"სააკაშვილი კადაფის გზით წასვლას ვერ გაბედავს"

კოალიცია „ქართული ოცნების“ რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი Presage.tv-სთან საუბარში აცხადებს, რომ კოალიციის ლიდერების რეგიონებში გასვლა იოლი არ იქნება და ქეიფსა და დროსტარებას ნამდვილად არ ნიშნავს, მაგრამ ეს ხალხის შიშის დასაძლევად კეთდება.

დღემდე პოლიტიკურ პროცესებს ხელისუფლება მართავდა და „პარადი“ მას მიჰყავდა. სულ ახლახანს „ქართული ოცნების“ ე.წ. მძიმეწონიანმა ლიდერებმა წინასაარჩევნოდ რეგიონებში გადასახლების გადაწყვეტილება მიიღეს - ირაკლი ალასანიასამეგრელოში გაეშურებადავით ბერძენიშვილი - გურიაშიგუბაზ სანიკიძე - იმერეთშიზვიადძიძიგური - ქვემო ქართლში. რეგიონებზე ხელისუფლების ზეგავლენას თუ გავითვალისწინებთ, პოლიტიკური ლიდერების გასვლა ცოტა დაგვიანებული ხომ არ არის?

- თითქმის მთელი ზაფხულია წინ და არჩევნებამდე კიდევ ხუთი თვე რჩება. ამდენად, რეგიონებში მათი გასვლა დაგვიანებულად ვერ ჩაითვლება. პირიქით, საკმაოდ ადრეა თადარიგი დაჭერილი. სწორედაც იმიტომ, რომ რეგიონებში ბრძოლა უფრო მეტად რთულია და მოსახლეობაზე წნეხი გაცილებით მეტია, ამიტომაც ბევრი ჩვენი მძიმეწონოსანი პოლიტიკოსი აპირებს, რეგიონში კოორდინაცია გასწიოს, ზოგიერთი მათგანი, შეიძლება, მაჟორიტარიც იყოს, ზოგიერთი - არც იყოს, მაგრამ მთავარია, რომ უხელმძღვანელებს საარჩევნო კამპანიას და უშუალოდ იქნება ამ მოვლენებში ჩართული. ჩვენ ვაპირებთ, მთელი საქართველოს მასშტაბით გავშალოთ ფრონტი ხელისუფლების წინააღმდეგ.

ახალაიების კლანის პირობებში რამდენად უსაფრთხოა ირაკლი ალასანიასთვის სამეგრელოში ჩასვლა?

- რომ გითხრათ, ეს გასეირნებას ემსგავსება, სასიამოვნო იქნება, ჩახვალ და იქ ქეიფისა და დროსტარების მეტს არაფერს გააკეთებ, ასე არ არის. რა თქმა უნდა, კაცს მოგიწევს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაპირისპირება, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი კოალიციის ლიდერები გამოცდილი პოლიტიკური მებრძოლები არიან და ისინი მეტ-ნაკლებად ის ხალხი გახლავთ, რომელთაც იცნობს ქართული საზოგადოება, საერთაშორისო საზოგადოება, გარკვეულწილად, ეს იმის გარანტიაა, რომ მოსახლეობაში შიში გატეხონ და ამის მაგალითი უჩვენონ. ამიტომაც იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული.

მიხეილ სააკაშვილის ბოლოდრონდელი რიტორიკის შესახებაც მინდა, გკითხოთ. ერთ-ერთი ბოლო გამოსვლისას აღნიშნა - საქართველოს წინსვლას ვერანაირი „თხუნელები“ ვერ შეაჩერებენ. ამავდროულად, საქართველოს თითოეულ რეგიონს, თითოეულ სოფელს რეზერვის ახალ ტალღას უმზადებს. რისთვის ემზადება ხელისუფლება? რა მოსაზრებით უნდა ჰყავდეს თითოეულ სოფელს რეზერვი?

- საზოგადოებისთვის რომ საშიში არ იყოს, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. სააკაშვილს არაფერი არ უშველის, იგი დამარცხდება არჩევნებში, რამდენადაც მას უმრავლესობის მხარდაჭერა რეალურად არ აქვს. ერთადერთი, რითაც ის აკავებს მოსახლეობას, ეს არის წნეხი, დაშინება. რა თქმა უნდა, ჩვენ შიდა რესურსებით, ჩვენი საერთაშორისო კავშირებითაც, უცხოელი მეგობრების გამოყენებით, შევეცდებით, ბარიერი დავწიოთ. ახლა თხუნელებს დაუძახებს ვიღაცას, თახვს თუ ნუტრიას, ეს ჩვენ არ გვიკვირს, რადგან სააკაშვილის რიტორიკას და, მაპატიეთ, მის ბრიყვულ გამონათქვამებს, კარგა ხნია, მიჩვეულნი ვართ. საერთოდ, თხუნელამ როგორ უნდა შეაჩეროს ქვეყნის წინსვლა, მე არ ვიცი. ეტყობა, თხუნელებზე ამ კაცს სხვანაირი წარმოდგენა აქვს. რაც შეეხება შეიარაღებულ ფორმირებებს და ე.წ. ნებაყოფლობით რეზერვს, მე მგონი, ეს თავიდან ბოლომდე სისულელეა. რა თქმა უნდა, სახიფათო არის და შესაბამისი განცხადებაც ამას ემსახურებოდა, რომ ასეთი რაღაცები კეთდება ქვეყანაში და ყურადღება უნდა მიაქციონ ამას, მაგრამ მე არა მგონია, ამან მიხეილ სააკაშვილს უშველოს. მთავარია, სამართლიანობამ გაიმარჯვოს და ხალხში შიში გავტეხოთ, მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ არჩევანი. ამას ვერანაირი ფორმირებები ვერ შეაჩერებს.

