ვლადიმერ პუტინი უკვე მესამედ გახდა რუსეთის პრეზიდენტი - ცესკოს ოფიციალური განცხადებით, მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ხმათა 63,75 %-ით გაიმარჯვა. შესაბამისად, ქვეყანაში არჩევნების მეორე ტურიც აღარ ჩატარდება. რას შეცვლის რუსული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციები, რა გავლენას მოახდენს საქართველოზე მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და რა მოლაპარაკება შედგა ქართულ და რუსულ მხარეებს შორის, "ვერსიას'' ექსპერტი კავკასიის საკითხებშიმამუკა არეშიძე ესაუბრა:
- რუსეთის არჩევნებზე უცნაური არაფერი მომხდარა. საპროტესტო განწყობა კი, მხოლოდ მოსკოვითა და პეტერბურგით შემოიფარგლება. ეს ქალაქები საზოგადოების საერთო განწყობას კი განსაზღვრავენ, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა ნაკლებად აქვთ. რეალურ ცვლილებებზე საუბარი ზედმეტია - საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების ნახევარზე მეტი მარიონეტი და პუტინის ხელდასმულია. პროხოროვიც კი, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატი ჩანდა, კრემლთან ასოცირდება. ასე რომ, პუტინმა კიდევ ერთხელ, საკმაოდ ოსტატურად მოახერხა საზოგადოების მოტყუება და მიიღო ის, რაც თავიდანვე ჩაფიქრებული ჰქონდა.
- ანუ, ოპოზიციის აქციები და საუბარი, რომ დასავლეთი აქტიურად ჩაერთვებოდა არჩევნების შემდგომ პროცესებში, ფარსი იყო?
- რუსეთში დასავლეთის ჩართულობა მხოლოდ მოსკოვისა და პეტერბურგის სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობაა. ამიტომ, უახლოეს მომავალში, რუსეთში საერთო სახალხო მღელვარების დაწყებაზე საუბარი, აბსურდია. სამწუხაროდ, ამ ქვეყანას დიდი ფინანსური რესურსი აქვს, რომ პოლიტიკური ბალანსის დაცვა შეძლოს. ამასთანავე, ლიბერალური წრეები აბსოლუტურად მოწყვეტილნი არიან რუსეთის სიღრმეში მცხოვრებ მოსახლეობასთან. სანამ რუსეთის დემოკრატიულ ფრთასა და დანარჩენ საზოგადოებას შორის ეს ნაპრალი იარსებებს, პუტინის დამარცხება შეუძლებელია.
- ეს ნაპრალი, ალბათ, დიდხანს არ მოიშლება - ოპოზიციამ კომპარტიის ლიდერ ზუგანოვსაც კი ვერ გაუსწრო. დაფიქსირებული დარღვევები მოწმობს, რომ არჩევნები გაყალბდა?
- დიახ, რუსეთში კომუნისტური პარტიის მიმართ ნოსტალგია დღემდე აქვთ. განსაკუთრებით, უფროს თაობას. მათ ენატრებათ დრო, როცა მრავალეროვანი რუსეთი "ტკბილად'' ცხოვრობდა. პუტინმა რუსეთის პერიფერიებში მართლაც შეძლო ხმების უმრავლესობის მიღება იმ პროპაგანდის დამსახურებით, რომელიც რეგიონებში აქტიურად მუშაობდა - პუტინი რომ არა, რუსეთი დაინგრევა! ამან საზოგადოებაზე გავლენა იქონია. პუტინს გამარჯვებისთვის კავკასიაში სიტუაციის ესკალაციაც კი არ დასჭირდა. არადა, მზად იყო, მცირე ომის პროვოცირება მოეხდინა.
- განმუხურში სროლის ხმა ისმოდა. ეს რუსეთის მორიგი პროვოკაცია არ იყო და მსგავს ინციდენტებს მომავალშიც არ უნდა ველოდოთ?
- სანამ საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის უკონტროლო ტერიტორიები არსებობს, პროვოკაციის საფრთხე იქნება!
- რუსეთის არჩევნების შემდეგ, საქართველოსთვის რა შეიცვლება? ქართულმა მხარემ სავიზო რეჟიმი უკვე გააუქმა. ამის გაკეთებისთვის რუსული მხარეც გამოთქვამს მზადყოფნას, თუმცა კონკრეტული თარიღი არ სახელდება...
- დავსვათ კითხვა - რისთვის დასჭირდა მსგავსი განცხადების გაკეთება საქართველოს ან რუსეთს? მიმაჩნია, რომ ორივე ქვეყანამ ეს ნაბიჯი გადადგა დასავლეთისთვის, რომელიც მათგან დიალოგის რეჟიმის აღდგენას მუდმივად ითხოვს. დააკვირდით, რუსეთის ხელისუფლებას. ისიც კი არ უთქვამს, სააკაშვილის გარდა ნებისმიერს დაველაპარაკებიო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშიც არ ჩანდა ყბადაღებული რიტორიკა - სააკაშვილის რეჟიმი დამნაშავეა, რომელსაც ჰააგის სასამართლოშიც კი უჩივიან. საქართველოს ხელისუფლებამაც სპონტანურად მიიღო სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება. გეგონებათ, ადრე, ვინმე ხელს უშლიდა მოქალაქეებს რუსეთიდან საქართველოში შემოსულიყვნენ. პირიქით, ხშირად მესმოდა, რომ საქართველოს გამშვებ პუნქტებზე ყველაფერი ცივილიზებულად ხდება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის მოქალაქეებზე გათვლილი სულაც არაა. ქართულ მხარეს რომ ეთქვა, ოკუპაციის შესახებ კანონში იმ პუნქტს გავაუქმებ, სადაც რუსეთის ან სხვა ქვეყნის მოქალაქეებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ყოფნის გამო აკავებენო, განცხადება ფარსს არ დაემსგავსებოდა. გონივრული ეჭვი მაქვს, რომ კულუარულად, საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებამ გარკვეულ საკითხებზე მოლაპარაკებას მიაღწია.
