"ვანო მერაბიშვილს ბოდიში ვერ უშველის... ვპირდები ახალაიებსაც და სააკაშვილსაც, რომ სწორედ სამეგრელოდან დავიწყებთ ამ ავტორიტარული რეჟიმის და კლანების დაშლას"

პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლა იყო ყველაზე არაპრეზიდენტული გამოსვლა, რომელიც კი მომისმენია ბოლო წლების განმავლობაში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ეს იყო გამოსვლა ადამიანისა, რომელსაც არ უყვარს საკუთარი ხალხი, არ უყვარს რიგითი მოქალაქე და არ ფიქრობს მისი უფლებების დაცვაზე. კიდევ ერთხელ გავხდით მოწმე, როგორ ექცევა ის კოლეგებს და განსხვავებულ აზრს. ეს იყო გაავებული კაცის პოზიცია, რომელმაც უკვე კარგად გაიაზრა, რომ ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს, რაც მას გასაგებად უთხრეს ვაშინგტონშიც და ევროპაშიც. თუ პრეზიდენტის ფრაზეოლოგიას გავიხსენებთ, ამ გამოსვლამაც აჩვენა, რომ არ არის ღირსი განაგრძოს პოლიტიკური მოღვაწეობა", - აცხადებს `თავისუფალი დემოკრატების~ ლიდერი ირაკლი ალასანია გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ვანო მერაბიშვილს ბოდიში ვერ უშველის" / "ვპირდები ახალაიებსაც და სააკაშვილსაც, რომ სწორედ სამეგრელოდან დავიწყებთ ამ ავტორიტარული რეჟიმის და კლანების დაშლას". 

"ეს არის გამოსვლა წარსულის პოლიტიკოსისა, რომელიც ხავსს ეჭიდება. სააკაშვილი ბაქიბუქობდა, რომ საქართველოს ნატოში გააწევრებდა, გააერთიანებდა საქართველოს, ახლა ბაქიბუქობს, რომ დარჩება ხელისუფლებაში, მაგრამ ოქტომბრის არჩევნებზე ჩვენ მას ვერდიქტს გამოვუტანთ ქართველ ხალხთან ერთად. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როდესაც პირველი კოალიციური ოფისი გავხსენით ხობის რაიონში. მოსახლეობის განწყობა მიუთითებს, რომ მთელი ქვეყანა მზად არის არჩევნების გზით ხელისუფლების შესაცვლელად. ბოლო ხანს ხშირად დავდივარ რეგიონებში, ამ ინტერვიუს ჩაწერისასაც სამეგრელოში ვიმყოფები. აქ მართლაც გაუსაძლის მდგომარეობაშია ხალხი, უკიდურეს ზღვარზე არიან მორალურადაც და ეკონომიკურადაც, თუმცა ნელ-ნელა ძლევენ შიშს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალასანია.

"კლანური მმართველობა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში დამკვიდრდა ქვეყანაში, განსაკუთრებულად სამეგრელოში იგრძნობა. აქ მეფობს ახალაიების კლანი, რომელიც აკონტროლებს ყველა სფეროს. ვპირდები ახალაიებსაც და სააკაშვილსაც, რომ სწორედ სამეგრელოდან დავიწყებთ ამ ავტორიტარული რეჟიმის და კლანების დაშლას. უკვე შევუდექით ადგილობრივი კოალიციური ოფისების გახსნას და თვის ბოლომდე მთელ საქართველოს მოვიცავთ. უკან დახევას არავინ აპირებს. ამ ოლიგარქიებსა და პატარა საფაშოებს აუცილებლად გავტეხთ წელში. რეგიონებში უამრავი პრობლემა შეგვიქმნეს, კუდ-ის წარმომადგენლები აშინებდნენ იმ ადამიანებს, ვინც ბედავდა და საკუთარ სახლს ან საოფისე ფართს გვითმობდა, მაგრამ ყველას ვერ დააშინებენ და ეს პრობლემა დიდწილად გადალახულია", - განაგრძობს რესპონდენტი.

