ივანიშვილის ნათესავებს სამსახურებიდან უშვებენ

ივანიშვილის ნათესავებს სამსახურებიდან უშვებენ

სამტრედიის მე-3 საჯარო სკოლის 4 მასწავლებელს სამსახურიდან ხსნიან. მათ 2 მარტს დაურიგდათ ოფიციალური გაფრთხილებები, რომ 7 მარტს შეუწყდებათ შრომითი ხელშეკრულება. ამ მასწავლებლებიდან 2 "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავია.

ერთ-ერთი მასწავლებელი - ნანა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლების ინიციატორი სამტრედიის გამგებელი კობა კანდელაკია. "მთელი კვირა" ვითარებაში გასარკვევად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად სამტრედიის მე-3 საჯარო სკოლის დირექტორ ნანა ჩომახიძეს დაუკავშირდა, თუმცა ჩვენი სატელეფონო საუბარი მოულოდნელად შეწყდა, რის შემდეგაც ჩომახიძე ჩვენს ზარს აღარ პასუხობდა.

ასევე ვცადეთ სამტრედიის გამგებელ კობა კანდელაკთან დაკავშირება და მისი პოზიციის დაფიქსირება, თუმცა, სამწუხაროდ, ესეც შეუძლებელი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ სამტრედიის მე-3 სკოლაში სწავლობდნენ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე და ცნობილი ფეხბურთელი კახა კალაძე.

ერთ-ერთი მასწავლებელი, რომელმაც 7 მარტს უნდა დატოვოს სამსახური - ნანა ივანიშვილი - აცხადებს, რომ მისი გათავისუფლების ერთადერთი მიზეზი ბიძინა ივანიშვილთან ნათესაობა გახდა - იგი "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძაშვილია.

"ჩვენი რეპრესიებიც ბიძინას განცხადების შემდეგ დაიწყო", - აცხადებს ნანა ივანიშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას.

ნანა ივანიშვილი: სამტრედიის მე-3 საჯარო სკოლა დაამთავრეს ეკატერინე ხვედელიძემ 1989 წელს და კახა კალაძემ. 1997 წლიდან მე ვმუშაობ ამ სკოლაში. ბიძინა ივანიშვილის ღვიძლი ბიძაშვილი ვარ. ბიძინას ერთადერთი ბიძა მამაჩემია, რომელიც სამტრედიაში ცხოვრობს და ჩვენც, რამდენიმე ოჯახი აქ ვცხოვრობთ.

ამ სკოლას 2000 წლის დეკემბრიდან აფინანსებდა საქველმოქმედო ფონდი "ქართუ", რომლის თანხებიც სკოლის რეაბილიტაციას მოხმარდა. მილიონ 625 ათასი ლარი არის დახარჯული. სკოლა საშინელ მდგომარეობაში იყო, წყალი ჩამოდიოდა. ყველაფერი გამოიცვალა. პარალელურად მასწავლებლებსაც ეძლეოდათ შემწეობა. შესაბამისად, ბევრი ეკას (ხვედელიძის) მასწავლებელია ამ სკოლაში და იციან, რომ მასწავლებლები მათი წინააღმდეგი არ იქნებიან.

ამის გამო ჩვენი სკოლა მაშინვე მოხვდა მათი თვალთახედვის ქვეშ. როგორც კი ბიძინამ განცხადება გააკეთა - 7 ოქტომბერს, მე დამირეკა ერთმა პიროვნებამ და მკითხა, რას ვაპირებდი. მაშინვე მივხვდი, რომ მოგზავნილი იყო და ჩემი აზრი აინტერესებდა. რეალურად ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი.

პოლიტიკიდან ძალიან შორს ვდგავარ, სკოლაში რაც წავედი და შვილებს ვზრდი, პოლიტიკა არ მაინტერესებდა. ერთხელ ვიყავი კომუნისტური პარტიის წევრი და მანდატი რომ ჩავაბარე, მის მერე ასპარეზზე არ გამოვჩენილვარ. მით უმეტეს, ახლა საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკა.

ბიძინას ბიძაშვილი რომ ვარ, ყველა მაწუხებდა, მთხოვდნენ შეხვედრას. მე თვითონ რა უნდა შემძლებოდა? ბიძინა 2009 წლის მერე არ მინახავს და როგორ დავეხმარებოდი ამ ხალხს? შემდგომ ჩემი ძმის ცოლს, ვენერა ოდილავაძე-ივანიშვილს (ჩვენს სკოლაში დირექტორის მოადგილე იყო 9 თებერვლამდე) დაურეკეს. უფრო სწორად, ერთ მასწავლებელს დაარეკინეს - თქვენთან შტაბი შექმნილა და ჩვენც გვინდა გაწევრიანება მაგ შტაბშიო. "რა შტაბი? არავითარი შტაბი არ არის ჩვენთან შექმნილიო", - გაუკვირდა ვენერას. ანუ, დაადგინეს ჩვენი აზრები.

