„სამეგრელოში ვითარება უკიდურესად მძიმეა“

„სამეგრელოში ვითარება უკიდურესად მძიმეა“

რა ხდება სამეგრელოში, რატომ იქცა ეს კუთხე როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის განსაკუთრებული ყურადღების მიზეზად, რატომ გადადის ირაკლი ალასანია საცხოვრებლად სამეგრელოში და რეზერვისტთა საფარქვეშ როგორ მოხერხდა ყოფილი მოსისხლეების - მხედრიონელებისა და ზვიადისტების დაახლოება? ამ თემების შესახებ Presage.tv-ს „ქართული ოცნების“ წევრი და ადვოკატი ეკა ბესელია ესაუბრება.

სამეგრელო თქვენთვის მშობლიური კუთხეა. რეალურად, რა ხდება სამეგრელოში და რისთვის სჭირდება ხელისუფლებას ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვი?

- სააკაშვილს რა აზრი გაუელვებს თავში, ვერ გეტყვით, მაგრამ სამეგრელოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიას განცხადება კონკრეტული ფაქტებით იყო გამყარებული. ეს არ ყოფილა გადაჭარბებული ინფორმაცია. პირიქით, ვფიქრობ, მეტად თავშეკავებულად და კორექტულად იყო ეს ინფორმაცია გახმოვანებული.

მეტიც, აუცილებელიც კი იყო ამ განცხადების გაკეთება, რადგან, თუ იცი, რომ დანაშაული მზადდება, ასეთ შემთხვევაში, კანონი გავალდებულებს, ეს განაცხადო. წინააღმდეგ შემთხვევაში, დანაშაულის შეუტყობინებლობა სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. ასე რომ, ირაკლი ალასანიას ნაბიჯი პოლიტიკურადაც გამართლებული გახლდათ და სამართლებრივადაც - აუცილებელი. სამეგრელოში ვითარება უკიდურესად მძიმეა. ძალიან კარგად ვიცნობ ამ კუთხეს, იქ ვარ გაზრდილი და ბავშვობის წლები სამეგრელოში მაქვს გატარებული. სამეგრელო გამორჩეულია უაღრესად გამოხატული ქართული თვისებებითა და ხასიათით, მაგრამ, იმავდროულად, იქ მეტისმეტად მოიკიდა ფეხი ახალაიების კლანმა და იქ ძალადობისა და ზეწოლის არნახული მასშტაბებია. საკმაოდ მწირია ალტერნატიული ინფორმაცია, სწორედ ამის გამო უჭირთ ადგილობრივებს, დროულად მიიღონ ინფორმაცია, თუ რა ხდება ქვეყანაში. ესაა საზღვრისპირა სოფლები, რომლებიც ახლოს არის კონფლიქტურ ზონასთან და პროვოკაციის საფრთხეც მაღალია. ხელისუფლება, რომელიც ასეთ რეგიონს საკუთარი პოლიტიკური მიზნების, ავანტიურიზმისთვის იყენებს, ბუნებრივია, ამ საქმიანობაზე არც მომავალში აიღებს ხელს. ძალაუფლების შესანარჩუნებლად, თუკი ამის საჭიროებას დაინახავს, უკან არ დაიხევს, რომ რაიმე ტიპის პროვოკაციები მოაწყოს. არაერთი შემთხვევა გვახსოვს, როცა ასეთი პროვოკაციების მოწყობას ცდილობდა ხელისუფლება. რამდენიმე ასეთი შემთხვევა იყო გასულ წლებში, კონფლიქტურ ზონებთან ახლოს, და ახლა შეგნებულად არ მინდა ამის დაკონკრეტება.

ამიტომ, სამეგრელოში ხალხს განსაკუთრებით სჭირდება თანადგომა, რადგან შიშის ბერკეტი იქ გაცილებით მეტია, ვიდრე დედაქალაქში. მჭიდროდ დასახლებული რეგიონის მოსახლეობა თავისივე ადმინისტრაციის წარმომადგენლის მხრიდან ნებისმიერი ტიპის მოქმედებას უფრო მეტად განიცდის და უფრო მეტად უწევს მათ ანგარიშს, ვიდრე თუნდაც - ქვეყნის პირველ პირს. ადგილობრივი მოსახლეობა ყოველდღიურად ხედავს გამგებელს, გუბერნატორს, პროკურორს ან თანამდებობის რომელიმე პირს. შესაძლოა, გიგი უგულავა თბილისის მოსახლეობის 70 %-ს პირისპირ ნანახი არ ჰყავდეს, მაგრამ სამეგრელოში ყოველდღიურად ხვდებიან გუბერნატორს და სხვა თანამდებობის პირებს. ამას სულ სხვა სპეციფიკა აქვს და ზეწოლის ბერკეტები გაცილებით მეტად მუშაობს.

ამავდროულად, ნებისმიერი კვლევა, რომელიც შესაძლოა, სამეგრელოში, ან თუნდაც მთლიანობაში, ჩვენს ქვეყანაში ჩატარდეს, რეალურ სურათს არასდროს იძლევა. იქ, სადაც ავტორიტარული ტიპის მმართველობაა, ასეთი ტიპის გამოკვლევებს აზრი ეკარგება და რეალურ სურათსა და განწყობას არ გიჩვენებს. ადამიანები ნიღბავენ საკუთარ განწყობას. ასევეა სამეგრელოშიც, სადაც შიშის, ხათრის, რიდის, სხვადასხვა ფაქტორთა გამო ადამიანები არ ამბობენ, რას ფიქრობენ.

