ნატო - ულიანოვსკი - ახალი გეოპოლიტიკური რეალობა

ნატო - ულიანოვსკი - ახალი გეოპოლიტიკური რეალობა

წინა აზიაში ვითარება ყოველდღიურად იძაბება. საერთაშორისო არენაზე ისრაელსა და ირანს შორის შესაძლო სამხედრო დაპირისპირება სულ უფრო სახიფათო ტენდენციებს აჩენს. საუბარია იმაზე, რომ თუ ეს ომი დაიწყო, მასში ირანისა და ისრაელის გარდა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო ჩაერევა. რამდენჯერმე უკვე მესამე მსოფლიო ომის დაწყების შესაძლებლობის შესახებ გამოთქმულმა ვარაუდმაც გაიჟღერა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიო გეოპოლიტიკურ არენაზე მოთამაშეების გადანაწილება ხდება. ამას მოწმობს რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ ულიანოვსკში ნატოს სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ რუსეთსა და ამერიკას შორის მიღწეული შეთანხმება. ექსპერტები უპრეცენდენტოს უწოდებენ იმ ფაქტს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლიდან სულ რაღაც ოც წელიწადში რუსეთის ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ბაზის განთავსება გახდა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ არც ერთი მხარე არ ადასტურებს, რომ ეს იქნება სამხედრო ბაზა. მაგალითად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამ ბაზაზე საუბრისას ამბობს - „რაც შეეხება ულიანოვსკს, იქ არავითარი ნატოს ბაზა არ იქნება. ეს იქნება ერთგვარი დამხმარე პუნქტი, ავღანეთში მიმავალი სატრანზიტო ტვირთებისათვის. ამიტომაც გარწმუნებთ, რომ იქ არ ხდება არაფერი ისეთი, რაც ჩვენს ინტერესებს არ შეესაბამება, პირიქით, ყველაფერი რაც ამ სფეროში კეთდება, სრულად შეესაბამება რუსეთის ფედერაციისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს“.

პოლიტიკური ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ რა თქმა უნდა, ამას ნატოს ბაზას ვერ დაარქმევდნენ და ამ საკითხს ივანიშვილისა და მოქალაქეობის ამბავს ადარებს. ექსპერტის თქმით, ისევე, როგორც ივანიშვილს პრაქტიკულად ყველა უფლება მისცეს, მაგრამ ამას მოქალაქეობა არ დაარქვეს, დაახლოებით იგივე შემთხვევაა ეს ბაზაც. ანუ, ფაქტობრივად ეს იქნება ძირითადად სამხედრო ბაზის ფუნქციების მატარებელი ორგანო, მაგრამ მას არ დაარქმევენ ნატოს ბაზას.

ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ეს ბაზა პირდაპირ არის მიბმული ავღანეთიდან ნატოს ტვირთების და ცოცხალი ძალის გამოყვანასთან, რაც რამდენიმეწლიანი პროცესი იქნება. 

„იშვიათად, რომ ამერიკელები სადმე შესულან და მერე იქიდან თუნდაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში გამოსულან. ზოგადად, ყველაზე არსებითი არის ის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლიდან სულ რაღაც ორ ათწლეულში რუსეთის ტერიტორიაზე, თუნდაც დროებით, მაგრამ რაღაც ფორმით, ნატოს სამხედრო ნაწილები გაივლის. სულ რომ განთავსებას თავი დავანებოთ, სამხედრო ტექნიკისა და ნატოს შეიარაღებული ცოცხალი ძალის გავლა რუსეთის ტერიტორიაზე არის ეპოქალური მოვლენა და სრულიად სხვა რაკურსში განიხილავს რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობებს“, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე presage.tv - სთან საუბარში. 

რაც შეეხება ამ საკითხის საქართველოსთან მიმართებაში განხილვას, ექსპერტი ამბობს, რომ თეორიულად აქ ორი სცენარის განხილვა შეიძლება. პირველი არის ის, რომ ამ ტიპის დაახლოების სანაცვლოდ რუსეთმა შეიძლება საქართველოს მისი გავლენის სივრცეში დაბრუნება მოითხოვოს. მეორე სცენარი, რომელიც ექსპერტის თქმით, ამ სრულიად ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში შეიძლება განვიხილოთ არის ის, რომ რუსული პოლიტიკა გაცილებით უფრო ცივილური გახდეს საქართველოსთან მიმართებაში და რუსულ-ამერიკული კონტექსტი საქართველოსთან მიმართებაში ერთმანეთს დაუახლოვდეს.

„თუმცა მთელი ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, უფრო სავარაუდოა, რომ მოვლენები პირველი სცენარით განვითარდეს, ანუ რუსეთმა საქართველოს საკუთარ გავლენის სფეროში დაბრუნების სურვილი შეინარჩუნოს“, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

ამ რეალობის გათვალისწინებით, ძალიან საინტერესო განხილვა გაიმართა ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევითი ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „გლობალური უსაფრთხოება 2012“. ამ კონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტების ექს-მრჩევლები ახლო აღმოსავლეთში არსებულ კრიზისებზე საუბრობდნენ. აშშ-ს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ზბიგნევ ბზეჟინსკიმ ამ კონფერენციაზე გამოთქვა ვარაუდი, რომ თუ ირანსა და ისრაელს შორის სამხედრო დაპირისპირება დაიწყება, რუსეთმა შესაძლოა ისარგებლოს ამ სიტუაციით და საქართველოსთან ახალი ომი დაიწყოს რეჟიმის შეცვლისათვის.

