თეატრალურს, კონსერვატორიასა და სამხატვრო აკადემიას სტატუსს უცვლიან

თეატრალურს, კონსერვატორიასა და სამხატვრო აკადემიას სტატუსს უცვლიან

თეატრალურ უნივერსიტეტს, კონსერვატორიასა და სამხატვრო აკადემიას საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი გაუუქმდათ და არასამეწარმეო იურიდიული პირები გახდნენ. ამასთან დაკავშირებით გაჩენილ შიშებთან მიმართებაში კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არც მათთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას ნიშნავს და, მითუმეტეს, არც გაუქმებას. აი, რექტორატში კი შეიძლება ცვლილებები მოხდეს, რადგან ამ სასწავლებლების რექტორებს მოვალეობის შემსრულებლის სტატუსი მიენიჭათ და მალე ახალი რექტორების არჩევნები დაინიშნება.

"ამ სამი უმაღლესი სასწავლებლის გაერთიანება სასურველი არ არის. შესაძლებელია, ვინმესთვის ამ გაერთიანების არგუმენტები არსებობდეს, მაგრამ ეს არგუმენტები ჯერჯერობით არავის მოუსმენია. ანუ საკითხი ამ დროისთვის ოფიციალურად დღის წესრიგში საკანონმდებლო დონეზე არ დგას," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი გოგი მარგველაშვილი. 

თავად კულტურის სამინისტროს პრესსამსახურიდან "რეზონანსს" უცხადებენ, რომ სტატუსის შეცვლა არ ნიშნავს არც შენობების გასხვისებას, არც მათ გაერთიანებას და არც მათთვის დაფინანსების შეწყვეტას. მათივე თქმით, სასწავლო პროცესი აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩვეულებრივ გაგრძელდება.


შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის, სამხატვრო აკადემიისა და კონსერვატორიის რექტორებმა გუშინ კულტურის სამინისტროდან მინისტრის, ნიკა რურუას ხელმოწერილი ბრძანება მიიღეს, რომლის თანახმად, კონსერვატორიაც, სამხატვრო აკადემიაც და თეატრალური უნივერსიტეტიც, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირები, 20 მარტიდან ფუნქციობას წყვეტენ და ახალ - არასამეწარმეო იურიდიული პირის - სტატუსს იღებენ.

ამან საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. პირველ რიგში კი სტუდენტები შეშფოთდნენ, რადგან კულტურის სამინისტროს ამგვარი განცხადება ბევრს ცუდად ენიშნა.

არსებობს მოსაზრება, რომ სამივე უმაღლესმა სასწავლებელმა დამოუკიდებლად ფუნქციობა უნდა შეწყვიტოს, მოხდეს მათი გაერთიანება და ხელოვნების ერთ აკადემიად ჩამოყალიბება.

"ფუნქციას წყვეტს შუა სასწავლო წელს - ეს რას ნიშნავს? რეპეტიციები, ლექციები სად უნდა გაგრძელდეს?" "მეოთხეკურსელები აიღებენ დიპლომებს, თუ ფუნქციონირება შეწყდება?" "როგორ მოხდება ამ სასწავლებლების დაფინანსება?" "რეორგანიზაცია ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ეს შენობები გაიყიდება?" - დაახლოებით ასეთი შეკითხვები გავრცელდა სოციალურ ქსელებში.

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გოგი მარგველაშვილი "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ ბრძანება სამინისტროდან მართლაც მიიღო და ეს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ უმაღლეს სასწავლებლებში დაგეგმილ რეორგანიზაციის პროცესს უკავშირდება.

"პრემიერ მინისტრმა გილაურმა გამოსცა ბრძანებულება სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების სტატუსის შეცვლის თაობაზე. ბრძანებულების თანახმად, ეს უმაღლესი სასწავლებლები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ნაცვლად უნდა გადაკეთდნენ არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირად. სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით ცხადდება რეორგანიზაცია და სწორედ პრემიერის ბრძანების საფუძველზე ჩვენ მივიღეთ ბრძანება სამინისტროდან," - განაცხადა მარგველაშვილმა.

თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, რეორგანიზაციის პროცესში უმაღლეს სასწავლებლებს არა მოქმედი რექტორები, არამედ რექტორის მოვალეობის შემსრულებლები უხელმძღვანელებენ, რომლებიც რამდენიმე დღეში დაინიშნებიან.

