გარდატეხის დასაწყისი

გარდატეხის დასაწყისი

21 აპრილს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება. საზოგადოების მხრიდან, რომელიც ახალი პოლიტიკური ცენტრისგან მეტ აქტიურობას მოითხოვს, დიდია მოლოდინი, უფრო კონკრეტული ინფორმაცია მიიღოს იმ პოლიტიკური კოალიციისგან, რომელიც ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადება.

თუმცა, ყრილობამდე რამდენიმე დღით ადრე, როდესაც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა მშობლიურ რაიონში, საჩხერეში „ქართული ოცნების“ ოფისი გახსნა, თავის გამოსვლაში შედარებით მეტი კონკრეტიკა შეიტანა. შეიმჩნეოდა შედარებით მკაცრი, აგრესიული ტონიც და დაპირებებიც.

პიარ-კომპანია „ჯეპრას“ ხელმძღვანელი, სოსო გალუმაშვილი ამბობს, რომ ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილმა აქტიური საარჩევნო კამპანია თავისი მშობლიური კუთხიდან დაიწყო.

„მან შექმნა შექმნა მინიმოდელი, როგორ აპირებს საქართველოს სხვა რეგიონებში შეხვედრების მოწყობას, რა ტიპის ტექსტებით გამოვა. თავის მშობლიურ რაიონში „გატესტა“ ის წინასაარჩევნო გზავნილები, ტონი, ტონალობა და რეაქციები, რომელიც მის გამოსვლას მოჰყვებოდა. ის თავის მშობლიურ რაიონში ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს, იმიტომ, რომ 9 წელი აქ გაატარა და ვნახეთ კიდეც, რომ ფეხბურთის მატჩზე როდესაც ჩაიარა, მისალმებისას თითქმის ყველა ადამიანი მას პირადად იცნობს. ამიტომ, ყველაფერზე, რა კითხვებიც შეიძლებოდა დასმულიყო, თავის გამოსვლაში წინასწარვე გასცა პასუხი“, - ამბობს გალუმაშვილი, თუმცა მისივე ვარაუდით, სხვა რაიონებში შეიძლება იყოს მძიმე კითხვებიც, რომელზე პასუხის გაცემაც ივანიშვილს მოუწევს.

ივანიშვილი პირობას დებს, რომ ხელისუფლებაში მისი მოსვლიდან რამდენიმე კვირაში ან რამდენიმე თვეში ქვეყანაში სამართლიანობა აღდგება. „დღეს სახელმწიფო სტრუქტურები ერთი კაცის – უზურპატორი სააკაშვილის ხელშია, ხოლო საქართველოს პარლამენტი ძალადობისაგან უნდა გათავისუფლდეს და ჩვენ ამას გავაკეთებთ“ - განაცხადა ივანიშვილმა. მან ისაუბრა იმ უკანონო პატიმრებზე, რომელთა დათრგუნვა-დაშინებასაც ხელისუფლება ცდილობს. კოალიციის ლიდერმა ასევე მიმართა პოლიციას, რომ მიხეილ სააკაშვილის უკანონო ბრძანებებს ნუ ემორჩილებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი პირობას დებს, რომ უკანონობაზე ისინი კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ ივანიშვილი უარს ამბობს ხელშეუხებლობის გარანტიებზე, რის დეკლარირებასაც ფაქტობრივად, ქვეყნის ლიდერობის ყველა კანდიდატი ახდენს ხოლმე? გვახსოვს 2007 წელს ერთიანი ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში ყოფილ ხელისუფალთ ხელშეუხებლობის გარანტიას ჰპირდებოდა და გვახსოვს პრეზიდენტი შევარდნაძე, რომელმაც ეს გარანტია მიიღო.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე იხსენებს, რომ მსგავსი რამ ივანიშვილმაც თქვა რამდენჯერმე, ოღონდ – სხვა დროს.

რამაზ საყვარელიძე: „მან თქვა, რომ ადამიანების დიდი ნაწილი არ არის დამნაშავე იმაში, რაც ცუდი ხდება ქვეყანაში. დამნაშავეები არიან ისინი, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ და პასუხისმგებლებიც ისინი უნდა იყვნენ, და არა შემსრულებლები. ვფიქრობ, ახლაც, ფორმულირებაში „ყველას მოეკითხება“ იგულისხმებოდა ის ყველა, ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებდა არა შემსრულებლები.

