"ვიდრე ჩემს აზრს მოგახსენებდეთ, მანამდე ვიტყვი, რომ სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ამ ფაქტს ძალიან მკაცრი შეფასება მისცა და ზუსტი დეტალები გამოკვეთა: ქიმერიძე პოლიციაში იმყოფებოდა კანონის დარღვევით, ის არ იყო ბრალდებული, არც მისი დაკითხვის უფლება ჰქონდათ და არც მოწმის სტატუსი ჰქონდა, ამდენად, მისი დაკავება გახლდათ უკანონო. პოლიციელების თქმით, ქიმერიძე მესამე სართულიდან ჩამოჰყავდათ მეორე სართულზე, რა დროსაც იგი კიბიდან გადავარდა. პოლიციის გამჭვირვალე შენობაში, პოლიციელებით სავსე შენობაში, ვერავინ დაინახა, როგორ მოხდა ქიმერიძის გადავარდნა. სახალხო დამცველის შეფასებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების თანახმად, ამ დროს სახელმწიფოს ეკისრება ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა", - აცხადებს ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სოზარ სუბარი: სოსო ქიმერიძე იყო აქტიური ოპოზიციონერი, რომელიც პირდაპირ გამოხატავდა თავის უარყოფით დამოკიდებულებას არსებული რეჟიმის მიმართ, ამიტომ მოინდომეს მისი დაშინება და გაჩუმება!
"სამედიცინო დათვალიერება ჩაატარა ბრწყინვალე სპეციალისტმა, ბატონმა ალეკო გეჯაძემ და გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. გარდაცვლილს აქვს დაზიანებები, რაც ვერ გაჩნდებოდა თავისუფალი ვარდნის რეჟიმში თუ სადმე კიბეებზე არ დაეცა - იქ ისეთი სტრუქტურაა, რომ კიბეზე ვერ დაეცემოდა - თუ გადავარდა, პირდაპირ ძირს დაეცემოდა. ქიმერიძეს გახეთქილი აქვს წარბი, გატეხილი აქვს ცხვირი და მოტეხილი აქვს ფეხი. დავუშვათ, ფეხი მოტყდა, თუ ეს ადამიანი ფეხზე დაეცა, ხოლო წაქცევისას დაარტყა შუბლი, ამ შემთხვევაში ცხვირი ვერ გაუსკდებოდა, ხოლო თუ ცხვირით დაეცა, მაშინ წარბი არ უნდა იყოს გახეთქილი. ეს ძალიან სერიოზულ ეჭვს ბადებს,. კერძოდ: სავარაუდოდ, ვიღაცამ მას ხელი დაარტყა ცხვირში ან წარბში, რასაც მოჰყვა ქიმერიძის გადავარდნა. გადავარდნილი რომ არის, ამაში ეწვი არ შემეპარა. ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, თუ საქმეში ვინმე არ არის გარეული - ანუ ადამიანი, რომელმაც ხელი ჰკრა, უბიძგა ან დაარტყა. უამრავი დეტალი და გარემოებაა, რომელიც გვაჩვენებს, რომ საქმე გვაქვს სერიოზულ დანაშაულთან", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოზარ სუბარი და შეკითხვას - "ესე იგი, პოლიციის შენობებში ადამიანის გადმოხტომის თუ გადმოგდების ხანა დაბრუნდა?" - პასუხობს: "ნაციონალებს უყვართ შევარდნაძის პერიოდის გახსენება, როცა პოლიციის შენობიდან ხალხი ცვიოდა. ერთ-ერთი ასეთი იყო თემურ მიქია. ქიმერიძისგან განსხვავებით, მიქიას საქმეში იყო ბევრად უკეთ იყო დასაბუთებული, რომ ეს ადამიანი მართლა გადმოხტა. მტკიცებულებები კარგად იყო მოგროვებული, მაგრამ თემურის დედამ, ქალბატონმა ლამზირამ რკინის ქალამნები ჩაიცვა და იმდენი იარა, ვიდრე არ დაამტკიცა, რომ მისი შვილი მოკლული და ნაწამები იყო, დიახ, ქალბატონმა ლამზირამ პროკურატურის მოგროვებული მტკიცებულებები თავზე დაახია ყველას. ოცამდე კაცის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა და ბევრი გაუშვა ციხეში". "მარტო ქვიშხეთში კი არა, საქართველოში ისევ 37 წელია! განსხვავება ისაა, რომ მაშინ იყო "ტრიოიკები", რომლებსაც შეეძლოთ ადამიანის დახვრეტა. მიშას არ ჰყავს "ტროიკები", მაგრამ მის როლს ასრულებენ ის დამსჯელები, რომლებსაც ჯერ ქუჩაში ხვრეტდნენ ადამიანებს, ახლა კი დახვრეტებმა პოლიციის შენობებში გადაინაცვლა. დაშინება ხდება საშინელი მეთოდებით, დაშინება ხდება ძალიან მაღალი სასჯელით. იქ რამდენიმე ადამიანმა პირდაპირ გვითხრა, რომ მათ აქვთ პირობითი სასჯელი და ხმის ამოღების შემთხვევაში პირობითი სასჯელი გახდება რეალური. მცირე მიზეზიც კი საკმარისია, რომ ისინი ციხეში გამოამწყვდიონ. ნათესავები, ახლობლები, მეზობლები შველას გვთხოვდნენ. საჯაროდ ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ, რადგან იქ იყო 2-3 კაცი, რომელიც ყველას ატერორებდა ", განაგრძობს რესპონდენტი. "სოსო ქიმერიძე ოყო აქტიური ოპოზიციონერი, რომელიმე პარტიაში არ ყოფილა, მაგრამ თავშეყრის ადგილებში პირდაპირ გამოხატავდა თავის მკვეთრად უარყოფით განწყობას. როგორც ჩანს, მოინდომეს მისი დაშინება და გაჩუმება, ამიტომ წაიყვანეს განყოფილებაში, მიზეზად კი ის მოსდეს, რომ თითქოს ვიღაცამ დაკარგვა ალუმინის ქვაბი. შს სამინისტრომ ცილისმწამებლურ განცხადებაში გაავრცელა, თითქოს ის იყო ბრალდებული, არადა ქიმერიძე ბრალდებული არ ყოფილა! ადრე ნასამართლეობას ვანოს უწყებამ საგანგებოდ გაუსვა ხაზი, რაც ძალზე დემაგოგიური და უსინდისო განცხადებაა. ამით შეეცადნენ შეექმნათ აზრი, რომ ის იყო რეციდივისტი. სინამდვილეში კი შემდეგ რაზე გახლდათ ნასამართლევი: სოფელ ქვიშხეთში კომუნისტების დროს არსებული პიონერთა ბანაკი დაინგრა, ვიღაცამ ღობე წაიღო, ვიღაცამ აგური, ვიღაცამ სახურავი და ა.შ. ქიმერიძემაც წაიღო რკინის რამდენიმე ნაჭერი და ჯართში ჩააბარა - ეს გახლდათ მთელი მისი რეციდივისტობა... სოსო ქიმერიძეს მთელ სოფელში პატიოსანი ადამიანის სახელით იცნობდნენ, მაგრამ ვანოს უწყების მიზანია, ყველა ეჭვმიტანილი იყოს დანაშაულში, რათა მას არ ჰქონდეს ავტორიტეტი და საზოგადოებამ უნდობლად შეხედოს", - მიიჩნევს სოზარ სუბარი. "ოჯახი არის შოკში, მაგრამ სოფლის მიკვირს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ასეთ შეშინებულ ხალხს თუ ვნახავდი. ალბათ, სოსოს დაშინებაც სურდათ, ის კი არ შეეპუა და შედეგიც სახეზეა. ესენი არიან ბილშევიკები - ბოლშევიზმი იდგა შიშზე. ამ რეჟიმის დღეები დათვლილია. ესენი ვეღარ იარსებებენ. სააკაშვილი არის მხდალი. ეგ ბაღათურიას გაექცა და ხალხს დაუდგება? არასრულწლოვანი ალექსიძის საქმე სასამართლოშია. თავისი განცხადებით სააკაშვილმა ზეწოლა მოახდინა სასამართლოზე, რომ 15 წლის მოზარდი გამოაცხადონ დამნაშავედ და ჩასვან ციხეში. სააკაშვილის მხრიდან ესაა სერიოზული დარღვევა და იმის ხაზგასმა, რომ მიშას ადამიანი ფეხებზე ჰკიდია ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ეს წარმოჩინდა არა მხოლოდ ალექსიძის, არამედ თანაგუნდელებთან დაკავშირებითაც, რომლებსაც გაღლეტილები უწოდა. ის ვერ უძლებს კრიტიკას, ამიტომ დაემუქრა ბაღათურიას გვერდების დაზელვით. სამარცხვიოა, სამარცხვინო! ქიმერიძე არის რეჟიმის მორიგი მსხვერპლი და პასუხი უნდა აგოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც მონაწილეობას იღებდა მის უკანონო დაკავებაში, ცემში, წამებასა და დანაშაულის დამალვაში!", - დასძენს სოზარ სუბარი. |