იერუსალიმის პატრიარქი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის თემაზე საქართველოს ხელისუფლებასთან რაიმე მოლაპარაკებას უარყოფს, მაგრამ, ამავე დროს აცხადებს, რომ ცოტა ხნით ადრე, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი განცხადებებს გააკეთებდა, მათ დაუკავშირდნენ ქართველი ბიზნესმენების შუამვლები, რომლებსაც უნდოდათ ტაძრის გამოსყიდვა და ეს ამ ეტაპზე შეუძლებელია.
"ეს არის კონფლიქტის შექმნის მცდელობა წმინდა ქალაქში... წარმოდგენაც კი არ მაქვს, რომელ მოლაპარაკებებზე საუბრობენ სააკაშვილი, კალანდაძე და რურუა..." - საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს პასუხობს ებრაულ გამოცემა "იზრუსთან" იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე |||. იერუსალიმის საპატრიარქო, ისრაელის ხელისუფლება და საქართველოს საპატრიარქო ჯვრის მონასტრის დაბრუნების შესახებ რაიმე ტიპის მოლაპარაკებებს უარყოფს. მაგრამ უკვე რამდენიმე კვირაა, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ამ თემაზე აქტიურად საუბრობენ. მიხეილ სააკაშვილმა 25 თებერვალს გორში თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იერუსალიმის ჯვრის ქართული მონასტრის დაბრუნებაზე, გამოსყიდვაზე სპეციალურად შექმნილი ჯგუფი მუშაობს და ისრაელის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა, მას შემდეგ, რაც ისრაელის საგარეო უწყებამ ამ თემის განხილვის დაწყება კატეგორიულად უარყო, საქართველოს ხელისუფლება დაწყებული მოლაპარაკების ნაცვლად უკვე კომისიის შექმნასა და სამომავლოდ დაგეგმილ მოლაპარაკებაზე ალაპარაკდა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა ამბობს, რომ შექმნილია კომისია, რომლის შემადგენლობაც კონფიდენციალურია. "ისრაელში ჩემი პირველი ვიზიტისას მონასტერში არსებული ქართული სიწმინდეების გადარჩენის საკითხი დავაყენე. ახლა უნდა დადგეს საკითხი, რომ ჯვრის მონასტერი საქართველოს დაუბრუნდეს", - აცხადებს რურუა. დაიწყო თუ არა ამ თემაზე მოლაპარაკებები და კონკრეტულად ვისთან - კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე მხოლოდ მინისტრი ნიკა რურუა საუბრობს, ის კი გუშინ დაკავებული იყო და "რეზონანსისთვის" ამ თემაზე დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ვერ შეძლო. "ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც არავინ არაფერი იცის. მაგრამ დაგვარწმუნეს, რომ სხვისი საკუთრების შესახებ მოლაპარაკებების წარმოებას ადგილი არ ექნება... ისრაელის ხელისუფლებას ჩვენი მიწების სხვაზე გადაცემის მცდელობაც კი არ ჰქონია. ეს ისრაელის საგარეო უწყებაში არაერთხელ დაგვიდასტურეს. ამიტომ გაკვირვებულები დავრჩით ქართული მხარის განცხადებებით", - აღნიშნავს თეოფილე |||. პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ იერუსალიმში ვიზიტისას ჯვრის მონასტრის საკითხი განხილული არ ყოფილა. საპატრიარქომ არც იმ ბიზნესმენის შესახებ იცის რაიმე, რომლებიც შესაძლოა, იურესულიმის პატრიარქთან აწამოებდა მოლაპარაკებებს. რაში დასჭირდა ხელისუფლებას არარსებულ მოლაპარაკებაზე საუბარი ან ვინ შეიძლება იყოს ის ქართველი ბიზნესმენი, რომელზეც თეოფილე ||| საუბრობს? ეკონომისტი და ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან დააახლოებული პირი, გია ხუხაშვილი "მაესტროს" ეთერში აცხადებს, რომ ეს ბიზნესმენი სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილია და შესაძლოა ხელისუფლებამ გაიგო ივანიშვილის მხრიდან იერუსალიმის პატრიარქთან დაწყებული მოლაპარაკების შესახებ და შეეცადა ეს თავის დამსახურებად მიწერა. "როდესაც ხელისუფლების კონტროლის გარეშე რაღაც სასიკეთო უნდა გაკეთდეს, ის ამ საქმეში ხელის შეწყობის ნაცვლად, ხელის შეშლის ფაზაში გადადის. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი ხელისუფლება ქართულ სახელმწიფოზე და მის ინტერესებზე კი არ ფიქრობს, არამედ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე. "რაც შეეხება ბიზნესმენებს, ვინ არის ის კაცი, ვისი კეთილი საქმეების გაკეთებაც არ აწყობს ხელისუფლებას და რომელსაც ძალიან ბევრი კეთილი საქმე უკეთებია? მოვლენები ლოგიკა მეტყველებს იმაზე, რომ ეს ბიძინა ივანიშვილია... შესაძლოა საუბარი არა შესყიდვაზე, არამედ მართვის უფლების გადაცემაზე იყო, ან ნაწილობრივ ქართულ ენაზე წირვის ჩატარებაზე... "უნდა ვივარაუდოთ, რომ როცა საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია იერუსალიმში იყო ჩასული, ვიღაცამ წამოწია ეს თემა. ისიც უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ დელეგაციაში იყვნენ ხელისუფლებასთან დაახლოებული, მიყურადებული ადამიანები, რომლებმაც ეს ამბავი ჩამოიტანეს და ხელისუფლებას ჩაუკაკლეს. ხელისუფლებაში კი იფიქრეს - მანდ ვიღაცამ კეთილი საქმე არ გააკეთოს და პოზიტიური გადაწყვეტილების მიღება არ მოხდესო და ყოვლად წარმოუდგენელი ისტორია დაიწყო. "მთელი ხელისუფლება იმ დიდ სიცრუეში ჩაერთო, რასაც ჰქვია ვირტუალური მოლაპაკებები გაუგებარ მხარესთან. იერუსალიმის პატრიარქი ამბობს, რომ მსგავსი მოლაპარაკება არ ყოფილა, არც ისრაელის ხელისუფლება ამბობს, რომ მათთან მოლაპარაკება იყო. და აბა, ვისთან ჰქონდათ მოლაპარაკება?!" - ამბობს ხუხაშვილი. "ქართული ოცნების" იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ რაღაც დონის ინფორმაციას ფლობს, მაგრამ ეს ზუსტი არ არის და ამიტომაც ინფორმაციის სისწორეს ვერც უარყოფს და ვერც ადასტურებს. საქართველოს საპატრიარქოს იერუსალიმში ვიზიტი 16-20 თებერვალს შედგა და როგორც მამა მიქაელი ამბობს, ვიზიტის დროს დელეგაციაში სასულიერო პირებს თან ორი ქართველი ბინზნესმენი - ლევან ვასაძე და ლაშა პაპაშვილი ახლდა, მაგრამ ისინი საპატრიარქოს ზურგს უკან რაიმე მოლაპარაკებას არანაირად არ დაიწყებდნენ. ივანიშვილის შესახებ კი პირადად მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს. მამა მიქაელ ბოტკოველი: "არ ვიცი, საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია. შესაძლოა ვიღაც რაიმე ტიპის მოლაპარაკებას აწარმოებს, შეიძლება ეს ივანიშვილია ან სხვა რომელიმე ბიზნესმენი, არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ჩვენ ასეთ ინფორმაციას არ ვფლობთ. რაც შეეხება ივანიშვილს, პატრიარქისა და ივანიშილის შეხვედრას მე არ ვესწრებოდი და არ ვიცი, ჯვრის