ინგა გრიგოლია - მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ეს სახელი და გვარი ყველასთვის ნაცნობი და საყვარელია. იგი ძალიან წარმატებული და ძლიერი ქალბატონია. მიუხედავად იმისა, რომ ინგა პოლიტიკაში წავიდა, ყველასთვის მაინც ძლიერ ჟურნალისტთან და იმ სატელევიზიო გადაცემებთან ასოცირდება, რომლებმაც ერთ დროს სატელევიზიო სივრცეში ნამდვილი გადატრიალება მოახდინეს. წარმატებული ქალის იმიჯი გასაგებია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არცთუ ისე ბევრი იცნობს ინგას, როგორც შვილს და როგორც დედას... "პირWელი" ინგა გრიგოლიას სწორედ ამ კუთხით გაგაცნობთ.
- ინგა, ბავშვობაშიც ასეთი აქტიური იყავით?
- კი, ყოველთვის ძალიან აქტიური ვიყავი. შეიძლება ითქვას, საბავშვო ბაღიდან. თითქმის ყველა ზეიმზე მთავარი გმირი ვიყავი. სკოლაშიც გამოვირჩეოდი, არაერთ ღონისძიებას ვხელმძღვანელობდი. დავდიოდი თითქმის ყველა წრეზე - მხატვრული კითხვა, მუსიკა და ა. შ. დედაჩემი ზაფხულობით, ერთი თვით, ხან სანატორიუმებში მიშვებდა და ხან პიონერთა ბანაკში. ალბათ, უნდოდა დამოუკიდებლობას მივჩვეულიყავი.
- მომიყევით თქვენი ბავშვური ოცნებების შესახებ...
- ძალიან ბევრი ოცნება მქონდა, ისე როგორც ყველას. თუმცა გულწრფელად რომ გითხრათ, ოცნებების 80% ამისრულდა. ეს ნამდვილად საოცრებაა. სულ ვამბობ, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში “ხილული სასწაულია". მაგალითად, ყველაზე მთავარს გეტყვით. როცა ბავშვები ვთამაშობდით, კარდონის ყუთისგან ვაკეთებდით ტელევიზორს, რომელშიც მუდმივად მე ვჩანდი; ხან ვმღეროდი, ხან ლექსს ვამბობდი... ალბათ, ქვეცნობიერი ლტოლვა იყო ტელევიზიის მიმართ. მე ვფიქრობ, რომ ადამიანი რაზეც იოცნებებს, ის აუცილებლად აუხდება ადრე თუ გვიან. რომ ამბობენ, კოსმოსში გაშვებული ემოცია უკან გიბრუნდებაო, ასეთივე პრინციპით მოქმედებს ოცნება ადამიანზე. აუხდენელი ოცნება არ არსებობს!
- როგორი იყო მეოცნებე ინგა?
- ძალიან პრაგმატული ადამიანი ვარ. ღრუბლებში არასდროს დავფრინავ. ხანდახან ვფიქრობ, იმდენად მყარად ვდგავარ მიწაზე, რომ რომანტიზმი აშკარად მაკლია. ბავშვობაში უფრო რომანტიული ვიყავი, ვიდრე დღეს. ლექსებს ვწერდი, ძალიან ჩაფლული ვიყავი ლიტერატურაში... შემდეგ მოხდა ისე, რომ მყარად დავეშვი მიწაზე. ეს ალბათ, პროფესიამაც განაპირობა. როდესაც რაიმე მიზანი მაქვს, ამ მიზნისკენ მიმავალი გეგმა ყოველთვის ჩნდება. ვფიქრობ, ურიგო არ არის, როდესაც ადამიანი მიზანმიმართულად ცხოვრობს. რასაკვირველია, სპონტანური ამბებიც ხდება ცხოვრებაში, მაგრამ რაც ძალიან მნიშვნელოვანი მომხდარა, ყველაფერი კარგად გააზრებული, გაცნობიერებული და ნაფიქრი მქონდა.
- როგორია შეყვარებული ინგა?
