პალესტინის სახელმწიფოს აღიარება - სიმბოლური ჟესტი თუ მშვიდობისკენ მიმავალი გზა

პალესტინის სახელმწიფოს აღიარება - სიმბოლური ჟესტი თუ მშვიდობისკენ მიმავალი გზა

კანადის, ავსტრალიის, გაერთიანებული სამეფოსა და პორტუგალიის ლიდერებმა უკვე გააკეთეს განცხადება პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ. რას ნიშნავს ეს პალესტინისა და ისრაელისთვის?

პალესტინის სახელმწიფოს ამჟამინდელი სტატუსი

პალესტინის განმათავისუფლებელმა ორგანიზაციამ, პალესტინ დამოუკიდებელ სახელმწიფო 1988 წელს გამოაცხადა და გლობალური სამხრეთის ქვეყნების უმეტესობამ ის სწრაფად აღიარა. ამჟამად, გაერო-ს 193 წევრ სახელმწიფოდან 147-მა აღიარა პალესტინის სახელმწიფო - მექსიკა ბოლო იყო, ვინც ეს მიმდინარე წლის იანვარში გააკეთა.

ისრაელის მთავარი მოკავშირე, შეერთებული შტატები, დიდი ხანია აცხადებს, რომ საბოლოოდ აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც პალესტინელები შეთანხმდებიან ისრაელთან „ორი სახელმწიფოს გადაწყვეტაზე“. ეს გულისხმობს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას ისრაელის გვერდით - დასავლეთ სანაპიროზე, მათ შორის, აღმოსავლეთ იერუსალიმსა და ღაზას სექტორში, რაც ძირითადად შეესაბამება 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომამდე არსებულ საზღვრებს. ბოლო დრომდე, ამ პოზიციას იზიარებდნენ ევროპის ძირითადი ქვეყნები.

პალესტინის სახელმწიფოს წარმომადგენელ დელეგაციას გაერო-ში დამკვირვებლის სტატუსი აქვს, თუმცა ხმის მიცემის უფლება არ გააჩნია. მიუხედავად იმისა, რამდენი ქვეყანა აღიარებს პალესტინის დამოუკიდებლობას, გაერო-ში სრულუფლებიანი წევრობის მისაღებად აუცილებელია უშიშროების საბჭოს თანხმობა, სადაც ვაშინგტონს ვეტოს უფლება აქვს.

პალესტინა სარგებლობს მაღალი ხარისხის საერთაშორისო აღიარებით, აქვს დიპლომატიური მისიები საზღვარგარეთ და მონაწილეობს საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში, მათ შორის, ოლიმპიურ თამაშებში. პალესტინის დიპლომატიურ მისიებს მთელ მსოფლიოში ზედამხედველობას უწევს პალესტინის ხელისუფლება, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც პალესტინის ხალხის წარმომადგენელი. თუმცა, ისრაელთან მიმდინარე კონფლიქტის გამო, პალესტინას არ გააჩნია საერთაშორისოდ შეთანხმებული საზღვრები, დედაქალაქი და არმია.

ვინ და რატომ გვპირდება პალესტინის აღიარებას?

დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, კანადამ, ავსტრალიამ და ბელგიამ განაცხადეს, რომ სექტემბერში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებენ, თუმცა ლონდონმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, თავი შეიკავოს, თუ ისრაელი გადადგამს ნაბიჯებს ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის შესამსუბუქებლად და გააგრძელებს გრძელვადიან სამშვიდობო პროცესს.

კანადის, ავსტრალიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებმა კვირას, პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ განაცხადეს. ამ ქვეყნების განცხადებით, მათი მიზანია ისრაელზე ზეწოლა, რათა მან შეწყვიტოს ღაზაზე დესტრუქციული თავდასხმები, შეამციროს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ახალი ებრაული დასახლებების მშენებლობა და განაახლოს სამშვიდობო პროცესი პალესტინელებთან.

რატომ არ ცნობს ზოგიერთი ქვეყანა პალესტინის სახელმწიფოს?

ქვეყნები, რომლებიც პალესტინას სახელმწიფოდ არ აღიარებენ, როგორც წესი, ამას იმიტომ არ აკეთებენ, რომ ისრაელთან კონფლიქტი ფორმალურად მოუგვარებელი რჩება.