„სერიოზული კრიზისის დაწყების გარეშე ამის ალბათობა დიდი არ არის, მაგრამ ასეთი კრიზისის გაჩენის შემთხვევაში ამის ალბათობა იზრდება“, - განაცხადა ბზეჟინსკიმ.

მისი ამ ვარაუდის კომენტირება კარნეგის ფონდის ექსპერტმა ტომას დე ვაალმა მოახდინა და მეტად სკეპტიკურად შეაფასა რუსეთ-საქართველოს ახალი ომის დაწყების შანსები. მან განმარტა, რომ „2008 წელს რუსეთს ჰქონდა საბაბი ჩარეულიყო. ახლა კი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ფაქტობრივად რუსეთის კონტროლის ქვეშ არიან, ხოლო იმისათვის, რომ მოსკოვმა მიიღოს გადაწყვეტილება შეიყვანოს ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე, გაცილებით უფრო სერიოზული მიზეზია საჭირო“.

პოლიტიკური ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ასეთი მიზეზი შეიძლება ირანსა და ისრაელს შორის სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში მასში ამერიკის ჩარევა გახდეს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ თუ ისრაელსა და ირანს შორის დაიწყო სამხედრო კონფლიქტი, მაშინ ამ კონფლიქტის საზღვრების გაშლა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ისრაელს არ აქვს იმის საშუალება, რომ სახმელეთო ოპერაცია აწარმოოს, საჰაერო ოპერაციად კი მაინც უფრო ლოკალური ოპერაცია შეიძლება ჩაითვალოს. ხოლო თუ შეერთებული შტატები ჩაერთო ამ საქმეში, ასეთ შემთხვევაში რუსეთი შეეცდება სამხრეთ კავკასიაში თავისი გავლენა არ შეასუსტოს და რაღაცით მიეხმაროს თავის მოკავშირე ირანს.

მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო სპეციალისტების გათვლით, თუ შეერთებული შტატები ჩაერთო სახმელეთო ოპერაციაში, მაშინ მოხდება ირანის ტერიტორიის დაკავება და არ არის გამორიცხული, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ნატოს ან ამერიკის ჯარები გავიდნენ სომხეთ - ირანის საზღვარზე. ეს ნიშნავს, რომ რუსეთისთვის სომხეთის, როგორც სტრატეგიული პარტნიორი დაკარგვის პროცესი დაიწყება. რუსეთში მიაჩნიათ, რომ ეს ასე არ უნდა მოხდეს და გარდა ამისა, მათ დასაცავი და შესაბამისი ტვირთებით მოსამარაგებელი აქვთ სომხეთში განლაგებული თავისი ბაზა (გიუმრის ბაზა). ამიტომ, არეშიძის თქმით, რუსეთი აუცილებლად მოინდომებს ამ მიზეზით საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრას და შექმნას კორიდორი ვითომ ბაზის მოსამარაგებლად. ეს არის კორიდორი ცხინვალი - ბორჯომი - ახალქალაქის მიმართულებით.

ექსპერტი აქვე აზუსტებს, რომ ეს მოხდება იმ შემთვევაში, თუ ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერთვება ირანის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციაში. არეშიძე აქვე აღნიშნავს, რომ ამერიკის ხელმძღვანელობას დღეს ეს არ აწყობს, რადგან არჩევნები აქვს კარზე მომდგარი. ამიტომ იგი მაქსიმალურად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ან შეაკავოს ისრაელის ამბიცია, ან ყოველ შემთხვევაში, სახმელეთო ოპერაციაში არ ჩაერთოს.

„ამდენად, ბზეჟინსკის ნათქვამი არის აბსოლუტური რეალობა, მაგრამ იმ კონფერენციაზე ძალიან საინტერესო ფრაზაც გაჟღერდა, რომ დღევანდელი რეალობა არ გამორიცხავს სხვადასხვა ტიპის თანამშრლომლობას დაპირისპირებულ მხარეებს შორის და არ არის საჭირო ირანის კუთხეში მიმწყვდევა, საჭიროა ირანს დავუტოვოთ მანევრის საშუალება, რომ არ მოხდეს ყველაზე უარესი, რასაც ჰქვია მასშტაბური ომის დაწყება წინა აზიაში, თორემ ამ ომში უამრავი სახელმწიფო ჩაერთვება“, - აცხადებს მამუკა არეშიძე presage.tv - სთან საუბარში.

რაც შეეხება ულიანოვსკში ნატოს სამხედრო ბაზას, არეშიძე აცხადებს, რომ ეს არ არის ისეთი ფორმის, როგორიც საერთოდ არის სამხედრო ბაზა, მაგრამ ძალიან დაახლოებული ელემენტები აქვს სამხედრო ბაზასთან. მისი თქმით, ეს არის სამხედრო - სასაწყობო სისტემა, რომელსაც დაცვის თვალსაზრისით აქვს თავისი სამხედრო შემადგენელი და გარკვეული სამეხდრო ინფრასტრუქტურა. ამიტომ ექსპერტი ამბობს, რომ შეიძლება მას დავარქვათ სასაწყობო ბაზა, რადგან საწყობს ვერ დავარქმევთ.

აქვე არეშიძე აღნიშნავს, რომ შიდა პერიმეტრზე ამ ბაზას დაიცავენ ნატოს არმიის ჯარისკაცები, ხოლო გარედან შეიძლება დაცვის უზრუნველყოფა ადგილობრივმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა მოახდინონ.

არეშიძე ამბობს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იდეოლოგიური თვალსაზრისით, ეს მაინც არის ნატოს სამხედრო სტრუქტურა რუსეთის ტერიტორიაზე, რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო. აქვე ექსპერტი იშველიებს ულიანოვსკის ოლქის გუბერნატორის განცხადებას, სადაც იგი ამბობს, რომ ამ ბაზაზე დასაქმდებიან ადგილობრივი საავიაციო სკოლის კურსანტები (სამოქალაქო ავიაციის), ადგილობრივი რკინიგზელები და სხვადასხვა ტიპის სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

მამუკა არეშიძე ამბობს, რომ დამკვირვებლები, რომლებიც ადგილზე აკვირდებიან ვითარებას, აცხადებენ, რომ რაც არ უნდა იყოს ულიანოვსკის მოსახლეობა მიეჩვევა თანამშლომლობას ამ ბაზაზე მომუშავე პირებთან და რაც მთავარია, მიეჩვევა ნატოს ფორმას. რადგან ადამიანები, რომლებიც ბაზაში იმუშავებენ, არიან ნატოს სტრუქტურის წარმომადგენელი სამხედრო პირები. ისინი ქალაქში გავლენ და კონტაქტი ექნებათ ადგილობრივ მოსახლეობასთან. გამოდის, რომ რუსული საზოგადოებისა და ნატოს სასაწყობო ბაზის ტერიტორიაზე მომუშავე სამხედრო მოსამსახურეების ურთიერთობა რაღაც დოზით შედგება.

არეშიძის განცხადებით, ეს არის უპრეცენდენტო რაღაც, რადგან რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. თუმცა აქვე მას მოჰყავს რუსეთის ნატოსთან თანამშრომლობის მაგალითები.

„რუსეთის ნატოსთან ფართო თანამშრომლობის უამრავი ფაქტი არსებობს, მაგრამ არა ამ ტიპის. როდესაც ნატომ სახმედრო ოპერაცია დაიწყო ავღანეთში, რუსეთმა მას თანამშრომლობის ხელი გაუწოდა და ავღანეთის ამბოხებულთა (რასაც ჰქვია ჩრდილოეთის ალიანსი) იარაღით მომარაგება დაიწყო იმისათვის, რომ ისინი თალიბების წინააღმდეგ ნატოს მხარდამჭერი სამხედრო ძალა ყოფილიყვნენ, გარდა ამისა, ნატოს ტვირთებს რუსეთიდან ავღანეთისკენ საჰაერო კორიდორი გაუხსნა. მოკლედ, რაც არ უნდა ილაპარაკონ რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელებმა, რომ ნატო იქ აგრესორია და ასე შემდეგ, სინამდვილეში ფაქტიურად ნატო და რუსეთი ავღანეთის საკითხში ძალიან მკაფიოდ და ფართოდ თანამშრომლობენ“, - აცხადება მამუკა არეშიძე presage.tv -სთან საუბარში.

რაც შეეხება ამ ბაზის შესახებ ამერიკა - რუსეთს შორის შემდგარი შეთანხმების განხილვას საქართველოსთან მიმართებაში, მამუკა არეშიძე ამბობს, რომ საქართველო და რუსეთი დღეს იმყოფებიან ერთგვარ სამხედრო დაპირისპირების რეჟიმში. საქართველო არის ავღანეთის ნაწილში ნატოს პარტნიორი, ნატო კი ულიანოვსკის ბაზის საკითხში არის რუსეთის პარტნიორი. არეშიძის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჰელმანდის პროვინციიდან ტვირთები მოხვდეს ულიანოვსკის ბაზაზე და არ არის გამორიცხული ამ ტვირთების გამყოლები ქართველი სამხედროები იყვნენ.

„მე არ ვამბობ, რომ ეს ასე არის დაგეგმილი, მაგრამ შეიძლება ასე მოხდეს. მე არ ვამბობ, რომ ეს ცუდია, რადგან ეს არის თანამშრომლობის ფორმა. პოლიტიკა არის მრავალშრიანი და ამა თუ იმ საკითხის მიმართ ცალსახად მიდგომა ამ სიტუაციაში არის უგუნურობა. პოლიტიკა გვკარნახობს სხვადასხვა ტიპის მიდგომების დემონსტრირებას“, - ამბობს არეშიძე.