ჯანდაცვის პროგრამები გასაუქმებლადაა განწირული

ჯანდაცვის პროგრამები გასაუქმებლადაა განწირული

ხელისუფლება ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებას საგულდაგულოდ მალავს. ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, შარშანდელთან შედარებით, შემცირდა. საზოგადოება სამინისტროსგან ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსების გადაწყვეტას კარგა ხანია ელის, თუმცა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე სამინისტროს ბიუჯეტი მინისტრისა და მისი ქვეშევრდომების გარეშე განიხილეს. ოპოზიციის გარდა, ის ფაქტი, რომ კომიტეტის სხდომაზე სამინისტროსგან არავინ გამოცხადდა არავის გაუპროტესტებია.

 

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, დეპუტატ მაგდა ანიკაშვილის ინფორმაციით, ჯანდაცვის მთელი რიგი პროგრამების გაუქმებაა დაგეგმილი. ამასთან, ანიკაშვილისთვის „სრულიად გაუგებარია“, რატომ არ კონკრეტდება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დეტალები. ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოსმენას პარლამენტარები ჯანდაცვის მინისტრ ანდრო ურუშაძესგან ელოდნენ, თუმცა მინისტრი პარლამენტში არ მივიდა.

 

აღსანიშნავია, რომ 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებების დაფინანსება მხოლოდ პირობითად არის გაწერილი. შესაბამისად, დაგეგმილია მისი კორექტირებაც, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯანდაცვის კომიტეტმა ბიუჯეტის პროექტი ჯანდაცვის სექტორის გარეშე განიხილა.

არსებული პარამეტრებით საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს დაფინანსება შარშანდელთან შედარებით, შემცირებულია და 1,605 მილიარდ ლარს შეადგენს (შარშან 1,607 მილიარდი ლარი იყო). ჯერჯერობით, გაურკვეველია რა თანხა გამოიყოფა ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოსთვის. ასევე მცირდება საპენსიო ხარჯები - 908 მილიონ ლარამდე (შარშან 916 მილიონი ლარი).

 

ნაკლები დაფინანსება გაიწერა სოციალურ დახმარებებზეც. გარდა ამისა, ბიუჯეტის პროექტში არ ჩანს მთელი რიგი სახელმწიფო პროგრამები, რომელსაც საზოგადოება ყველაზე მეტად ელის. დაპირების მიუხედავად, სოციალური პროგრამები დამატებული ღირებულების გადასახადისგან არ გათავისუფლდება. არადა, „საგადასახადო კოდექსის“ პროექტის განხილვისას ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განცხადა, რომ მთავრობამ პროგრამების დაფინანსების დაბეგვრა გადაიფიქრა.

 

„როგორც გაირკვა, კოდექსის ამოქმედების შემდეგ პროგრამები მაინც იბეგრება“, - აცხადებს ანიკაშვილი. სახელისუფლო გუნდის მტკიცებით, ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების დამატებითი ღირებულებით დაბეგვრა პროექტების დაფინანსების მხრივ პრობლემებს არ შექმნის.

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიგი წერეთელი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამები იბეგრება, მთავრობამ პირობა დადო, რომ ეს დაფინანსების ოდენობას არ შეეხება და პროგრამების განხორციელბას ფინანსური პრობლემები არ შეექმნება. მისი თქმით, დღგ-ის გადახდა პროგრამების ხარჯზე არ მოხდება და ამას მთავრობა უზრუნველყოფს.

 

ბიუჯეტის პროექტში ყველაზე დიდი კრიტიკა, შარშანაც ჯანდაცვის ნაწილს ერგო. პარლამენტარები, რამდენიმე თვის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯების გაზრდას ამაოდ სთხოვდნენ. მაშინ ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა პირობა საჯაროდ დადო, რომ პარლამენტის შიგნით გამოთქმულ შენიშვნებს გაისად, ანუ წელს გაითვალისწინებდა და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებას გაზრდიდა.

 

ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ წელს შემცირდა ან საერთოდ გაუქმდა გარკვეული სამედიცინო დახმარების პროგრამები, რომლებიც აქამდე ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. ეს შემცირება კი, ძირითადად, ეხება ბავშვთა სამედიცინო მომსახურეობის პროგრამას. ასევე ონკოლოგიურ და კარდიოლოგიურ პროგრამებს.

 

ბავშვთა სამედიცინო მომსახურეობის პროგრამას თითქმის 700 ათას ლარით შემცირდა. 3 მილიონით შეიკვეცა ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამა.  კარდიოლოგიური პროგრამა კი 4,564 მილიონი ლარი გახდა, მაშინ როდესაც შარშან ეს პროგრამა 8,659,5 ათასი ლარით ფინანსდებოდა. ასევე შემცირდა ურგენტული მომსახურეობის პროგრამის დაფინანსებაც. ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ საერთოდ განულდა ტუბერკულოზისა და ლეიკემიის კონტროლის პროგრამები.