- ძალიან საინტერესოა ჩემთვის ის ეტაპი, როცა შეყვარებული ვარ, რადგან უფრო მოტივირებული ვხდები. ბუნებრივია, ამ დროს გინდა, შეყვარებული უფრო მეტად აღფრთოვანდეს შენით, უფრო დაგაფასოს და უფრო მეტად გაღიაროს. ჩემთვის ეს ძალიან დიდი სტიმულია, იმისთვის რომ მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაბიჯები გადავდგა. ურთიერთობა ყოველთვის თავის საქმეში წარმატებულ ადამიანთან მქონდა. ვერ ვიტან "შტერ" მამაკაცებს. მათთან ვერასდროს დავამყარებდი ნორმალურ ურთიერთობას. როდესაც ჩემს გვერდით ძლიერი მამაკაცია, მეც ვცდილობ მაქსიმალურად გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობები.
- როდის მიხვდით, რომ პატარა აღარ იყავით და რა შეცვალა ამ აღმოჩენამ თქვენში?
- პატარა რომ აღარ ვარ, ამას სულ რაღაც ერთი წლის წინ მივხვდი - როცა 40 წლის გავხდი. 40 მაინც სხვანაირად ჟღერს. ჩაცმულობის მხრივაც შეიცვალა რაღაცები. იმის ჩაცმა, რასაც ორი წლის წინ თავისუფლად ვიცვამდი, დღეს თითქოს მეუხერხულება. უფრო "დამისერიოზულდა" ჩაცმის სტილიც, უფრო შავ-თეთრში გადავედი. კიდევ ერთი - ამ ბოლო დროს ძალიან ადვილად ვმართავ ჩემს ემოციებს. ეს ადრე არ შემეძლო. ჩემი მეგობრებისთვის ყოველთვის "ცნობილი გიჟი" ვიყავი, უზომოდ ფეთქებადი და ემოციური. ამ მხრივ ნამდვილად შევიცვალე.
- თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ როცა ცუდად ხართ დედათქვენის ლოგინში იძინებთ. ეს ჩვევა ბავშვობიდან მოგყვებათ თუ ამით, ისე ახლოს ხართ დედასთან, თითქოს ყველა პრობლემა გვარდება...
კი, ეს სიმართლეა. უკვე ვთქვი, რომ დედა დამოუკიდებლად მზრდიდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც "კუდზე გამობმული" ბავშვი ვიყავი. ძალიან მიჯაჭვული დედაჩემზე... როდესაც საცხოვრებლად ცალკე გადასვლა გადავწყვიტე, 30 წლის ვიყავი. გრძნობას, რომელსაც დედასთან წოლისას განვიცდი, ვერ გადმოგცემთ. ეს არის ყველაზე პოზიტიური და დამამშვიდებელი მუხტი, რაც შეიძლება იმ მომენტში მივიღო. ერთი თვის წინ, ცოტა სანერვიულო პრობლემა მქონდა, ცუდად ვიყავი, არ ვიცოდი როგორ მომეგვარებინა. დავურეკე დედაჩემს, იმ დღეს ჩემთან დარჩა და ჩახუტებულებმა დავიძინეთ. ალბათ ბევრისთვის უცნაურია, მაგრამ დედაჩემი ისეთ მუხტს გადმომცემს, რომელიც ყველა პრობლემას მიქრობს. მომდის იდეები, ვიწყებ გამოსავლის ძებნას და ყოველთვის ვპოულობ. ჩემი ენერგია არის დედაჩემი. ალბათ, იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება მე შემომწირა. ბავშვობაში რაღაც ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა. ამიტომ მე უფრო დიდ ყურადღებას მაქცევდა, ვიდრე ჩემს დას, რომელიც ჩემგან განსხვავებით, ბავშვობიდან ძალიან დამოუკიდებელი იყო.
- რითი გავს მარიამი ინგა გრიგოლიას?
- ამბობენ, რომ მარიამი გარეგნულად მგავს, თუმცა მე ვერ ვამჩნევ ამას. ალბათ უფრო ჩაცმის სტილით ან ვარცხნილობით მგავს. ის ჩემზე ბევრად ძლიერია. არ ვიცი რამდენად გჯერათ ჰოროსკოპის, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ გველის წელში დაბადებული მორიელია. ძალიან სერიოზული ენერგეტიკის მატარებელია. ჩემთვის მარიამი არის ადამიანი, რომელსაც ძალიან ხშირად რჩევასაც კი ვეკითხები.
