"შეხვედრა ორივე მხარის სურვილით მოხდა. "სახალხო კრებიდან" შეხვედრაზე გახლდით მე, რეზო ესაძე, სოსო ჯაჭვლიანი და ლუკა კურტანიძე. თუმცა ასევე დაგვხვდნენ "ქართული აკადემიის" ლიდერები. შეხვედრა გაგრძელდა დაახლოებით 3 საათს. ძირითადი დრო, ფაქტობრივად, ჩვენს შორის სჯა-ბაასში გავიდა. მან ლაპარაკი წამოიწყო 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, აღნიშნა რომ, ჩვენ ვიყავით გმირები, ხოლო ნინო ბურჯანაძე იყო დამნაშავე, იმიტომ, რომ მისი თქმით, ქალბატონი ნინო არის პოლიტიკური ლიდერი და მან იცის, თუ რას წარმოადგენს ხელისუფლება და რისი გამკეთებლები არიან ისინი", - აცხადებს სახალხო კრების ლიდერი ნონა გაფრინდაშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მივმართავ ბატონ ბიძინას - ან ამოიღოს ის ჩანაწერი საიტიდან, ან კიდევ მთლიანად დადოს / ნონა გაფრინდაშვილის თქმით, რომ არ ყოფილიყო 26 მაისი, ალბათ არც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა პოლიტიკურ ასპარეზზე.
"მაშინ მე განვუმარტე, რომ ბურჯანაძე არის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და ის არ წყვეტდა იქ არაფერს. სიმართლე გითხრათ, მაშინ ყველაზე რადიკალური მე ვიყავი და დავემუქრე კიდეც ყველას, რომ თუ ხალხს სახლში გაუშვებდნენ, საერთოდ წავიდოდი "სახალხო კრებიდან". საზოგადოებას ახსოვს, 25 ნოემბერს "კრება" როცა შეიქმნა, არ მოგვცეს სპორტის სასახლე, მაშინ ღია ცის ქვეშ შედგა შეხვედრა, - მხოლოდ "კრება" უნდა შემდგარიყო. მიუხედავად ამისა, მეორე დღეს ამბობდნენ, რომ აი, ხალხი დაიბარეს და მერე გაუშვესო. ჩვენ არავისთვის გვითქვამს, რომ ხალხი გამოგვყავდა ქუჩაში. თქვენ წარმოიდგინეთ როგორ ვემზადებოდით მაისისთვის, რა გადაგვხდა, როგორ იჭერდნენ ჩვენს ხალხს. მაშინ არავინ დაგვიდგა გვერდში, მაგრამ მაშინაც მოვახერხერხეთ უამრავი ხალხის გამოყვანა ქუჩაში. ასე რომ, ამ კუთხით ბურჯანაძე დავიცავი, რადგან იგი ტყუილად არის დადანაშაულებული, იმიტომ, რომ ის ვერ წარმოიდგენდა, ისევე როგორც ჩვენ, რომ იქ სასაკლაოს მოგვიწყობდნენ - გასავლელიც არ დაგვიტოვეს. ეს იყო ალბათ ბურჯანაძის ოჯახის წინააღმდეგ მიმართული, თუმცა იმ დღეს ყველამ შევხედეთ სიკვდილს თვალებში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნონა გაფრინდაშვილი.
"ივანიშვილმა დაადანაშაულა ხელისუფლება და ჩვენ გმირები გვიწოდა. თუმცა მინდა ვთქვა, რომ გმირები იყვნენ ქალბატონი ნინოც და ბატონი თემურიც, რომლებიც ჩვენ გვერდით იდგნენ იმ დროს. მაგრამ დავარწმუნეთ ბატონი ბიძინა თუ არა, ეს სხვა საქმეა. თუმცა შეხვედრის ის ჩანაწერი, რაც "ქართული ოცნების" "ფეისბუქის" გვერდზე დაიდო ჩვენთვის მიუღებელია და გაოგნებული დავრჩი. ვფიქრობ, ამაში ჩარეული მისი გარემოცვა იქნება. არ მიყვარს ამაზე საუბარი, თუმცა უნდა ვთქვა - მიუხედავად იმისა, რომ "ქართული აკადემიის" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათ სულ რამდენიმე წუთს ილაპარაკეს. ძირითადად საუბარი "სახალხო კრებას" და ბიძინა ივანიშვილს შორის მიმდინარეობდა. თანაც ერთმანეთს ძალიან კარგად დავცილდით. მან აღნიშნა, რომ სურვილი აქვს ჩვენთან ურთიერთობის გაგრძელების და ძალიან ბევრ რაღაცაზე თავი დაგვიქნია კიდეც", - განაგრძობს "სახალხო კრების" ლიდერი.