"კანონის უმაღლესი განათლების შესახებ" ახალი რედაქციით, უმაღლესი სასწავლებლის 2 იურიდიული ფორმაა დაფიქსირებული: სიპი (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) და აიპი (არასამეწარმეო იურიდიული პირი). აქამდე ყველა იყო სიპი, ახლა მიდის ასეთი პროცესი, რომ ეს სიპები უნდა გადაკეთდეს აიპებად. რატომ და რითი არის კარგი, ამაზე სჯობს სამინისტრომ გიპასუხოთ, რადგან უმაღლესი სასწავლებლის ერთი ფორმიდან მეორეზე გადასვლისას ამას წყვეტს არა თავად სასწავლებელი, არამედ დამფუძნებელი. ჩვენს შემთხვევაში - კულტურის სამინისტრო, სხვა უმაღლესი სასწავლებლების შემთხვევაში - განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ანუ ინიციატივა მოდის სამინისტროებიდან," - განუმარტა "რეზონანსს" რექტორმა.

მისივე თქმით, ახალი სტატუსი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო უარს ამბობს აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსებაზე.

გოგი მარგველაშვილი: "იმ ბრძანებაში სასწავლებლების სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით, რომელსაც ხელს აწერს გილაური, პირდაპირ არის მითითებული პუნქტი, სადაც წერია, რომ სახელმწიფო (ანუ კულტურის სამინისტრო) უზრუნველყოფს უმაღლესი სასწალებლების პროგრამულ დაფინანსებას. ასე რომ, საჯარო იურიდული პირის სტატუსის დაკარგვის მიუხედავად, დაფინანსება ისევ გვექნება. ეს წერია კიდეც, რომ იღებენ თავიანთ თავზე პასუხისმგებლობას, დააფინანსონ უმაღლესი სასწავლებელი."

რაც შეეხება სამი სახელოვნობო უმაღლესი სასწავლებლის გაერთიანების ვერსიას, მარგველაშვილი ამბობს, ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განაცხადი არავის გაუკეთებია.

"შესაბამისად, ამაზე - ეს შესაძლებელია თუ არა, კარგი იქნება, თუ ცუდი - ვერ ვიმსჯელებთ. ამაზე განაცხადი არ არსებობს; არსებობს მხოლოდ ვერსია. მოსალოდნელი კი ყველაფერია. რამდენად სასურველია - ეს სხვა საკითხია. ჩემი აზრით, ამ სამი უმაღლესი სასწავლებლის გაერთიანება სასურველი არ არის. შესაძლებელია, ვინმესთვის ამ გაერთიანების არგუმენტები არსებობდეს, მაგრამ ეს არგუმენტები ჯერჯერობით არავის მოუსმენია. ანუ საკითხი ამ დროისთვის ოფიციალურად დღის წესრიგში საკანონმდებლო დონეზე არ დგას."

რას მოუტანს უმაღლეს სასწავლებელბს სტატუსის შეცვლა, რექტორის თქმით, "მოიტანს პლუსებსაც და დანაკარგებსაც. საერთოდ კი ეს ორივე იურიდიული ფორმა არსებულია და დამფუძნებელი წყვეტს, თუ რომელ სტატუსში ამყოფებს ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლებელს. ამ შემთხვევაში სამინისტროებმა გადაწყვიტეს, რომ სასწავლებლები აიპის სტატუსზე გადაიყვანონ. რატომ უნდა გადაიყვანონ, ეს ჰკითხეთ სამინისტროს."

თავად რურუას უწყება აღნიშნულის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს: "საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2012 წლის ერთ-ერთ პრიორიტეტს სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში რეფორმის განხორციელება წარმოადგენს. რეფორმის ფარგლებში, მთავრობის დადგენილებით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას შეეცვალათ სტატუსი. 

სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის ნაცვლად მიენიჭათ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსი, რაც უფრო მოქნილს ხდის მათ ფუნქციონირებას და ერთგვარად ცვლის აქამდე არსებულ სისტემას. რეორგანიზაციის პერიოდში ყველა ზემოაღნიშნულ სასწავლებელს უხელმძღვანელებს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი."

რა მხრივ გახდის სასწავლებლებს მოქნილად და როგორ შეცვლის არსებულ სისტემას - ამის შესახებ სამინისტრო არ კონკრეტდება.

პრესსამსახურიდან "რეზონანსს" განუმარტეს, რომ 20 მარტს დამთავრდება რეორგანიზაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებს უკვე არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსი ექნებათ.

"ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე მათგანი დაიხურება და სასწავლო პროცესი შეწყდება," - განგვიცხადეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან. " - სტატუსის შეცვლა არც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო სასწავლებლებს დაფინანსებას შეუწყვეტს. ამ მხრივ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც იყო. უბრალოდ, ახლა უფრო მოქნილი სისტემა იქნება. დაინიშნებიან რექტორის მოვალეობის შემსრულებლები, შემდეგ კი დაინიშნება რექტორის არჩევნები."

რატომ არ ინიშნებიან რექტორის მოვალეობის შემსრულებლებად მოქმედი რექტორები, რატომ ინიშნება თავიდან რექტორის არჩევნები, ან საერთოდ რა საჭიროა რექტორების შეცვლა - ამაზე პრესსამსახურში პასუხი არ აქვთ.