რუსეთი სამხრეთისკენ დაიძრა...

რუსეთი სამხრეთისკენ დაიძრა...

XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე რუსეთ-კახეთის ურთიერთობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა საშამხლოს საკითხს.

კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ეს მთაგორიანი პოლიტიკური ერთეული სერიოზულ პრობლემას უქმნიდა კახეთის უსაფრთხოებას. XVI საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში თანდათან გამოიკვეთა მისი ხანების ორიენტაცია ოსმალეთზე, რაც, უმთავრესად, სამთავროს გეოგრაფიული მდებარეობით იყო განპირობებული. ჩრდილოეთიდან მას რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი ჩერქეზული პოლიტიკური წარმონაქმნი ემეზობლებოდა, ხოლო სამხრეთიდან - ხონთქრის ხელდებული დარუბანდის სახანო. ირანთან წარმატებული ომიანობის შემდეგ პორტამ მტკიცედ მოიკიდა ფეხი იმიერ და ამიერკავკასიაში. მისი მფარველობით ისარგებლეს კავკასიის მთიელებმა და კახეთიდან ტყვეთა მასობრივი მოტაცება დაიწყეს, რომლებსაც სარფიანად ჰყიდდნენ მახლობელი აღმოსავლეთის ბაზრებზე. მთიანი რეგიონისთვის დამახასიათებელი მწირი საცხოვრებელი პირობების გამო იქაურმა მოსახლეობამ თარეში ძირითად ხელობად გაიხადა, რამაც კახეთსა და საშამხლოს შორის ნორმალური ურთიერთობის დამყარებას გადაულახავი ბარიერი შეუქმნა. ობიექტურ ფაქტორებს სხვა სუბიექტური მომენტებიც ემატებოდა. კერძოდ ის, რომ ალექსანდრე II უარყო შამხლის (მთავრის ტიტულია. ზ.დ.) მოყვრობა და საშამხლოს ტახტისათვის ბრძოლაში მის მეტოქეს დაუჭირა მხარი.

საშამხლოს სამხედრო-პოლიტიკურმა სისუსტემ განაპირობა კახეთთან მისი ურთიერთობის სპეციფიკური ხასიათი. მთიელები ქურდულად ესხმოდნენ თავს ადგილობრივ მოსახლეობას და ტყვეებს იტაცებდნენ, მაგრამ ფართომასშტაბიან კამპანიას ვერ ბედავდნენ, რადგან დიდ ბრძოლებში სისტემურად მარცხდებოდნენ ხოლმე. თავის მხრივ, კახეთი უძლური იყო, აელაგმა შამხლის თავხედური რეიდები. ამისთვის საჭირო რეგულარული ჯარი მას არ გააჩნდა.

საშამხლოს მიუვალი, მთაგორიანი მდებარეობა, პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდიდა მის წინააღმდეგ სერიოზული სადამსჯელო ოპერაციის მოწყობას.

ქურდული თარეშის გარდა, შამხალთან გართულებული ურთიერთობა სხვა მხრივაც იყო კახეთისთვის საზიანო. თერგთან და ასტრახანთან დამაკავშირებელი უმოკლესი საქარავნო გზა სწორედ დაღესტან-საშამხლოზე გადიოდა (იგი შეესატყვისებოდა ქართული წყაროებიდან კარგად ცნობილ ბელაქნის გზას, რომლითაც კახეთ-ჰერეთიდან ღუნძეთს უკავშირდებოდნენ): ძეგამი-ყაზიყუმუხი-ყაზანიჩი-ქიაფირყუმუხი-თარღუ-ტიუმენი-თერგი). ამ მონაკვეთის გავლას ქვეითი ორ კვირას ანდომებდა, მხედარი კი - ექვს-შვიდ დღეს. პოლიტიკური ერთიანობისა და ძლიერების ხანაში აღნიშნულ მაგისტრალს საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყნები აკონტროლებდნენ, მაგრამ უკვე XVI საუკუნის დამლევს ვითარება რადიკალურად შეიცვალა. 

