ახალი რუსული იმპერია

ახალი რუსული იმპერია

პრემიერ-მინისტრის რანგში თავის ბოლო გამოსვლაში, პრეზიდენტად ინაუგურაციის წინა დღეს, ვლადიმერ პუტინმა თავისი მესამე ვადისთვის „ხუთი პრიორიტეტი“ მონიშნა. მეხუთე პუნქტი მოიცავდა ევრაზიულ სივრცეში თანამშრომლობის გაძლიერებას, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების შემდგომი ინტეგრაციის გზით რუსეთის საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებას. გასულ ოთხშაბათს, პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, პუტინმა განაცხადა: „საბაჟო კავშირის და ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნა, ჩემის აზრით, და ჩემი რწმენით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პოსტსაბჭოთა სივრცეში უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ინტეგრაციული მოვლენაა“.

რუსეთი უკვე არის საბაჟო კავშირის წევრი ყაზახეთთან და ბელორუსთან ერთად, ასევე დიდი ხანია რაც ცდილობს საერთო ეკონომიკურ სივრცეში უკრაინის ჩართვას. რუსეთის გაწევრიანებამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შეიძლება ხელი შეუწყოს ზოგიერთი იმ ბარიერის მოხსნას, რომელიც უკრაინის მონაწილეობას უშლიდა ხელს. გარდა ამისა, მოსკოვში ახლახანს გამართულ „ევრაზეს“-ის სამიტზე, საბაჟო კავშირში გაწევრიანებულმა ქვეყნებმა, ასევე ამ შემადგენლობის წევრმა სხვა ცენტრალური აზიის სახლმწიფოებმა მოილაპარაკეს, რომ ევრაზიის კავშირთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე მუშაობას 2015 წლისთვის დაასრულებენ.

მთელი თავისი საპრეზიდენტო ვადის და პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობის განმავლობაში, პუტინს მკაფიო „ევრაზიული ხედვა“ გააჩნდა, განიხილავდა და რუსეთს რეგიონის ცენტრად. ევროატლანტიკური ინსტიტუტების აღმოსავლეთით ექსპანსიის დასრულების და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისადმი ჩინეთის პრიორიტეტული დამოკიდებულების ფონზე, მოსკოვი გრძნობს, რომ მას აქვს „ახალი“ ევრაზიის კონსოლიდაციის შესაძლებლობა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიის ევროპულ და აზიურ „გავლენის სფეროებად“ „დანაწევრების“ ნაცვლად, რუსეთს შეუძლია ხელახლა იქცეს მსოფლიო არენაზე ისეთ ზესახელმწიფოდ, რომელიც დასავლეთში ევროკავშირის, აღმოსავლეთში კი აზიის (ჩინეთის ხელმძრვანელობით) საპირწონე გახდება.

სსრკ-ს აღორძინება?

თუმცა ასეთი ამბიციები, ყოველთვის შეშფოთების საგანი იყო. ხომ არ ცდილობს პუტინი, რომელმაც ერთხელ სსრკ-ს დაშლას მასშტაბური გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა, კვლავ საბჭოთა კავშირის შექმნას? დუმაში გამოსვლის დროს პუტინმა თავად განაცხადა, რომ პოსტსაბჭოთა პერიოდი დასრულდა. რუსეთის მოუსვენარი საშუალო კლასის სულ უფრო მზარდი მოთხოვნების გათვალისწინებით, პუტინს აღარ სურს რესურსების ხარჯვა ერთიანი მთლიანი სახელმწიფოს შენარჩუნების მიზნით: ცენტრალური აზიის და კავკასიის მცხოვრებლების განათლების და ჯანდაცვის დაფინანსების განსაკუთრებული სურვილი არ არსებობს.

მაგრამ პუტინი ისურვებდა საბჭოთა (და იმპერიული) პერიოდის ბევრი კავშირის აღდგენას, პერიოდის, როდესაც ვაჭრობა, რესურსები და სამუშაო ძალა რუსეთის და მისი მეზობლების ტერიტორიების ფარგლებში გადაადგილდებოდა. ეს მოსკოვს რეგიონის ეკონომიკური ცენტრის სტატუსს შეუნარჩუნებდა და აღარ დაინახავდა იმას, თუ როგორ სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება ცენტრალური აზია სამხრეთ აზიაზე, ხოლო საბჭოთა კავშირის დასვლეთის რაიონები, სულ უფრო ებმებიან ევროპულ ორბიტას. რეგიონალური ეკონომიკური წესრიგი რუსეთის ხელმძღვანელობით, რუბლს რეგიონალურ ვალუტად ინარჩუნებს, ხოლო რუსული ენა რეგიონში ფაქტობრივად ბიზნესის ენად რჩება, რაც დიდ ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ინტეგრაციას უწყობს ხელს, განსაკუთრებით რუსულ, ყაზახურ და უკრაინულ კომპანიებს შორის.