მონასტერზე იყო თუ არა საუბარი. "თუკი საქართველოს ხელისუფლება ამ თემაზე მოლაპარაკებას აწარმოებს, ბერძნული და ისრაელის სახელმწიფო ამაში ჩაერთვება და ხელს შეუწყობენ ამ საკითხის გადაწყვეტას, ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდება და გაოცებულები და გაკვირვებულები ვართ, ერთი სიტყვა ჩვენ რომ არ გვითხრეს. სპეციალურად გადავამოწმე და არავის არაფერი უთქვამს, როგორც ვიცი, შაბათს გეგმავს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პატრიარქთან შეხვედრას და ვნახოთ... ჩვენ სულით და გულით მოწადინეული ვართ საქართველოს საზღვარს გარეთ გაჩნდეს ქართული კერები და წირვა-ლოცვა აღევლინოს. რატომ ფიქრობენ, რომ ჩვენ ხელს შევუშლით? კიდევ მრავალი კითხვის ნიშანია..." მამა მიქაელის თქმითვე, "ეკლესიის გადმოცემა" ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. საუკუნეებია ეს ტაძარი ბერძნების ხელშია და ბერძნები მართავენ პროცესებს, ასე რომ, გადმოცემა ძალიან რთული პროცესი იქნება. "ეს საკითხი დღის წესრიგშიც რომ დადგეს, ამ საქმეში რამდენიმე ეკლესია უნდა ჩაერთოს. უნდა ჩაერთოს ისრაელის სიძველეთა დაცვის სამინისტრო. ასევე საჭიროა არა მარტო იერუსალიმის პატრიარქის პოზიცია, არამედ მსოფლიო საპატრიარქოს პოზიცია, რადგანაც ეს ეკლესიები ბერძნულ ეკლესიას ეკუთვნის და ალბათ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დონეზე იქნება ამ საკითხის დაყენება საჭირო. ამ პროცესში ერთმანეთთან შეთანხმებული, კოორდინირებული აზრების გაზიარება უნდა ხდებოდეს და არა ისე, რომ აი, მე მაქვს ამის გადაწყვეტის ამბიცია", - განმარტავს მამა მიქაელი. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯვრის მონასტერთან დაკავშირებულ გაუგებრობას იერუსალიმის პატრიარქი შემდეგ განმარტებას აძლევს: "ჯვრის მონასტრის საკითხის და მისი საქართველოსთვის "დაბრუნების" წამოწევით, ამ რესპუბლიკის ხელისუფლება ბრმა იარაღად იქცა მესამე ძალის ხელში, რომელიც ისრაელსა და ბერძნული ეკლესიის შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს... "ღრმად ვწუხვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება გაუაზრებლად გახდა ინსტრუმენტი მესამე ძალის ხელში. მე უზარმაზარი დილემის წინაშე აღმოვჩნდი, რადგან არ მაქვს უფლება ფართოდ ავხსნა ეს თემა, რათა კონფლიქტის გამჩაღებლების სადავეებში არ აღმოვჩნდე. ეს ძალები სრულებით არ არიან დაინტერესებულნი მონასტრის დაბრუნებაში ან საქართველოს დახმარებაში. ისინი მხარეების მტკივნეულ წერტილებს პოულობენ და მათი დახმარებით ცდილობენ დაარღვიონ წმინდა ქალაქში არსებული ბალანსი. "აღვნიშნავ, რომ გამოვიყენებ მაქსიმალურ ძალისხმევას, რათა არ მოხდეს არანაირი სკანდალი და ჩრდილი არ მიადგეს ჩვენი ეკლესიისა და დიდი ქართველი ხალხის ურთიერთობებს". "მათ იციან, რომ ჯვრის მონასტერი ქართულია, მაგრამ ქართულ მხარეს მე-18 საუკუნეში აღარ ჰქონდა საშუალება, რომ უცხოეთში კულტრული ძეგლები შეენახა და ბევრი მონასტერი ფინანსური პრობლემების გამო დავკარგეთ. ყველამ იცის ის ვანდალიზმი, რაც ჯვრის მონასტერში მოხდა, როცა რუსთაველის ფრესკა გადაფხიკეს, მაგრამ ბერძნული