"ხშირად მსმენია ადამიანებისგან, - კი მაგრამ, როდისღა აღსრულდება სამართალი? ეს მეც ძალიან მაწუხებს... ერთი რამ ვიცი, ადრე თუ გვიან, საზოგადოება მოისმენს ობიექტურ განაჩენს, სადაც შესაბამისი მსჯავრი იქნება გამოტანილი ყველა იმ პირის მიმართ, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ საზარელ დანაშაულში. სხვანაირად არც შეიძლება. უსამართლობა დიდხანს ვერ იზეიმებს. სასურველია, ეს მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს, ვინაიდან ისედაც დიდი დრო გავიდა", - ამბობს ჩვენთან საუბარში გურამ გირგვლიანის უფლებების დამცველი შალვა შავგულიძე და ამ გახმაურებული საქმის ირგვლივ ახალ დეტალებს გვამცნობს.
- ბატონო შალვა, ბოლოს და ბოლოს, აპირებს თუ არა საქართველოს მთავრობა სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას სანდრო გირგვლიანის საქმეზე? - საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ევროპის სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება, მიიჩნია, რომ ამ საქმის გამოძიებაში დაირღვა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი - სიცოცხლის უფლება - მის პროცედურულ ნაწილში, რაც ნიშნავს იმას, რომ მკვლელობის საქმე არ არის გამოძიებული და შემდგომ სასამართლოს მიერ სრულად, ობიექტურად და სამართლიანად განხილული. დარღვეული უფლების აღდგენა შესაძლებელია იმავე საქმის ობიექტურად და სამართლიანად გამოძიებით და სასამართლო განხილვით. ამ პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის წინაშე დავსვით საკითხი, რომ გარდა მორალური ზიანისა და კომპენსაციისა, რაც ხელისუფლებას ევროპულმა სასამართლომ დააკისრა, ამ გადაწყვეტილების აღსრულება გულისხმობდა ხელახალ გამოძიებას. მახსოვს ამ საკითხზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანისა და პარლამენტარ აკაკი მინაშვილის კომენტარები, როცა მათ კატეგორიული უარი განაცხადეს და თქვეს, რომ ეს გადაწყვეტილება არ გულისხმობს ხელახალ გამოძიებას. მივმართეთ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს - ორგანოს, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე და ვთხოვეთ, მიეღო სათანადო ზომები, აეძულებინა საქართველოს მთავრობა, დაეწყო გირგვლიანის საქმის ხელახალი გამოძიება და სასამართლო განხილვა. ჩვენს განცხადებაში პარალელი გავავლეთ უკრაინელი ჟურნალისტის, გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმესთან. ეს ორი საქმე ძალიან ჰგავს ერთმანეთს: ორივე შემთხვევაში დანაშაული ჩაიდინეს პოლიციის მაღალჩინოსნებმა. ადგილობრივ სამართალწარმოებაში მომხდარი სერიოზული დარღვევები ევროპულმა სასამართლომ შეაფასა როგორც კონვენციის მეორე მუხლის - სიცოცხლის უფლების დარღვევა მის პროცედურულ ნაწილში. ორივე შემთხვევაში, მთავრობა ცდილობდა, თავიდან აერიდებინა ხელახალი გამოძიება, მაგრამ მას შემდეგ, რაც უკრაინელმა იურისტებმა მიმართეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, მან ღონღაძის საქმეზე მიიღო რეზოლუცია, სადაც პირდაპირ მიეთითა უკრაინის ხელისუფლებას, რომ სიცოცხლის უფლების დარღვევა პროცედურულ ნაწილში გულისხმობს ამ საქმის ხელახალ გამოძიებას. უკრაინის ხელისუფლებას დაევალა, ჩაეტარებინა გამოძიება დაზარალებულის, ანუ მისი მეუღლის და ადვოკატის სრულფასოვანი მონაწილეობით. - რა ვადაში მიიღო მინისტრთა კომიტეტმა რეზოლუცია ღონღაძის საქმეზე? - ზუსტ ვადას ვერ გეტყვი, მაგრამ ვიცი, რომ ამ რეზოლუციის შემდეგ გამოძიება ეფექტიანად წარიმართა. მოგეხსენებათ, მკვლელობაში მონაწილეობდნენ მაღალჩინოსნები - შს მინისტრი მიეცა პასუხისგებაში, კვალი მიდიოდა პრეზიდენტ კუჩმამდე, შს მინისტრის მოადგილემ თავი მოიკლა და ა.