"7 მარტს მუხიანის ე.წ "არაშენდას" კორპუსიდან პოლიციის ძალით ორი ოჯახი გამოასახლეს. როგორც დევნილები აცხადებენ, ისინი წინასწარ არავის გაუფრთხილებია და არც გასახლების შესახებ ფლობდნენ ინფორმაცია - "მოვარდნენ და ძალის გამოყენებით გამოგვყარეს ოთახებიდან. სრული განუკითხაობაა ჩვენთან" - აცხადებს სოხუმიდან დევნილი ქალბატონი ია შონია. არასამთავრობო ორგანიზაცია "სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის" დევნილთა ომბუდსმენ მაია ხარაძის განცხადებით, ამ კორპუსში დევნილების 33 ოჯახი უკვე 8 წელია ცხოვრობს - თბილისის მერია საქმის კურსში იყო და 2003 წლიდან ამ დევნილებს არ ეხებოდა, მაგრამ შემდეგ გამოაცხადეს, რომ კორპუსს მეპატრონეები ჰყავდა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით დევნილები მუხიანის "არაშენდადან" გამოყარეს / "თუ პატრონი ჰყავდა კორპუსს, ამ ხალხს აქამდე ხომ უნდა გამოხმაურებოდა?"
"სანამ დევნილები ამ კორპუსში შევიდოდნენ, შენობა გადაუხურავი იყო, კიბეც კი არ ჰქონდა. ამ ხალხმა თავისთვის საცხოვრებლად მოაწყო ეს ოთახები. თუ პატრონი ჰყავდა კორპუსს, ამ ხალხს აქამდე ხომ უნდა გამოხმაურებოდა? უნდა ეთქვათ, რომ კორპუსი მათი იყო ან დანახარჯს დევნილებს არავინ აუნაზღაურებდა. პოლიცია ცალსახად ე.წ. მეპატრონეთა მხარეს იჭერს. არანაირ მოლაპარაკებაზე საუბარი არ ყოფილა. ეს არის ძალმომრეობა, რასაც პოლიცია იყენებს მათ მიმართ. ოჯახებში უვარდებიან დევნილებს, ყრიან ოთახებიდან პირდაპირ ქუჩაში. 33 ოჯახიდან ამ დრომდე 8 იყო გამოდევნილი, გუშინ კიდევ 2 ოჯახი დაემატა. ძალიან სავალალო მდგომარეობაში იმყოფებიან დევნილები. გუშინ ამ შეხლა-შემოხლის დროს პოლციამ დევნილი ქალბატონი ივეტა ფიფია დააკავა და ორ წლამდე ბავშვთან ერთად ადგილობრივი პოლიციის სამმართველოში გადაიყვანა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მაია ხარაძე.
"ახლა სამინისტრო სრულ იგნორირებას უკეთებს დევნილებს. თვითმმართველობისა და მერის არჩევნების დროს თავად გიგი უგულავა იყო მისული მათთან და შეჰპირდა, რომ ვერავინ ხელს ვერ ახლებდა, მაგრამ დღეს უგულავაც ემალება მათ და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანიც. აბსოლუტური განუკითხაობა და ძალმომრეობაა მათთან. არავინ ინტერესდება ამ ადამიანების ბედით. ამდენი წელია აქ ცხოვრობენ და ახლა ხელახალ დევნილობაში უპირებენ გასახლებას, არანაირ პირობებს იქ არ სთავაზობენ, გარდა იმ გარედან შეღებილი ოთახისა და ამასაც ყველა ოჯახს არ სთავაზობენ. შეთავაზება მხოლოდ ორი ოჯახისთვის იყო, დანარჩენებს უთხრეს, რაც გინდათ ის ქენით, თქვენი საქმე თქვენ იცითო", - დასძენს მაია ხარაძე.
"სად უნდა წავიდეთ არავინ გვეუბნება, აქედან კი ძალით გვყრიან. 2003 წლიდან ვართ შესახლებული ამ კორპუსში შევარდნაძის ბრძანების საფუძველზე. 2007 წლამდე კომპაქტურად ჩასახლების საბუთი გვქონდა, მაგრამ 2007 წლიდან სააკაშვილის დადგენილების შემდეგ ლტოლვლთა და განსახლების სამინისტრომ ეს საბუთი გააუქმა. 9 წელია აქ ვცხოვრობთ და არავინ გვეკარებოდა. ახლა ყოველდღე გვივარდებიან და გარეთ გვყრიან. დაუცველები ვართ, პატრონი არავინ არ გვყავს. მე 12 თებერვლიდან ვარ გამოსახლებული და ნათესავთან ვცხოვრობ, მაგრამ 5 სული სხვის ოჯახში გაგიგიათ? ბინა რომ ვიქირაო, დავდივარ და ვეძებ, მაგრამ ვერ ვიშოვე, სამინისტრო ყურადღებას არ გვაქცევს. ასე გვეუბნებიან: ოპოზიცია გამხდარხართ და ჯინაზე რეგიონებში გაგიშვებთო!" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დევნილი ია შონია.