"მივმართავ ბატონ ბიძინას - ან ამოიღოს ის ჩანაწერი საიტიდან ან კიდევ მთლიანად დადოს, რომ ხალხს მიეცეს განსჯის საშუალება. სხვათა შორის, 26-მა მაისმა ძალიან დიდი გარდატეხა შეიტანა პოლიტიკურ პროცესებში. ბატონ ბიძინასაც ვუთხარი - 26 მაისი რომ არ ყოფილიყო, თქვენ ალბათ არც გამოჩნდებოდით პოლიტიკურ ასპარეზზე-მეთქი. თანამშრომლობაზე კი ვსაუბრობდით, ვთქვი, რომ არის საშინელი საარჩევნო გარემო, საშინელი კანონები, რომელსაც ყოველდღე აცხობს ხელისუფლება. ამიტომ ვუთხარი კიდეც - ამას სჭირდება მუდმივი გაპროტესტება, რადგან სააკაშვილი ხელისუფლებიდან წასვლას არ აპირებს და ეს დაადასტურა კიდეც პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლის დროს... მერე დათანხმდა, რომ პროტესტის ქუჩაში გამოტანა აუცილებელია - საუბარია მცირემასშტაბიან აქციებზე, რაც ხდება მსოფლიოში. "ქართულმა ოცნებამ" მსგავსი აქცია უკვე რამდენჯერმე გამართა კიდეც", - დასძენს ნონა გაფრინდაშვილი და შეკითხვას - "ანუ, შეიძლება ითქვას, რომ "სახალხო კრებასა" და ბიძინა ივანიშვილის შორის გარკვეულ საკითხებზე თანამშრომლობა შედგება? ... პირადად თქვენ თუ გქონდათ ივანიშვილისგან რამე შემოთავაზება?" - პასუხობს:
"კიდევ ერთხელ ვამბობ - მას პატივს ვცემთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ის არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყნის გადარჩენა. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, რა ფორმითაც შევძლებთ, დავუდგებით გვერდში. დავცილდით ძალიან კარგად იმ მოსაზრებით, რომ ჩვენი ურთიერთობების ფორმა უნდა გააქტიურდეს ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს. რაც შემეხება მე - პირველად როდესაც შევხვდი ბატონ ბიძინას, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო ყოველგვარი შემოთავაზების გარეშე. მივესალმე, გავუზიარე ჩემი კეთილგანწყობა და ვუთხარი, რომ ვიქნებოდი მის გვერდით, ოღონდ პარტიის წევრი ვერ გავხდებოდი, იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ვარ "სახალხო კრებაში" და მეორე - ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ვთქვი, რომ არ ვიქნებოდი არც ერთი პარტიის სახე და ამ სიტყვას ვასრულებ. თანაც ვარ იმ ასაკში, რომ არ გამაჩნია არავითარი ამბიცია გარდა ერთისა - ქვეყნის გადარჩენისა, რის გამოც ვარ ჩართული ამ პროცესებში".
"2 დღის წინ ბიძინა ივანიშვილი "სახალხო კრების" წარმომადგენლებს შეხვდა, შეხვედრის ამსახველი ვიდოჩანაწერი ივანიშვილის "ფექსბუქის" გვერდზე განთავსდა, სადაც ჩანს, რა შეუთვალა ივანშვილმა ბურჯანაძეს - საერთო საქმეს თუ არ ემსახურები, ხელს მაინც ნუ შემიშლიო - არადა, ცოტა ხნის წინ ბურჯანაძემ განაცხადა, ივანიშვილისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებო. ბიზნესმენის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას ბურჯანაძე გუშინ გამოეხმაურა. როგორც მოსალოდნელი იყო, მას საკმაოდ მკვეთრი რეაქცია ჰქონდა. ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ოპოზიციისთვის ხელის შეშლას არ აპირებს", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით რას ვერ იყოფენ ივანიშვილი და ბურჯანაძე.
"მზად ვართ ყველა რეალურ ოპოზიციასთან ერთად კოორდინირების, თანამშრომლობის ან პარალელური სვლის რეჟიმში ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ არათუ ხელი შევუშალოთ ერთმანეთს, არამედ ხელისუფლების შეცვლისკენ საერთო ძალისხმევა მივმართოთ - განაცხადა ექსსპიკერმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელის შეშლა ოპოზიციისთვის მისთვის ელემენტარულად მიუღებელია, თუმცა დაინტერესდა, რამდენად უწყობს ხელს იმ ტიპის განცხადებები, რომელიც ივანიშვილმა გააკეთა ოპოზიციურ ერთობას და ერთიან ბრძოლას ხელისუფლების წინააღმდეგ - "ვინმე შეიძლება "ქართულ ოცნებაში" მიიჩნევდეს, რომ ბურჯანაძე ხელს უშლის მათ. პარალელურად, შესაძლოა, "სახალხო კრებაში" ან "დემოკრატიულ მოძრაობაში" თვლიან, რომ დემოკრატიული პროცესების სწორად განვითარებას "ქართული ოცნების" სუბიექტები უშლიან ხელს. არავის უნდა ჰქონდეს იმის პრეტენზია, რომ ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია მისგან მოდის და ოპოზიციის მონოპოლიზაცია შეუძლია", - დასძინა ნინო ბურჯანაძემ, რომლის მტკიცებით, გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომელ პოლიტიკოსს ან პოლიტიკურ ძალას რა ადგილი უნდა ეჭიროს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მიიღება არა პოლიტიკოსის, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ხალხის მხრიდან", - აღნიშნავს გამოცემა.