საშამხლოსთან დაძაბული ურთიერთობის გამო ეს უმნიშვნელოვანესი გზა სავაჭრო კონტაქტებისთვის თითქმის მთლიანად ჩაიკეტა, რაც სერიოზულ დარტყმას წარმოადგენდა კახეთის მეურნეობისთვის. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ რუსეთთან გამართული მოლაპარაკების დროს კახელი დიპლომატები, სამხედრო ფინანსური მხარდაჭერის პარალელურად, პირველ რიგში, სწორედ საშამხლოს პრობლემის გადაჭრას მოითხოვდნენ. ალექსანდრე II აზრით, საკითხის მოგვარებისთვის საჭირო იყო, რუსეთის ჯარის მიერ საშამხლოს დალაშქვრა და კონტროლის დამყარება თერგ-ასტრახანთან კახეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე. 

რუსეთი ცდილობდა, საშამხლოს საკითხი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების პრიზმაში განეხილა. იგი ალექსანდრესგან მოითხოვდა, საკუთარ თავზე აეღო თერგის მეციხოვნეთა სურსათით მომარაგება, იმ მოტივით, რომ ეს გარნიზონი სწორედ კახეთის უსაფრთხოებას უნდა მომსახურებოდა. პრინციპში, კახეთის მხარე უარს არ ამბობდა, მაგრამ პურის უკმარისობას, გზის სიშორესა და სხვა, ტექნიკური ხასიათის სირთულეებს იმიზეზებდა. თავის მხრივ, რუსეთიც დაინტერესებული იყო საშამხლოს ნეიტრალიზაციით. მან კარგად იცოდა, რომ შამხალი სულთანს თერგზე ციხეების ჩადგმისკენ მოუწოდებდა. ამიტომ, მოსკოველი დიპლომატები კახეთის წინაშე დათმობაზე წავიდნენ. ისინი ალექსანდრე II ჰპირდებოდნენ თერგიდან მეთოფეთა რაზმის გამოგზავნას, ოღონდ კახეთს უნდა გაეღო ამისათვის საჭირო ცხენ-უნაგირი და ეკისრა მოლაშქრეთა გამოკვება. ალექსანდრემ ამაზეც პრინციპული თანხმობა განაცხადა, მხოლოდ ერთი პირობით- მანამდე რუსეთს აუცილებლად კონტროლქვეშ უნდა აეყვანა საშამხლოზე გამავალი თერგ-კახეთის გზა.

ჩანს, უაღრესად ფრთხილ პოლიტიკოსს, მეფე ალექსანდრეს, კარგად ესმოდა რუსეთ-კახეთის 1587-1589 წლების ხელშეკრულების არაქმედუნარიანობა მანამ, სანამ მათ შორის პროთურქულად განწყობილი საშამხლო იმყოფებოდა. ასეთ პირობებში, ცხადია, მოსკოვის სახელმწიფოს გაუჭირდებოდა კახეთის დაცვა გარეშე მტრებისგან და მეთოფეთა მცირე კონტინგენტის ჩამოყვანა, შესაძლოა, ქვეყნისთვის საზიანოც კი გამხდარიყო. სწორედ ამით აიხსნება კახბატონის დაჟინებული მოთხოვნა თერგ-კახეთის გზის გაწმენდისა და შამხლის დამორჩილების თაობაზე.

საშამხლოს დაპყრობით რუსეთი ხელთ იგდებდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ რეგიონს, რომლის მეშვეობითაც სოლივით შეიჭრებოდა სულთნის იმიერკავკასიურ სამფლობელოთა შორის და შეძლებდა სერიოზული ოპონირება გაეწია იქ ირან-ოსმალეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკისათვის. ეს კარგად ესმოდა სულთნის ხელისუფლებასაც, რომელიც მეფე თევდორესგან დაჟინებით მოითხოვდა მეფე თერგზე ჩადგმული ციხის მოშლას. თავის მხრივ, რუსეთი იმიზეზებდა, ეს ფორპოსტი ჩემი ქვეშევრდომი ჩერქეზების დასაცავადაა აგებული და ოსმალეთის ინტერესებთან საერთო არაფერი აქვსო. ცხადია, ასეთი დიპლომატიური ხრიკებით მოსკოვი სტამბულს ვერ მოატყუებდა, მაგრამ XVI საუკუნის ბოლო ათწლეულში, მუქარის მიუხედავად, სულთნის ხელისუფლებამ ვერ გაბედა რადიკალურად დაპირისპირებოდა რუსეთს. მას უკვე შაჰ აბასის რეფორმების შედეგად გაძლიერების გზაზე შემდგარი ირანის პრობლემაც საკმაოდ აწუხებდა.