შ... აი ასეთი სერიოზული შედეგი მოჰყვა ამ საქმის ხელახალ გამოძიებას. გირგვლიანის საქმეზე კი მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობას 26 იანვრამდე მისცა ვადა, მთავრობას უნდა წარედგინა წინადადებები, როგორ ესახება კონვენციით გათვალისწინებული დარღვეული უფლებების აღდგენა. ველოდებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ჯერ არ ვიცი, რა პასუხი მისცა საქართველოს მთავრობამ მინისტრთა კომიტეტს, მაგრამ იმედია, ამის შესახებ გვაცნობებენ კომიტეტიდან. მინისტრთა საბჭოს კომიტეტის სხდომები ტარდება წელიწადში ორჯერ - შემოდგომასა და გაზაფხულზე. შემოდგომის სხდომამ უკვე მიიღო ეს გადაწყვეტილება და მას მიანიჭა არასტანდარტული რეჟიმი, ანუ გაცილებით ძლიერი მონიტორინგით მოხდება გადაწყვეტილების აღსრულებაზე კონტროლი. ვიმედოვნებ, საგაზაფხულო სხდომაზე მიღებული იქნება კონკრეტული მიმართვა საქართველოს მთავრობისადმი. ხელისუფლების ტონი ამ საკითხზე შეიცვალა მას შემდეგ, რაც საქმეში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ჩაერთო. ბოლო პასუხში, რომელიც იუსტიციის სამინისტროდან მივიღეთ, ნათქვამი იყო, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში საქართველოს მთავრობამ უკვე გადაიხადა მორალური ზიანის კომპენსაცია და ასევე, საქართველოს მთავრობა გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს მინისტრთა კომიტეტთან ამ გადაწყვეტილების სრულფასოვანი აღსრულების მიზნით. ისინი, ფაქტობრივად, ამბობენ, თუ მინისტრთა კომიტეტი დაგვავალებს, მზად ვართ, გამოვიძიოთო. იმედია, მინისტრთა კომიტეტი ისეთივე პრინციპულობით მოსთხოვს ჩვენს მთავრობას ამ საქმეზე ხელახალ გამოძიებას, როგორც გამოიჩინა ღონღაძის საქმესთან დაკავშირებით. თუმცა, ეჭვი არ მეპარება, რომ ხელისუფლება ცდილობს და კვლავაც შეეცდება გააჭიანუროს ეს გადაწყვეტილება ათასი ხრიკით - პასუხისთვის დამატებითი ორი თვის მოთხოვნა, მიწერ-მოწერა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე საქმეზე ხელახალი გამოძიება არ დაიწყონ. იციან, რომ ეს იქნება სერიოზული დარტყმა მმართველი გუნდისთვის - დადგება მათ ფავორიტ მაღალჩინოსანთა პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხი, რაც სერიოზულად შეარყევს მათ პოზიციას წინასაარჩევნოდ. - ბატონო შალვა, რა იცით ხელისუფლების "ფავორიტი წარმომადგენლების" შესახებ, კიდევ არიან ისინი სახელმწიფო სტრუქტურებში? - ამაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ, მჯერა, რომ, ადრე თუ გვიან, საზოგადოება მოისმენს ობიექტურ განაჩენს, სადაც შესაბამისი მსჯავრი იქნება გამოტანილი ყველა იმ პირის მიმართ, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ საზარელ დანაშაულში. სხვანაირად არც შეიძლება. უსამართლობა დიდხანს ვერ იზეიმებს. - მორალური ზიანის კომპენსაცია - 50 ათასი ევრო ნამდვილად მიიღო გურამ გირგვლიანმა? - დიახ, მიიღო და გურამს აქვს გარკვეული მოსაზრება მის განკარგვაზე. არ მინდა დავასწრო მოვლენებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მას ძალიან კარგი იდეა აქვს. - იქნებ გაგვიმხილოთ? - გურამს აქვს იდეა, რომ დაარსდეს სანდრო გირგვლიანის სახელობის პრემია ან ფონდი, რომელიც წლის საუკეთესო დამცველს - ადვოკატს, არასამთავრობო ორგანიზაციას ან საჯარო მოხელეს გამოავლენს. |