ვესაუბრებით „ქრისტიანულ–დემოკრატიული კავშირის“ თავჯდომარეს, „აღმოსავლეთ–დასავლეთის ურთიერთობების კვლევის საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელს, საქართველოს ყოფილ სახელმწიფო მინისტრს ვაჟა ლორთქიფანიძეს:
– საუბარს პარლამენტში სააკაშვილის სტუმრობის შეფასებით დავიწყებ. ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა ამ ყველაფერმა ჩემზე. ეს იყო ხელისუფლების მიერ ორგანიზებული და მოწყობილი კიდევ ერთი შოუ! არადა, ძალიან დაუძველდათ „ნაქები“ პიარმეთოდები ხელისუფლებასაც და პირადად სააკაშვილსაც! ის სხვებზე ამბობს – „გუშინდელებად არიან ქცეულნიო“, არადა თავად უკვე მართლა იქცა გუშინდელ დღედ. ისე იქცევა, თითქოს საქართველოშ არ ცხოვრობს, თითქოს არ არის ამ ქვეყნის პრეზიდენტი, რადგან, რასაც თავად აცხადებს, ის ყველაფერი საქართველოში არ ხდება. დიახ, სააკაშვილი გუშინდელი დღეა და რაც მალე გააცნობიერებს ამას, მისთვისაც უკეთესი იქნება და ქვეყნისთვისაც!
– სხვათაშორის, ჩინოვნიკთა სასახლეების ფოტოების ფრიალი ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ ჯერ კიდევ რევოლუციამდე...
– სააკაშვილმა რომ ააფრიალა, ხომ? ისე, მე დიდ განსხვავებას ვხედავ სააკაშვილის მაშნდელ და გია ცაგარეიშვილის ახლანდელ ქმედებებს შორის. იმ ფოტოების აფრიალებისას, მთავრობის სხდომაზე, ირაკლი მენაღარიშვილმა პირდაპირ მოსთხოვა სააკაშვილს იმ პირთა დაკონკრეტება, ვის სასახლეთა ფოტოებსაც აფრიალებდა, მაგრამ ყველას კარგად ახსოვს – სააკაშვილმა ვერცერთი გვარი ვერ დააკონკრეტა! ცაგარეიშვილმა კი მას კონკრეტულ ჩინოვნიკთა ფოტოები მიაწოდა და პრეზიდენტს კითხვაც არ გასჩენია ამ სასახლეების წარმომავლობასა და მინისტრთა დაკონკრეტებაზე – პირდაპირ ლანძღვასა და შეურაცხყოფაზე გადავიდა!
– „ვანო მერაბიშვილი ისეთივე გაღლეტილია, როგორც უწინ“, – ასეთი ფრაზით დაახასიათა სააკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრი...
– სააკაშვილის ნათქვამი ერთია, კონკრეტული ბრალდება – მეორე...თუ ცილისწამებას აქვს ადგილი, ცილისმწამებელს პასუხი უნდა აგებინონ, ხოლო თუ სიმართლეა ეს ყველაფერი, მაშინ კონკრეტულმა ჩინოვნიკმა უნდა აგოს პასუხი! ეს ძალიან მძიმე და კონკრეტული ბრალდებაა, ისევე როგორც ჯონდი ბაღათულიას მიერ სრულიად კონკრეტულად ჩამოთვლილი ფაქტები!
როდესაც საპარლამენტო მოსმენის დროს პარლამენტის წევრი გამოდის და პრეზიდენტს დოკუმენტებით უმტკიცებს კონკრეტულ პირთა დანაშაულს – ეს ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს! სააკაშვილმა კი მხოლოდ ცინიზმისა და ლანძღვის კორიანტელი დააყენა სხდომათა დარბაზში.
პირდაპირ გეტყვით: ჯონდი ბაღათურიას და გია ცაგარეიშვილის გამოსვლები ძალიან გაბედული იყო! მათ პირდაპირ დაასახელეს დანაშაულის შემცველი ფაქტები! ფაქტობრივად, ჯონდიმ პრეზიდენტის ოჯახის წევრებსაც დასდო ბრალი ელიტურ კორუფციაში! თუმცა, გიმეორებთ, ბაღათურიას გამოსვლა ცილისმწამებლურიც რომ ყოფილიყო, მას დასაბუთებული და არგუმენტირებული პასუხი სჭირდებოდა და არა ცინიზმით ნათქვამი ფრაზა ტალახის აბაზანებზე და ღორებზე! მეტიც: სააკაშვილმა პირდაპირ მუქარაც გააჟღერა ჯონდი ბაღათურიას მისამართით და ეს სწორედ მის არაადეკვატურობაზე მიუთითებს! ეს ყველა საზღვარს სცილდება! ლანძღვა, ცინიზმი, მუქარა, ყვირილი, დარბაზიდან გავარდნა და მერე შემოვარდნა – პრეზიდენტისთვის შეუფერებელი ქცევებია და ეს მის არაადეკვატურობაზე მეტყველებს!
