საქართველოს საგარეო უწყებამ ორი მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილება მიიღო - გერმანიაში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად პროფესორი ალექსანდრე კარტოზია დაინიშნა, ხოლო ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლის პოსტი ირაკლი ბერაიამ დაიკავა. როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, ეს გადაწყვეტილებები საქართველოს საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის გამყარებასა და დასავლურ პარტნიორებთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას ემსახურება.
ალექსანდრე კარტოზია საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, როგორც განათლების ყოფილი მინისტრი ედუარდ შევარდნაძის მთავრობაში, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, აკადემიკოსი და გერმანისტი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გერმანულ-ქართულ კულტურულ ურთიერთობებში. კარტოზია ლექსციებს კითხულობდა ბერლინის, ფრანკფურტისა და ბრემენის უნივერსიტეტებში.
მისი აკადემიური საქმიანობა იმდენად მაღალი დონისაა, რომ 2022 წელს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ორდენი - „დამსახურების ჯვარი“ გადაეცა. ამით გერმანიის სახელმწიფო აღიარებდა მის როლს ორ ქვეყანას შორის კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების გაღრმავებაში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ კარტოზია „ყოველთვის იყო საქართველოს ელჩი გერმანიაში, ოფიციალურ დანიშვნამდეც კი“. მისი თქმით, კარტოზიას პირადი და აკადემიური გამოცდილება მას უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, რომ გახდეს „ხიდი და არა კედელი“ საქართველოსა და გერმანიას შორის.
„ის ფაქტი, რომ პროფესორი კარტოზია, როგორც მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, დიდ პატივისცემას იმსახურებს როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში, სადაც აკადემიური მოღვაწეობის გარდა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურებული ორდენი - „დამსახურების ჯვარი“ მიენიჭა, ბევრს ამბობს იმაზე, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მთავრობა ამ დანიშვნას. არ არსებობს გერმანიასთან დაკავშირებული არცერთი ქართველი, ან საქართველოსთან დაკავშირებული არცერთი გერმანელი, რომელმაც არ იცის მისი როლი ორი ქვეყნის ურთიერთობებში. სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ პროფესორი კარტოზია ყოველთვის იყო საქართველოს ელჩი გერმანიაში, ოფიციალურ დანიშვნამდეც კი. ეს პირადი და აკადემიური კვალიფიკაცია უდიდეს უპირატესობას წარმოადგენს ნებისმიერი ელჩისთვის, რათა იყოს ნამდვილი ხიდი და არა კედელი ორი ქვეყნის ურთიერთობაში.
სამწუხაროა, რომ საქართველო-გერმანიის ურთიერთობები ამჟამად მიუღებლად დაბალ ნიშნულზეა. ის უნდა დაუბრუნდეს შესაბამის დინამიკას, 1990-იან წლებში ჩაყრილ საფუძველზე, რომელიც ეფუძნება ეროვნული სუვერენიტეტისა და დემოკრატიული ლეგიტიმაციის პრინციპების ურთიერთპატივისცემას“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელიც კი ადასტურებს, რომ კარტოზია მაღალი დონის გერმანისტია და გერმანულ აკადემიურ წრეებში მას დიდი ავტორიტეტი აქვს.
დღეს, საქართველო-გერმანიის ურთიერთობები ერთგვარ დაძაბულ ფაზაშია. თბილისსა და ბერლინს შორის, ბოლო წლებში, გაჩნდა განსხვავებული ხედვები დემოკრატიული პროცესებისა და უსაფრთხოების საკითხებზე, რასაც პოლიტიკური ელიტის ნაწილმა ურთიერთობების „დაბალ ნიშნულზე“ ჩასვლა უწოდა.
ამ ფონზე, კარტოზიას დანიშვნა, ცხადია, ხელისუფლების მცდელობაა, გამოიყენოს მისი პირადი კონტაქტები და გერმანიაში ჩამოყალიბებული ავტორიტეტი, რათა თბილისისა და ბერლინის ურთიერთობა დაუბრუნდეს დინამიკას, რომელიც 1990-იან წლებში შეიქმნა და ეფუძნებოდა სუვერენიტეტისა და ლეგიტიმაციის პრინციპებს.
ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაიას დანიშვნა, ასევე მნიშვნელოვან საკადრო ნაბიჯად შეფასდა. ბერაია, მრავალი წლის განმავლობაში, ხელმძღვანელობდა პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს, იყო სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე და დაზვერვის სამსახურის უფროსი. ასევე, ის ხელმძღვანელობდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ბერაიას გამოცდილება უზრუნველყოფს ნატო-ში საქართველოს ინტერესების ეფექტიანად დაცვას. თუმცა, ოპოზიცია სკეპტიკურად უყურებს მის დანიშვნას. თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ „ბერაიამ, როგორც რუსული კანონის მხარდამჭერმა, ქვეყანას ნატო-ში წინსვლის შესაძლებლობა წაართვა და ახლა სწორედ ასეთი ადამიანი მიავლინეს ბრიუსელში“.
