"ვფიქრობ, ჩემი ციტირების ხარისხი გაიზარდა, რადგან ერთდროულად რამდენიმე გადაცემას აკეთებ, თანაც ისევე, როგორც ზოგადად "მაესტროს", ჩემი გადაცემების რეიტინგიც იზრდება. შესაბამისად, ჩემდამი ინტერესმა და აგრესიამაც იმატა. ზოგს მოვწონვარ, ზოგს არა. იცით, საკმაოდ ხშირად მესმის, რომ უხეში ვარ, არადა ყოველთვის ასე ვსაუბრობდი - პირიქით, ახალ ვცდილობ ბევრად მოზომილი ვიყო, ვიდრე 10-15 წლის წინ", - აცხადებს ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "არავის ვალი არ მაქვს და ნურც ნურავინ მამადლის რამეს" / რა პრეტენზია აქვს საზოგადოებას და რას პასუხობს გაღიზიანებულ ოპონენტებს შალვა რამიშვილი.
"რაც შეეხება ჩემს წარსულს, მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ მე იმ დანაშაულისთვის გამასამართლეს, რომელიც არ ჩამიდენია. ამ საკითხზე უფრო არგუმენტირებულად მას შემდეგ ვისაუბრებ, რაც სტრასბურგის განაჩენი გახდება ცნობილი. ყველა კითხვას პასუხს გავცემ და აუცილებლად დავამტკიცებ, რომ საქმე, რომლითაც გამასამართლეს, თავიდან ბოლომდე გაყალბებული იყო. სტრასბურგში ერთი პროცესი, წინასწარი პატიმრობის შესახებ, უკვე მოვიგე. საქმის არსებითი განხილვის შესახებ განაჩენსაც მალე მივიღებთ, თანაც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სასჯელი ბოლომდე მოვიხადე! შესაბამისად, არავის ვალი არ მაქვს და ნურც ნურავინ მამადლის რამეს. რა თქმა უნდა მათი ნებაა, წარსული შემახსენონ, მაგრამ დამიჯერებს თუ არა საზოგადოება და შეიცვლის თუ არა ჩემდამი დამოკიდებულებს. მხოლოდ მისი გადასაწყვეტია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შალვა რამიშვილი.
"როცა ქვიშხეთში ჩავედი, ადგილობრივ მოსახლეობაზე მართლაც გავბრაზდი, რადგან ისინი მდუმარედ და მორჩილებით შეჰყურებდნენ შექმნილ ვითარებას. დიახ, არ ვმალავ ჩემს გაღიზიანებას და საერთოდ, ვფიქრობ, რომ წამყვანმა საკუთარი ემოციები ეკრანზე არ უნდა დამალოს. დიახ, ბრაზდები საზოგადოებაში არსებულ უსამართლობაზე, ინდიფერენტულობასა და შიშზე. ნებისმიერ შემთხვევაში, თითოეულმა ადამიანმა პერსონალურად უნდა გადაწყვიტოს, იცხოვრებს შიშში თუ იქნება თავისუფალი. როცა საზოგადოების უმეტესობა ტერორის ქვეშ ცხოვრებას ამჯობინებს, ეს უკვე ეპიდემიას ემსგავსება! პოლიტიკოსების მიმართაც მიჩნდება აგრესია, თუმცა პოლიტიკოსებიც საზოგადოებით საზრდოობენ. თუ ხელისუფლების ან ხელისუფლებაში მოსვლის მსურველი ძალის შეგვეშინდა, მერწმუნეთ, ვერასოდეს განვვითარდებით. თითოეულმა ჩვენგანმა, პოლიტიკოსებისგან დამოუკიდებლად უნდა გადავწყვიტოთ, დავნებდებით უსამართლო რეჟიმს თუ ვიბრძოლებთ მის წინააღმდეგ", - განაგრძობს რესპონდენტი.
