ზუსტად არავინ იცის, ვისი პოლიტიკური მეგობარია ზურაბ ადეიშვილი! მითქმა-მოთქმა მისი პერსონის ირგვლივ დროდადრო იცვლება ხოლმე. ადრე იგი უგულავა-ბოკერია-რამიშვილის პოლიტიკური გუნდის წევრად მოაზრებოდა. მოგვიანებით ითქვა, რომ არჩევანი ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ გააკეთა და შს მინისტრის სახელისუფლო ფრთა გააძლიერაო. თუმცა იმასაც ამბობენ, ადეიშვილი მხოლოდ "მიშას კაცია" და უგულავასა და მერაბიშვილს კარგად აკონტროლებს, ეს ბატონები "სახელისუფლო ვნებამ" ზომაზე მეტად რომ არ გაიტაცოსო. "Pirweli"
ასეა თუ ისე, რეალურად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც და ფინანსთა მინისტრიც ზურაბ ადეიშვილია. საბიუჯეტო გარღვევებისა და დანაკლისის დროს, სწორედ ზურაბ აიდეიშვილმა იცის ყველაზე კარგად, ფული საიდან და როგორ უნდა ამოიღოს. შესაბამისად, საქართველოს მთავარ პროკურატურაში "დასაჭერ" პირთა სია ჩნდება და მუშაობაც იწყება, რაც ბიუჯეტის შევსებით სრულდება! ზურაბ ადეიშვილის პირადი გადაწყვეტილებით ხდება დანაშაულში ეჭვმიტანილი პირებისა თუ ბრალდებულებისთვის საპროცესო გარიგების გაფორმება. გადასახდელი თანხის ოდენობასაც სწორედ ის აწესებს. იუსტიციის მინისტრი განსაკუთრებით მკაცრია პოლიტიკური ოპონენტებისა და “რეჟიმისადმი საშიში” პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ. მისი გადაწყვეტილებების მიხედვით, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები, ჩადენილი მძიმე დანაშაულის მიუხედავად, აუცილებლად თავისუფლდებიან პატიმრობიდან, ხოლო პოლიტიკური ოპონენტები და მათი ოჯახის წევრები, დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, უმკაცრესი განაჩენით ისჯებიან და რეჟიმის მძევლებად რჩებიან. ვერაფერს იზამ, ეს ის შერჩევითი სამართალია, რომელზეც სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი ჯერჯერობით, მყარად დგას! რამდენად კარგად ახერხებს ზურაბ ადეიშვილი ქონების დაგროვებას, ამაზე საუბარი მისი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შეუძლებელია. სამაგიეროდ, მან იცის ყველაზე კარგად, რომელი ოჯახი რა ქონებას ფლობს, "რით და როგორ სუნთქავს". ვინ რამდენი უნდა გაიღოს "რევოლუციური ხელისუფლების" ქვეყნის სათავეში კიდევ დიდხანს ყოფნისთვის. როგორ უნდა გააკონტროლოს ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები, რომ პოლიტიკური გემოვნება არ შეეცვალოთ და მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" იყოს მათი “შთაგონების წყარო", რათა, რაც შეიძლება, მეტი თანხა გაიღონ მმართველი ელიტის კეთილდღეობისთვის. მოკლედ, "პირWელი" ზურაბ ადეიშვილის ქონებრივ დეკლარაციას გთავაზობთ: 2008-2010 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე სახელფასო ანაზღაურების სახით 127 810 ლარი აიღო. როგორც "პირWელის" მიერ ადეიშვილის 2009, 2010 და 2011 წლების ფინანსური დეკლარაციის შედარებისას აღმოჩნდა, იუსტიციის მინისტრმა 2008 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, აღნიშნულ თანამდებობაზე ხელფასის სახით - 42 850 ლარი აიღო, 2009 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 42 480 ლარი. ამდენივე გამოიმუშავა 2010 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრამდე. ამასთან, დეკლარაციის ერთ-ერთი გრაფა "თქვენი, თქვენი ოჯახის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფული, რომლის ოდენობა 4000 ლარს აღემატება", 2011 წლის დოკუმენტში ცარიელია, მაგრამ 2009 წლის დეკლარაციის მიხედვით, ადეიშვილს ნაღდი ფულის სახით – 11 ათასი აშშ დოლარი, ხოლო 2010 წელს 6 ათასი აშშ დოლარი ჰქონდა. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, 2009 წელს ადეიშვილს მიმდინარე ანგარიში "საქართველოს ბანკში" ჰქონდა გახსნილი და მასზე 10 900 ლარი ერიცხებოდა, ბანკ “რესპუბლიკაში” გახსნილ ანალოგიურ ანგარიშზე კი - ნული თანხა. მოცემულ პერიოდში მიმდინარე ანგარიში ადეიშვილის მეუღლეს მაია მესხიშვილს "ბაზის ბანკში" ჰქონდა გახსნილი და ანგარიშზე 7 423 ლარი ერიცხებოდა. უკვე 2010 წლის დეკლარაციის თანახმად, ადეიშვილის "საქართველოს ბანკში" გახსნილ სახელფასო ანგარიშზე ნაშთის სახით (დებეტი ან კრედიტი) 65 555. 