აბსურდის პიკი ოპოზიციურ პოლიტიკაში - კუპრაძის გამარჯვების შემდეგ, ელისაშვილი თბილისს გაფიცვებსა და პარალიზებას ჰპირდება

აბსურდის პიკი ოპოზიციურ პოლიტიკაში - კუპრაძის გამარჯვების შემდეგ, ელისაშვილი თბილისს გაფიცვებსა და პარალიზებას ჰპირდება

თბილისის მერის არჩევნების წინ, ოპოზიციაში გაკეთებულმა მორიგმა ხმაურიანმა განცხადებამ პოლიტიკური დღის წესრიგი კიდევ ერთხელ შეცვალა. „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა და თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ ირაკლი კუპრაძის გამარჯვების შემთხვევაში, მერიის საქალაქო სამსახურები გაფიცვას გამოაცხადებენ. ამ ფრაზამ არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენელთა მწვავე რეაქცია გამოიწვია, არამედ თავად ოპოზიციურ სპექტრშიც მკვეთრი კრიტიკა დაიმსახურა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-თან მიიჩნევს, რომ განცხადებები, რომლებიც შეიძლება საკუთარი მხარდამჭერისთვის მობილიზების გზად განიხილებოდეს, რეალურად, ხელისუფლებისთვის პოლიტიკურ იარაღად იქცეს და მსგავსი „უპრაგონო“ და მყვირალა ფრაზებით, საკუთარი ამომრჩეველიც კი გააღიზიანონ.

მმართველი გუნდის ლიდერებისგან ელისაშვილის განცხადებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა. დედაქალაქის მოქმედმა მერმა და კვლავ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ოპოზიციის გეგმას „აბსურდი“ უწოდა: „წარმოუდგენელია, ადამიანს მერობა უნდა იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის მუშაობა გააჩეროს... უნდათ, შეაჩერონ ბაღების მშენებლობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა... ამიტომ, შემთხვევითი არ არის ის, რომ ამ ადამიანებს არანაირი რეიტინგი და მხარდაჭერა არ აქვთ საზოგადოებაში“, - ამბობს კალაძე.

კალაძე აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება ოპოზიციის გეგმად წარმოჩინდება, რაც თავისთავად პოლიტიკურად წამგებიანია.

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმაც საკითხი ირონიულად შეაფასა: „მერიებში მომუშავე ადამიანებს ეუბნებიან, მერად ამირჩიეთ და გაფიცვის საშუალებას მოგცემთო... ფანტაზიებში არიან. შეუძლიათ, კუპრაძე მერად სიზმარში ნახონ და რომ გაიღვიძებენ, მერად არჩეული კალაძე დახვდებათ“, - ამბობს მაჭარაშვილი.

მაჭარაშვილის კომენტარი ხაზს უსვამს ხელისუფლების ერთიან სტრატეგიას - ოპოზიციური განცხადებების, როგორც არარეალისტურისა და საზოგადოებისთვის საზიანოს, მაქსიმალურად დისკრედიტაციას.

ოპოზიციის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე კი ცდილობს საკუთარ განცხადებებს „რევოლუციური სული“ შემატოს. ის ამბობს: „პირობას გაძლევთ, როგორც თბილისის ოპოზიციონერი, პროდასავლელი მერი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რუს მთავრობას, რუს მერიას პასუხი გავცე... წარმოვიდგინოთ, რომ 5 ოქტომბრიდან, ოპოზიციონერი, პროდასავლელი მერი ყოველ საღამოს ნიშნავს სანქცირებულ აქციას“, - ამბობს მერობის კანდიდატი.

თუმცა, პოლიტიკური ანალიზის თვალსაზრისით, მსგავსი განცხადებები, შესაძლოა, უფრო ვიწრო ოპოზიციური ამომრჩევლის მობილიზებას ემსახურებოდეს და არა ფართო ელექტორატის მიზიდვას.

ამავე დროს, ელისაშვილის ფრაზა - „გამოვიდეს კუპრაძე და იტყვის, აბა, მიდი, გაფიცვების ორგანიზება, ბრძოლა... წარმოიდგინეთ, მუნიციპალური სამსახურები რომ იფიცებიან“ - განსაკუთრებით პრობლემურია იმ კონტექსტში, როცა მოსახლეობისთვის მთავარი საკითხი ინფრასტრუქტურული სერვისების უწყვეტობაა. აქციებისა და გაფიცვების პრიორიტეტულობით, ისედაც სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით დატვირთული ამომრჩეველი კიდევ უფრო მეტად დაშორდება ოპოზიციას.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-თან მიიჩნევს, რომ ამგვარი განცხადებები ქმნის სურათს, თითქოს, ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, არა ქალაქის მართვასა და სერვისების გაუმჯობესებაზე, არამედ რევოლუციურ აქტივიზმზე გაამახვილებს ყურადღებას, რაც არასერიოზულია.

