გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, რომელიც სულაც არ იქნება გრძელვადიანი

გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, რომელიც სულაც არ იქნება გრძელვადიანი

3 აპრილს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნატოს შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას მთელს საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები გამოგზავნონ, რათა წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი სათანადოდ განხორციელდეს. ამას მოჰყვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეუთოში უკვე გაიგზავნა განაცხადი საქართველოში ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის თხოვნით.

შეგახსენებთ, რომ ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის კონკრეტულ ქვეყანაში მისავლენად საჭიროა, რომ ამ ქვეყნის მთავრობამ ოფიციალურად მიმართოს ეუთოს და ითხოვოს ამ მისიის ჩასვლა წინასაარჩევნო მონიტორინგის მიზნით.

აღსანიშნავია ისიც, რომ პრინციპული მნიშვნელობა აქვს ჩვეულებრივი სადამკვირვებლო მისია ჩამოვა საქართველოში, თუ გრძელვადიანი. ყველამ კარგად ვიცით, რომ არჩევნების გაყალბება მხოლოდ არჩევნების დღეს არ ხდება. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც არჩევნებს უძღვის წინ. საქართველოში შექმნილი მდგომარეობა - მედიასაშუალებების დიდი ნაწილის ხელისუფლების კონტროლს ქვეშ ყოფნა, ოპოზიციის მხარდამჭერებზე სერიოზული ზეწოლა, სარჩევნო კანონმდებლობა და დაუზუსტებელი საარჩევნო სიები - ყველაფერი ეს ნოყიერ ნიადაგს ქმნის გაყალბებისთვის. ამიტომ სასიცოცხლოდ მნივნელოვანია, რომ არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე დააკვირდნენ უცხოელები ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობა ატყუებს თავის მოქალაქეებს, რადგან ხიდაშელის თქმით, მართალია, საქართველოს ხელისუფლებამ ეუთოს მიმართა განცხადებით, თუმცა იქ ლაპარაკია ჩვეულებრივ სადამკვირვებლო მისიაზე და არა გრძელვადიან მონიტირინგზე, როგორც ამას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა.

Presage.tv „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერს, ყოფილ დიპლიმატს მაია ფანჯიკიძეს ესაუბრა.

მაია ფანჯიკიძე: „ქალბატონმა თინამ თქვა, რომ არსებობს სპეციალური ანკეტა, რომელიც უნდა შეივსოს და რომელშიც უნდა იყოს ის მოთხოვნა, რომ ჩამოვიდნენ გრძელვადიანი დამკვირვებლები. ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს მოთხოვნა ეუთოში უპრეცენდენტოდ ადრე, არჩევნებამდე რვა თვით ადრე გაგზავნა. ჯერ ერთი, რვა თვე არაფრით არ გამოდის, რადგან ახლა აპრილია. ჩვენ მოვისმინეთ 4 აპრილს პრეზიდენტის გამოსვლა ნატოში, სადაც მან საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა საქართველოში არჩევნებზე დასაკვირვებლად ჩამოსვლისკენ. ამ დღეს ეს ჯერ კიდევ მომავალში იყო ნათქვამი და არა როგორც მომხდარი ფაქტი, ანუ, მოწვევა გაგზავნილი არ იყო.

11 აპრილს დღის მეორე ნახევარში civil.ge -ზე გაჩნდა ეუთოს პრეს-სპიკერის თომას რაიმერის განცხადება, სადაც იგი ამბობს, რომ გაზაფხულის ბოლომდე მისიის გამოგზავნა ვერ მოესწრება. გაზაფხულის ბოლოს კი ვეძახი მაისის ბოლოს. ამის შემდეგ კი არჩევნებამდე მხოლოდ ოთხი თვე რჩება. ოთხი თვე უკვე აღარ არის ისეთი გრძელი ვადა. ამასთანავე, ჯერ საჭიროების შემსწავლელი დელეგაცია უნდა ჩამოვიდეს, რომელიც შეისწავლის სიტუაციას და მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორი სახის დამკვირვებლები და რამდენი ხნით გამოაგზავნოს. ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ გრძელვადიანი დამკვირვებლები ჩამოვლენ.