საარქივო დოკუმენტებიდან კარგად ჩანს, რომ ალექსანდრე II რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკების დროს მოხერხებულად მანიპულირებდა საშამხლოს თემით და ცდილობდა პარტნიორზე სასურველი ზეგავლენის მოხდენას. მაგალითად, 1590 წელს რუს ელჩებთან, ანტონოვთან და ზვენიგოროდსკისთან საუბარში კახეთის სახლთუხუცესმა ომან ჩოლოყაშვილმა, ვითომ სხვათა შორის, აღნიშნა, ჩვენს მეფესთან ირანელი ელჩები მოვიდნენ წინადადებით - საშამხლო დაიპყარი და შაჰი სანაცვლოდ დიდ ტერიტორიებს გიწყალობებსო. 

დამახასიათებელია მეორე ეპიზოდიც, როდესაც მდივანბეგმა თარსამ ელჩებს “საიდუმლოდ” გაუმხილა, შამხალი ჩვენს მეფეს ძველებურად მოყვრობას სთავაზობსო. ამგვარ დემარშებს, რომლებსაც კახელი დიდებულები ალექსანდრე II დავალებით მიმართავდნენ, მარტივი მიზანი ჰქონდა. კახბატონს სურდა, დაერწმუნებინა რუსი ელჩები, რომ მისთვის მოსკოვის სახელმწიფო საშამხლოს პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა არ იყო და რეზერვში კიდევ მოიძებნებოდა ალტერნატიული საშუალებანი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში მოსკოვთან კავშირი საერთოდ დაკარგავდა ყოველგვარ აქტუალობას.

ამავე დროს, ალექსანდრე II ცდილობდა, კახეთ-საშამხლოს ურთიერთობა მფარველის წინაშე რელიგიურ ასპექტშიც დაესვა და ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ კავკასიაში ამ ორი ქვეყნის კონფლიქტი, ფაქტობრივად, ქრისტიანობისა და ისლამის დაპირისპირებას წარმოადგენდა. მეფის აზრით, მოსკოვი, როგორც მართლმადიდებლობის ბურჯი, ვალდებული იყო, ყველა საშუალებისთვის მიემართა მაჰმადიანთა დასამარცხებლად.

1590 წელს, როდესაც ზვენიგოროდსკი და ანტონოვი უკან გაბრუნდნენ, ალექსანდრემ მათ თან გააყოლა თავისი ელჩები - თავადი სოლომონი და ყურშიტა ჩერქეზი. კახელმა დესპანებმა მოსკოვში მოლაპარაკებისას კვლავ მთელი სიმწვავით დასვეს საშამხლოს დაპყრობის საკითხი და არაორაზროვნად მიანიშნეს, რომ ამ გზით რუსეთი დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს მიიღებდა. კახეთის ხელისუფლება საშამხლოს საკითხს საერთაშორისო პოლიტიკის პრიზმაში განიხილავდა და მას უკავშირებდა მოსკოვის სანუკვარი ”მესამე რომის” დოქტრინის რეალიზაციას. კერძოდ, ამ ქვეყნის დაკავებით რუსეთს გზა ეხსნებოდა შირვან-დარუბანდის მიმართულებით, რასაც, პერსპექტივაში, უნდა მოჰყოლოდა დანარჩენი ქართული სამეფო-სამთავროების მოქცევა რუსულ პოლიტიკურ ორბიტაზე, ირანთან ერთად კოალიციური ლაშქრობის მოწყობა ოსმალეთის წინააღმდეგ და საქრისტიანოს ცენტრის (კონსტანტინეპოლი, იერუსალიმი) გათავისუფლება ურწმუნოთაგან.