მსგავსი ეკონომიკური კავშირების შექმნა, თავის მხრივ, ქმნის პოლიტიკურ კავშირებს, რომელიც ამცირებს იმის შესაძლებლობას, რომ რუსეთის მეზობლები ისეთ ბლოკში ან ჯგუფებში გაწევრიანდნენ, რომელიც რუსეთს გამორიცხავს. ევრაზიული კავშირის პროექტის პოლიტიკური შედეგების შეფასებისას, აზამატ სეიმოვი აღნიშნავს:

„ევრაზიული კავშირის იდეის რეალიზაცია მთავარი პუნქტია პუტინის ჩანაფიქრის განხორციელებაში, კერძოდ ის ცდილობს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გაერთიანებას, რათა გააძლიეროს რუსეთის პოზიცია გეოპლიტიკურ კონკურენციაში აშშ-სთან, ევროკავშირთან და ჩინეთთან… (ევრაზიული კავშირის) შექმნის ბოლო ვადის 2015 წელს განსაზღვრა, შესაძლოა დაკავშირებული იყოს მოსკოვის რწმენასთან იმასთან დაკავშირებით, რომ იმ დროისთვის აშშ კვლავ მიაპყრობს თავის ყურადღებას ევრაზიას, რადგან იმ დროისთვის ვაშინგტონი უკვე გათავისუფლდება ერაყთან დაკავშირებული ვალდებულებებისგან და მნიშვნელოვნად შეამცირებს სამხედრო ძალების რაოდენობას ავღანეთში, ხოლო ფერადი რევოლუციების სერია არაბულ სამყაროში დასრულებული იქნება. ამიტომ 2015 წლისთვის, ვაშინგტონს ექნება სამხედრო და დიპლომატიური შესაძლებლობები იმისთვის, რომ თავისი ყურადღება ევრაზიის რეგიონს მიაპყროს. გარდა ამისა, იმ მომენტისთვის აშშ-ს ცენტრალურ ევროპაში უკვე ექნება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ბაზები“.

ამიტომ, როგორც ჩანს, პუტინი დაინტერესებულია იმით, რომ მსოფლიო ფაქტის წინაშე დააყენოს: ვიდრე ევროპა საკუთარი ეკონომიკური პრობლემებითაა დაკავებული, აშშ კვლავაც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებშია ჩაბმული, ხოლო ჩინეთი ფოკუსირებულია შიდა ტრანსფორმაციაზე, ის ევრაზიულ კავშირზე გეგმებს ხორცს შეასხამს.

ევრაზიული სკეპტიციზმი

ეს ავტომატური პროცესი არ არის. ბევრ ევრაზიულ ქვეყანას რუსეთთან სურს უფრო ახლო კავშირები და დაინტერესებულნიც არის იმ სიკეთეებით, რომლის შეთავაზებაც მათთვის რუსეთს შეუძლია, მაგალითად იაფი ენერგორესურსებით და საკუთარი ნამატი სამუშაო ძალის რუსეთში „ექსპორტის“ შესაძლებლობით (როგორც შინ დაძაბულობის შემცირების, ასევე იმისთვისაც, რომ ისარგებლონ ფულადი გადარიცხვების მუდმივი ნაკადით). მაგრამ რუსეთის მეზობლებს სულაც არ სურთ სუვერენიტეტის დაკარგვა.

მართალია, ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო კვლავ სერიოზულად არის რუსეთზე დამოკიდებული, თუმცა ეს არ ამცირებს მის ენთუზიაზმს ევრაზიის კავშირის ფარგლებში ისეთი სტრუქტურების არსებობას შეუწყოს ხელი, რომელიც მკაცრად დაიცავს ეროვნულ სუვერენიტეტს. (მასაც და სხვა ეჭვიან ევრაზიელ ლიდერებსაც, მეზობელი ევროკავშირის ევროსკეპტიკოსებმა ამის უამრავი მიზეზი მისცეს). ახლახანს გამართულ სამიტზე, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ის მხარს არ უჭერს იმას, რომ ნებისმიერი „გადაწყვეტილება კავშირის დონეზე“ წყდებოდეს, რაც შესაძლოა სავალდებულო გახდეს გაერთიანებაში შემავალი ქვეყნებისთვის. მისი აზრით, ევრაზიის კავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების რატიფიცირება უნდა ხდებოდეს ადგილობრივ პარლამენტებში, ხოლო ეროვნულ მთავრობებს უნდა ჰქონდეთ კავშირის გარკვეულ გადაწყვეტილებაზე უარის თქმის შესაძლებლობა.

ლუკაშენკოს ევრაზიულ სკეპტიციზმს უხმოდ იზიარებენ რეგიონის სხვა ლიდერებიც. ისინი მზად არიან რუსეთთან გარკვეულ დათმობებზე წასვლისთვის, მაგრამ მზად არ არიან იმისთვის, რომ ასე რთულად მოპოვებულ დამოუკიდებლობაზე უარი თქვან. თავის მხრივ, რუსეთს არ სურს იქცეს გერმანიის ევრაზიულ ექვივალენტად – რეგიონალურ ფულის ტომრად, რომელიც ინტეგრაციის პროცესის გარანტია და ნაკლებად დიდი სახელმწიფოების ხარჯებს ფარავს.

პუტინმა ჯერჯერობით ევრაზიული კავშირის შექმნაზე მხოლოდ სურვილი გამოთქვა. თუმცა ამის განხორციელება შეიძლება იმაზე რთული ამოცანა აღმოჩნდეს, ვიდრე ის ფიქრობს.