მხარე ოფიციალურად არასდროს იტყვის, რომ ეს ქართული კვალის წასაშლელად კეთდება. ყველამ იცის, რომ ეს მონასტერი ქართულია და მართლა ჩალით ხომ არ არის ქვეყანა დახურული..." - ამბობს მამა მიქაელ ბოტკოველი: "ჩვენ ვიცით საკითხის დელიკატურობა და სირთულე. ასეთი საკითხის დაყენება ასე მარტივად არ ხდება. როცა ამბობ, რომ ფულს გადავიხდი და გამოვისყიდი, ჯერ უნდა გავიგოთ, გაყიდიან თუ არა ამ ტაძარს. ოფიციალურად ვერ მოითხოვ, რომ დაგვიბრუნონ, ამას სასამართლოები სჭირდება. მათ აქვთ თავიანი პოზიცია, ისინი ამბობენ, რომ უკვე რამდენი საუკუნეა ისრაელში ამ ეკლესიბს ინახავენ, ჯვრის მონასტრის უზარმაზარი კომპლექსის შენახვა მარტივი არ არის. ძალიან რთული თემაა და საუბარი, რომ დავიბრუნებთ, ძნელია". ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე ამბობს, რომ მე-18 საუკუნეში სამეფო-სამთავროებად დაშლისა და გაუთავებელი ომების გამო ვერ შევძელით ჩვენი მონასტრების გაკონტროლება. მე-17 საუკუნეში ჯვრის მონასტერს სამეგრელოს მთავარი და კახეთიდან თავადი ჩოლოყაშვილი აქცევდნენ ყურადღებას, მე-18 საუკუნის დასაწყისში კი მონასტერი უკვე იერუსალიმელმა ბერძნებმა თურქებისგან გამოისყიდეს და მათი საკუთრება გახდა. თეოლოგი ლევან აბაშიძე მიინევს, რომ დღევანდელი რეალიებით ჯვრის მონასტერი იერუსალიმის საპატრიარქოს ეკუთვნის. ამიტომ დაბრუნება იურიდიული არგუმენტებით შეუძლებლია და მისი თვალსაზრისით, ალბათ, სწორედ ამას გულისხმობს იერუსალიმის პატრიარქიც. მისივე თქმით, როცა ასეთი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გვესმის, გასაგები ხდება, რომ განცხადების უკან არანაირი საფუძველი არ დგას და ამან შეიძლება უკუშედეგები მოიტანოს. ლევან აბაშიძე: "არავინ უარყოფს, რომ ეს ტრადიციულად ქართული მონასტერია, მაგრამ საქართველოსთვის მონასტრის გადაცემა ძნელია. ჩვენ ვიცით, რომ იქ შოთა რუსთაველის ფრესკა მთლიანად გადაფხიკეს და ამიტომაც, ჩემი აზრით, იმაზე კი არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება, თუ ვისი იურისდიქცია იქნება, არამედ იმაზე, რომ კარგი ურთიერთობა გვქონდეს იერუსალიმის საპატრიარქოსთან. ზოგადად კულტურულ მემკვიდრეობაზე და ქართველი მომლოცველების, მღვდელმსახურების შეშვებასა და ტაძრის ფრესკების დაცვაზე გავამახვილებდი ყურადღებას. "როცა ასეთი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გვესმის, გასაგები ხდება, რომ განცხადების უკან არანაირი საფუძველი არ დგას. თუ ამას საფუძველი არ ჰქონდა და წინასწარი მოლაპარაკება არ ყოფილა, მაშინ ამ თემაზე მაღალ დონეზე საუბარი შეცდომაა. იმდენად დელიკატური თემაა, რომ თანამდროვე, განვითარებული საზოგადოება ამაზე ასეთი ფორმით არ ლაპარაკობს. "სიჩქარე და საკითხის გამწვავება ჩვენთვის წამგებიანია და ჩემზე რომ იყოს საქმე, მსგავსი მოლაპარაკების შესაძლებლობებზე საერთოდ არ ვილაპარაკებდი. არ შეიძლება ასე არასწორი მიდგომა და ზერელე საუბრები, ამან შეიძლება უკუშედეგები მოიტანოს; აღმოჩნდეს, რომ თურმე არც არავინ აპირებდა გადმოცემას, ატყდება სკანდალი და ამან შეიძლება ის მოიტანოს, რომ რაც ფრესკებია შერჩენილი ისიც ჩამოფხიკონ". |