„ქდმ–ს თავიანთი ამბიციები აქვს და გზიდან ივანიშვილის ჩამოცილება მათ ინტერესშიცაა“

„ქდმ–ს თავიანთი ამბიციები აქვს და გზიდან ივანიშვილის ჩამოცილება მათ ინტერესშიცაა“

როდესაც დეპუტატობის მინიმალური ასაკის 21 წლამდე დაწევის ახალი საკონსტიტუციო ცვლილების განაცხადი გაკეთდა, ჩემთვის აშკარად გაუგებარი იყო არსებითი მოტივი, რამაც ნაციონალებს აღნიშნული გადააწყვეტია. თუმცა, „ქრისტიან დემოკრატების“ საკონსტიტუციო ინიციატივამ  ყველაფერი თავის ლოგიკურ ხაზზე დაალაგა. ნათელი გახდა, რომ ნაციონალები მოქალაქეობას ივანიშვილს არ მისცემდნენ, ხოლო მოქმედებებისა და ლავირების მექანიზმების საშუალების დასატოვებლად პარლამენტში შემოაგდეს პროექტი, რომლის რეალური მიზანი ნამდვილად არ ყოფილა 21 წლის ახალგაზრდების მოტივაცია. იგი კონტექსტის მატარებელი მხოლოდ „ქრისტიან დემოკრატების“ დამატების შემდგომ გახდა.

ხელისუფლებას გადაწყვეტილი ჰქონდა ივანიშვილისთვის მოქალაქეობა არ მიეცა, ხოლო გამოხატული ნეგატივის გასანეიტრალებლად დეპუტატობის უფლების მიცემა წამოეწია. საზოგადოებას აკვირვებს რატომ ჩახლართა და გაართულა ხელისუფლებამ ასე მარტივად გადასაწყვეტი საქმე, თუ მაინც არსით იმავეს აკეთებს? და ამას მხოლოდ სააკაშვილის „ხუშტურებს“ და უკან დახევის უუნარობას აბრალებს, თუმცა, მართალია, ამ მომენტისთვის ნაციონალები ამბობენ, რომ ივანიშვილს არა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცემა, არამედ საპრეზიდენტოც და პრემიერ მინისტრად გახდომაც შეეძლებაო, მაგრამ პროცესის საწყისში საქმე სხვაგვარად იყო.

„ქრისტიან დემოკრატების“ მიერ გაცხადებული პირველადი საკონსიტიტუციო ცვლილების ვარიანტი ეხებოდა მხოლოდ დეპუტატობის უფლებას. სწორედ ეს იყო ხელისუფლებისთვის და იმავდროულად, „ქრისტიან დემოკრატებისთვისაც“ სახარბიელო ვარიანტი. (თუ რატომ მოხდა, რომ ამ მიზნიდან დახევაზე განაცხადი გააკეთეს და პრეზიდენტობისა და პრემიერობის უფლებებზეც ალაპარაკდნენ, ამის მიზეზი ბასის განცხადებაში დევს, რომ „ხელისუფლებამ თანასწორობა დროულად უნდა უზრუნველყოს“).

ეს ორი ძალა აღნიშნულ საკითხზე არა მხოლოდ იმიტომ თანამშრომლობს, რომ „ქრისტიან დემოკრატები“ ხელისუფლების უბრალო დანამატები და ადვოკატები არიან, არამედ იმიტომ, რომ ქდმ–ს თავიანთი ამბიციები აქვს და ამ ამბიციების მიღწევის გზაზე ივანიშვილის ჩამოცილება მათ ინტერესშიცაა. უსუსურია თარგამაძის განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ საკანონმდებლო ინიციატივაზე გადაწყვეტილება კონკურენტულ პოლიტიკურ გარემოზე ზრუნვამ გადაგვაწყვეტინაო. ასეთ შემთხვევაში, მათი პირველადი საკანონმდებლო ინიციატივა არ უნდა შემოფარგლულიყო სადეპუტატო უფლებამოსილების ჩარჩოებით.

ხომ ყველასათვის ნათელია და მათ შორის - „ქრისტიან დემოკრატებისთვისაც“, რომ რეალური კონკურენტული პოლიტიკისთვის, ოპოზიციისთვის/ივანიშვილისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილი თვითონ იქნება დეპუტატი თუ არა. ივანიშვილისგან თავიდანვე ცალსახა განაცხადი იყო გაკეთებული პრემიერმინისტრობაზე და მხოლოდ ივანიშვილისთვის ამ შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში მოხდება ოპოზიციის კონსოლიდირება. შესაბამისად, თარგამაძის განაცხადი არ შეესატყვისება მათ პირველად საკონსტიტუციო ინიციატივის მოტივაციას. პირიქით, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ „ქრისტიან დემოკრატებმა“ ამით გარკვეულად პირი მობანეს ნაციონალებს. არა, მათ საკუთარი პოლიტიკური ინტერესი ამოძრავებთ.

მათ მიაჩნიათ, რომ გიორგი თარგამაძეს რეალური შანსები ექნება პრეზიდენტობაზე. ობამამ განაცხადა, რომ ხელისუფლების ფორმალური გადაცემა უნდა მოხდესო. შესაბამისად, თუ ივანიშვილს პრეზიდენტობაზე უფლება არ ექნება, თარგამაძეს შანსები ერთი–ორად გაეზრდებოდა. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი პრემიერმინისტრი ვერ ხდება. ამის შანსები კი არც ისე ცოტაა. აშკარაა, ხელისუფლება მოვლენების ამდაგვარ განვითარებას ყველაზე მოსალოდნელად აფასებს. ამის მანიშნებელია სწორედ ხელისუფლების მხრიდან ივანიშვილისთვის მოქალაქეობის არმიცემა. ჩემი აზრით, ხელისუფლება ივანიშვილის გაპრემიერების კი არა გაპრეზიდენტების საშიშროებას უფრო ხედავს და მის არდაშვებასაც ცდილობს. თორემ, ნაციონალებისთვისაც ცხადია, რომ თუ ივანიშვილის პოლიტიკურმა ძალამ უმრავლესობა მოიყვანა პარლამენტში, აღნიშნული ძალთა ბალანსი უკვე ლავისებურად გადაწყვიტავს ყველაფერს და არავითარი მნიშნელობა არ აქვს ივანიშვილს ექნება თუ არა იმ მომენტისთვის მოქალაქეობა.  

მაქსიმალისტობა არა მხოლოდ სააკაშვილს ახასიათებს უარყოფითად და ამით, ხშირად ცუდ სამსახურს საზოგადოებას გვიწევს. ივანიშვილი კონცენტრირდება ერთბაშად ხელისუფლების სრულად აღებაზე და არ განიხილავს ამ მიზნის მიუღწევლობის შემთხვევაში, ვთქვათ, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას.