მერაბიშვილის ფავორიტი და არაფავორიტი მაჟორიტარები

მერაბიშვილის ფავორიტი და არაფავორიტი მაჟორიტარები

ნაციონალების“ მაჟორიტარების საკითხს ისევ მერაბიშვილი წყვეტს და მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას ამ თემაზე ჯერჯერობით საუბარი არ სურს, მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატი უკვე შერჩეულიც ყავთ და მუშაობაც დაწყებული აქვთ.

presage.tv-ის ინფორმაციით, განსაკუთრებული აქცენტი სამეგრელოსა და იმერეთზე უნდა გაკეთდეს, გასაგები მიზეზების გამო და რამდენიმე დღის წინ სააკაშვილთან უმრავლესობის შეკრებაზეც ეს თემა მთავარი საკითხი ყოფილა.

ის, რომ სააკაშვილი განსაკუთრებულ აქცენტს მაჟორიტარებზე აკეთებს, აქამდე არაერთხელ გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ, როდესაც პარლამენტართა რაოდენობის საკითხი წყდებოდა, მისი მოთხოვნა იყო, რომ მაჟორიტარების რაოდენობა არ შემცირებულიყო და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ხელისუფლება ამ შემთხვევაში, ადმინისტრაციული რესურსის წყალობით და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის დამოკიდებულებით, რომ მაჟორიტარად „თავისი კაცი“, ანუ იქ მცხოვრები უნდა ჰყავდეს, ყოველთვის გარანტირებული ხმების მოპოვებას ახერხებს. მით უმეტეს, რომ მაჟორიტარზეა დამოკიდებული ხმების მობილიზება პარტიის სასარგებლოდაც.

გასული არჩევნების დროს მუდმივად იმაზე იყო საუბარი, რომ სიების შედგენას ადეიშვილი უზრუნველყოფდა, მაჟორიტარებს და კი მერაბიშვილი არჩევდა და საბოლოოდ სააკაშვილთან თანხმდებოდა.

როგორც ჩანს, ნაციონალების ეს წესი ისევ უცვლელია, მაჟორიტარების ბედს ისევ მერაბიშვილი განაგებს. presage.tv-ის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, მერაბიშვილს უთანხმოება მოსვლია კახა გეწაძესთან, რომელიც ამ მოწვევის პარლამენტში ზესტაფონის მაჟორიტარია, ამიერიდან კი, გეწაძე ვერც ამ რაიონში და საერთოდ, არც ერთ რაიონში აღარ დასახელდება მაჟორიტარად.

საქმე ის არის, რომ გეწაძეს ხელისუფლების წარმომადგენლებთან მერაბიშვილთან დაკავშირებით საყვედური გამოუთქვამს იმის გამო, რომ მას ძალიან ბევრ ფულს სძალავენ. ნასვამს მერაბიშვილი საკმაოდ უცენზურო სიტყვებითაც მოუხსენიებია. ცხადია, ეს ამბავი მერაბიშვილს მიუტანეს და ამის შემდეგ მათ შორის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბულა.

მართალია, ამის მერე გეწაძეს მისთვის ბოდიშიც მოუხდია,მაგრამ მერაბიშვილი ამ წყენას მაინც არ ივიწყებს და ამიტომ, საარჩევნოდ ზესტაფონის მაჟორიტარად ბეჟან ბუცხრიკიძის დასახელებას აპირებენ, რომელიც დღეს თერჯოლის მაჟორიტარია.

როგორც presage.tv-თან ზესტაფონის რაიონში მცხოვრებლები ამბობენ, ბეჟან ბუცხრიკიძე ბოლო კვირების განმავლობაში ზესტაფონის გამგეობაში გადაბარგდა, ხვდება მოსახლეობას და მათ დახმარებას პირდება.

ზესტაფონელები ამბობენ, რომ მათ რაიონში არაფერი არ არის გაკეთებული და ბეჟან ბუცხრიკიძე მათი გულის მოგებას სწორედ ამით ცდილობს. რაც მთავარია, ის ხელისუფლებას, თურმე, წინასაარჩევნოდ მილიონებს სთხოვს და ამბობს, რომ აქ „დიდი ფულის გარეშე გამარჯვება ვერ მოხერხდება“.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში ბეჟან ბუცხრიკიძე აღარც პარლამენტში ჩანს და ძალიან მნიშვნელოვან სხდომებსაც კი აცდენს. არადა, ის პარლამენტში უკვე მესამე მოწვევის დეპუტატია და ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული დეპუტატი იყო და სხდომები, სასესიო თუ საკომიტეტო, თითქმის არასოდეს გაუცდენია. ახლა კი, როგორც ჩანს, მას გაცილებით მნიშვნელოვანი დავალება აქვს შესასრულებელი, - ზესტაფონი ხელისუფლებამ დიდი უპირატესობით უნდა მოიგოს.

სხვათა შორის, ზესტაფონელები იმასაც ამბობენ, რომ აქ მცხოვრები მოსახლეობის განწყობა საკმაოდ კრიტიკულია და ხელისუფლებაზე ნაწყენნი არიან. ამიტომაც, დიდი ალბათობით, მოსახლეობა არჩევანს ოპოზიციის სასარგებლოდ გააკეთებს.

თერჯოლაში კი, რომლის მაჟორიტარიც უკვე წლების განმავლობაში ბეჟან ბუცხრიკიძეა, მისი მოგვარის წარდგენას გეგმავენ. საუბარია ვინმე ბუცხრიკიძეზე, რომელიც შს სამინისტროში ერთ-ერთ დეპარტამენტში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობს. 

ხელისუფლებას კი ამ თემაზე არანაირი კომენტარის გაკეთება არ სურს. არადა, ზესტაფონელები უკვე ყოველდღიურად ხედავენ, გამგეობის შენობაში ბეჟან ბუცხრიკიძეს როგორ აქვს დაწყებული საარჩევნო კამპანია.