ამის შემდგომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვენერას გამოუგზავნა მესიჯი - როდის არის თქვენი დაბადების დღე, უნდა მოგილოცოთო. ასეთი ნიუანსებით დაიწყეს თავიდან. შემდეგ უკვე დირექტორთან გადავიდნენ შეტევაზე - მარინე გედენიძესთან, რომელიც 6 თებერვალს გაათავისუფლეს. მარინე "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგი არასოდეს არ ყოფილა, პირიქით, ძალიან ერთგულად მსახურობდა. მას სთხოვეს ივანიშვილების გათავისუფლება, მაგრამ მორალურად როგორ უნდა გავეთავისუფლებინეთ.

მე მაშინვე ვუთხარი - ქალბატონო მარინე, მე არ შეგიქმნით პრობლემას, დავწერ განცხადებას და წავალ სკოლიდან-მეთქი. ორ ცეცხლს შუა იყო, რა უნდა ექნა, არ იცოდა, რადგან დავალება ვერ შეასრულა, გენინსპექცია გამოუგზავნეს. გენინსპექციამ მიზანმიმართულად შეამოწმა სკოლა და 15 გვერდიანი იწილო-ბიწილო დასკვნა დადო. ამის შემდეგ გაათავისუფლეს მარინე გედენიძე.

"მთელი კვირა": ვენერა ივანიშვილი დანიშნეს სკოლის დირექტორად?
ნ.ი: არა, ზაფხულში ვენერა ივანიშვილმა მიიღო მონაწილეობა დირექტორების შესარჩევ კონკურსში და რაიონიდან მხოლოდ ორმა გაიმარჯვა, ერთი ვენერა ივანიშვილია და ერთიც - ფხაკაძე. ასეთი ბრძანება არსებობს განათლების სამინისტროში, თუ დირექტორს რამე მოუვა, მაშინ მის მოვალეობას მოადგილე ასრულებს და ეს მოვალეობა ვენერა ივანიშვილს უნდა შეესრულებინა, მაგრამ, როგორც კი მარინე გედენიძე გაათავისუფლეს 6 თებერვალს, იმავე დღეს დანიშნეს ნაბაკევის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნანა ჩომახიძე.

მოვიდა თუ არა ნანა ჩომახიძე, 9 თებერვალს ვენერას ჩააბარა განცხადება. მერე სხვა მასწავლებლების რეპრესიები დაიწყო. გამგებელი კობა კანდელაკიც კი დაჟინებით მოითხოვდა (თათბირზე ვინც ესწრებოდა, იმათ გვითხრეს), რომ ივანიშვილები სასწრაფოდ გაყარეთ სკოლიდან და კიდევ ოთხი მასწავლებელიო.

"მ.კ.": თქვენს გათავისუფლებასთან კობა კანდელაკს აქვს კავშირი?
ნ.ი: რა თქმა უნდა, მისი ბრძანებით გაგვათავისუფლეს. კლასის დამრიგებელი ვარ და 2 მარტს ღონისძიება მქონდა, რომელსაც დირექტორიც ესწრებოდა და რესურსცენტრის ხელმძღვანელიც. ღონისძიების შემდეგ 2 საათში თვითონ მითხრეს, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ზემოდან გვავალებენ თქვენს გათავისუფლებასო - უშიშროებაზე მიმანიშნეს და კანდელაკზე, რომელიც უშიშროებასთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ისინი გვაიძულებენ, რომ თქვენ გაგიშვათ სკოლიდანო.

სკოლიდან ჩვეულებრივად წამოვედით. ცოტა ხანში, 5-ის ნახევარზე უკან მიგვაბრუნეს. პირველად გაფრთხილება გეოგრაფიის მასწავლებელს, მარინა ნადირაძეს ჩააბარეს, რომელსაც არავითარი ნათესაური კავშირი არ აქვს ბიძინა ივანიშვილთან. მე-3 საჯარო სკოლის ყოფილი სასწავლო ნაწილია. განცხადება ბრძანების სტილშია დაწერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ხელშეკრულება 7 მარტიდან შეგიწყდებათო.