მაგრამ, თუ თითოეულ სოფელს ეყოლებიან ასეთი მაკონტროლებლები, ფორმირებების სახით, ეს მოსახლეობას არ დააფრთხობს?

- გამაკონტროლებები ეყოლებათ?! ახლა იქ ცხვრები ხომ არა, ადამიანები არიან. ამიტომაც ჩადიან ჩვენი კოალიციის წევრები რეგიონებში, რომ ეს შიში დაიძლიოს. მაგისთვის კეთდება ყველაფერი.

კარგა ხანია, შევეჩვიეთ განცხადებებს, რომ ხელისუფლების შესანარჩუნებლად სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს. რაზეა წამსვლელი ჩვენი ხელისუფალი?  ნიცშეანური, დამანგრეველი ენერგია მისი თვალსაწიერიდან გამართლებული იქნება?  

- ჩემი შეხედულებაა, რომ ვერაფერს ვერ გააკეთებს.

რატომ ხართ ასე დარწმუნებული? ეს დასავლეთიდან ზეწოლით აიხსნება თუ კიდევ სხვა რამეა? იქნებ, სააკაშვილი დაიღალა ხელისუფლებაში ყოფნით და ეს ჩვენ ჯერ არ ვიცით?

- არა, ეგ არაფერ შუაშია. აქ არის ორი ფაქტორი - ხალხის ნება და სწორედაც საერთაშორისო კონიუნქტურა. ერთდროულად ამ ორ ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს. სააკაშვილი არ არის ის კაცი, რომელიც კადაფის გზით წავიდოდა, ელემენტარულად, ვერ გაბედავს. საქართველოც არ არის ის ქვეყანა, ჰქონდეს იმის რესურსი, რომ ფეხებზე დაიკიდოს საერთაშორისო კონიუნქტურა და აქ თავისი დიქტატურა დაამყაროს. ამიტომ, მე ვფიქრობ, მას მოუწევს წასვლა. მის ნებაზე რომ იყოს, საერთოდ არ ჩაატარებდა არჩევნებს და სიკვდილამდე მოგვევლინებოდა პრეზიდენტად, მაგრამ ეს მარტო მის ნებაზე არ არის დამოკიდებული.

კარგა ხანია, ზოგიერთები ურჩევენ ბიძინა ივანიშვილს, რომ მას უნდა აემოქმედებინა ფორმულა „ყველა - მინუს სააკაშვილი“, ანუ, დროებით ყველა ოპოზიციონერი გაერთიანებულიყო იმ პირობით, რათა სააკაშვილი დამარცხებულიყო. თუმცა, ასე არ მოხდა. ამის მიუხედავად, თქვენს კოალიციას კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია შეემატა - „მრეწველების“ სახით. „მრეწველებს“ განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ, თუნდაც იმავე ნატოსთან მიმართებით, თქვენთვის რამდენად მომგებიანი იქნება ურთიერთობა ისეთ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც მიიჩნევს, რომ ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში დასახოცად არ უნდა იგზავნებოდნენ.

- მოგახსენებთ, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მიღებული აქვს დეკლარაცია, რომელსაც ხელი მოაწერეს კოალიციის დამფუძნებელმა პარტიებმა, ბიძინა ივანიშვილის საინიციატივო ჯგუფმა. ამ დეკლარაციაში ცალსახადაა ნათქვამი, რომ საქართველოს სტრატეგიული მიზანია და ჩვენ მივისწრაფით იმისკენ, რომ ევროკავშირში გავერთიანდეთ და ნატოს წევრი გავხდეთ. აქედან გამომდინარე,  ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც შემოუერთდება კოალიციას, ან, თუ ის აპირებს კოალიციასთან შემოერთებას, ვალდებულია, ეს პრინციპი გაიზიაროს და არა - სურვილის მიხედვით, რომ მე ასე მინდა. ეს აუცილებელი პირობაა და ყველასთვის სავალდებულოა.