ის ამბობს, უკანონო ბრძანებებს ნუ შეასრულებთო. ანუ, კანონის შესრულებას კი არა, მის შეუსრულებლობას საყვედურობს პოლიციელებს. რაც შეეხება გარანტიებს, სასურველი კი არა, აუცილებელია, რომ გაიცეს გარანტიები, რადგან თუ ამხელა ძალაუფლებით შეიარაღებულ ადამიანებს კედელთან მიაყენებთ და ეტყვით, რომ ყველას მოგეკითხებათო, ისინი იძულებული იქნებიან, იბძოლონ ყველა საშუალებით, შესაძლებლობათა უკანასკნელ წვეთამდე და ამით ნებისმიერი პოლიტიკოსი მიიღებს ისეთ მდგომარეობას, რომ ამ ქვეყნიდან არაფერი აღარ დარჩება. ამიტომ ქართველებმა, უპრიანია, იფიქრონ, შურისძიება უფრო აწყობთ თუ ნორმალური ქვეყანა“.

ეს ის თემაა, რაზედაც მოგვიანებით ალბათ მართლაც ღირს მსჯელობა, მანამდე კი იმედი დავიტოვოთ, რომ „ყველას მოეკითხება“ არ იქნება იმ ფილმის სათაური, რომელიც ერთხელ უკვე გვინახავს, როდესაც სააკაშვილის სასამართლო შევარდნაძის მინისტრებისა და ბიზნესმენთა ქონებას უსწორდებოდა და მხოლოდ მათ მიმართ აღმოჩნდა ლოიალური, ვინც ფული რამდენიმე წრეზე „ჩაიტანა“.

სოსო გალუმაშვილის შეფასებით, საარჩევნო კამნპანიის ძირითადი გზავნილები ფაქტობრივად, ერთად იყო თავმოყრილი ამ გამოსვლაში. გამოიკვეთა ძირითადი თემები, რომელზეც ალბათ აიგება მთელი წინასაარჩევნო კამპანია. ეს არის სამართლიანობის თემა და ლაპარაკი იყო რეალური სასამართლოს ამოქმედებაზე, სასამართლოს გათავისუფლებაზე იმ მარწუხებისგან, რომელშიც დღეს არის მოქცეული. სამართლიანობის ქვეშ მოაზრებული იყო, ასევე, დანაშაულთან ბრძოლის სხვა მეთოდებზე გადასვლა. სამართლიანობის ქვეშ იყო მოქცეული პატიმრების მდგომარეობა. ასევე, სამართლიანობის ქვეშ იყო მოქცეული ძალადობრივ მოქმედებებზე უარის თქმა და მოწოდება, რომ პოლიციამ და სამართალდამცავმა სტრუქტურებმა არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები. საუბრობს არასამართლიანი გადაწყვეტილებების გადახედვაზეც.

„თუ ადრე კოალიციაში შემავალი პარტიებისა და წევრების ლიდერების მხრიდან ყველა განცხადება იყო ე.წ. რეაქციული, ანუ პასუხები ხელისუფლების გარკვეულ ქმედებებზე, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მოხდა კონკრეტული მოქმედებების გაცხადება“ -მიიჩნევს სოსო გალუმაშვილი.

შესაძლოა, ივანიშვილის ასეთი ტრანსფორმაცია ისევ სააკაშვილის შეცდომების დამსახურება იყოს, რადგან სულ ცოტა ხნის წინ, მოქალაქეობის დაბრუნების ნაცვლად მმართველმა პარტიამ „ქრისტიან-დემოკრატების“ ხელით შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებას დაუჭირა მხარი, რომელიც ივანიშვილს საკუთარი პარტიის ოფიციალურად დაფუძნებისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევს.

თუმცა, რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილის ტონის ტრანსფორმაციაზე ლაპარაკი გადაჭარბებულია:

„ვერ ვიტყოდი, რომ ტრანსფორმაცია იყო... უბრალოდ, ფორმა შესაძლოა, ადრე უფრო რბილი იყო, ინტონაციაც შესაძლოა, აქამდე ისეთი ოპტიმისტური არ იყო, როგორც ახალა, მაგრამ ძირითადი პუნქტები ჩემთვის არ შეცვლილა. სამართლიანობა, შეუპოვრობა ხელისუფლებაში მოსვლის აუცილებლობა – ეს მომენტები მის განცხადებებს თავიდანვე ახლდა, მაგრამ ამ ეტაპზე უკვე ისიც დაემატა, რომ მოახლოვდა ბრძოლის პერიოდი, რამაც უკეთ დაანახა საკუთარი ძალები. რაც უფრო მოახლოვდება ბრძოლის პერიოდი, განცხადებები მით უფრო მკვეთრი იქნება ორივე მხრიდან“.

