნოდა და ოჯახის წევრის წილი აღნიშნულ უძრავ ქონებაში 52 000 ლარი იყო. ამასთან, 2010 წლის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ახალაიების უძრავ ქონებას გოთუას #12-ში მდებარე 70 კვ.მ ფართობის ბინა შეემატა, რომელიც მისი მეუღლის ირინა ჰეიბელის სახელზეა გაფორმებული. უკვე 2011 წლის დეკლარაციიდან კი ირკვევა, რომ როგორც ჩანს, თავდაცვის მინისტრმა და მისმა მეუღლემ კუთვნილი უძრავი ქონება გაასხვისეს და მათ ნაცვლად თბილისში, დოლიძის #46-ში 118 კვ.მ ფართობის ბინა 80 000 ლარად შეიძინეს. ამასთან, 2011 წლის დეკლარაციის თანახმად, ახალაიებმა წინამძღვრიშვილის #17-ში მდებარე ბინა და სარდაფი 120 000 ლარად გაასხვისეს. რაც შეეხება მოძრავ ქონებას, (თითოეულის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშების, ნაღდი ფულადი თანხის გარდა) დეკლარაციის შესაბამისი გრაფა, როგორც 2009 და 2010, ისე 2011 წელსაც ცარიელია. ამასთან, 2009-2011 წლების დეკლარაციის მიხედვით, ახალიას ოჯახის არცერთი წევრი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ სამეწარმეო საქმიანობას არ ეწეოდა. ამასთან, არც თავდაცვის მინისტრს და არც მისი ოჯახის არცერთ წევრს 2009-2011 წლების განმავლობაში ფასიანი ქაღალდები არ გააჩნდა. დეკლარაციას თუ ვენდობით, 2008 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ასევე 2009 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით და 2010 წლის ანალოგიურ პერიოდში ახალაიებს 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქარი არ აუღიათ. ცნობისთვის, 2011 წლის დეკლარაციის მიხედვით, ბაჩო ახალიას ოჯახი შვილის მაქსიმ ახალიასგან შედგება. თუმცა როგორც ცნობილია, ახალაია პირველ მეუღლეს ირინა ჰეიბელს გაშორდა და ამჟამად აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის ქალიშვილზე, ანა ნადარეიშვილზეა დაქორწინებული. რაც შეხება “გონივრულ ეჭვს” - ბაჩო ახალაიას არადეკლარირებული ქონების და სხვა მაღალჩინოსნების მსგავსი სასახლეების შესახებ ინფორმაცია სააგენტოსთვის ჯერჯერობით, ხელმიუწვდომელია. ის კი, რაც მთელმა საქართველომ იცის, ის არის, რომ სამეგრელოში ახალაიების გარეშე ვერც ბიზნესს აკეთებს ვინმე, ვერც პოლიტიკურ გემოვნებას იყალიბებს და ვერც “თავისუფლად გადაადგილდება”. ახალაიების წყალობით, მიხეილ სააკაშვილი მშვიდად არის - სამეგრელო ჯერჯერობით მისია! |