ჩვენი კოალიცია იმისთვისაც იქმნება, რომ განსხვავებული პარტიებია, მაგრამ რაღაც საერთო პლატფორმა, საერთო ხედვა ასეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს. ეს არ უნდა იყოს გაერთიანება, როგორც მართლა თქვენ განაცხადეთ - ყველა, მინუს სააკაშვილი. ასეთი რამ არსად ხდება. პოლიტიკური სუბიექტების ჯამი ავტომატურად არ უდრის ყველა ოპოზიციური ამომრჩევლის ჯამს, რადგან არსებობს უარყოფითი რეიტინგი. ვიღაცისთვის კატეგორიულად მიუღებელია ესა თუ ის პარტია, ვიღაცისთვის - მეორე ან მესამე პარტია. ზოგიერთ პარტიას უფრო დიდი უარყოფითი რეიტინგი აქვს, ზოგს - უფრო პატარა. ბევრი ფაქტორია და გარდა ამისა, არსებობს კიდევ საერთაშორისო ფაქტორი, რომელიც გასათვალისწინებელია.

მოგეხსენებათ, კიდევ არიან ნეიტრალური ადამიანები, რომლებიც ჯერ ვერ ჩამოყალიბებულან, მათთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელი სუბიექტები იქნებიან ამ კოალიციაში. ასევე, გასათვალისწინებელია, თვითონ ხელისუფლების შიგნით არსებული ე.წ. მოყოყმანე ნაწილი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, რომელი სუბიექტები და რომელი ძალები იქნებიან გაერთიანებულნი. ჩვენი ამოცანაა, რომ, რაც შეიძლება, ხალხის გაერთიანება მოხდეს და ამომრჩეველთა დიდი ნაწილი მოვიცვათ და არა ის, რომ  პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი მოვიცვათ.

ახლახანს კახა კუკავამ აღნიშნა, რომ „თავისუფალმა საქართველომ“, შესაძლოა, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად „დემოკრატიულ მოძრაობასთან“ ერთად შექმნას ბლოკი. ისევ მესამე პოლიტიკური ცენტრის არსებობისკენ ხომ არ მივდივართ?

- ვერანაირი მესამე პოლიტიკური ცენტრი ვერ ჩამოყალიბდება. არსებულ ვითარებაში, როცა, პრაქტიკულად, გვაქვს სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი და მისი რეალური ალტერნატივა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ სახით, ვერანაირი მესამე ცენტრი, რომელსაც, რაღაცნაირად, სერიოზული ხმების დაგროვების მექანიზნი ექნება, ვერ შეიქმნება. ასეთია ობიექტური ვითარება, რაც იმაზე არაა დამოკიდებული, ვინ უფრო კარგი ბიჭია და ვინ უფრო - ცუდი. ამას თვითონ ხელისუფლების ბუნება და პოლიტიკური ვითარების სპეციფიკა განაპირობებს. ასე რომ, არა მგონია, რაიმე სერიოზული ცენტრი შეიქმნას.

და ბოლოს, ვახტანგ კომახიძესთან შეხვედრის შემდეგ სოზარ სუბარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, უმრავლესობის მხრიდან შეფასებები უკვე მოჰყვა. კობა ხაბაზი შიშობს, რომ, შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურებმა ისეთი ნაბიჯები გადადგან, რაც ჩაიდინონ და საქართველოს ხელისუფლებას დაბრალდება და არ გამორიცხავს, რომ ეს რუსეთის მხრიდან შეგნებულად შემოგდებული „უტკა“ შეიძლება იყოს. ნუგზარ წიკლაურსაც თავისი მოსაზრება აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლეს ფიზიკური საფრთხე არა, მაგრამ მის პოლიტიკურ სიცოცხლეს კი საფრთხე ნამდვილად ემუქრება. რეალურად, ემუქრება საფრთხე ბიძინა ივანიშვილს?

- აქ ორი მომენტია. ერთია, მორალური მხარე და მორალურად, რა თქმა უნდა, ზნეობრივადაც, ამ ხელისუფლებისთვის არაფერი არაა ბარიერი. ისინი ყველაფერზე წამსვლელნი არიან, თუკი ეს მარტო მათი ნება და სურვილი იქნება. თუმცა, მათ შეიძლება, ამის დიდი სურვილი ჰქონდეთ, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორთა გათვალისწინებით, ეს ვერ გააკეთონ. დათა თუთაშხია რომ ეუბნება ყაჩაღს, ის კაცი არ ხარ, მე რომ მესროლოო, მე მგონი, უფრო ეგ ვარიანტია. ასეთ კონიუნქტურის პირობებში, არა მგონია, რამე გაბედონ. თუმცა ამაში სინდისი ხელს არ შეუშლით და ამას როგორ იკადრებენო, ნამდვილად ვერ ვიტყვით.