„დანიშვნები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს ელჩების პოზიციაზე, რა თქმა უნდა, არის დამსახურებული ჯილდო და დამსახურებული პენსია იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც რეჟიმის გამყარებას, ქვეყნის ნატო-ში და ევროკავშირში წინსვლის შეჩერებას ხელი შეუწყვეს. ასეთია, ამ შემთხვევაში, მათ შორის, ირაკლი ბერაიას მაგალითიც, როდესაც ის მიავლინეს ნატო-ში ელჩად მას შემდეგ, რაც ხმა მისცა რუსულ კანონს, რომლითაც ქვეყანას, ფაქტობრივად, ნატო-ში წინსვლის შესაძლებლობა წაართვა“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
მიუხედავად ოპოზიციის კრიტიკისა, ხელისუფლება მკაფიო სიგნალს აგზავნის - საქართველო დასავლურ ქვეყნებთან ურთიერთობების ახალ ფაზაზე გადადის და საკადრო პოლიტიკა სწორედ ამ პროცესს ემსახურება. ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია, რომ რთული პოლიტიკური ფონის მიუხედავად, პარტნიორებთან ახალი არხები გააქტიურდეს და კავშირები გაღრმავდეს.
ექსპერტთა შეფასებით, მოსალოდნელია, რომ ხელისუფლება სხვა ევროპულ ქვეყნებშიც განახორციელებს საკადრო ცვლილებებს, რათა ურთიერთობები ევროკავშირთან და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან უფრო მჭიდრო და ეფექტიანი გახდეს.
საბოლოო ჯამში, კარტოზიას გერმანიაში დანიშვნა, შეიძლება, ჩაითვალოს საქართველოს მცდელობად, გააძლიეროს დიპლომატიური ხიდები ბერლინთან, ხოლო ბერაიას ნატო-ში გაგზავნა - ქვეყნის უსაფრთხოების დღის წესრიგის განმტკიცების ნაბიჯად.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-თან ამბობს, რომ დიპლომატიურ კორპუსში ცვლილებები საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დიდი ხნის წინ დააანონსა. აბაშიძის განცხადებით, არავისთვის უცნობი არ არის, რომ საელჩოებში ჯერ კიდევ არიან ზოგიერთი მოჩვენებითი დიპლომატები, რომლებიც „ნაციონალების“ მითითებებით მოქმედებენ.
„ეს არის ჩვეულებრივი და ძალიან მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები. ეს საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდი ხანია უკვე დააანონსა და ამაში უცნაური არაფერია. ასევე, ყველამ კარგად იცის, თუ როგორ აზიანებდნენ ქვეყნისა და ხელისუფლების ინტერესებს „ნაციონალების“ დროინდელი შემორჩენილი ზოგიერთი დიპლომატი. ეს არის ქვეყნის მტრობა და ამ მტრობას ბოლო უნდა მოეღოს. ელჩების ცვლილებები სწრაფად ვერ ხდება, ამას გარკვეული პერიოდი სჭირდება, ასევე შესაბამისი კანდიდატების შერჩევას. ამის ნათელი მაგალითი კი ბატონ ალექსანდრე კარტოზიასა და ირაკლი ბერაიას დანიშვნაა. ვხედავთ, რომ განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი ბატონი კარტოზია გახდა. სააკაშვილის მომხრეები აბულინგებენ კარტოზიას, რადგან ის შევარდნაძის მთავრობაში მინისტრი იყო. მაშინ კი უნდა გადავხედოთ თავად სააკაშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობას, ვისი დახმარებით და ვისი ხელისუფლების პირობებში აიდგა ფეხი მან, როგორც პოლიტიკოსმა. არა მხოლოდ სააკაშვილმა, არამედ მისმა გარემოცვამაც. ამიტომ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნა კომპრომატია, მოდით, ჯერ საკუთარი ბელადის წარსული გაიხსენონ“, - აცხადებს აბაშიძე.
მისივე თქმით, პირიქით, კარტოზიას დანიშვნა ოპოზიციას არ ესიამოვნა, რადგან ის გერმანიაში ძალიან დაფასებული და ავტორიტეტული მოღვაწეა. შესაბამისად, შიში გაუჩნდათ, რომ მათ ტყუილებსა და დეზინფორმაციას საბოლოოდ წერტილი დაესმება.
„ალეკო კარტოზიას გამოცდილება და მოღვაწეობა საკმაოდ წონიანია. სწორედ ამიტომ, ის საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს სრულიად ახალ რელსებზე გადაიყვანს და ამის ეშინიათ ქვეყნის მოღალატეებს. თუმცა, ის ფაქტი, რომ ცალკეული ოპოზიციონერები ლანძღავენ, ზოგიერთი აქებს და ნაწილი საერთოდ არ იღებს ხმას, მეტყველებს იმაზე, რომ თავად რადიკალებში ვერ ჩამოყალიბდნენ, რა თქვან. ზოგადად, თბილისსა და ბერლინს შორის ურთიერთობა, ისევე, როგორც ლონდონსა და დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობა, გარკვეულ კითხვებს ბადებს. ხომ არ აფუჭებებენ ხელოვნურად ამ ურთიერთობებს ვიღაცები, ან მათი არაპროფესიონალიზმის შედეგად, ამ სახელმწიფოებს არასწორი ინფორმაცია ხომ არ მიეწოდება? სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ კუთხით ცვლილებები და არაფერია გამორიცხული, შესაძლოა, სხვა ქვეყნებშიც განხორციელდეს ელჩების ცვლილება. ანალიტიკოსები აანალიზებენ სიტუაციას, შემდეგ მსჯელობენ და კი ბატონო - დიპლომატიური კორპუსის გაუმჯობესების კუთხით, დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი“, - ამბობს აბაშიძე.