- თქვენ საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გაქვთ. ბუნებრივია, შვილისთვის ხშირად ვერ იცლით, ამაზე ბევრჯერ გისაუბრიათ, თუმცა საინტერესოა, თქვენი და მარიამის ურთიერთობა თუნდაც იმ მოკლე პერიოდში, როცა ერთად ხართ?
- საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ შორის მხოლოდ 18 წელია განსხვავება. ადრე უფრო ვიმორჩილებდი, ეს ახლა აღარ გამომდის. ბოლო პერიოდში ხშირად გვაქვს კონფლიქტები, ძირითადად აპროტესტებს ხოლმე ჩემს რჩევას ან აზრს. ვერ ვიტყვი, რომ ეს არ მომწონს, იმიტომ რომ სრულიად დამოუკიდებელი ადამიანია. სხვათაშორის, საერთოდ არ აინტერესებს ჩემი პოლიტიკური პოზიციები. თავისი უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტია, ამიტომ ხშირად აქვთ შეხვედრები მინისტრებთან, ჩინოვნიკებთან... ხშირად მივუთითებ ხოლმე რა უნდა ჰკითხოს მათ. ის ამაზე ბრაზდება და მეუბნება, რომ არ აინტერესებს პოლიტიკა!
- თქვენ ადრე დაოჯახდით, ნანობთ?
- 16 წლის ვიყავი როცა დავოჯახდი. რა თქმა უნდა, ვნანობ. ხშირად ძალიან ბანალურ გამართლებას პოულობენ, ის რომ სამაგიეროდ, დიდი შვილი ჰყავთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ასაკში შექმნილი ოჯახი, განწირულია... მარიამსაც ყოველთვის ვეუბნები, სანამ დამოუკიდებელი არ იქნები, როგორც ფინანსურად ისე შინაგანად, ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგა-მეთქი. კიდევ დაოჯახების შანსიც მქონდა, მაგრამ კარგად რომ ავწონ-დავწონე, მივხვდი რომ მარტო ცხოვრება მირჩევნია. ვერ ვიტყვი, რომ ცუდად ვარ, სახლში კაციც მე ვარ და ქალიც. ასე უფრო ძლიერად ვგრძნობ თავს.
- მარიამის პირად ცხოვრებაში ერევით?
- მარიამის პირად ცხოვრებას ყოველთვის ვაკონტროლებდი. ახლა საერთოდ აღარ მეკითხება არაფერს. თუმცა ყოველთვის ვიცი ვინ მოწონს, სულ რომ ღამის 3 საათზე დაბრუნდეს სახლში, ვიცი სად არის და რას აკეთებს, ანუ ნდობის ფაქტორი ძალიან ძლიერია ჩვენ შორის.
- მახსოვს ერთ ინტერვიუში ამბობდით, მინდა კიდევ ერთი შვილი მყავდესო. მაშინ კონკრეტული ადამიანისგან გინდოდათ რომ შვილი გყოლოდათ, თუ..?
- გადაწყვეტილი მქონდა - ბავშვი უნდა გამეჩინა! სამწუხაროდ, ზუსტად მაშინ სასწრაფო ოპერაცია დამჭირდა. ამიტომ გადაიდო ეს ამბავი. დღეს კი ვფიქრობ, რომ უკვე გვიანია ბავშვის გაჩენა, ამისთვის უკვე დიდი ვარ.
- ძალიან გულახდილი ხართ, ეს თვისება ბევრ რამეში ხელს ხომ არ გიშლით?
- პირიქით, ძალიან მიმარტივებს ყველაფერს. არასოდეს მიყვარდა შეზღუდული რესპოდენტები. გადაცემაში რომ მოდიოდნენ, სულ ვცდილობდი მათ "გახსნას". როდესაც ჟურნალისტს ინტერვიუზე თანხმდები, უნდა შეეცადო საინტერესო და გახსნილი იყო. ზოგადად, ცხოვრებაშიც გულწრფელი ვარ. ვფიქრობ, ქვეტექსტების გარეშე, ყველფერი გაცილებით მარტივია. როცა თამამად შეგიძლია ისაუბრო იმაზე, რომ 40 წლის ასაკში გყავს პარტნიორი მამაკაცი, ან თუნდაც ის, რომ შენი მატერიალური მდგომარეობა გინდა კონტრაქტებით გაიუმჯობესო და რაც შეიძლება მეტი მოთხოვნები წაუყენო შენს დამქირავებელს. ხშირად იყო იმაზეც ლაპარაკი, რატომ ქონდა ინგა გრიგოლიას მაღალი ხელფასი? - ბუნებრივია მქონდა მაღალი ხელფასის პრეტენზია. როდესაც შენი გადაცემა რეიტინგში პირველია, რეკლამები 20-25 წუთი გრძელდება და წუთის ღირებულება 2 000 დოლარია, რა თქმა უნდა, ითხოვ მაღალ ანაზრაურებას. რატომ არ მქონდა უფლება, ხელფასი იმდენი მომეთხოვა, რეალურად რამდენსაც ვიმსახურებდი?! თემები, რომლებზეც მე ღიად ვლაპარაკობდი, ტაბუდადებული იყო ჩვენი საზოგადოებისთვის. რატომ ითვლებოდა ცუდ ტონად ღიად საუბარი იმ თემებზე, რაც ჩამოგითვალეთ, ვერასდროს ვხვდებოდი.
- როგორ ფიქრობთ, რატომ უყვარს ხალხს ინგა გრიგოლია?
- არ ვიცი. წლების განმავლობაში ყოველთვის ასე იყო - 50%-ს ვუყვარდი, 50% - მაგინებდა. ჩემთვის კი მთავარი ის იყო, რომ ჩემს გადაცემას ყველა უყურებდა. ელემენტარულია, ადამიანის მიმართ, რომელსაც 15 წელი ეკრანზე უყურებ, ახლობლური გრძნობა გიჩნდება. ახლა თავმდაბლობა გვერდზე გადავდოთ - მე თითქმის ყველა არხზე მიმუშავია, კონტროლირებადსა თუ არაკონტროლირებადზე და არსად ჩემი თავი არ დამიშტამპია. ვცდილობდი ყოველთვის ობიექტური ვყოფილიყავი და მაყურებელი არასდროს მომიტყუებია. რომელ არხზეც არ უნდა მუშაობდე, აუცილებლად უნდა იყო გულწრფელი შენს მაყურებელთან.
- თქვენ ცოტა ხნის წინ განაცხადეთ, ტელევიზიისთვის ვარ დაბადებულიო. ხომ არ აპირებთ ეკრანზე დაბრუნებას?
- ეს გეგმაში მაქვს, იმიტომ რომ ეს საქმე ყველაზე მეტად მიყვარს. სანამ ამ ქვეყანას სააკაშვილი მართავს, ძნელად წარმომიდგენია ჩემი თავი ტელევიზიაში. დავბრუნდები მაშინ, როდესაც მსგავსი საკითხები მხოლოდ ერთი ადამიანის და მისი ვიწრო ჯგუფის გადასაწყვეტი არ იქნება. ჩემი პოლიტიკაში მოსვლაც სწორედ სიტყვის თავისუფლებას უკავშირდება. საერთოდ არ მაინტერესებს რომელიმე თანამდებობა. თავისუფლად შემიძლია კარგი საარჩევნო კამპანია გავიკეთო და შემდეგ სკამისთვის ვიბრძოლო, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, ეს ჩემს ინტერესებში არ შედის. როდესაც ამ ქვეყანაში თავისუფალი გადაცემების გაკეთების შესაძლებლობა გაჩნდება, მე აუცილებლად
დავბრუნდები ტელევიზიაში!
- მოდით ინტერვიუ ასე დავასრულოთ: ინგა გრიგოლიას რჩევა ყველა შვილს და ყველა დედას.
- ჩემთვის ჩემი ოჯახი ყველაზე წმინდაა. რომელიმე წევრს რაიმე რომ დასჭირდეს, სიცოცხლეს დავთმობ. Eეს არის ის, რის გამოც მთებს გადავდგამ, თავს გავწირავ და არ დამენანება... როცა ამხელა სიყვარულს იღებ შენი ოჯახისგან, შენ ხარ ვალდებული უკან დაუბრუნო ეს სითბო. ჩემი ოჯახი ჩემთვის პირველია. ვუსურვებდი ყველას, ასეთი განცდა ჰქონდეს თავისი მშობლის და შვილის მიმართ, იმიტომ რომ ამ გრძნობას ნამდვილად არაფერი შეედრება.
და ბოლოს - დღეს 8 მარტია. "პირWელი" გილოცავთ დაბადების დღეს და უამრავ წარმატებას გისურვებთ!