"მუდმივად ასე ვერ ვიქნებით ნატო-ს კართან ატუზულები - ამიტომ ნატო-ც დაინტერესებულია, რომ საქართველოს საკითხი ერთგვარად დახუროს. ნატო თავის მხრივ დაინტერესებულია გაფართოვდეს, მაგრამ თუ საქართველოს შემთხვევაში გაფართოება შეფერხდა, რა თქმა უნდა, მას გაუჭირდება საქართველოს გადაახტეს და გაფართოება გააგრძელოს. ამიტომ, როგორც ჩვენთვის არის არჩევნები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ასევე ნატოსაც დიდი მოლოდინი აქვს, რომ საქართველოში ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და ახალი ხელისუფლების პირობებში მყისიერად გადაიჭრას ის ხარვეზები, რაც თუნდაც, პირველ რიგში დემოკრატიის თვალსაზრისით აქვს ქვეყანას", - აცხადებს კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ირაკლი სესიაშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ირაკლი სესიაშვილი: სააკაშვილი პრემიერობას ვერ ეღირსება! / რატომ ვერ მოიგებს არჩევნებს სააკაშვილი.
"დღეს ჩვენი ხელისუფლება ალიანსში მოჩვენებით ინტეგრაციას ეწევა. ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, ქვეყანაში რა ტიპის ხარვეზები არსებობს. პირველ რიგში მხედველობაში სწორედ დემოკრატია მაქვს. ხელისუფლებას ამ ხარვეზის გამოსწორება შეუძლია. თუმცა, თუ ის ქვეყანაში დემოკრატიას განავითარებს, მის ძალაუფლებას საფრთხე შეექმნება. ჩვენი შეფერხება ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით გამოწვეულია ხელისუფლების ვიწროპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე - მას ურჩევნია ძალაუფლება ჰქონდეს, ვიდრე რეალურად ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაცია დაჩქარდეს. ამიტომ არის აუცილებელი ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალოს და ახალმა ხელისუფლებამ პირველ რიგში ამოწუროს დემოკრატიის ნაკლოვანებების ნაწილი. ასევე, მყისიერად გადადგას ნაბიჯი, რომ დემოკრატიის მიმართულებით ნატო-ს კითხვები აღარ ჰქონდეს. "ქართული ოცნება" იძლევა იმის გარანტიას, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დემოკრატიული რეფორმები ძალიან სწრაფად გატარდება, იმგვარად სწრაფად, რომ შეიძლება ერთგვარი მოულოდნელობაც კი იყოს ნატოსთვის", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილი.
"ჩვენ არ გვაქვს საქმე მარტივ პოლიტიკურ პროცესთან, არ გვაქვს მარტივი არჩევანი, რომ ვიფიქროთ ხელისუფლებაში რამდენი პროცენტით მოვიდეთ, როგორ მოვიდეთ. ჩვენ ძალიან რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ - ესაა ქვეყნის გადარჩენა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ყოველგვარი უტრირებისა და ლირიკის გარეშე. შემიძლია ჩამოგითვალოთ ყველა სფერო (გნებავთ ნატოს-სთან ურთიერთობის დაწყებული), სადაც პირდაპირ გეუბნებით, რომ ამ ხელისუფლებამ ყველანაირი პერსპექტივა თავად მოსპო. ერთია პერსპეტივების მოსპობა და მეორეა, რომ ქვეყანა უფსკრულისკენ მიდის. ამიტომ ჩვენ საკითხს ასე არ ვსვამთ: მოვალთ თუ არა ხელისუფლებაში - ჩვენ უნდა მოვიდეთ არა იმისთვის, რომ ხელისუფლებაში ვიყოთ, არამედ იმისთვის, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ, ეს ხელისუფლება პოლიტიკურ პენსიაზე გავუშვათ და ქვეყანა მყისიერად გამოვიყვანოთ კრიზისიდან. ამის რესურსი ჩვენს საზოგადოებას გააჩნია. ჩვენ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში, სხვა უფლება ქვეყნის წინაშე არ გვაქვს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ხშირად თავს ვარიდებ ხოლმე, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ხელისუფლება ვუწოდო - ეს ჩემთვის პოლიტიკური მაფიაა. პოლიტიკური მაფია ყველა ხერხს მიმართავს, სააკაშვილს წამოსცდა კიდეც, რომ ყველაფერს გააკეთებს რაც აქამდე მას გაუკეთებია თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენ ეს კარგად დავინახეთ 7 ნოემბრიდან დაწყებული, 26 მაისით და სხვა ბევრი ტრაგედიით გაგრძელებული. ცხადია, ამ რისკებს ვხედავთ და ვაანალიზებთ. ჩვენი მთავარი ძალა მდგომარეობს შემდეგში: ქართველი საზოგადოება არ დაუშვებს ასე მარტივად წაართვან მას თავისუფლება, დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხი სძლევს შიშის ფაქტორს, დაძლევს ნიჰილიზმს და კრიტიკულ მომენტში, როცა უნდა გადწყდეს ქვეყნის ბედი, მთელი საზოგადოება ერთად დადგება. გაყალბების ის რესურსი, რაც სააკაშვილს აქვს ვერ იქნება გადამწყვეტი პოლიტიკურ ბრძლაში. მეტსაც გეტყვით, სააკაშვილი ცდილობს წითელ ზღვარს არ გადააბიჯოს და დღეიდან არჩევნები ისე გააყალბოს, რომ დასავლეთის მხრიდან არ მოხდეს მისი არაღიარება", - განმარტავს ირაკლი სესიაშვილი.