ბორის გოდუნოვისათვის გაგზავნილ წერილში ალექსანდრე II არაორაზროვნად აფრთხილებდა მფარველს, რომ საშამხლოში ჯარის გაუგზავნელობას, შესაძლოა, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა მოჰყოლოდა.

კახეთის მეფის ულტიმატუმმა გაჭრა. 1591 წლის აპრილში, ბოიარებთან დათათბირების შემდეგ, მეფე თევდორემ მიიღო გადაწყვეტილება საშამხლოში ჯარის გაგზავნის შესახებ ვოევოდა ზასეკინის მეთაურობით. ამასთან, რუსეთის ხელისუფლება ვარაუდობდა, აქტიურად გამოეყენებინა ჩერქეზებისა და კახელების ლაშქარიც. კახეთში გამოგზავნილ ელჩებს პლეშჩეევსა და კუდრინს მეფე ალექსანდრესთან მოჰქონდათ ინფორმაცია, რომ შამხლის წინააღმდეგ 5000 რუს მეთოფესთან ერთად 10000 ჩერქეზიც იგზავნებოდა. რუს დესპანებს დაევალათ, საგანგებოდ შეეჩერებინათ კახელი ელჩები სუნჯაში, რათა მათთვის ლაშქრის შეგროვება ეჩვენებინათ და ამ გზით დიპლომატიური ეფექტი მოეხდინათ.

ზასეკინის მეთაურობით 1591-1592 წლების ზამთარში მართლაც განხორციელდა ლაშქრობა საშამხლოზე, თუმცა მისი შედეგები მოსალოდნელზე გაცილებით მოკრძალებული აღმოჩნდა. შამხალს წაართვეს ერთადერთი ციხე და ბრძოლაში დაჭრეს კიდეც. ეს იყო და ეს. ცხადად გამოიკვეთა, რომ მცირე ლაშქრით ამ მთაგორიანი ქვეყნის დამორჩილება შეუძლებელი იყო, შამხალი კი დანებებას სრულიადაც არ აპირებდა.

ლაშქრობის პარალელურად რუსეთმა ნიადაგი მოსინჯა შაჰთან დიპლომატიურ მოლაპარაკებაშიც. მოსკოვს აინტერესებდა, როგორი რეაქცია ექნებოდა აბას I ყოფილი ვასალის, საშამხლოს წინააღმდეგ რუსთა მიერ მოწყობილ ექსპედიციასთან დაკავშირებით. ირანის ხელისუფლებამ წაუყრუა და არაფრისმთქმელი ფრაზებით შემოიფარგლა ორგული შამხლის მორჩილებაში მოყვანის თაობაზე. 

ალექსანდრე II 1592 წელს რუსეთში გაგზავნილი დესპანების, თავადი იორამისა და კირილე არქიმანდრიტის მეშვეობით კვლავ დასვა საშამხლოს საკითხი და დახმარება ითხოვა. მეფე თევდორემ საკითხის მოგვარება ბორის გოდუნოვს მიანდო, რომლის ინიციატივითაც გადაწყდა დიდი ლაშქრობის მოწყობა შამხლის წინააღმდეგ ბოიარ ხვოროსტინინის სარდლობით. გოდუნოვის გეგმით, მეთოფეთა 15000-იან ჯარს (რაც, მცხადია, ძლიერ გაბერილი რიცხვია) თარღუსთან ალექსანდრეს ვაჟი, გიორგი ბატონიშვილი უნდა შეერთებოდა კახელთა რაზმით. მეფისგან მოითხოვეს მოსკოვში მძევლად შვილის ან შვილიშვილის გაგზავნას, თანაც არაორაზროვნად აგრძნობინეს, რომ მფარველის ნებართვის გარეშე სხვა სახელმწიფოსთვის მძევალი არ მიეცა.