„ელისაშვილისა და კუპრაძის რიტორიკა ხელისუფლებისთვის დამატებით შესაძლებლობად იქცა. მმართველი გუნდი მას აქტიურად იყენებს, რათა ოპოზიციის „არასერიოზულობა“ და „მოსახლეობის პრობლემებისგან მოწყვეტა“ წარმოაჩინოს, რის საშუალებასაც თავად ოპოზიციონერი ლიდერები აძლევენ.

ოპოზიციური ამომრჩევლისთვის ასეთი განცხადებები შეიძლება ემოციურად მიმზიდველიც იყოს, მაგრამ ფართო მასშტაბით, ისინი სწორედ ხელისუფლების დისკურსს ამყარებს - ოპოზიცია არ ფიქრობს ადამიანების ყოველდღიურ საჭიროებებზე, არამედ მხოლოდ დესტრუქციაზე.

ამ ვითარებაში, ოპოზიციის სტრატეგიული შეცდომა აშკარაა: მუქარებითა და რევოლუციური რიტორიკით, არჩევნების წინ, ხელისუფლებისთვის დამატებითი კარტები გაითამაშეს, რაც შესაძლოა საბოლოო შედეგზეც სერიოზულად აისახოს“,-ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, ცოტა წარმოუდგენელია ეს რას ნიშნავს, რომ მერი გახდება და პირველივე ნაბიჯი გაფიცვის გამოცხადება იქნება.

„ძალიან გაუგებარია, რას გულისხმობს ბატონი ელისაშვილი - თანამშრომლებს სამსახურებიდან დაითხოვს, ყველა სამსახურს გააჩერებს, თუ უბრალოდ პოლიტიკური პროტესტის ფორმას გულისხმობს? როცა პოლიტიკოსი ასეთ განცხადებას აკეთებს, მას აუცილებლად უნდა დაურთოს დამატებითი ახსნა-განმარტება, რათა საზოგადოებამ სწორად გაიგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩნდება აბსურდული სურათი - გაიმარჯვა არჩევნებში და მერია თავადვე გააჩერა.

კი, მესმის, რომ შეიძლება საუბარი იყოს აუდიტის სამსახურის მოწვევაზე, რათა გაირკვეს, რამდენად კანონიერად ხდებოდა ხარჯვა და რა მდგომარეობაშია მუნიციპალური სტრუქტურები. ეს ნორმალური და გასაგები ნაბიჯია, მაგრამ გაფიცვა? ეს უკვე არ ჯდება არც პოლიტიკური ლოგიკის, არც მოქალაქის ინტერესებში. ქალაქის გაჩერება, მუნიციპალური სერვისების შეწყვეტა, ტრანსპორტის, ბაღების, სოციალური პროგრამების დაბლოკვა - ვის მოუტანს ეს სარგებელს? მიზანი რა არის? ვერც ოპოზიციური ამომრჩეველი მიხვდება, თუ რაში მდგომარეობს ამ ინიციატივის რეალური ღირებულება“, - ამბობს ანალიტიკოსი.

მისივე თქმით, საკუთარი აქტივისტებისა და მჭიდრო ელექტორატის თვალში, შესაძლოა, ეს „მებრძოლ პოზიციად“ ჩანდეს, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით გადაუწყვეტელი ამომრჩევლისთვის, გაუგებარი და საფრთხის შემცველია.

„ხელისუფლებამ - ქართულმა ოცნებამ“ ზუსტად იცის, როგორ გამოიყენოს ეს განცხადებები. მაგალითად, ასეთ რიტორიკას გამოდებს და იტყვის: ხედავთ, მათ სურთ ქალაქის გაჩერება, ინფრასტრუქტურის შეჩერება, სერვისების გაუქმება. შესაბამისად, ეს სიტყვები მათ ხელს აძლევს და დამატებითი მობილიზაციის რესურსს აძლევს საკუთარ ამომრჩეველში.

დღეს ხელისუფლება თავად ეძებს არგუმენტებს, რომ ოპოზიცია დესტრუქციულია და ქვეყანას, თუ ქალაქს ვერ გაუძღვება. როცა ოპოზიციის ლიდერი ამგვარ განცხადებას აკეთებს, თვითონვე აძლევს ხელს ასეთ პროპაგანდას, ამიტომაც ვამბობ - ცოტა მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოხდეს ასეთი სიტყვების ფორმულირება. პოლიტიკოსის ყოველი ფრაზა, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, უნდა იყოს დამაჯერებელი, გამჭვირვალე და რეალისტური. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არა მხოლოდ საზოგადოების ნდობას ვერ მოიპოვებს, არამედ მეტიც - საკუთარი კონკურენტის იარაღად იქცევა“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

 

 

გიული გუბაზაძე. კუპრაძე რა თქმა უნდა ვერასოდეს ვერ გაიმარჯვებს! კუპრაძის პირველი კატასროფული მარცხის შემდეგ , რომელიც 4 ოქტომბერს შედგება, მამაკაცური სულიერი ფა ფიზიკური სიმახინჯის ეტალონი , მისი უდიდებულესობა ალექსანდრე(ალეკო) ელისაშვილი საჯაროდ იქნება გაუპატიურებული და გაბახებული!!!😀
21 წუთის უკან