შს მინისტრი აღშფოთებასა და მოკვლევას შორის

შს მინისტრი აღშფოთებასა და მოკვლევას შორის

ხაშურის პოლიციის რაიონულ სამმართველოში გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრმა პირველი კომენტარი გააკეთა. ვანო მერაბიშვილი მომხდარ ფაქტს აღმაშფოთებელს უწოდებს, თუმცა წინასწარი მოკვლევის საფუძველზე ასკვნის, რომ ბრალდებული ქიმერიძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მინისტრი, მსგავსი ფაქტების გამორიცხვის მიზნით, სპეციალური ბრძანებულების გამოცემასა და პოლიციის შენობაში მისული მოქალაქეების გადაადგილებისა და უსაფრთხოების მკაცრად რეგლამენტირებას აპირებს.

45 წლის სოლომონ ქიმერიძე ხაშურის პოლიციაში 27 თებერვალს გარდაიცვალა. პოლიციის განმარტებით, ბრალდებული დაკითხვის შემდეგ მესამე სართულიდან მეორეზე ჩაყვანისას კიბიდან გადავარდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, მომხდართან დაკავშირებით განცხადება ერთი კვირის დაგვიანებით - 5 მარტს გააკეთა:

„საქართველოს პოლიცია იცავს საქართველოს მოქალაქეების უფლებებს სოფლებში, ქალაქებში, ქუჩებში და, მით უმეტეს, ის უნდა დაიცვას პოლიციის შენობებში. სპეციალურად შენდება გამჭვირვალე პოლიციის შენობები, რათა იქ ყველაფერი გამჭვირვალე იყოს, თუმცა, ჩვენი წინასწარი მოკვლევით, ამ შემთხვევაში ადგილი აქვს უბედურ შემთხვევას, თუმცა ეს მაინც არის აღმაშფოთებელი ფაქტი.“

ვანო მერაბიშვილის თქმით, ამგვარი აღმაშფოთებელი ფაქტების პრევენციის მიზნით, სამინისტრომ მეტი გამჭვირვალობის დანერგვა და ახალი წესების შემოღება გადაწყვიტა. კერძოდ, იგეგმება პოლიციის შენობაში ნებისმიერი სტატუსით მისული მოქალაქის გადაადგილებისა და უსაფრთხოების დაცვის მკაცრი რეგლამენტირება, რომლის შესრულებაზეც პასუხისმგებლობა პოლიციის შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელს დაეკისრება:

„ის იქნება პასუხისმგებელი, მათ შორის, უბედური შემთხვევის თავიდან აცილებაზე და იმისთვის, რომ ამ ბრძანებულების აღსრულებაზე მონიტორინგი განვახორციელოთ, ყველგან დავაყენებთ ვიდეოკამერებს, რომლებზე კონტროლიც ჩვენს გენერალურ ინსპექციას დაევალება."

ვიდეოკამერებით, რომლის შესახებაც შინაგან საქმეთა მინისტრი ლაპარაკობდა, ხაშურის პოლიციის რაიონული სამმართველოს შენობა კარგა ხნის აღჭურვილია, თუმცა ამ გარემოებას, როგორც სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ამბობს, სოლომონ ქიმერიძის საქმეში მეტი სიცხადე არ შეუტანია:

„რეალურად, როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციაში დგას ვიდეოკამერები, ისინი არ ფუნქციონირებდა და არანაირი ჩანაწერი არ არსებობს. გარდა ამისა, პოლიციას ზოგადად აკისრია ვალდებულება პირის უსაფრთხოება უზრუნველყოს იმ მომენტიდან, როცა იგი პოლიციასთან ერთად იმყოფება. აქედან გამომდინარე, მტკიცებულების ტვირთი გადადის მთლიანად შინაგან საქმეთა ორგანოზე.”

სახალხო დამცველის მოკვლევიდან ასევე ირკვევა, რომ პოლიციის შენობაში მიყვანილ სოლომონ ქიმერიძეს არც ბრალდებულის სტატუსი ჰქონია. სწორედ ეს გარემოება მიაჩნია საყურადღებოდ პოლიციის აკადემიის ყოფილ რექტორსა და თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელს ლევან იზორიას, რომლის თქმითაც, კამერები და გამჭვირვალე შენობა ვითარებას დიდად ვერ შეცვლის.

„სამართლებრივი საფუძველიც ისეთი აქვს პოლიციელს, რომ შეუძლია თვითნებურად ნებისმიერ დროს, ე.წ. გონივრული ეჭვით, პიროვნების შეჩერება და წაყვანა პოლიციაში. შეუძლია უთხრას, რომ მას აქვს გონივრული ეჭვი, რომ ქვაბი ან სხვა რამ მოიპარე და გონივრული ვადის განმავლობაში ჰყავდეს პოლიციაში, ვიდრე ეს გონივრული ეჭვი არ გაუქარწყლდება. ამიტომ შს მინისტრის ეს განცხადება არის ძალიან დაგვიანებული, ამაზე თავიდანვე უნდა ეზრუნათ და არა ასეთი სამწუხარო შედეგის დადგომის შემდეგ“, უთხრა ლევან იზორიამ რადიო თავისუფლებას.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივის პასუხად კი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ, ადგილობრივი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, თუკი ადამიანი იმყოფება სამართალდამცავი ორგანოების ეფექტური კონტროლის ქვეშ, მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ისედაც მთლიანად პოლიციას ეკისრება, ისევე როგორც პოლიციას აწევს მტკიცების ტვირთი. თამარ ჩუგოშვილის თქმით, მოცემულ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია სრულფასოვანი გამოძიების ჩატარება და ქიმერიძის საქმესთან დაკავშირებული ყველა გარემოებისა თუ მტკიცებულების განსაჯაროება.

„საჯარო უნდა იყოს, მაგალითად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ფოტოები, ექსპერტიზის დასკვნა და სხვა ნებისმიერი მასალა. საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან მაღალია, ფაქტი ძალიან შემზარავია და იმისთვის, რომ საზოგადოებას ეჭვები გაუქრეს, აუცილებელია არა მხოლოდ პროკურატურის დასკვნითი სიტყვა, არამედ იმ მტკიცებულებათა გაცნობა, რომელსაც დაეყრდნობა პროკურატურის დასკვნა“, უთხრა თამარ ჩუგოშვილმა რადიო თავისუფლებას.