ძალიან კონკრეტულ საკითხებზე ვსაუბრობდი, როდესაც ბრიტანეთის ელჩის ქცევას განვიხილავდი. მე ვამბობდი იმას, რომ მან დაარღვია ვენის კონვენცია იმით, რომ ჩაერია საპარლამენტო არჩევნებში აგიტაციის სახით „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიტანეთის ელჩზე საუბრისას.
„ამას უპასუხონ, თქვან, რომ არ დაარღვია. ამის ნაცვლად ამბობენ, რომ ეს არის ცრუ ბრალდებები. განათლებული ადამიანები ასეთ დიალოგს არ აწარმოებენ და ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტის მიმართ უფრო დიდი წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხს.
ბრიტანეთის ელჩმა დაარღვია ვენის კონვენცია, როდესაც არჩევნებამდე 10 დღით ადრე საარჩევნო აგიტაციას ეწეოდა საჯაროდ, ინტერვიუს სახით „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, გვაინტერესებს პასუხი დაარღვია თუ არა ვენის კონვენცია და თუ დაარღვია რას აპირებენ, რომ მოიმოქმედონ. ბრიტანეთის საელჩო ცდილობდა დაეფინანსებინა ექსტრემისტული განწყობების მქონე ადამიანები, ამაზეც გვაინტერესებს პასუხი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა სიტყვა ექსტრემიზმის მნიშვნელობა და ასევე მაგალითად მოიყვანა თამარ ჩერგოლეიშვილის და გია ჯაფარიძის მიერ გაკეთებული განცხადებები.
„ჩერგოლეიშვილის და ჯაფარიძის დაფინანსებას აპირებდა ბრიტანეთი საელჩო, შესაბამისად აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ბრიტანეთის საელჩო აპირებდა ექსტრემისტული შეხედულებების მქონე ადამიანების დაფინანსებას.
ჩვენ გვაქვს ორი ფაქტი, პირველი - ბრიტანეთი ელჩმა დაარღვია ვენის კონვენცია და ჩაერია არჩევნებში აგიტაციის სახით და მეორე, ბრიტანეთის საელჩომ დაარღვია სტრატეგიული პარტნიორების შეთანხმება, მისი პრეამბულა, სადაც სუვერენიტეტის პატივისცემა არის დადასტურებული. როდესაც ერევი არჩევნებში, ეს არის სუვერენიტეტის შებღალვა და ბრიტანეთის საელჩო ცდილობდა დაეფინანსებინა ადამიანები, რომლებიც არიან ექსტრემიზმის ფლაგმანები ქართულ პოლიტიკაში.
ფაქტებს უპასუხონ ფაქტებით და არა ბუნდოვანი შეფასებებით, რომელიც აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას. შეწყდეს ანტი ქართული რიტორიკა“, - განმარტა შალვა პაპუაშვილმა.