შემდეგი ინფორმაცია, რომელიც მათ სჭირდებათ, არის ის, თუ როდის იქნება არჩევნები. ვიცით, რომ არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში, მაგრამ ჯერ არ ვიცით ზუსტი რიცხვი. მე როგორც მესმის, ამ ანკეტას რომ ავსებ, იქ ალბათ, ზუსტი რიცხვი უნდა მიუთითო. ზუსტი რიცხვი კი ცნობილი არ არის. აქედან გამომდინარე, ჯერ ერთი, გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მიიღო ჩვენს მიერ განხორციელებული და არასამთავრობოების მიერ გაკეთებული უდიდესი ზეწოლის შედეგად. ამას დაემატა ისიც, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, განსაკუთრებით კი ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები სხვადასხვა დონეზე ძალიან მკვეთრად უსვამენ ხაზს იმას, რომ ამ არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. ყელაფერ ამის შედეგად, ხელისუფლებას მეტი გზა აღარ დარჩა გარდა იმისა, რომ ეს მოსაწვევი გაეგზავნა. მაგრამ როგორც გითხარით, მაინც მოახერხეს იმდენი, რომ ასე გვიან მოხდა ამის გაგზავნა.

ანუ დრო ძალიან ცოტა რჩება?

- 28 თებერვალს პაარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად იყო საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე მოეწვია. დამეთანხმებით, 28 თებერვლიდან 11 აპრილამდე არის თვეზე მეტი. ეს რომ რეალურად სურდეს პრეზიდენტს, რასაკვირველია ამას ცოტა სხვანაირად გააკეთებდა.

თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ეს მოსაწვევი კი გაიგზავნა, მაგრამ ეს არის არა გრძელვადიანი, არამედ ჩვეულებრივი სადამკვირვებლო მისიის მოთხოვნა. ამიტომ, ხიდაშელის თქმით, სააკაშვილი გვატყუებს, როდესაც ამბობს, რომ გრძელვადიანი მისია მოითხოვა

- ეუთოს განცხადება იყო, რომ შემსწავლელი მისია ჩამოვა გაზაფხულის ბოლოს. აქედან გამომდინარე, მათ რაღაც სახის მიწვევა მისული აქვთ, მაგრამ რა სახის არის ეს მიწვევა, ეს არ ვიცით. თინა ხიდაშელმა მოითხოვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოქვეყნოს ეს წერილი, რასაც ისინი არ აკეთებენ. შესაბამისად, მისი ეჭვი, რომ ეს არ არის გრძელვადიანი მისიის მოწვევა, რეალობასთან ძალიან ახლოს არის და ამ აზრს კიდევ ისიც ამტკიცებს, რომ როგორც მოგახსენეთ, გაზაფხულის ბოლომდე ვერ მოხერხდება შემსწავლელი კომისიის ჩამოსვლა. პროცედურულად გაწერილია, რომ ეს კომისია შემდეგ უნდა დაბრუნდეს უკან და გადაწყვიტოს, როდის და რა რაოდენობით გამოუშვებს სადამკვირვებლო მისიას.

რა თქმა უნდა, ასე მალე ეს ყველაფერი ვერ მოხერხდება. აქედან გამომდინარე, ალბათ ყველაფერი სწორედ ისეა, როგორც თინა ხიდაშელმა განაცხადა.

ასეთი დაგვიანებული და დაუზუსტებელი მოწვევით არ მიიღწევა ის, რაც ჩვენ ყველას გვსურს, ანუ დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მიუხედავად ამისა, ზეწოლა, რომელიც სააკაშვილზე განხორციელდა, იყო ძალიან საჭირო და იმაზე მეტს მივაღწევთ, ვიდრე მივაღწევდით ეს ზეწოლა რომ არ ყოფილიყო.