"დამეთანხმებით, რომ სოლომონ ქიმერიძის ტრაგედია გამონაკლისი ნამდვილად არ არის. ბოლო ხანს განსაკუთრებული სისასტიკით იქცევა პოლიტიკური პოლიცია, შემიძლია სწორედ ასე ვუწოდო კუდ-ისა და სოდ-ის თანამშრომლებს. ჩვენ, მთელი საზოგადოება, მხარს ვუჭერთ პოლიციას, ოღონდ საზოგადოების ინტერესების სადარაჯოზე მდგომ პოლიციას. მაგრამ დღეს პოლიციურ სტრუქტურაში კრიმინალური დაჯგუფებები არსებობს კუდი-სა და სოდ-ის სახით. მათი წარმომადგენლები პოლიტიკურ რეპრესიებს პირდაპირ ვანო მერაბიშვილის დავალებით აწარმოებენ. სოსო ქიმერიძის გარდაცვალებაში ძალიან ბევრი საეჭვო გარემოებაა, თუმცა დაველოდოთ გამოძიების საბოლოო შედეგს. მისი გარდაცვალება უბედური შემთხვევაც რომ იყოს, მაინც ვანო მერაბიშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა, რადგან მან ლამის დააკანონა პოლიტიკური მოტივით ადამიანების დევნა და დაპატიმრება. აქედან გამომდინარე, ვანო მერაბიშვილს ბოდიში ვერ უშველის. ის ვერ გაექცევა ქართულ მართლმსაჯულებას, რომლის წინაშეც ის აუცილებლად წარდგება სწორედ მომავალი არჩევნების შემდეგ", - მიიჩნევს `თავისუფალი დემოკრატების~ ლიდერი.

"ამ პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო ეტაპზე, ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანი იფიქრებს საკუთარ მომავალზე და დამარცხებისთვის განწირულ პოლიტიკურ ძალას გაემიჯნება. ჩემს ამ განცხადებას აქვს გარკვეული საფუძველი. გვაქვს ინფორმაცია, რომ არაერთი ბიზნესმენი თუ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელი მმართველი გუნდისგან დამოუკიდებლად გეგმავს მომავალს. ვანო მერაბიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის სურვილზე კი არაფერი მსმენია და არც მჯერა. ეს ჯგუფი ისეა ერთმანეთზე გადაჯაჭვული დანაშაულებრივი ქმედებებით, რომ მეეჭვება, მათ შორის განხეთქილება მოხდეს. ყველას ერთად მოუწევს ხელისუფლებიდან წასვლა და სასამართლოს წინაშე წარდგომა!" - აცხადებს ირაკლი ალასანია.

"პუტინის განცხადება და საზოგადოდ რუსეთის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, რა თქმა უნდა, ახალი არ არის, მაგრამ რუსეთის მცდელობა, ჩვენი ტერიტორიები მსოფლიოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ეღიარებინა, დღემდე წარუმატებელია. ეს არის მათი საგარეო პოლიტიკის მარცხი. რაც შეეხება რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებას, რუსულ-ქართულ ურთიერთობებში რაც მეტი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგმება, ჩვენ შორის აღმართულ რაც უფრო მეტ კედელს დავანგრევთ, მით უკეთესი იქნება, მაგრამ ვინაიდან კარგად ვიცნობთ სააკაშვილის პროპაგანდისტულ სტილს, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ეს ნაბიჯი რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებში ბევრს არაფერს შეცვლის. რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა ეტაპობრივად უნდა მოხდეს. მართალია, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებას მხარი მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა დაუჭირა, მაგრამ მეორე მხრივ, პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია პირდაპირ ეუბნებიან ქართველ ბიზნესმენებს, რომ არ გაბედონ ბიზნესის წამოწყება რუსეთის ფედერაციაში. ამას მეც შევესწარი "ეკონომისტის" მიერ ორგანიზებულ ფორუმზე", - დასძენს რესპონდენტი. 

"ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ვაპირებთ დიალოგის დაწყებას და ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების აღდგენას, პარალელურად კი დავიწყებთ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მოგვარებას რუსეთის ფედერაციასთან - მათი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრება იმიტომაც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, გვსურს, რუსეთის ბაზარი გაიხსნას ქართული პროდუქციისთვის. როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება და საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდება, ჩვენ თვისებრივად ახალ პროცესებს დავიწყებთ ევროკავშირთან დასაახლოებლად, დემოკრატიული ინსტიტუტების გასამყარებლად, რაც საშუალებას მოგვცემს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად რუსეთს საკუთარი პრეზიდენტის ხელმოწერილი შეთანხმების შესრულება მოვთხოვოთ", - განმარტავს ირაკლი ალასანია.