საყვარელიძის შეფასებით, ივანიშვილის გარემოცვა და მისი პოლიტიკური პარტნიორები საკმაოდ ენერგიულად და ეფექტურად ამუშავდნენ. რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მოსახლეობაც ცოტა უფრო ენერგიულია ადრინდელთან შედარებით. „ასე, რომ რაც დრო გავა, მით უფრო უნდა ველოდოთ ანალოგიურ ტონუსის აწევას ივანიშვილთანაც და სხვებთანაც“ – ამბობს საყვარელიძე.

ივანიშვილმა საკმაოდ მკაფიოდ დახატა არსებული ვითარება და ყურადღება გაამახვილა იმ თემებზე, რომელიც მნიშვნელოვანია დღევანდელი საზოგადოებისთვის. მან ისაუბრა ხელისუფლების ზეწოლისგან მედიის გათავისუფლებაზე, ბიზნესის ხელშეწყობასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობასა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცისკენ სწრაფვაზე.

„დასაქმება, მედიის გათავისუფლება, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და ასევე, საერთაშორისო საზოგადოებაზე აქცენტირება - მთელი ეს გამოსვლა პიარის თვალსაზრისით სწორად იყო აგებული. საზოგადოებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ძალადობის თემის წინ წამოწევა. ქართული მენტალობისთვის კარგად ცნობილია, რომ ძალადობს მხოლოდ სუსტი. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად, გაკეთებული იყო გარკვეული მეტაფორა, რომ ძალადობა მხოლოდ იმისთვის სჭირდება ხელისუფლებას, რომ თავისი სისუსტე გადაფაროს. ანუ, ესეც პირველად მოხდა, რომ აქცენტირება გაკეთდა ძალადობაზე“ - მიიჩნევს სოსო გალუმაშვილი.

რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ივანიშვილმა ხალხს მიაწოდა ის მესიჯები, რის გაკეთებასაც აპირებს:

„ამ შემთხვევაში მარტო მთქმელს არა, გამგებსაც მოეკითხება. ივანიშვილმა თქვა, დემოკრატიას ვაპირებო, დასავლეთთან ურთიერთობასაცო, ფაქტობრივად ყველაფერს, რის დეკლარირებასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს. თუმცა, ხელისუფლებისგან განსხვავებით, უნდა, რომ ამ პოზიციის უკან იდგეს რეალური პოლიტიკა და არა მხოლოდ დეკლარირებული. ამაშია არსებითი განსხვავება და არა განაცხადში. რატომღაც განცხადებების ორიგინალობას ველოდებით ხოლმე და რა უნდა გამოაცხადოს პოლიტიკოსმა – სახლების მაგივრად ცირკებს ავაშენებო თუ რა?! ყველა განვითარებული ქვეყნისთვის გზა ერთია – სამართლიანობა, ეკონომიკური წარმატება და ქვეყნის დაცვა, მაგრამ ზოგი ხელისუფალი აკეთებს ამას და ზოგი – არა. ეკამათები ხელისუფლებას მაშინ, როდესაც უჩივი, რომ ის რაღაცას არ აკეთებს. გინახავთ პოლიტიკოსი, რომელიც იტყოდა, რომ მე ცუდი საქმეებისთვის მოვდივარო“?

„ქართული ოცნების“ ლიდერმა ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა რეალური თვითმმართველობების შექმნა, რაც ყველა განვითარებული ქვეყნისთვის დემოკრატიული მმართველობის მთავარი დასაყრდენი და საფუძველია. საქართველოსთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში, სადაც თითქმის მთელი საუკუნეა, სახელმწიფო მართვის ცენტრალიზებული სისტემა ბატონობს, რეალური ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების ჩამოყალიბების გარეშე დემოკრატიაზე ლაპარაკი, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულია.

„ჩვენ უნდა გადავანაწილოთ სახელმწიფო სტრუქტურების ძალაუფლებები. უნდა მოხერხდეს ის, რომ ყველაფერი ცენტრიდან არ იმართებოდეს. უნდა გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობები და მათ უნდა ჰქონდეთ იმდენი უფლებები, რამდენის განხორციელებასაც შეძლებენ. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს და ხელისუფლება ჩვენს მიერ არის ნაქირავები. ის ანგარიშვალდებულია ჩვენთან და არა პირიქით. რეალური თვითმმართველობის დამყარების შემდეგ ჩვენ მოგვეცემა საშუალება, რომ თუ ჩვენს მიერ არჩეული დეპუტატი თავის მოვალეობას ვერ შეასრულებს, ის უკან გამოვიწვიოთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც აქამდე იშვიათად გვხვდებოდა-ხოლმე სხვადასხვა პარტიების პროგრამებში - ეს არის თვითმმართველობების პრობლემა - რეალური თვითმმართველობის მიღწევა ადგილებზე და ლოკალური ხელისუფლების გაძლიერება“- მიიჩნევს სოსო გალუმაშვილი.