– მისი არაადეკვატურობა, რბილად რომ ვთქვათ, თემურ მირიანაშვილმა ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციამდე შენიშნა... „ბატონო მიხეილ, თქვენ ცნობილი გიჟი ხართ“ – ეს მისი ცნობილი ფრაზაა...
– მე არ ვესწრებოდი იმ სხდომას... თუმცა, სამედიცინო სფეროზე დღეს მე არ მსურს საუბარი... ეს ჩემი კომპეტენციის საზღვრებს სცილდება, მაგრამ გიმეორებთ: სააკაშვილისა და ნაციონალური ხელისუფლების ქცევები არაადეკვატურია! და განსხვავებით ბევრისგან, ამ არაადეკვატურობას მე თავიდანვე ვხედავდი! სხვათაშორის, ჯონდიმ თქვა და, რა თქმა უნდა, მეც ვეთანხმები: სააკაშვილი ძალადობრივი გზით მოვიდა ხელისუფლებაში! ან, იმ ფოტოებს რომ მივუტრიალდეთ... ეს სახლები არავისთვის არ არის დამალული. ამ ქალაქში ვცხოვრობთ ჩვენც და, რა თქმა უნდა, ვიცით, ვინ რითი და როგორ ცხოვრობს... ყველას გვინახავს და მეტიც – ყველამ ვიცით, რომელი სახლი რომელ ჩინოვნიკს ეკუთვნის. ეს აბსოლუტური სიმართლეა! სწორედ ამ სიმართლის შიშმა და თავისმა გაუწონასწორებლობამ, არაადეკვატურობამ გააქცია სააკაშვილი სხდომათა დარბაზიდან!
– სააკაშვილის არაადეკვატურობაზე საუბარი შორს წაგვიყვანს... ბოლო დღეებში თქვენმა გვარმა კიდევ ერთხელ გაიჟღერა – ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში ერთიანდება ვაჟა ლორთქიფანიძეო...
– თქვენი გაზეთის ფურცლებზეც არაერთხელ გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ახლაც ვაცხადებ: ცალსახად ვუჭერ მხარს ბიძინა ივანიშვილს და იმ პოლიტიკურ კოალიციას, რომელიც, ბუნებრივია, უპირველესად, თავად ბატონი ბიძინას სახელთან არის დაკავშირებული... თუმცა ხაზგასმით ვამბობ: ეს მხარდაჭერა არ არის დამოკიდებული რაიმე სახის პოლიტიკურ ურთიერთობასთან ან დღეს, ან – მომავალში! დიახ, მას აქვს შანსი, სერიოზულად შეცვალოს საქართველოში პოლიტიკური პროცესები. უნდა შეიცვალოს ის, რაც აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვისაც და თქვენი საქმიანობითა და ბრძოლით თუ ვიხელმძღვანელებთ – ალბათ, თქვენთვისაც! აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და მსურს, ძალიან დიდი პატივისცემა დავადასტურო თქვენი რედაქციის და მთავარი რედაქტორის, ბატონი ლაშა ნადარეიშვილის მიმართ. და, პირადად თქვენი, როგორც ჟურნალისტის მიმართაც მსურს ჩემი დამოკიდებულების გამოხატვა... ის, რაც თქვენ გააკეთეთ თქვენი თავდადებითა და თავგანწირვით, გააკეთეთ ქვეყნისათვის ადრეც და შარშანდელი 26 მაისის შემთხვევაშიც...
– გმადლობთ ასეთი შეფასებისთვის, თუმცა, დავუბრუნდეთ ბიძინა ივანიშვილის თემას. ახალი კოალიციის დაფუძნების დღესვე ბიძინა ივანიშვილმა ცალსახად და გასაგებად განაცხადა – კოალიციაში შემავალი ნებისმიერი სუბიექტის კრიტიკის შემთხვევა განიხილება მთლიანი კოალიციის შეფასებადო. არადა, საზოგადოებას სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კოალიციაში შემავალი ცალკეული სუბიექტების მიმართ.