87 ლარი ფიქსირდება, ხოლო მისი მეუღლის "ბაზის ბანკში" არსებულ სახელფასო ანგარიშზე - 0 ლარი. რაც შეეხება 2011 წლის ფინანსურ დეკლარაციას, იუსტიციის მინისტრს "საქართველოს ბანკის" სახელფასო ანგარიშზე ბევრად ნაკლები - 11 719.04 ლარი ჰქონდა, მაია მესხიშვილს კი "თიბისი ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 642.42 უფიქსირდება. ადეიშვილების უძრავ ქონებას რაც შეეხება, თუ დეკლარაციებს ვენდობით, როგორც 2009, ისე 2010 და 2011 წლებში სააკაშვილის ერთ-ერთ გაღლეტილ მინისტრს მხოლოდ ერთი ბინა გააჩნია, რომელიც თბილისში, ცაგერის #3-ში მდებარე და სულ 80 კვ.მეტრია. რაც შეეხება მოძრავ ქონებას, (თითოეულის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშების, ნაღდი ფულადი თანხის გარდა) დეკლარაციის შესაბამისი გრაფა როგორც 2009 და 2010, ისე 2011 წელსაც ცარიელია. აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის მიხედვით, ადეიშვილის მეუღლე ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში იურიდიული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობდა, სადაც ხელფასის სახით 2008 წელს - 37 431 ლარი აიღო, 2009 წელს - 35 193.63 ლარი, ხოლო 2010 წელს კი - 26 211. 43 ლარი გამოიმუშავა. ამასთან, 2009-2011 წლების დეკლარაციის მიხედვით, ადეიშვილის ოჯახის არც ერთი წევრი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სამეწარმეო საქმიანობას არ ეწეოდა. ამასთან, არც იუსტიციის მინისტრს და არც მისი ოჯახის არც ერთ წევრს 2009-2011 წლების განმავლობაში ფასიანი ქაღალდები არ გააჩნდა. დეკლარაციას თუ ვენდობით, 2008 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ასევე 2009 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით და 2010 წლის ანალოგიურ პერიოდში ადეიშვილებს 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქარი არ აუღიათ. ასევე დეკლარაციის ერთ-ერთი გრაფაში ("თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი ან გასავალი, რომლის ოდენობა თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1500 ლარს და არ არის მითითებული ამ დეკლარაციის სხვა ფურცლებზე") 2009 წლის ფინანსურ დოკუმენტის მიხედვით წერია, რომ იმ წელს ადეიშვილს მკურნალობისთვის 6 ათასი აშშ დოლარის ხარჯის გაწევა მოუწია. ასევე 2010 წლის დეკლარაციის მიხედვით, ზურაბ ადეიშვილის სამკურნალო ხარჯებმა - 6 ათასი აშშ დოლარი, ხოლო მისი მეუღლის სამკურნალო ხარჯებმა - 3 500 აშშ დოლარი შეადგინა, სხვა დეტალები დოკუმენტში ასახული არ არის. 2011 წლის ფინანსური დეკლარაციის შესაბამისი გრაფა ცარიელია. ცნობისთვის, ზურაბ ადეიშვილის ოჯახი მეუღლის - მაია მესხიშვილის და შვილების - გიორგი, მარიამ და ნიკოლოზ ადეიშვილებისგან შედგება. რაც შეეხება ადეიშვილის არადეკლარირებულ ქონებას - იმის მიუხედავად, რომ ადეიშვილების ოჯახი დეკლარაციაში მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს, "პირWელმა" მათი სასახლეების შესახებ ინფორმაცია ვერ მოიპოვა. ვერც მისი "ბათქაშჩამონგრეული" სახლის ფოტოების მოპოვება შევძელით ამ დრომდე. თუმცა როგორც ამბობენ, კახეთის რეგიონში ადეიშვილის უკითხავად "ჩიტიც ვერ დაფრინავს" და კახელების პოლიტიკურ გემოვნებასაც მკაცრად აკონტროლებს. "გონივრული ეჭვი" ზურაბ ადეიშვილის მიმართაც არსებობს. ხალხს, მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, არ სჯერა, რომ ზურაბ ადეიშვილი გაღლეტილი ჩინოვნიკია. მისი "მადა" გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის "მადას" არ ჩამოუვარდება. როგორც ამბობენ, იგი აკონტროლებს ტურიზმის ბიზნესს და რამდენიმე საკვები პროდუქტის იმპორტს, მათ შორის შაქრისა და კარაქის იმპორტს. მისი ინტერესებია აღმოჩენილი ფქვილის ბიზნესშიც. გარდა ამისა, სწორედ ზურაბ ადეიშვილი აკონტროლებს საკუთარი ძმის ხელით კომპანია "სილქნეტს". საერთოO ბიზნესები აქვს დედაქალაქის მერთან, გიგი უგულავასთან, მათ შორის სამშენებლო სფეროში. |