მოგეხსენებათ, თბილისის ომისა და სამეგრელოს დაწიოკების შემდეგ დიდი დაპირისპირება იყო „მხედრიონელებსა“ და „ზვიადისტებს“ შორის, მათ შორის ასეთი დამოკიდებულება დღემდე შენარჩუნებულია. დღესდღეობით, რა უნდა აერთიანებდეთ ყოფილ „მხედრიონელებსა“ და „ზვიადისტებს“ ე.წ. ნებაყოფლობით რეზერვში?

- სამწუხაროდ, იქ ისეთი ადამიანების გვარებიცაა, რომლებსაც წარსულში განსაკუთრებით მძიმე დანაშული აქვთ ჩადენილი. ბუნებრივია, ასეთი ტიპის ადამიანები, როგორც წესი, კანონის თანახმად, რეზერვში ვერ ხვდებიან. შესაბამისად, ამის შესახებ დღემდე არც შინაგან საქმეთა, არც უშიშროების სამინისტროს არგუმენტირებული პასუხი არ გაუცია. ასეთი ფართო მოტივაცია შეიძლება ის იყოს, რომ ხელისუფლება მართავდეს და საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდეს ამ ჯგუფებს. ბევრი კონკრეტული ფაქტი ვიცი, თუ როგორ მუშაობდა ხელისუფლება  ციხეში მყოფ ადამიანებზე, რათა მათი გათავისუფლების შემდეგ მათგან სხვადასხვა ტიპის მხარდამჭერთა ჯგუფები შეექმნა. ეს იყო სპეციალური ინფორმაცია, რომელიც საპატიმროებიდან გამოდიოდა.

ამის მიუხედავად, არა მგონია, ყველა მათგანი დიდი სიხარულით მიდიოდეს ამ ე.წ. რეზერვში, მაგრამ იმდენად დიდია ხელისუფლების მხრიდან მათზე შესაძლო ზეწოლის მეთოდები და შიში, რომ ზოგიერთი მათგანი იძულებულია, დათანხმდეს, ზოგიერთი ამას ხელფასის გამო აკეთებს და სხვა. თუკი რამე აერთიანებთ ამ ადამიანებს, ეს არის საერთო მოტივაცია, ანგარება, ან ის კომპრომატები, რომლითაც ისინი თავის დროზე ხელისუფლებასთან მიებნენ და მათგან დისტანცირებას ვეღარ ახერხებენ.

როგორ აღიქვით პრეზიდენტის განცხადება ყველა სოფელში რეზერვისტთა ჯგუფის შექმნის შესახებ. ეს მაინცდამაინც წინასაარჩევნო პერიოდს რატომ დაემთხვა?

- პრეზიდენტის ეს განცხადება საერთოდ გაუგებარია. რას ნიშნავს, ყველა სოფელს ჰყავდეს რეზერვისტი?! თუ ჩვენ ომისთვის არ ვემზადებით და მშვიდობიანი გეგმები გვაქვს, რა საჭიროა სპეციალური ჯგუფების შექმნა და მობილიზაციის გამოცხადება? ქვეყანაში უმუშევრობის, დაუსაქმებლობის უამრავი პრობლემა არსებობს. შემთხვევით, სააკაშვილი ხომ არ ემზადება რაიმე ტიპის პროვოკაციისთვის და ხომ არ აქვს გადაწყვეტილი რაიმე გეგმა, რომელიც აშკარად სამშვიდობო ხასიათის არ უნდა იყოს?!

რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვას გულისხმობთ?

- არ ვიცი, არ ვაკონკრეტებ. ფაქტია, რომ ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვი სამშვიდობო განწყობის მქონე არ არის. გასაგებია, რომ ამ სისტემას ხელისუფლება საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს. რეალურად, ეს არ არის რეზერვი, ეს არის სპეცდაჯგუფებები, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თბილისში, შიდა ქართლში, სამეგრელოში და სხვადასხვა ადგილებზე. ეს არაოფიციალურად დასაქმებული ხალხია, მათ ხელფასებს უხდიან, იყენებენ დასარბევად. მსგავსი კადრები გვინახავს, გვარებიცა და სახელებიც ბევრი ვიცით. ამიტომ სააკაშვილი შეეცდება, საჭიროების შემთხვევაში, ასეთი სპეცჯგუფები გამოიყენოს.

ირაკლი ალასანიას სამეგრელოში ჩასვლას როგორ შეაფასებთ?

- ეს ძალიან გაბედული და სწორი გადაწყვეტილებაა. სხვა ლიდერებმაც რომ მიბაძონ და გადანაწილდნენ რთულ რეგიონებში, სადაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო ბრძოლა გველის, კარგი იქნებოდა და მიეხმარებოდა ამომრჩეველს. რაც შეეხება ახალაიების კლანს, პოლიტიკური ლიდერი სწორედ საფრთხეებს უნდა უმკლავდებოდეს. ირაკლი ალასანიას ასეთი ტიპის საფრთხეები ვერ შეაშინებს. ლიდერი ამიტომაცაა ლიდერი, რომ ასეთ საფრთხეებს არ ერიდება. სამეგრელო არ უნდა წარმოვიდგინოთ რეგიონად, სადაც ჩასაფრებულ ადამიანთა ჯგუფი გველოდება.

ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სოზარ სუბარმა ვახტანგ კომახიძისგან ინფორმაცია უკვე მიიღო. რამდენად სანდოა შუამავლის მეშვეობით კომახიძისთვის გადაცემული ინფორმაცია?

- საფუძვლიანია ის განცხადება, რომელიც სოზარ სუბარმა გააკეთა. ამაში ეჭვი არ მეპარება, ისევე, როგორც ეჭვი არ მეპარება ვახტანგ კომახიძის პერსონაში, რომელმაც იცის, რომ ამ ტიპის განცხადებები არგუმენტებისა და ფაქტების გარეშე არ კეთდება. ამიტომაც მათ ვენდობი.