"მთავრობის ვალდებულებაა არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლითაც საქართველოს მოქალაქე აპატრიდად იქცევა"

თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქე იურიდიულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე.

მისი თქმით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველს.

„ასეთი ინფორმაციის დამადასტურებელი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მოქალქეობისა და მიგრაციის სამსახური იწყებს საქმის წარმოებას სხვა ქვეყნის მოქალაქე პირისათვის, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე და შესაბამის დასკვნას პრეზიდენტის #237 ბრძანებულების 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის პრეზიდენტს. 2015 წლის 30 მაისს ქართულ მედიაში გავცრელდა ინფორმაცია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მოპოვების თაობაზე. ასევე, უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ბრძანებულება მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ. ეს ბრძანებულება 2015 წლის 30 ოქტომბრის 12:00 საათის მონაცემებით კვლავაც გამოქვეყნებულია იმავე მისამართზე, თუმცა მოგვიანებით მედიაში ასევე გაჩნდა განსხვავებული ინფორმაციაც. 2015 წლის 24 ივლისს თავად მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება გვიანდებოდა. მისი სიტყვებით „გავაფორმე ყველა საბუთი, რომელიც აუცილებელია უკრაინის მოქალაქეობის მისაღებად, მაგრამ პროცესი დროში ჭიანურდება“, ამ განცხადებამ გააჩინა ეჭვი, იყო თუ არა სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება რეალური და იყო თუ არა ის კვლავ ძალაში“, - განაცხადა წულუკიანმა

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, 2012 წლის 1 ოქტომბერს მოსული პოლიტიკური ძალა მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვას. კანონის წინაშე კი ყველა თანასწორია.

„საქართველოს მთავრობის კონსტიტუციური ვალდებულებაა, არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელთა შედეგადაც, საქართველოს მოქალაქე მოქალაქეობის არ მქონე პირად, ანუ აპატრეიდად იქცევა. შესაბამისად, ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის მიზნით დაწყებული პროცედურა არ დაარღვევდა საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს ეს მოქალაქე არ დარჩებოდა ყოველგვარი მოქალაქეობის გარეშე, გადაიდგა შემდეგი ნაბიჯები: 2015 წლის 22 სექტემბერს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალქეობისა და მიგრაციის სამსახურმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით მიმართა უკრაინის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურს და მოითხოვა ინფორმაცია სააკაშვილის მოქალაქეობრივი კუთვნილების თაობაზე. წერილის უპასუხოდ დატოვების გამო, 2015 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს იუტრიციის მინისტრის მოადგილე დაუკავშირდა საქართველოს საელჩოს უკრაინაში და ითხოვა შუამდგომლობა უკრაინის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურთან, რათა ოფიციალური პასუხი გამოგზავნილიყო. 2015 წლის 23 ოქტომბერს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გაუგზავნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 22 ოქტომბრით დათარიღებული ნოტა, რომლის მიხედვითაც „მიხეილ სააკაშვილი მიღებულ იქნა უკრაინის მოქალაქედ 2015 წლის 29 მაისს უკრაინის პრეზიდენტის #301/2015 ბრძანებულებით, რომელიც დღესაც ძალაშია. მოცემული ნოტის საფუძველზე, რომელიც უკრაინის სახელმწიფოს ოფიციალური დოკუმენტია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო იწყებს მიხეილ სააკაშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმის წარმოებას“, - განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ წერილობით ეცნობება დაინტერესებულ პირს უკრაინაში, რომელსაც მიეცემა გონივრული ვადა საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.

„იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალქეობისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნა მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება“, - განაცხადა წულუკიანმა.