"მართალია, მას ეს ჯერ გამოსდის, მაგრამ რამდენჯერმე მოუწია ამ წითელი ხაზისთვის ფეხის დადგმამ, მაგალითად, როცა მიიღო ცვლილებები კანონში პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, როდესაც ბიძინა ივანიშვილს უკანონდ ჩამოართვა მოქალქეობა. სააკაშვილი ჯერ ცდილობს ამ ზოლს ფეხი არ დააბიჯოს, მაგრამ რაც უფრო გააქტიურდება კოალიცია, ფართოდ დავიწყებთ საზოგადოებასთან შეხვედრებს, "ქართული ოცნების" რიგები გაიზრდება, სააკაშვილს აღარ ექნება საშუალება წითელ ზოლზე გაუვლელად შეინარჩუნოს ხელისუფლება. ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული ქართველ ხალხზე - გადამწყვეტ ბრძოლაში რამდნად იქნებიან მზად სწორი არჩევანი გააკეთონ და დასავლეთმაც თავისი სიტყვა უნდა თქვას. დასავლეთი სწორად აანალიზებს შექმნილ ვითარებას, ძალიან კარგად ხედავს, თუ რა რისკები შეიძლება მოჰყვეს სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენას, ასევე ძალიან სწორად ხედავს, თუ როგორ მოქმედებს "ქართული ოცნება" - ამიტომ გვაქვს მოლოდინი, რომ საჭირო დროს დასავლეთი დემოკრატიულ პროცესს მხარს დაუჭერს და დიქტატურის გაფორმებას არ შეეგუება", მიიჩნევს ირაკლი სესიაშვილი.
"აშშ და ევროპაც მოკრძალებულად, დიპლომატიურად, თუმცა საკმაოდ მკაფიოდ მიუთითებს ჩვენს ხელისუფლებას, რომ ისინი ვალდებული არიან დემოკრატიული არჩევნები ჩაატარონ. თუ დააკვირდებით - ნელ-ნელა ეს მესიჯები უფრო მწვავდება და მკაფიო ხდება. თუნდაც თავდაცვის მდივნის მოადგილის ბოლო ვიზიტი, რომელიც გორში სიტყვით გამოვიდა. მან უკვე ძალიან მკაფიოდ მიუთითა, მათ შორის ჯარს მოუწოდა, რომ მათ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნონ. როდესაც ვთქვი, რომ სწორ დროს სწორი გადაწყვეტილება უნდა იქნა მიღებული ვგულისხმობდი არა იმას, რომ დღეს დაარტყას დასავლეთმა მუშტი მაგიდას და სააკაშვილს უთხრას წესიერად მოიქეციო - ეს არის პროცესი, რაც უფრო აიწევს პოლიტიკური ტემპერატურა, რაც ახლოს ვიქნებით არჩევნებთან ეს მესიჯები უფრო გააქტიურდება და მკაფიო იქნება. ჩვენი მთავარი მიზანია მაქსიმალურად თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გადაწყვიტონ რა უნდათ და თავად აირჩიონ საკუთარი ხელისუფლება, - დასძენს რესპონდენტი.