– მე სხვაგვარად ვფიქრობ: დღეს სასწორზე სხვა რამე დევს და ეს არის უმთავრესი – ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს! მეტსაც გეტყვით: რა თქმა უნდა, კოალიციაში შემავალი ცალკეული სუბიექტებისა თუ მათ მიერ ნათქვამი ცალკეული ფრაზების მიმართ, შესაძლოა, იყოს კრიტიკული დამოკიდებულებაც და,რა თქმა უნდა, ბევრი რამ არც მე მომწონს, მაგრამ მთავარზე ვიფიქროთ – რა გვაერთიანებს?!
– თუმცა, ბატონმა ბიძინამ პოლიტიკაში შემოსვლის პირველსავე დღეს წყალგამყოფი გაავლო...
– არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც არათუ თამაშობენ ხელისუფლების თამაშს, არამედ ხელისუფლების შემადგენელ ნაწილადაც არიან ქცეულნი! ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში წყალგამყოფი უნდა არსებობდეს!
– თუმცა, ბატონო ვაჟა, აღვნიშნოთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები სხვადასხვა ფორმით ჯერ კიდევ მაშინ ებრძოდნენ სააკაშვილის რეჟიმს, როდესაც რესპუბლიკელებს ხელში აყვანილი აჰყავდათ იგი საპრეზიდენტო ტახტზე... ბიძინა ივანიშვილი „ახალ მემარჯვენეებსაც“ და ლეიბორისტებსაც ხელისუფლებასთან შეკრულ ძალად განიხილავს...
– ლეიბორისტებმა მართლაც ბევრი რამ გააკეთეს ოპოზიციურ ბრძოლაში და მე უსათუოდ აღვნიშნავ, რომ პატივს ვცემ მათ და რაღა თქმა უნდა, ბატონ შალვა ნათელაშვილს! მე არასდროს შემპარვია ეჭვი და არც ახლა მეპარება ეჭვი, იმ გულწრფელ ბრძოლაში, რომელსაც დავით გამყრელიძე და ეს მოძრაობა აწარმოებს! „ახალმა მემარჯვენეებმა“ ძალიან დიდი ბრძოლები გაიარეს და მგონი, არავის მოუტრიალდება ენა, რომ სააკაშვილის რეჟიმთან „შეკვრა“ დააბრალოს! თუმცა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით „მემარჯვენეების“ მიერ გადადგმულ ნაბიჯს საზოგადოების დიდი ნაწილი შეცდომად თვლიდა. მეც ვთვლი, რომ ეს შეცდომა იყო! მაგრამ კატეგორიულად არ ვეთანხმები მათ, ვინც აცხადებს, თითქოს „მემარჯვენეებმა“ ღირსება გაყიდეს და სანაცვლოდ, ხელისუფლებისგან რაღაცას იღებენ! მე ისინი ზნეობრივ ადამიანებად მიმაჩნია. ფიქრია ჩიხრაძე კეთილსინდისიერებისა და ზნეობის ეტალონად მიმაჩნია საქართველოში და ამასაც ხმამაღლა გიცხადებთ! შორს ვარ იმ აზრისგანაც კი, რომ დავით გამყრელიძე, შესაძლოა, როდისმე სააკაშვილის სატელიტად იქცეს! მხოლოდ თეთრი და შავი ფერები არ არსებობს ჩვენს რეალობაში და ცალსახად რამის მტკიცებას ნურავინ დაიწყებს... ახლა კოალიციაში შემავალ სუბიექტებსაც აკრიტიკებს ბევრი, მე კი ჩემეული შეფასებები მაქვს მათ მიმართ და გეტყვით... არაერთხელ მითქვამს და თქვენთანაც გავიმეორებ: ირაკლი ალასანიაც და მისი გუნდის წევრებიც ძალიან სერიოზულ პოლიტიკოსებად მიმაჩნია! დარწმუნებული ვარ, ისინი სერიოზულ როლს შეასრულებენ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში.
– ბევრი გიგა ბოკერიასთან ლამის კულუარულ შეხვედრებს უთვლის ნაკლად ირაკლი ალასანიას...
– ნუ დაგავიწყდებათ, რომ ზვიად გამსახურდიაც კი, რომლის უკომპრომისობაშიც არავის ეპარება ეჭვი, ეროვნული მოძრაობის წლებში საკმაოდ აქტიურად ხვდებოდა კომუნისტური ხელისუფლების წარმომადგენლებს! სხვათაშორის, რესპუბლიკელთა მიერ სხვადასხვა დროს გამოთქმულ მოსაზრებებსა და პოზიციებს არ ვეთანხმებოდი და დიახ – არც ვეთანხმები, მაგრამ დღეს ერთიანი ბრძოლაა საჭირო არსებული რეჟიმის დასამაცხებლად! ჩემი აზრით, სწორედ იმ შეცდომებისა და პოზიციების გამო არ არიან რესპუბლიკელები პოპულარულები, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდი და რომელთა ჩამოთვლაც ახლა შორს წაგვიყვანს... აბსოლუტურად გახსნილად გეტყვით – ვეებერთელა პატივს ვცემ რესპუბლიკელების თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს! ძალიან კარგად ვიცნობ მას და მასზეც იმავეს თქმა შემიძლია, რაც ფიქრია ჩიხრაძეზე ვთქვი... დიახ, დავით უსუფაშვილიც პატიოსნებისა და ზნეობის ეტალონია საქართველოში!
– კოალიციაში „ფორუმის“ გაერთიანებამ ერთგვარი მუხტი შესძინა „ქართული ოცნების“ შესაძლო მოქმედებებს...
– ეს არის უაღრესად ღირსეული, მართლაც ეროვნულად მოაზროვნე ადამიანებისგან შემდგარი ერთობა. მათ ყველა ლიდერს ძალიან კარგად ვიცნობ და არც მათ ოპოზიციონერობაში მეპარება ეჭვი და არც ქვეყნის სიყვარულში! კახა შარტავას უღრმეს პატივს ვცემ და არა მხოლოდ იმის გამო, რომ ასეთი კარგი, სასახელო მამისა და ეროვნული გმირის შვილია. ჟიული ჩემი უფროსი მეგობარი და მნიშვნელოვანი ადამიანი გახლდათ. თვითონ კახას აქვს ძალიან დადებითი თვისებები, შინაგანად პატიოსანი და შეუპოვარი ადამიანია...
გუბაზსაც უდიდეს პატივს ვცემ და არა მხოლოდ მამამისის, ჩემი უფროსი მეგობრის, ლევან სანიკიძის გამო. გუბაზი ვინც არის, ყველა ვხედავთ. ძალიან დიდ პატივს ვცემ რეზო შავიშვილს. ვთვლი, რომ ეს არის მაღალი პრინციპების მქონე ადამიანი.
თუმცა, მითქვამს და კვლავ ვიტყვი: ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ გამარჯვების საწინდარი მხოლოდ ერთ შემთხვევაშია – თუ ის შეძლებს ხალხის გამაერთიანებლის ფუნქციის აღებას საკუთარ თავზე! ის, რაც წლების წინ შეძლო ბადრი პატრკაციშვილმა, დღეს ბიძინა ივანიშვილმა უნდა შეძლოს და გააერთიანოს ხალხი!
ვთვლი, რომ ნინო ბურჯანაძეც და სახალხო კრებაში მასთან ერთად მყოფი ადამიანებიც ძალიან სერიოზულ ძალას წარმოადგენენ. მართლაც პატივსაცემი ადამიანები არიან ამ გუნდში გაერთიანებულნი და ვთვლი, რომ ეს სწორედ ის ძალაა, რომელსაც მორალური უფლება აქვს, იყოს მებრძოლთა შორის...
ერთიც არის: ხელისუფლების არაადეკვატურობა, ვშიშობ, იმ ზომამდე მიიყვანს საზოგადოებას, რომ ხალხი ქუჩაში გამოვა!
– ლევან გაჩეჩილაძე დღეს ჩრდილშია...
– უმადურობა იქნება ყველას მხრიდან, თუ მას და მის ძმას იმ ბრძოლასა და ამაგს დავუკარგავთ, რა ბრძოლებსაც ეწეოდნენ ბოლო წლების ქართულ რეალობაში... ლევანმაც და გიამაც თავი გადადეს და გაწირეს იმ პერიოდში! და, სხვათაშორის, ძალიან კარგი მაგალითებიც აჩვენს ერს!
– სახელისუფლებო მედიით ხშირად გვესმის თქვენი, როგორც „შევარდნაძის რეჟიმის“ წარმომადგენლის გვარი. ამას თქვენს „პრორუსულობასაც“ უმატებენ და... ამ ყველაფერს სწორედ ივანიშვილის საწინააღმდეგოდ აჟღერებენ...
– გეთანხმებით. აქ უფრო შიშზეა საუბარი. თუმცა, ერთს გეტყვით: ეს არის აბსოლუტური სისულელე! მოდით, შევარდნაძის ხელისუფლების ერთგული ხალხი ბიძინას გუნდშიც დავთვალოთ და ხელისუფლებაშიც! 2000 წელს შევარდნაძის ხელისუფლებიდან ჩემი წამოსვლა სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ სააკაშვილის ხელისუფლების უმრავლესობა ზედმეტად იყო ჩახუტებული შევარდნაძესთან! შევარდნაძემაც, ბოლო მომენტში, არჩევანი არა ჩემზე, არამედ მათზე გააკეთა და ყველას კარგად ახსოვს ეს დეტალები! ეკონომიკური ბერკეტები ამ გუნდის ხელში იყო და დიახ, მაშინდელი ეკონომიკური კრიზისიც მათი ხელშეწყობით იგეგმებოდა და ხდებოდა! რუსული ორიენტაციის ხალხიც თავისკენ მოიკითხონ! ან, თედო ჯაფარიძეს რომ რუსულ ორიენტაციას დააბრალებ...
არადა, პირადად მე და თედო ჯაფარიძე გახლდით იმ საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებლები, ვინც ბაქო–ჯეიჰანის იდეები განახორციელა. მუშა ჯგუფს ვხელმძღვანელობდი მაშინ... სწორედ ამ პროექტმა განსაზღვრა საქართველოს დასავლური ორიენტაცია და გეკითხებით – ჩვენ ვართ რუსული ორიენტაციის? ევროსტრუქტურებთან და ამერიკასთან ურთიერთობებს სწორედ მე და თედო განვაგებდით. თედო ცხრა წლის მანძილზე ელჩიც იყო აშშ–ში. ჩემი მინისტრობის დროს გახდა საქართველო ევროსაბჭოს წევრი და მაშინ ვიყავი მე რუსული ორიენტაციის? პირადად ჩემს სახელთან არის დაკავშირებული საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანა და ესენი მე მიკიჟინებენ? აღარ რცხვენიათ? თუ რუსულ ორიენტაციად მეთვლება ეს – ჩამეთვალოს! დღეს რომ რუსული კაპიტალი შემოდის ქვეყანაში და დღეს რომ ყიდიან სტრატეგიულ ობიექტებს რუსულ კომპანიებზე, ჩემი სახელმწიფო მინისტრობისა და ელჩობის დროს ამის ერთი პროცენტიც არ მომხდარა! ამას თუ მითვლიან რუსულ ორიენტაციად – ჩამითვალონ! ენერგეტიკა და მადნეული ვის ხელშია დღეს. რატომ თავად არ კითხულობენ? დღეს ქვეყნის მეხუთედ ტერიტორიაზე რომ არის განთავსებული რუსული ბაზები და თანაც, განუსაზღვრელი ვადით, არ არის ეს ხელისუფლების ბრალი? გარდა ხელისუფლების მხრიდან უგუნური მოქმედებისა, აქ, შესაძლოა, სხვა რამესთანაც გვქონდეს საქმე...შედეგებით ვიმსჯელოთ. დღეს ყველაზე მეტად პუტინს რომ აწყობს სააკაშვილის ხელისუფლება, ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება? ერთი რამის მეშინია: რუსეთს გაცილებით მეტი ინტერესები აქვს სამხრეთ საქართველოში, სამცხე–ჯავახეთში, რადგან ნატო–ს საზღვარი ისევ იქ არის! მეტსაც გეტყვით: ამ ხელისუფლების პირობებში, სამცხე–ჯავახეთი დღეს ჩვენი ქვეყნისთვის შენელებული მოქმედების ნაღმია! ეს მაშინებს ყველაზე მეტად და ღმერთმა არ ქნას, იქ კონფლიქტი გაღვივდეს...სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ რუსული ორიენტაციის ხალხი თავისთან მოიკითხონ, აგენტები კი – თავის გვერდში! დღეს ჩემი ორგანიზაციის – „აღმოსავლეთ–დასავლეთის ურთიერთობათა კვლევის საერთაშორისო ცენტრის“ ერთ–ერთი დამფუძნებელი ზბიგნევ ბჟეზინსკია, რომელსაც მართლა ვერავინ დააბრალებს პრორუსულობას და თუ ამასაც რუსულ ორიენტაციად მითვლიან – ჩამითვალონ!
– საუბრის ბოლოს, ერთსაც გკითხავთ: ბიძინა ივანიშვილი მოვა?
– ბიძინა ივანიშვილი მოსულია! ზემოთაც გითხარით: სააკაშვილი დღესაც წასულია, უბრალოდ თვითონ ვერ აცნობიერებს ამას, თორემ ის უკვე გუშინდელი დღეა!