თუ აქამდე ოპოზიცია ცდილობდა ხალხისთვის აეხსნა, რომ ხელისუფლება ხალხის მიერ დროებით იყო ნაქირავები გარკვეული პრობლემების მოსაგვარებლად, დღეს ივანიშვილი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავს, დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელისუფლების ფუნქციას თავად უხსნის ხალხს. თუ დავუშვებთ, რომ ივანიშვილი გულწრფელია, ეს მიანიშნებს, რომ ის მართლაც აპირებს სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას, რაც საკმაოდ დადებითი გზავნილია. სხვა საკითხია, რამდენად შეძლებს ამ ტვირთის ზიდვას თავად სამოქალაქო სექტორი, რომელიც დღეს საკმაოდ სუსტია და არც შესაბამისი გამოცდილება არ გააჩნია.

თუმცა სოსო გალუმაშვილი თვლის, რომ სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერე, ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. „როდესაც თვითონ ხელისუფლებისგან მოდის მესიჯები, რომ სასამართლო ხელისუფლება სუსტია და არ ასრულებს თავის ფუნქციას, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ ასეთი გზავნილები კეთდება, აქ ე.წ. მესამე სექტორის, ანუ სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერეზე ლაპარაკი ზედმეტია. იმიტომ, რომ ავტორიტარულ ქვეყნებში როგორი ძლიერებიც არ უნდა იყვნენ სამოქალაქო სექტორის ლიდერები, თვითონ სექტორი არის ძალიან სუსტი, რადგან თითოეული მათი აქტივობა ხელისუფლების მხრიდან ისჯება, იდევნება“- ამბობს გალუმაშვილი.

ივანიშვილმა აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ხელისუფლება უნდა გადაუნაწილდეს ხალხს და ხალხი უნდა ჩაერთოს უფრო აქტიურად როგორც ქვეყნის მართვაში, ასევე პოლიტიკაში. „დღეს გვაქვს ასეთი რამ, რომ პოლიტიკა კეთდება სადღაც დახურულ სივრცეში და ხალხი მოცილებულია ამ პროცესს და მისი აქტიურობა ფაქტობრივად, ნიველირებულია. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, აუცილებელია ნება მმართველი სახელისუფლებო გუნდისგან, იმიტომ, რომ როდესაც ასეთი ტიპის ტრადიციები არ არსებობს, ეს თვითონ ხელისუფლებამ უნდა შექმნას. ივანიშვილისგან არის ასეთი გზავნილი, რომ მზად არის, საზოგადოება უფრო აქტიურად ჩართოს ქვეყნის ცხოვრებაში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი“- ამბობს სოსო გალუმაშვილი.

როგორი დამოკიდებულება აქვს სააკშვილს ხალხის პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობაზე, არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, პარლამენტი მხოლოდ პულტზე ხელის დასაჭერად, ხალხი კი არჩევნებიდან არჩევნებამდე საკუთარ აქციებზე სკანდირებისთვის და ხელის დასაქნევად სჭირდება.

სოსო გალუმაშვილი იხსენებს, რომ ტელეკომპანია „დოჟდშიც“ თქვა მიხეილ სააკაშვილმა, ჩვენ რომ რაღაც საკითხებზე დისკუსიები გაგვემართა, ამაში წელები გავიდოდა, ჩვენ კი ძალიან გვეჩქარებოდაო. „ივანიშვილი მას უპირისპირებს მოსაზრებას, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ძალზე მნისვნელოვანი, მიიღება ხალხთან ერთად და ხალხი იქნება მონაწილე თავისი ბედის გადაწყვეტაში“- ამბობს გალუმაშვილი.

საზოგადოებაში დიდი ხანია, მსჯელობის საგანია, როგორია ივანიშვილის პოლიტიკა და რა მეთოდებით აპირებს, დაამარცხოს სააკაშვილი, რომელიც რვა წელია, სხვადასხვა მეთოდებით ოპოზიციას ბოლომდე აშიშვლებდა და დამარცხებასთან ერთად საზოგადოების ნდობასაც უკარგავდა. ფაქტობრივად ოპოზიციის პერმანენტულმა მარცხმა შექმნა სააკაშვილის მონოლითური ვერტიკალის უძლეველობის მითი, რომელმაც საზოგადოებაში საკმაოდ ღრმად გაიდგა ფესვები. სწორედ ამიტომ ჩნდება ივანიშვილის სტრატეგიის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი.