"ჩასაფრებულები არიან - როგორც კი დაინახავენ დევნილს გასულს, მაშინვე მოვარდება პოლიცია და მიჰყავს. მესმის, რომ კორპუსი სხვის საკუთრებაშია, მაგრამ ჩვენი გამოყვანა დასაშვები მაშინ იქნება, როცა სხვაგან შეგვასახლებენ. ახლა გვეუბნებიან, ფოცხო-ეწერში უნდა გაგიშვათო. 19 წლის შემდეგ ჩვენი აქედან გაშვება მეორე დევნილობის ტოლფასია. ამდენ აბუჩად აგდებას ნამდვილად ვეღარ გადავიტან - იცოდეთ, მე, ია შონია, ჩემს სიცოცხლეს სიკვდილით დავამთავრებ. კამერით გვქონდა გადაღებული როგორ გვყრიდნენ ოთახებიდან, მაგრამ პოლიციამ ყველას წაართვა კამერა და ტელეფონებიც დაუმტვრია. ასე გვეუბნებიან, თქვენ შეჭრილები ხართ ამ კორპუსშიო. შეჭრილი, ჩემი აზრით ნიშნავს, როცა კარს ან ფანჯარას ამტვრევ და ისე შედიხარ, ეს მარტო კარკასი იყო, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი. მესაკუთრემ ასე გვითხრა, მე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ვარ, მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ ასე მითხრა, თქვენ გეკუთვნით ეს კორპუსი, უკან არ დაიხიოთ, მიდით, მიაწექით დევნილებს და გამოყარეთ მანდედანო. ნუთუ სააკაშვილი მართლა ასე ეუბნება თავის მოქალაქეებს, რომ აფხაზეთიდან დევნილები ქუჩაში გაყარონ, სანაცვლო ფართის გარეშე? ნუთუ ამის მბრძანებელია ჩვენი პრეზიდენტი?", - დასძენს ია შონია.
"ბინებში შესვლა რომ დაიწყეს, სახლში არ ვიყავი და მითხრეს: დევნილების ბინას ტეხენო. ჩემი ბინაც მანამდე გატეხეს, სანამ მივიდოდი. პოლიცია უკვე ბინაში შესული დამხვდა. პროტესტი რომ გამოვხატე, წინააღმდეგობად ჩათვალეს და სამმართველოში წამიყვანეს. პირველიდან ხუთ საათამდე ვიყავი სასამართლოში, 400-ლარიანი ჯარიმა დამაკისრეს. წინასწარ არავის გავუფრთხილებივარ და შესაბამისად, არც პირობები შემოუთავაზებიათ, სად უნდა გადავიდეთ. პოლიციის უფროსს შევეცოდე - წლისა და ორი თვის შვილიშვილთან ერთად ვიყავი და თვითონ დარეკა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, ფიფიას რას სთავაზობთო. სამინისტროდან ასეთი პასუხი გასცეს, არ ვიცთ, ჯერ არაფერი გვაქვს გადაწყვეტილიო. ახლა ჩემს ძმისშვილთან ვართ დროებით. ასე გვეუბნებიან, ხვალ დანარჩენებსაც გამოვასახლებთო. რა მნიშვნელობა აქვს დღეს გამომაგდებენ ბინიდან თუ ხვალ? არანაირი გამოხმაურება სამინისტროდან ამ დრომდე არ გვაქვს. ვაპირებთ, სახალხო დამცველს მივმართოთ და ბავშვებთან ერთად სამინისტროსთანაც მივიდეთ", - აცხადებს დევნილი ივეტა ფიფია.
"კანონში წერია, თუ დევნილი ერთსა და იმავე ტერიტორიაზე 10 წლის განმავლობაში ცხოვრობს, ეს ფართით იმავე ადგილზე უნდა დაკმაყოფილდეს. ჩვენ თბილისში 1993 წლის 6 ოქტომბრიდან ვცხოვრობთ. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რომ მივმართეთ, მოქალაქეობას დავტოვებთ-მეთქი, თანამშრომელმა კობა გორგოძემ ასე გვითხრა, მაგაზე ადვილი რა არისო - დაგვცინა. იმას კი არ ფიქრობენ, ქართველი მოქალაეობას რომ ტოვებს, ჩვენი სამშობლოს რამხელა შეურაცხყოფაა", - მიიჩნევს ივეტა ფიფია.
"რეზონანსი" ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაუკავშირდა. საზოგადოებასა და მედიასტან ურთიერთობის სამმართველოს სამსახურის უფროსმა ლიკა ბასლანძემ განგვიცხადა, "ჩვენ თვითონ დაგიკავშირდებით, როგორც კი სამინისტრო თავის პოზიციას დააფიქსირებსო", თუმცა სამინისტროდან ამ დრომდე არავინ შეგვხმიანებია", - წერს სტატიის ატორი.