"მ.კ.": რა წერია ამ ბრძანებაში, მიზეზი არ არის ახსნილი, სკოლიდან რატომ ათავისუფელბენ?
ნ.ი: არაფერი არ წერია, მხოლოდ ის, რომ "7 მარტიდან მოიშლება თქვენთან შრომითი ხელშეკრულება და შრომის კოდექსის 38-ე მუხლის შესაბამისად აგინაზღაურდებათ ერთი თვის ხელფასი". 38-ე მუხლში წერია, რომ გადაწყვეტილება, თუ გვათავისუფლებენ სამსახურიდან, 30 დღით ადრე უნდა მოგვცენ და არა 5 დღით ადრე.

მე, ნანა ივანიშვილი ვარ სამეურვეო საბჭოს წევრი, მეც იგივე ბრძანება მომცეს. თვითონ მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ ვარღვევ კანონს, შრომის კანონსაც და მით უმეტეს განათლების შესახებ კანონს, სადაც წერია, რომ ნანას გათავისუფლება არ შეიძლება, არჩეული სამეურვეო საბჭოს წევრია. საბჭოს წევრთა ორმა მესამედმა თუ მიცა ხმა გათავისუფლების ბრძანებას, მხოლოდ ამ შემთხევაში შეიძლება გათავისუფლებაო. თვითონვე აღნიშნა, რომ თქვენზე ძალიან მწყდება გული, მაგრამ მე აქ იმიტომ დამნიშნეს, რომ ეს გავაკეთოო.

"მ.კ.": ეს ნანა ჩომახიძემ გითხრათ?

ნ.ი: დიახ, ნანა ჩომახიძემ მითხრა - ალბათ, მერე მეც გამიშვებენ, ამ საქმეს რომ გამაკეთებინებენო. არ ვიცი, მსახიობობდა თუ არა, მაგრამ ჩემზე უარეს დღეში იყო. მე ძალიან მშვიდად შევხვდი ამას. დაუსრულებელ წამებას დასრულებული განაჩენი მირჩევნია.

ასევე გათავისუფლების ბრძანება ჩააბარეს ვენერა ოდილავაძე-ივანიშვილს, ყოფილ დირექტორს და ყოფილ სასწავლო ნაწილსაც, სერტიფიცირებულ დირექტორს, რომელსაც 7 წელი აქვს უფლება, რომ სკოლის დირექტორად იმუშაოს. მაგრამ თავისივე კანონს და თავისივე სერტიფიცირებას არღვევენ. ასევე ლელა ხურცილავას, ახალგაზრდა, ბავშვებისთვის ძალიან საყვარელ ლიტერატურისა და ხელოვნების მასწავლებელს.

"მ.კ.": თქვით, რომ 7 ოქტომბრიდან დაიწყო ზარები თქვენს ტელეფონზე...
ნ.ი: დიახ, მონიშვნები დაიწყო, მოგვსინჯეს ჩვენ რას ვაპირებდით. ჩემმა ბიძაშვილმა რაღაც განცხადება გააკეთა, მე რა შუაში ვიყავი?! - ჩვეულებრივი, რიგითი მასწავლებელი. მაშინ ვერ დაამტკიცეს ვერაფერი. მერე მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით ხელმოწერები შეგროვდა რაიონში და მეც მოვაწერე ხელი. ჩვენზე ახლა ავრცელებენ ჭორებს, რომ თითქოს ჩვენ ბავშვებს დავარბენინებდით რაიონის მასშტაბით და ვაგროვებინებდით ხელმოწერებს, რაც არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს.

"მ.კ.": ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციებს?
ნ.ი: კობა კანდელაკი, რაიონის გამგებელი, რომელიც ჩემი ყოფილი მოსწავლეა, კულაშის სკოლაში ვასწავლიდი, მთელი მისი კლასი მახსოვს, მაგრამ ეს ბიჭი არ მახსოვს. 

ჩემი ყოფილი მოსწავლეები და მოსწავლეთა მშობლები, რომლებიც გამგეობაში მუშაობენ, შეეცადნენ, დავეკავშირებინე, მაგრამ შემომითვალა, ძალიან დაკავებული ვარ, სოფლებში დავდივარო, გაცხარებული საარჩევნო კამპანია აქვთ. უკვე დაიწყეს იანვრიდან. ვინც ჩვენთან არ არის - ჩვენი მტერია, ამ პრინციპით მუშაობს კანდელაკი. მაცნობეს ასევე, რომ დეპუტატი ავთანდილ სტურუა ნანა ჩომახიძის სკოლაში დანიშვნის და ჩვენი დაწიოკების წინააღმდეგი იყო. ზუსტად არ ვიცი, მართალია თუ არა, მაგრამ მე და ვენერას შემოგვითვალა, რაიონში რომ ჩამოვალ, შეგხვდებითო. დანარჩენების გათავისუფლების შესახებ ჯერ არ იცის.