"საზოგადოებისგან ვითხოვ - როცა შენს მეზობელს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდი, აფასებდი, გიყვარდა და უცებ უმიზეზოდ კლავენ, დაიცვა ან როგორც მინიმუმ, სიმართლე თქვა, რომ ქურდი არ იყო, აი, ამას ვითხოვ! ზოგადად, მეტი გამბედაობაა საჭირო. საზოგადოებამ თავისი პროტესტი გონივრულად უნდა წარმართოს. 2007-2008 წლებში კი ოპოზიციური ლიდერების პრობლემა იდგა. ზოგადად, ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ საზოგადოებაში დამკვიდრდა აზრი - ან რევოლუცია, ან მდუმარება. წლების განმავლობაში სააკაშვილი ამ სქემაზე "ჩალიჩობდა", თუმცა, საბედნიეროდ, ახლა ვითარება რადიკალურად შეიცვალა. მთავარია, თითოეული მოქალაქე არჩევნებზე მივიდეს და ხმა სამართლიანობას მისცეს. თუ ამას მოვახერხებთ, სააკაშვილი არჩევნების გაყალბებას ვერ შეძლებს. იმისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, რომ შეიძლება ხმების დაცვა გახდეს საჭირო და იმისიც ნურავის შეეშინდება, რომ საქართველოში რუსეთის მოვლენები განმეორდება. რუსეთს ნავთობი და გაზი აქვს, დასავლეთის ფულზე დამოკიდებული არ არის. ჩვენი მთავრობა მხოლოდ უცხოური შემოწირულობებით არსებობს, დასავლეთი კი დიქტატორს არ დაეხმარება", - მიიჩნევს შალვა რამიშვილი.
"ჩვენი ხელისუფლება ქართველ ხალხს თავისუფლებას უზღუდავს და საბჭოურ მენტალობაგამოვლილ ადამიანებს არწმუნებს, თუ მთავრობა შეიცვალა, ღიპიანი პოლიციელები დაბრუნდებიან, ქურდები ციხიდან გამოვლენ და დაბრუნდება ბნელი წარსული. კარგად ვიცნობ სააკაშვილს და ვიცი რა პრინციპითაც ხელმძღვანელობს - მას სურს ჯერ კარგად გაწვრთნას ქართველი ხალხი და მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს ფსევდოთავისუფლება. ეს საზოგადოებამაც კარგად იცის, უბრალოდ, გაუბედავები არიან, ამიტომაც, დიახ, სწორედ ჩვენ, ქართველებმა ვაქციეთ მიშა დიქტატორად. თითოეული ადამიანი ახლა მაინც უნდა მიხვდეს, რომ გაჩუმებით საერთო საქმე გაუარესდება. სხვის უბედურებაზე ხმას თუ არ ამოიღებ, მეორე დღეს იგივე შენც დაგატყდება. ეს ცხოვრებისეული რეალობაა. პოლიტიკოსებმაც კი ყველაფერი უნდა გააკეთონ, ამ ადამიანებს ხმის ამოღების არ შეეშინდეთ. ამის საშუალება და სურვილი კი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაშო მოსვლის შემდეგ რეალურად არსებობს. ორი ფაქტორი - პირადი გამბედაობა, რეჟიმს არ დაემორჩილო და დაცვის შესაძლებლობა, შედეგს აუცილებლად მოგვცემს", - დასძენს ტელეწამყვანი.
"მართალია, გარანტიას არავინ მაძლევს, მაგრამ პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილის რეჟიმთან შეურიგებელი ადამიანების დაცვას აუცილებლად შეძლებს. ამისთვის უამრავი მეთოდი არსებობს... პირდაპირ გეტყვით და არც არასდროს დამიმალავს - მე, შალვა რამიშვილი ბიძინა ივანიშვილის მომხრე ვარ და თუნდაც ჩემი გადაცემებით ვცდილობ გავაძლიერო ის მიმართულება, რასაც სააკაშვილთან ბრძოლა ჰქვია", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "და ამით შენი, როგორც ჟურნალისტის ობიექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება?" - პასუხობს:
"იცით რა, ახლა ბრძოლის ფლაგმანი ბიძინა ივანიშვილია. შესაბამისად, არ მიჩნდება სურვილიც კი, მისდამი მხარდაჭერა დავმალო. ვფიქრობ, ჩემს გარდა, ხმას კიდევ ბევრი ამოიღებს. განსაკუთრებით კი არჩევნების მოახლოებისას გააქტიურდება საკუთარი პოზიციის გაუბედავად დაფიქსირების პროცესი. მაქვს ინფორმაცია, რომ ამ მიმართულებით კოალიციის წევრებიც საკმაოდ აქტიურად მუშაობენ".