"ბოლო ოცი წელია, საქართველოში ასეთი სიტუაცია არ ყოფილა. უახლოეს მომავალში საზოგადოება ძალიან საინტერესო პოლიტიკური პროცესების მომსწრე გახდება", - მითხრა ჟურნალისტმა, ახლა კი უკვე "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ელისო ჩაფიძემ. მისი თქმით, დღეს ხელისუფლებისთვის, თანაბარი ძალის მქონე ორი პოლიტიკური გუნდი იბრძვის. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ორივე მხარე ბოლომდე დაიხარჯება და ყველა რესურსს გამოიყენებს...
- ელისო, მაინც რა რესურსი აქვს "ქართულ ოცნებას"?
- "ქართული ოცნების" რესურსი პირველ რიგში, თავად ბატონი ბიძინა ივანიშვილის მორალური სახე და მატერიალური შესაძლებლობებია, რაც უდავოდ, დიდ გავლენას ახდენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ჩვენ თავს არ ვიტყუებთ, რეალურად ვაფასებთ ოპონენტების შესაძლებლობებს და ვიცით, რომ მათაც უზარმაზარი რესურსი აქვთ - თუნდაც საჯარო უწყებებსა და პოლიციაში დასაქმებულ ადამიანებზე გავლენა რად ღირს... ერთი სიტყვით, მალე "დაუნდობელი" ბრძოლა დაიწყება.
- პოლიტიკაში მოსვლა იმიტომ გადაწყვიტეთ, რომ საინტერესო პროცესებსა და "დაუნდობელ" ბრძოლაში ჩაბმა გინდოდათ თუ სხვა მიზეზიც არსებობს?
- პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება ძალიან ძნელად მივიღე. ეს საკითხი "ქართული ოცნების" პრეზენტაციის წინადღესაც კი არ მქონდა ბოლომდე გადაწყვეტილი. ვფიქრობ, რომ წარმატებული ჟურნალისტი ვიყავი - ერთი დღეც კი არ გავჩერებულვარ, მუდმივად ვმონაწილეობდი საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში, კანონმდებლობის შემუშავებაში, მედიის დაცვისა და მონიტორინგის პროცესში... ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო და დათმობა გამიჭირდა. პოლიტიკაში მოსვლა კი იმიტომ გადავწყვიტე, რომ "ქართული ოცნების" პერსპექტივა დავინახე. ამ პოლიტიკურ ძალას მართლა ძალიან დიდი როლის შესრულება შეუძლია ქვეყნის შემდგომ განვითარებაში. პარტიამ, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ჯერ კიდევ არ არის დარეგისტრირებული, უამრავი კეთილი საქმე გააკეთა. თუნდაც ის ფაქტი, რომ ხელისუფლება მოსახლეობას დაპირებებს აძლევს და ზოგჯერ რაღაცას აკეთებს კიდეც (ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფულით...), - "ქართული ოცნების" დამსახურებაა. სააკაშვილის ხელისუფლება აშკარად, ძალიან კეთილი გახდა მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა. მთელი ბოლო წელი ქუჩაში გავატარე - ცალ ხელში კალამი მეჭირა, მეორეში - ხმალი: ჟურნალისტები ვწერდით სტატიებს და მერე იმისთვის ვიბრძოდით, რომ ჩვენი ნაწერი მკითხველამდე მისულიყო. აქციების მოწყობა დაგვჭირდა, რომ არ გაეყარათ "კრიკუნები" და არ აეღოთ ჯიხურები, არ დაეშინებინათ მედია, გაეთავისუფლებინათ უსამართლოდ დაკავებული ჩვენი კოლეგები (ფოტორეპორტიორებს ვგულისხმობ). ჩემს პროფესიულ საქმიანობაში ძალიან ხშირად მეშლებოდა ხელი, იმიტომ, რომ გამუდმებით რაღაცის გაპროტესტება მიწევდა. ეს გახდა იმის განმაპირობებელი ფაქტორი, რომ პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტე. ასე რომ, ჩემი პოლიტიკაში მოსვლა 50%-ით მაინც, ხელისუფლების დამსახურებაა.
- მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი გამუდმებით "იმართლებს თავს", საზოგადოების ნაწილი მაინც მიიჩნევს, რომ ის პუტინის მიერ მართულია. როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას?
