90 706 ლაიქი (მოწონება) - მიხეილ სააკაშვილს, 90 640 ლაიქი - ბიძინა ივანიშვილს - ასეთია საქართველოს პრეზიდენტისა და ოპოზიციური გაერთიანება "ქართული ოცნების" ლიდერის რეიტინგული სურათი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე".
ამ საინტერესო კვლევას "ფეისბუქზე" "გამოყენებითი კვლევების კომპანიის" გვერდი ატარებს. კვლევა 21 კვირაა მიმდინარებს და "ფეისბუქზე" მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდებზე დაფიქსირებული მოწონებების - ლაიქების რაოდენობის შედარებით შემოიფარგლება.
კვლევის თანახმად, "ფეისბუქის" მომხმარებელთა რაოდენობა, რომელთაც ბიძინა ივანიშვილის გვერდი მოსწონთ, თანაბრად მატულობს. თუმცა, ზრდის ტემპები იანვრის დასაწყისიდან მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
რაც შეეხება სააკაშვილს, ლაიქების რაოდენობა მის "ფეისბუქის" გვერდზე თებერვლის შუა რიცხვებამდე მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ივანიშვილისას. თუმცა, 15 თებერვლიდან მათი რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და 8 მარტის მონაცემებით სააკაშვილმა 66 ლაიქით გაუსწრო ივანიშვილს. გუშინდელი საღამოს მონაცემებით კი, ეს სხვაობა უკვე 1 000-ს აჭარბებს.
პოლიტოლოგ-ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნული მონაცემები ახლოა ბოლო დროს ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევასთან. თუმცა, მისივე ვარაუდით, აქ ძირითადად ინტერნეტიზირებული საზოგადოების ლაიქებია მოხვედრილი, რომელსაც ძირითადად საქართველოში ახალი თაობა წარმოადგენს. ამიტომაც ეს სურათი საერთო ხედის მომცემი, საყვარელიძის აზრით, არ უნდა იყოს".ვგულისხმობ იმ გამოკვლევებს, რომლებიც ბოლო ხანებში გამოქვეყნდა, დაწყებული იაგო კაჭკაჭიშვილის გამოკვლევით და დამთავრებული სხვებით. ამ სოციოლოგიურ გამოკვლევებს თუ შევადარებთ "ფეისბუქში" სააკაშვილისა და ივანიშვილს რეიტინგს, ვნახავთ, რომ დაახლოებით ისეთივე სურათია, როგორიც სოციოლოგიურ გამოკითხვებში - მცირედით უსწრებდა სააკაშვილი ივანიშვილს. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ეს მონაცემი გარკვეული თვალსაზრისით არის ანალოგიური იმ სოციოლოგიური გამოკვლევებისა, რაც უკვე ცნობილი გახდა ჩვენთვის," - აცხადებს საყვარელიძე.
თუმცა, მისივე თქმით, როგორც სოციოლოგიაში, ასევე ამ შემთხვევაშიც ყოველთვის ჩნდება ეჭვი - ხომ არ მუშაობს გარკვეული ადმინისტრაციული რესურსი ამ თვალსაზრისით.
რამაზ საყვარელიძე: "მაგალითად, სააკაშვილის მხარდამჭერების უმეტესობა ბოლო დროს ჩატარებულ სოცილოგიურ კვლევებში იყვნენ ისინი, ვინც მუშაობენ საბიუჯეტო ორგანიზაციებში, ანუ ხელისუფლების ფინანსებზე ვინც იყვნენ დამოკიდებულნი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებიდან ვინმეს ვინმემ დაურეკა და უთხრა - მხარი დაუჭირეთო, მაგრამ თავისთავად მათი მდგომარეობის გამო აქვთ სიმპათია პრეზიდენტის მიმართ. ეს კი ლოგიკურიც არის და ბუნებრივიც".
რამდენად არის ეს სურათი ახლო რეალობასთან, საყვარელიძის ვარაუდით, ამაზე ლაპარაკი ძნელია მანამ, სანამ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აღმოჩნდება ინტერნეტიზირებული, ანუ ინტერნეტის ქსელში ჩართული".ჩვენ არათუ ინტერნერტის ქსელით, მთელი საქართველოს მასშტაბით სატელეფონო გამოკითხვას ვერ ვატარებთ ხოლმე იმიტომ, რომ ტელეფონიზირებული არ არის მთელი საქართველო. ინტერნეტიზირებული კი, ალბათ, დიდი ხნის შემდეგ იქნება. რამდენადაც არ აქვს ყველას ინტერნეტის შესაძლებლობა, აქედან გამომდინარე ლაპარაკი იმაზე, რომ ეს ლაიქები რეალობის ამსახველია, ძნელია," - აცხადებს საყვარელიძე.
თუმცა, ამასაც ამატებს, რომ სურათი დამაფიქრებელი და რაღაცის მიმანიშნებელი უდაოდ არის.
რამაზ საყვარელიძე: "განსაკუთრებით ახალგაზრდობასთან დაკავშირებით არის საყურადღებო, რადგან დღეს ინტერნეტის მომხმარებელი ძირითადად საშუალო ახალგაზრდა თაობაა".