მ სიტყვებით სააკაშვილმა საკუთარ ხერხემალს – ვანო მერაბიშვილს მოწმინდა პირი, როცა პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაზე ოპოზიციამ მისი მთავრობისა და გარემოცვის კორუმპირებულობაზე მიუთითა და მაღალჩინოსანთა სახლების ფოტოებიც აუფრიალა.
რატომ ვერ აღმოაჩინა ჩვენმა ოპოზიციამ „კორუფციის დამმარცხებელი“ ჩვენი მთავრობის წევრების სამზე მეტი ფეშენებელური ვილა, გაურკვეველია. ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილმა თვალის დაუხამხამებლად განაცხადა, რომ ეს ტყუილია (გოკა გაბაშვილიც დაემოწმა) და მეტი დამაჯერებლობისთვის დაამატა: „აი, მაგალითად, ვანო მერაბიშვილი, რა გაღლეტილიც იყო, ხელისუფლებაში რომ მოვიდა, ისეთივე გაღლეტილი დარჩა“! პოლიგლოტმა სააკაშვილმა თუ უცხო ენებიც ისეთივე „სრულყოფილებით“ შეისწავლა, როგორც მშობლიური, მაშინ გასაგები ხდება, რატომ ვერ აგებინებს, მაგალითად რუსებს, რა უნდოდა და რა თქვა სინამდვილეში. სიტყვა „გაღლეტილს“ ქართველები არა სიღარიბის, არამედ ცრუპენტელობის, „გაცვეთილობის“, „ყველაფერზე წამსვლელის“ აღსანიშნავად ხმარობენ. თუმცა... იქნებ სააკაშვილს სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში, როცა მერაბიშვილზე ლაპარაკობდა? ასეა თუ ისე, „გაღლეტილობის“ თემა კვლავაც აქტუალურია: ჯერ ის გაირკვა, რომ სააკაშვილი საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ფეისბუქში „ლაიქებს“ იპარავს; საქართველოს ხედების ალბომში რომელიმე ფოტოს თუ მოიწონებთ, ეს მოწონება ავტომატურად სააკაშვილის მოწონებად ფიქსირდება. ასე და ამგვარად, საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა უკვე 72 ათასი „ლაიქი“ მიითვისა. ახლა ისიც გახდა ცნობილი, რომ იმავე ოფიციალურ გვერდზე ბოტ სისტემაა ჩართული და საათში 300 „მომწონებელი“ ფიქსირდება. ყოველწამიერად „იწონებენ“ ფეისბუქის მომხმარებლები მიშიკოს და ამ გზით 78 ათასი იუზერი გიჟდება, ისე „მოსწონს“ მიხეილ სააკაშვილი! ფორუმებში იცინიან, იცინიან, კვდებიან სიცილით: „მალე გამორთონ, თორემ საქართველოს მოსახლეობას გადააჭარბებს“! სააკაშვილი პირადად რომ „ჩალიჩობს“ ფეისბუქში, ეს არც ჩვენ გვჯერა, მაგრამ მისი გუნდიდან ვიღაცები ხომ სხედან და პრეზიდენტს, რომელიც კომპიუტერთან მაინცდამაინც ვერ მეგობრობს (ასე თავად მისი გარემოცვა ლაპარაკობს) ვირტუალურ, „საყოველთაოდ მოწონებულ“ პრეზიდენტ სააკაშვილს უხატავს! ისიც ბედნიერია და ვერ გაუგია, რას ერჩიან მას ახირებული ოპოზიციონერები და საძაგელი ჟურნალისტები? გაღლეტილები არიან, თქვენო აღმატებულებავ, ისეთივე გაღლეტილები, როგორიც თქვენს მოსვლამდე იყვნენ და თქვენი მესამედ მოსვლის შემდეგაც გაღლეტილები იქნებიან, იმ 78 ათასი თქვენი „მომწონებლისგან“ განსხვავებით, რომლებიც საკუთარ თავს და თქვენ დაგხარიან! |