- ამ ადამიანების გასაგონად კიდევ ერთხელ ვიტყვი - როდესაც ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში ბიზნესი დაიწყო, მაშინ პუტინი ხელისუფლებაში საერთოდ არ იყო; პუტინის პრეზიდენტობის დროს კი ივანიშვილი უკვე საფრანგეთში ცხოვრობდა. რამდენადაც ვიცი, მას რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ისეთი ურთიერთობა არა აქვს, რომ მათგან რაიმეთი დავალებული იყოს. ასე რომ იყოს, თავის წილ ბიზნესს ჩალის ფასად არ გაყიდდა. მათ იმასაც შევახსენებ, როდესაც ბატონმა ბიძინამ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა გადაწყვიტა, მის გვერდით ამერიკის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები დადგნენ. დღეს ივანიშვილის გარშემო შეკრებილი არიან პროდასავლური ღირებულებების მიმდევარი ადამიანები: "რესპუბლიკელები", "თავისუფალი დემოკრატები". სხვათა შორის, ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო დროს იმაშიც გვდებენ ბრალს, რომ "ქართული ოცნება" ამერიკული პროექტია. რას გაუგებ ამ ხალხს?!. გარწმუნებთ, "ქართული ოცნება" ნამდვილი "ქართული პროექტია". ჩვენ აუცილებლად გვექნება კარგი ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორებთან; ვეცდებით, დავაბალანსოთ ურთიერთობა ჩრდილოელ მეზობელთანაც, მაგრამ პირველ რიგში, ეროვნულ ღირებულებებსა და საქართველოს მოქალაქეების უფლებებს დავიცავთ. უმთავრესად ორიენტირებულები ვიქნებით შიდა პრობლემების ანუ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და განათლების მოგვარებაზე, ასევე - საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და უმუშევრობის დაძლევაზე.
- ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ იმ კადრებით, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი თავის გარშემო იკრებს, ამ ყველაფრის განხორციელებას ვერ შეძლებს...
- მე მათ ადგილზე ადამიანებზე კონკრეტული ფაქტებისა და არგუმენტების გარეშე არ ვიმსჯელებდი. ნამდვილად არ მინდა, რომ ჩვენს გუნდში ის ადამიანები იყვნენ, ვინც დღევანდელ საქართველოში პროფესიონალ პოლიტიკოსებად მიიჩნევიან, იმიტომ, რომ მათ არცთუ ისე კარგი და წარმატებული წარსული აქვთ. ისინი სხვადასხვა ვარიაციითა და სხვადასხვა პარტიიდან უამრავჯერ არიან პოლიტიკაში მოსულები, მაგრამ ღირებული ჯერჯერობით არაფერი გაუკეთებიათ.
- თქვენც ხომ გყავთ პროფესიონალი პოლიტიკოსები? თუნდაც თედო ჯაფარიძე...
- ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთი ამბავი ატეხეს, როდესაც გაიგეს, რომ ბატონი თედო ჯაფარიძე ჩვენს გუნდშია. არადა, ის საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის, პროფესიონალი დიპლომატია. შევარდნაძის ხელისუფლების დროს, როდესაც მე და ჩემი კოლეგები ჟურნალისტურ გამოძიებას ვატარებდით, ბატონ თედოს ვერაფერი აღმოვუჩინეთ. ამ ადამიანს კორუფციასთან არანაირი შეხება არ ჰქონია. კარგად მახსოვს, რა გააკეთა "ვარდების რევოლუციამდე" ორი კვირით ადრე: განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელი იყო არჩევნების გაყალბება და უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი დატოვა. მისგან რადიკალურად განსხვავებული კადრია კახა კალაძე, მაგრამ როგორ შეიძლება, რაიმე პრეტენზია მქონდეს მის მიმართ?! მე, როგორც ქართველი, მისი მიღწევებითა და წარმატებებით ყოველთვის ვამაყობდი.
- წარმატებას მან სპორტში მიაღწია; დარწმუნებული ხართ, რომ პოლიტიკაშიც შეძლებს თავის გამოჩენას?
- კი. მჯერა, რომ კალაძე წარმატებული იქნება, თუკი მას სპორტს "ჩააბარებენ". არ ვიცი, როგორ შეიძლება, ბიძინა ივანიშვილს საკადრო პოლიტიკა დაუწუნონ იმ ადამიანებმა, რომლებიც პოლიტიკაში მოდელის კარიერით შემოვიდნენ; ან მათ, ვინც 20, 23 ან 24 წლის ასაკში პარლამენტში გახსნეს თავიანთი შრომის წიგნაკები?! ნუთუ ეს ადამიანები შეძლებენ რაიმე ღირებულის შექმნას, ხოლო ლერი ხაბელოვი, ნინელი ჭანკვეტაძე, ვანო კიღურაძე, გურამ ოდიშარია და გუგული მაღრაძე ვერ შეძლებენ?!. გარწმუნებთ, ბიძინა ივანიშვილის გუნდი სააკაშვილის გუნდს სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევს.