რას შეიძლება ნიშნავდეს ივანიშვილის მიერ ბურჯანაძის მისამართით გაკეთებული საჯარო განცხადება, რამდენი მილიონი ლარი დასჭირდება პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გაჟღერებულ სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებს, ფლობს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ინფორმაციას ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ ქართველ ბიზნესმენთა ფირმების მფლობელთა ვინაობის შესახებ, ასევე იმაზე, რატომ არ აქტიურობენ პოლიტიკური სუბიექტები საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელებისთვის, "ინტერპრესნიუსი" დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტს, სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა
- ბატონო სოსო, როგორ შეაფასებდით და რას შეიძლება ნიშნავდეს ბიძინა ივანიშვილის მიერ ნინო ბურჯანაძისადმი საჯაროდ გაკეთებული მიმართვა - თუ საერთო საქმეს არ ეხმარება, ისეთი პოზიცია მაინც აირჩიოს, რომ საერთო საქმე არ დააზიანოს . . .
- ნებისმიერ განცხადებაზე ეფექტური და უპრიანი იქნებოდა, ერთმანეთს შეხვედროდნენ და საკუთარი პოზიციები პირად საუბარში გაერკვიათ. განცხადებებით ურთიერთობა არ არის ორიენტირებული საერთო მიზნის მისაღწევად კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე. როგორც ჩანს, გარკვეულ ეტაპზე მათი ინტერესები იმდენად გადაიკვეთა, რომ საჯარო განცხადების გაკეთება აუცილებელი გახდა. როგორც შედეგი, "სახალხო კრებასთან" დაპირისპირება "ქართული ოცნების" მიზანი არ უნდა იყოს.
- საარჩევნო კანონმდებლობის არასრულყოფილებაზე "საერთაშორისო გამჭირვალეობა - საქართველოს" ავსტრიელმა ექსპერტმა მათიას ჰუტერმაც გაამახვილა ყურადღება. თქვენი აზრით, რატომ არ აქტიურობენ პოლიტიკური პარტიები საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების განსახორციელებლად? და კიდევ, რამდენად სავარაუდოა, საარჩევნო კანონმდებლობაში სერიოზული და არა კოსმეტიკური ცვლილებები განახორციელეს?
- ოპოზიციური სპექტრი არაერთგვაროვანია. ზოგი ხმამაღლა აღიარებს, ზოგი მხოლოდ გულში ივლებს აზრს, რომ ძირითადი ოპოზიციური ბირთვი "ქართული ოცნებაა". ყველა ოპოზიციური ძალა ფიქრობს, რომ სწორედ ამ პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითავოს ხელისუფლებაზე ის ძირითადი შეტევა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებაში ცვლილებებს უკავშირდება. გაჭიანურდა რა თავად ივანიშვილის პარტიის ჩამოყალიბება, გარკვეული დაბნეულობაა, როგორც მის კოალიციაში, ასევე სხვა პოლიტიკურ ძალებში. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ პოლიტიკურ ძალას ცალ-ცალკე არ ძალუძს ხელისუფლებასთან რაიმე შედეგის მიღწევა, ქართული ამბიციების გამო პოლიტიკური სპექტრის ფართო გაერთიანება ვერ ხდება.
- ეკონომიკის ექსპერტთა აზრით, პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გამოსვლისას გაკეთებული დაპირებების შესასრულებლად მთავრობას 2012 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის მომზადება მოუწევს. თქვენი აზრით, უნდა ველოდოთ თუ არა 2012 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს და სავარაუდოდ, რამდენი მილიონი ლარი დასჭირდება პარლამენტში პრეზიდენტის სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის განხორციელებას?
- ქვეყნის ბიუჯეტი იმდენად დამოკიდებულია ხელისუფალთა სუბიექტურ აზრსა და მისწრაფებებზე, რომ არავინ დაგიდევთ იმის ვადებს, თუ რა უნდა მოხდეს დროის ამა თუ იმ მონაკვეთში. შესაძლოა, ხვალ საღამოს მიიღონ გადაწყვეტილება და მეორე დღეს მან კანონებში ცვლილებების სახით ასახვა ჰპოვოს. ერთპიროვნული მმართველობის პირობებში, რომელიც პოლიტიკურ ძალას უფლებას აძლევს, საერთოდ აღარ გაუწიოს ანგარიში არც კანონს, არც საზოგადოებას, არც საერთაშორისო თანამეგობრობას, პრაქტიკულად შეუძლებელია იმის პროგნოზირება, რას მოიმოქმედებს ხელისუფლება. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა არსებული ძალაუფლება არ შეუმცირდეს, მაგრამ რის ფასად, ეს მათ არ აინტერესებთ.
ამ პრინციპით მოქმედი ჩვენი ხელისუფლება საშიში მოთამაშეა, როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა, უცებ ყველაფერი შეიცვალოს და ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი ხალხის მიმართ შეიცვალოს, ძნელად წარმოსადგენია. ხელისუფლება ამგვარ სურვილს არ ავლენს. ფასადური ვაუჩერები ანეგდოტების თემა უფროა, ვიდრე - ადამიანთათვის შვება. ვეღარც ის კონტროლდება საზოგადოების მხრიდან, რეალურად თუ რამდენი ვაუჩერი იხარჯება და რჩება თუ არა ძალიან დიდი "ხურდა" ვინმეს ჯიბეში მსგავსი უკონტროლო აქციების დროს.
- თქვენი აზრით, აქვს თუ არა ამ პროექტების განსახორციელებლად ქართულ ეკონომიკას რესურსი?
- ქვეყანაში ეკონომიკური პროცესების მიმართ იმგვარი დამოკიდებულებაა, რომ ძნელია, რაიმე ტიპის ხანგრძლივ პერსპექტივაზე საუბარი. ზუსტად ერთი წლის წინ ჩვენ პრეზიდენტისგან საპარლამენტო ტრიბუნიდან მოვისმინეთ სტრატეგიული ორიენტირების შესახებ. მაშინ სააკაშვილმა ბრძანა, რომ საქართველო ესწრაფვის დემოკრატიის ევროპულ სტანდარტებს, ხოლო ეკონომიკა იქნება მსგავსი სინგაპურისა. თავისთავად ეს ფორმულა შეიცავდა კატასტროფულ შედეგს, რადგან არასოდეს ყოფილა სინგაპური ევროპულ დემოკრატიასთან ასოცირებული და არც ევროპა არ ყოფილა რაიმენაირად ორიენტირებული სინგაპურულ მეთოდზე. როცა ორ კურდღელს მიზდევ, თუ მათი დაჭერა გინდა, კურდღლები ერთი მიმართულებით მაინც უნდა გარბოდნენ. როცა ისინი სხვადასხვა მიმართულებით გარბიან და შენ მაინც აცხადებ, რომ ორივე უნდა დავიჭიროო, ასეთი უნარის მქონე სახელმწიფო ჩვენს პლანეტაზე არ არსებოს. ამგვარი მიზანი თავიდანვე არც თუ ჯანსაღი ფანტაზიის შედეგი იყო. ამიტომაცაა, რომ შესაბამისი შედეგი მივიღეთ ჩვენს დემოკრატიასა და ეკონომიკაში.
- ავსტრიელი ექსპერტი მათიას ჰუტერი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ პრობლემად იმას ასახელებს, რომ ქართული ეკონომიკის დიდი წილი ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ ფირმებზე მოდის. მისივე მტკიცებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში გადასახადები საკმაოდ დაბალია, ოფშორულ ზონებში ფირმების დარეგისტრირებით ქართველი მეწარმეები ფულის წარმომავლობას მალავენ. ეთანხმებით თუ არა ავსტრიელ ექსპერტს? და კიდევ, ვინ შეიძლება იყვნენ ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული ფირმების მფლობელები და შესაძლებელია თუ არა, რომ მათ შესახებ ინფორმაციას ხელისუფლება არ ფლობდეს?