ივანიშვილმა საჩხერეში ამ გეგმის შესახებ თავადვე ისაუბრა, მისი განმარტებით სამ თვეში მოხერხდა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ, ამერიკამ და ევროპამ მიხეილ სააკაშვილის ნამდვილი სახე და მისი ცრუ დემოკრატია დაინახეს.

სხვა თემაა, რამდენად აწყობდა დასავლეთს სააკაშვილის ცრუ დემოკრატიის გამოაშკარავება, მაგრამ თუ ივანიშვილის ტაქტიკამ მართლაც აიძულა ევროპაცა და ამერიკაც დაენახათ ის, რისი დანახვაც აქამდე არ სურდათ, ეს მხოლოდ მისი სტრატეგიის პლიუსებზე მეტყველებს. ახლა მთავარია ის კონტრზომები, რითაც მოხერხდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავგასულობის მოთოკვა და საარჩევნო სუბიექტების პარიტეტულ მდგომარეობაში ჩაყენება.

ივანიშვილი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში მოხერხდება სიტუაციის გარდატეხა უკეთესობისკენ. „პირველად საქართველოს ისტორიაში მივაღწიეთ იმასაც, რომ არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე საქართველოში ჩამოვლენ საერთაშორისო დამკვირვებლები. ეს საშუალებას მოგვცემს, დავაბალანსოთ სააკაშვილის ძალადობა. გავაქტიურდებით ჩვენც რეგიონულ შტაბებში, ჩვენთან ერთად გააქტიურდება სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიციური მედიის წარმომადგენლებიც და ივნისის ბოლოსთვის გპირდებით, რომ სიტუაცია იქნება გარდატეხილი, ხოლო თქვენ მოგეცემათ საშუალება, თავისუფლად გამოხატოთ თქვენი აზრი და მოვახერხებთ იმასაც, რომ პოლიციამ საკუთარი ხალხის დათრგუნვას თავი დაანებოს“- გვპირდება ივანიშვილი.

სოსო გალუმაშვილიიქნება ბევრი სიახლე და ინიციატივა, მაგრამ არ იქნება ბოლომდე დაკონკრეტებული, თუნდაც იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია ამ ინიციატივების საკუთარ თავზე მორგება და თავისად გასაღება. თუმცა საარჩევნო კამპანიის დასასრულისკენ დარწმუნებული ვარ, უკვე ციფრებში გამოსახულ გეგმებსაც ვიხილავთ.

ივანიშვილმა ხაზგასმით თქვა, რომ ის აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას და არც კი უშვებს, რომ შეიძლება არჩევნებში დამარცხდეს. გამოსვლის მთელი ტექსტი მეტყველებს იმაზე, რომ გამარჯვებული პარტიის ლიდერი გვესაუბრება. საკმაოდ აგრესიული ტონია, გაფრთხილება იმ ადამიანებისა, ვინც კანონდარღვევებს სჩადიან.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებები და კონკრეტული ვექტორები წინასაარჩევნო პერიოდში. ამ გამოსვლაში ფაქტოვრივად, თავმოყრილია ყველა ის ძირითადი მიმართულება, რომელზეც მომავალი ექვსი თვის განმავლობაში „ქართული ოცნება“ გააკეთებს აქცენტს. ფაქტობრივად ეს იყო გარდამტეხი გამოსვლა, როდესაც მინიშნებები გაკეთდა წინასაარჩევნო კამპანიის ძირითად შინაარსზე, რაც აქამდე არ მომხდარა“.

რამაზ საყვარელიძე:- პიარის თვალსაზრისით ის თავის გეზს მიჰყვება. ადრეც, რამდენჯერმე რომ უსაყვედურეს პასიურობა, თქვა, რომ გავაქტიურდებით, როცა საჭირო იქნება. ყველა პიარკამპანიისთვის ასეთი აქტიურობის წერტილი არის არჩევნების დღე, მაგრამ რაც უფრო ახლოვდება არჩევნების დღე, პიარი უფრო აქტიური ხდება. გამართლებულიც კი არის, რომ პიარი არჩევნებთან სიახლოვეში იყოს და არა ყოველდღე, თანაც მთელი წლის განმავლობაში”.