სამშვიდობო მოლაპარაკებები 1990-იან წლებში დაიწყო და მათი მიზანი იყო კონფლიქტის გადაწყვეტა ორი სახელმწიფოს შექმნის გზით, რათა ისრაელელებსა და პალესტინელებ ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოში, გვერდიგვერდ ცხოვრათ.

ისრაელის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ პალესტინის ტერიტორიები არ აკმაყოფილებს 1933 წლის მონტევიდეოს კონვენციით განსაზღვრულ სახელმწიფოებრიობის ძირითად კრიტერიუმებს - მუდმივი მოსახლეობა, განსაზღვრული ტერიტორია, მთავრობა და სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა.

პალესტინელებისთვის მათი სახელმწიფო სამი ნაწილისგან შედგება: აღმოსავლეთ იერუსალიმი, დასავლეთ სანაპირო და ღაზას სექტორი. ყველა ეს ტერიტორია ისრაელმა 1967 წლის ექვსდღიანი ომის დროს დაიპყრო.

რას ნიშნავს აღიარება პრაქტიკაში?

გაერო-ში სრული წევრობისა და საზღვრების კონტროლის არქონის გამო, პალესტინის ხელისუფლებას ორმხრივი ურთიერთობების წარმოების შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. პალესტინის ტერიტორიაზე ოფიციალური საელჩოები არ ფუნქციონირებს და ქვეყნებს იქ დიპლომატების თავისუფლად გაგზავნა არ შეუძლიათ.

ქვეყნები, რომლებიც აღიარებას გეგმავენ, თავად პალესტინის ხელისუფლება აცხადებ, რომ ეს მხოლოდ ცარიელი ჟესტი არ იქნება.

დიდ ბრიტანეთში პალესტინის ელჩმა, ჰუსამ ზომლოტმა განაცხადა, რომ ამან შეიძლება ერთეულებს შორის თანასწორი პირობებით პარტნიორობა უზრუნველყოს.

ისრაელისა და შეერთებული შტატების რეაქცია

ისრაელი, რომელიც ღაზას ომში თავისი ქმედებების გამო, საერთაშორისო კრიტიკის წინაშე დგას, აცხადებს, რომ პალესტინის აღიარება ჰამასს დააჯილდოებს 2023 წლის ოქტომბრის თავდასხმისთვის, რამაც ომი გამოიწვია.

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი არასდროს დათმობს სრულ კონტროლს ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე, უსაფრთხოების თვალსაზრისით.

შეერთებული შტატები კატეგორიულად ეწინააღმდეგება ევროპელი მოკავშირეების მიერ პალესტინის აღიარების მცდელობებს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებამ, შესაძლოა, ჰამასი გაამხნევოს.

რატომ არის მნიშვნელოვანი პალესტნისთვს გაერო-ს წევრობა?

2011 წელს, პალესტინამ გაერო-ს სრულუფლებიან წევრობაზე განაცხადი შეიტანა, თუმცა გაერო-ს უშიშროების საბჭოში, მხარდაჭერის არარსებობის გამო, ეს განაცხადი ჩაიშალა და კენჭისყრაზე არასოდეს დასმულა.

2012 წელს კი გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ პალესტინას „არაწევრი დამკვირვებელი სახელმწიფოს“ სტატუსი მიანიჭა, რაც პალესტინელებს ასამბლეის დებატებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს, თუმცა რეზოლუციებზე ხმის მიცემა არ შეუძლიათ.

2024 წლის მაისში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ პალესტინის უფლებები ორგანიზაციაში გააფართოვა და ცხარე დებატების შემდეგ, მის წევრად მიღებისკენ მოუწოდა.

რეზოლუციამ პალესტინას საშუალება მისცა, სრულად მიეღო მონაწილეობა დებატებში, შეეთავაზებინა დღის წესრიგის საკითხები და აერჩია თავისი წარმომადგენლები კომიტეტებში, თუმცა მას ხმის მიცემის უფლება არ მიენიჭა - ეს უფლება მხოლოდ გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეუძლია მიანიჭოს.

იმავე წლის აპრილში, შეერთებულმა შტატებმა, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან ერთ-ერთმა, ვეტო დაადო პალესტინის გაერო-ში სახელმწიფოდ მიღებას და ამ ნაბიჯს „ნაადრევი“ უწოდა.

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/c4gzz5exq8go