"ბიძინა ივანიშვილსა და ნინო ბურჯანაძეს შორის ჩამოვარდნილი დროებითი ზავი დაირღვა - ივანიშვილის დანაბარებს ნინო ბურჯანაძე უპასუხოდ, ალბათ არ დატოვებს და ოპოზიციური დაპირისპირების მომსწრენი გავხდებით. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, ბურჯანაძემ სხვა პოზიცია დაიკავოს. ცოტა ხნის მან პირობა დადო, რომ ივანიშვილს ხელს არ შეუშლიდა - ეს განცხადება პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა მესამე ძალის შესახებ საუბრის დროს გააკეთა, მან უარყო ინფორმაცია, რომ მესამე ძალის შექმნას აპირებდა და და თქვა, რომ ივანიშვილს ხელს არ შეუშლიდა. როგორც ჩანს, ეს სიტყვები ბიზნესმენისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, ის დამატებით გარანტიებს ითხოვს: ყოველ შემთხვევაში სახალხო კრების წარმომადგენლებს დააბარა, ხელი არ შემიშალოსო. ივანიშვილი კრების წარმომადგენლებსა და ქართული აკადემიის წევრებს გუშინ შეხვდა. შეხვედრას ნონა გაფრინდაშვილი, ლუკა კურტანიძე, სოსო ჯაჭვლიანი, რეზო ესაძე, ნუკრი ქანთარია, თემერ ნანეიშვილი და სხვები ესწრებოდნენ", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ბიძინა ივანიშვილი: ბურჯანაძე ხელს ნუ შემიშლის!
"ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და ვიდეომასალა ივანიშვილის პრესსამდივნომ გაავრცელა. როგორც აღნიშნული კადრებიდან ირკვევა, შეხვედრის მონაწილეებმა 2011 წლის 26 მაისის მოვლენები განიხილეს. "მე მივიჩნევ, რომ ნებისმიერის ქმედება, ვინც 26 მაისს იქ იყო - გარდა პოლიტიკოსებისა, რომელთაც სხვანაირი ვალდებულებები აქვთ - აბსოლუტურ გმირობად მიმაჩნია და სამწუხაროა, რომ თავისი ქვეყნის სიყვარულისთვის ბევრი მძიმედ დაისაჯა. მე ვიცი, რომ არიან გარდაცვლილებიც და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს მოხდა. ეს ჩვენი მოძალადე ხელისუფლების ბრალია", - განაცხადა ივანიშვილმა. ამის შემდეგ შეხვედრაზე განცხადება ნონა გაფრინდაშვილმა გააკეთა - მისი თქმით, სახალხო კრების იდეა ამ გზით სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიღწევა იყო და დასძინა, რომ სახალხო კრებიდან ხელისუფლებაში მოსვლას არავინ აპირებდა და დღესაც არავინ აპირებს - "დემოკრატიულ არჩევნებამდე დიდი დრო იყო, ქალბატონო ნონა", - გაფრინდაშვილს ივანიშვილი ჩაეძია" - აღნიშნავს გამოცემა. "შეხვედრის მონაწილეეებმა ნინო ბურჯანაძის შესახებაც ისაუბრეს. "ჩვენი გუნდია საქართველო. არ არსებობს სხვა გუნდები და გუნდურობით თუ წავალთ, ვერ მივალთ ჩვენს მიზნამდე. ჩემი თავისთვის მოვედი მე აქ, იმიტომ, რომ ეს ჩემი სამშობლოა. სხვაგან არ დავდგებოდი და თავს არ გავწირავდი. ასე ხართ თქვენც, თქვენი რომაა ეს სამშობლო, იმიტომ გინდათ თავი გაწიროთ. ადამიანი საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვის პირველ რიგში და "მე"-დან და "ჩემი"-დან მოდის ყველაფერი, მაგრამ ნიჭიერმა ადამიანმა უნდა მოახერხოს კონკრეტულ სიტუაციაში სწორი პრიორიტეტების გაკეთება და არ უნდა დარჩე პატარა ბავშვივით, რომ "ჩემი" და "მე" - აი, ეს გადაეცით ჩემგან ქალბატონ ნინოს. არ არის აუცილებელი, მიიღო მონაწილეობა, თუ შენი მინაწილეობით კი არ ეხმარები, აზიანებ. ასეთ შემთხვევაში უნდა დაიჭირო ისეთი პოზიცია, ისეთი მდგომარეობა უნდა აირჩიო, რომ საერთო საქმეს თუ ვერ მიეხმარები, არ დააზიანო მაინც", განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ესაა მისი "მოქალაქეობრივი პოზიცია და მისი მსოფლმხედველობაც, ასე უცხოვრია დღემდე, ასე ზრდიხ შვილებს და ასე შეუძლია, ქალბატონ ნინოსაც გადასცეს და მოუწოდოს" - დასძენს გამოცემა. "ბიძინა ივანიშვილი სახალხო კრებისა და ქართული აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ღიად დააფიქსირა და რამდენიმე სკანდალური განცხადებაც გააკეთა. შეხვედრის ამსახველი 3-წუთიანი დიალოგი "ფეისბუქში" ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა", - წერს გაზეთი "ვერსია" სტატიაში სათაურით "აი, ეს გადაეცით ჩემგან ქალბატონ ნინოს - არ არის აუცილებელი მიიღო მონაწილეობა თუ შენ ამით კი არ ეხმარები, აზიანებ..." |