- ანუ, სააკაშვილსა და პუტინს შორის მოლაპარაკება შედგა?
- სააკაშვილსა და პუტინს შორის არა. შეხვედრა მეორე-მესამე ჩინოვნიკების დონეზე შედგა. მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ მოსკოვში საქართველოს წარმომადგენელთა ჯგუფი ჩავიდა. შეხვედრის დეტალებზე არაფრის თქმა შემიძლია. იმასაც ვერ გეტყვით, რა ტიპის მოლაპარაკებაზე იყო საუბარი, თუმცა ფაქტია, დამოკიდებულება შეიცვალა. საქართველოს ხელისუფლების ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რუსეთთან ურთიერთობის დალაგების ფსევდომცდელობა, მომავალში დასავლეთთან სავაჭროდ გამოიყენოს. საინტერესოდ დაემთხვა ზურაბ წერეთლის საქართველოში ჩამოსვლაც. მის ვიზიტს ლოგიკური ახსნა კი აქვს, თითქოს გამოფენაზე ჩამოვიდა, მაგრამ ვიცი, რომ ის მხოლოდ შემოქმედებითი საქმიანობით არაა დაკავებული. საქართველოში ის ან კონკრეტული საქმისთვის ჩამოვიდა, ან რუსეთის ხელისუფლების დანაბარები ჩამოიტანა. დიახ, დღესაც მიმაჩნია, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი მოლაპარაკების საგანია - საბოლოო ჯამში, რაზე ვართ ორიენტირებულები.
- ე.წ. სამხრეთ ოსეთში განმეორებით არჩევნებს ელოდებიან, რომელშიც ოპოზიციის გამარჯვებული კანდიდატი ალა ჯიოევა მონაწილეობას ვერ მიიღებს. პუტინი ცხინვალის რეგიონშიც გაიმარჯვებს და სასურველ კანდიდატს გაიყვანს?
- იქ ოთხი კანდიდატი დარჩა. მათგან სამს მოსკოვისგან კვიცივით გვერდზე ხტომა შეუძლია. დღეს რუსეთი აღარ დაუშვებს იგივე შეცდომას, რაც ჯიოევას დროს მოხდა. რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება, რომ არა მხოლოდ პრომოსოკოვურმა, არამედ პუტინის დამჯერმა კანდიდატმა გაიმარჯვოს. ორივე მოთხოვნას ბიბილოვი აკმაყოფილებს.
- ბიბილოვის გამარჯვებით კოკოითი მარცხდება. ადვილად დათმობს ის პოზიციებს?
- კოკოითმა მოსკოვს ორი მნიშვნელოვანი კულუარული ბრძოლა მოუგო. ამიტომ დადგა დრო, მოსკოვმა რევანში მასზეც აიღოს. პროცესები ძველებურად გაგრძელდება. თუმცა, საკმარისია რუსეთის შემოსავლები შეიცვალოს, სიტუაცია რთულად სამართავი გახდება. ზოგადად, კავკასიის რეგიონში, დიდი რაოდენობით რუსული ფული იხარჯება. ენერგორესურსების წყალობით, რუსეთს ჯერ შეუძლია დასავლეთს საკუთარი ნება უკარნახოს. ევროპული ქვეყნები ცდილობენ რუსეთისგან თავის დაღწევას. მაგალითად, ბულგარეთი, ისევე როგორც ევროპის ზოგი ქვეყანა, რუსული გაზის "ფიქალის'' გაზით ჩანაცვლებას ცდილობს. რუსეთმა მასთან მოლაპარაკება შეძლო და ტარიფის დაწევა შესთავაზა. სამაგიეროდ, მსგავსი შეთანხმება ვერ შედგა შვედეთთან. სხვა სახელმწიფოები კი, დღემდე ყურებით ჰყავს დაჭერილი. რაც შეეხება საქართველოს. სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ იმდენი გააკეთა, რომ რეგიონში ქვეყანას საკუთარი ადგილი და ფუნქცია დაუკარგა. თუნდაც თურქეთთან მიმართებაში - ქართულმა მხარემ სავიზო რეჟიმი გააუქმა. მეორე დღეს კი, თურქეთმა სავიზო რეჟიმი გაამკაცრა. მსგავსმა დამოკიდებულებამ დააკარგვინა საქართველოს რეგიონული ფუნქცია. სანამ ასეთ მდგომარეობაში ვართ, ქვეყნის განვითარების საკითხი ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ იდგება.