პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობაზე ისაუბრა. მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რატომ ვერ დაიჭირა ხელისუფლებამ 13-წლიანი მმართველობის პერიოდში საქართველოში მომუშავე ერთი რუსი აგენტი მაინც.
პაპუაშვილის თქმით, ყველაფერი, რასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკეთებს, არ საჯაროვდება.
„ჩვენ სულ ახლახან გვქონდა სუს-ის ხელმძღვანელის წლიური ანგარიში, მათ შორის შარშანაც გვქონდა და დღეს რადიკალური ოპოზიცია ვინც არის, ზოგი იმყოფებოდა ამ ანგარიშის დახურულ ნაწილზეც. ამ ანგარიშის დახურულ ნაწილში ამაზეც არის ხოლმე საუბარი. ვინ გითხრათ თქვენ, რომ უცხო ქვეყნების ჯაშუშურ საქმიანობაზე რეაგირება არ არის?! ყველაფერი საჯარო კი არ ხდება, რასაც უსაფრთხოების სამსახური აკეთებს. პირიქით, როდესაც უსაფრთხოების სამსახურს უწევს საჯარო მოქმედება, ამ დროს უფრო მეტად არის საკითხი თუ რატომ ხდება რაღაცები საჯარო. მთავარი ისაა, რომ დახურულ ნაწილში ხდება ხოლმე ამაზე საუბარი და ეს არ ეხება ერთ ქვეყანას, რამდენიმე ქვეყნის მავნე საქმიანობებთან დაკავშირებით არის ხოლმე რეაგირებები. მთავარი საზომი არის შედეგები. შედეგი არის ის უსაფრთხო გარემო, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. ამის დასტური არის ის, რომ შესაბამისად მოქმედებენ ჩვენი უწყებები და ის, რომ მიუხედავად დესტაბილიზაციის, რევოლუციების მრავალი მცდელობისა ყველაფერმა ფუჭად ჩაიარა. რაც შეიძლება საჯაროდ ითქვას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში არის საჯარო და შეგიძლიათ ნახოთ, რაც არ შეიძლება, რომ ითქვას, არ ითქმის არც ბრიფინგზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.