- ძნელად წარმოსადგენია, რომ ხელისუფლება არ ფლობდეს ინფორმაციას ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ ფირმების პატრონებზე. წარმოუდგენელია ისიც, რომ ამ ფირმების მფლობელებს ოფშორულ ზონებში საქმიანობაზე ნებართვა სწორედ ხელისუფლებიდან არ ჰქონდეთ მიღებული. ჩვენში ხომ კორუფცია ბიზნესის ლიცენზირებული ფორმა გახდა. ამ ლიცენზიის გამცემთა ვინაობა საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია. ასეთ უფლებას საქართველოში სამი-ხუთი ადამიანი ფლობს.
რასაკვირველია, სწორად შენიშნავს ბატონი ჰუტერი, რომ ქართველი ბიზნესმენები, რომლებსაც ფირმები ოფშორულ ზონებში აქვთ რეგისტრირებული, არა მაღალ გადასახადებს, არამედ საკუთარი ქონების წარმომავლობაზე ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ემალებიან. სამწუხაროა, რომ ის, რასაც ხედავს ავსტრიელი ექსპერტი, ამის ნახევარის დანახვა 8 წლის განმავლობაში ვერ შეძლო საპარლამენტო უმრავლესობამ.
- რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ მოთხოვნა, რომ საარჩევნო სიების დაზუსტების მიზნით მოსახლეობის საყოველთაო აღწერა უნდა ჩატარდეს და რამდენად მაღალია იმის ალბათობა რომ ხელისუფლება ამ მოთხოვნას გაითვალისწინებს?
- მოთხოვნა სრულიად სამართლიანია. მოსახლეობის აღწერის აუცილებლობა ყველასთვის თვალსაჩინოა. თუ რეალობას გავითვალისწინებთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელისუფლებამ ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო, ვშიშობ, რომ ხელისუფლება საქართველოში 7-8 მილიონ ამომრჩეველის სიას აღმოაჩენს.
ზუსტად ვიცი, რომ 2003 წლის ნოემბრის არჩევნებში საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებიდან გამოგზავნილ შედეგებს საარჩევნო კომისიაში ციფრები, ზოგს წინ ზოგს, უკან ემატებოდა და საზღვარგარეთიდან მიღებული მონაცემები მარტივად მანიპულირებადი იყო. როდესაც ხელისუფლების მიზანი არჩევნების გაყალბებაა, რასაკვირველია, ბრძოლა იმისთვის, რომ ხელისუფლებას გაყალბება გადააფიქრებინო, უფრო შედეგიანი შეიძლება იყოს, ვიდრე - თავის მოტყუება იმ სურვილით, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
არჩევნებზე ყველაფერი კარგად რომ ვერ იქნება, ამის უამრავი დადასტურება უკვე არსებობს. ერთადერთი, ზოგიერთი პოლიტიკოსი რჩება გამოუსწორებელ ოპტიმისტად და იმედოვნებს, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები გამჭირვალე გარემოში ჩატარდება. არავის აქვს პასუხი კითხვაზე - ჩვენი ხელისუფლების გადადგმულ რომელ ნაბიჯს ეფუძნება არჩევნების სამართალიანად ჩატარების იმედი. თუ მას ვინმე მეტყვის, დამავალებს.
ხელისუფლება არა მარტო საზღვარგარეთ გასულ ჩვენი მოქალაქეების ხმებს გამოიყენებს. როდესაც ხელისუფლება წყვეტს, ვინ უნდა შევიდეს და ვინ - არა სოფელ ქვიშხეთში გარდაცვილი მოქალაქის პანაშვიდზე, ამის შემდეგ რატომ უნდა გაგვიკვირდეს, რომ არჩევნებზე მიმსვლელ მოქალაქეთა ვინაობას სწორედ ხელისუფლება გადაწყვეტს.