საბოლოო შედეგის თვალსაზრისით, ხვოროსტინინის ლაშქრობა მცირედით განსხვავდება წინამორბედი სამხედრო ექსპედიციისგან. 1594 წლის საომარ კამპანიაში რუსთა ჯარი დაეუფლა საშამხლოს ზღვისპირა ზოლს, ციხე ჩადგა მდინარე ყოისუზე და უშედეგოდ სცადა თარღუს აღება. ეს მცირე და ეპიზოდური წარმატება საკმარისი არ იყო მეფე ალექსანდრესთვის. მას კარგად ესმოდა, რომ ხვოროსტინინთან ერთად ლაშქრობაში ნაადრევად მონაწილეობა, შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩენილიყო კახეთისთვის, რადგან რუსული რაზმის უშედეგოდ უკუქცევის შემდეგ (ეს კი ძალზე რეალური იყო) ოსმალეთი და შამხალი ქვეყანას შავ დღეს დააყრიდნენ. ამიტომ, გოდუნოვისთვის გაგზავნილ წერილში ალექსანდრე II კვლავ აღნიშნავდა რუსთა მიერ საკუთარი ძალებით ყაზიყუმუხში ციხის აგებისა და თერგი-კახეთის გზის გაწმენდის აუცილებლობას.

კახეთის მეფის სიფრთხილე დროული აღმოჩნდა. მართალია, ხვოროსტინინმა თარღუ აიღო, მაგრამ შამხალს ყუმიხები და ჩერქეზები მიეშველნენ და რუსთა რაზმი სასტიკად დაამარცხეს. თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლებამ ბრალი დასდო ალექსანდრე II და თავისი ჯარის მარცხი პარტნიორის ინერტული პოზიციით ახსნა. ამის მიუხედავად, კახელთა ერთგულება-მოკავშირეობა ძნელი დასათმობი აღმოჩნდა და 1596 წელს გამოგზავნილი ახალი ელჩების (სოვინი და პოლუხანოვი) პირით მოსკოვის მეფემ კვლავ დააიმედა ხელდებული. თუმცა, ამჯერად, იგი უკვე აღარ საუბრობდა შამხლის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებზე. განცდილი მარცხის გარდა, ამის მიზეზი ისიც გახლდათ, რომ შაჰი უკვე აქტიურად ჩაერია საშამხლოს საკითხში. ამის საფუძველი მას მისცა შამხლის ოსტატურმა ნაბიჯმა, რომელმაც რუსეთისგან დაცვა სთხოვა ირანის ხელისუფლებას. აბას I ისარგებლა მოსკოვთან ”მეგობრული” ურთიერთობის აღდგენით დააიმედა იგი, რომ მთიელებს დაიმორჩილებდა. მეფე თევდორემ ასეთ ”გამოსავალზე” თვალები დახუჭა და შამხლისთვის პირობის ჩამორთმევით დაკმაყოფილდა.

ცხადია, კახთა მეფე მანამ ვერ მოისვენებდა, სანამ საშამხლოს პრობლემას ძირფესვიანად არ გადაჭრიდა. 1598 წელს მან მოსკოვში ელჩების პირით კიდევ ერთხელ და კატეგორიულად დასვა საკითხი და პასუხი მოითხოვა. რუსეთის ხელისუფალნი კარგად ხვდებოდნენ, რომ ხვოროსტინინის მარცხი თარღუსთან ქვეყნის პრესტიჟზე უარყოფითად მოქმედებდა (არა მხოლოდ კახელთა თვალში), ამიტომ ფიცხლად გადაწყვიტეს მდგომარეობის გამოსწორება. ბორის გოდუნოვმა (იმ დროისათვის იგი უკვე ფლობდა მეფის ტიტულს) ახალი გეგმა დასახა, რომელიც დეტალებით მცირედით განსხვავდებოდა წინანდელისგან. სარდლობა, ამჯერად, ვოევოდა რომოდანოვსკის დაევალა, რომელსაც ისევ და ისევ კახელთა ლაშქარი უნდა დახმარებოდა.

XVII საუკუნის დასაწყისი წინა აზიაში ახალი საომარი სამზადისით აღინიშნა. აბას I რევანშისთვის იყო განწყობილი, ოსმალეთს კი უამრავი საშინაო და საგარეო პოლიტიკური პრობლემა აწუხებდა. ასეთ ვითარებაში, 1601 წლის შემოდგომაზე, დავით ბატონიშვილის მიერ მოწყობილი სასახლის გადატრიალების შედეგად, კახეთში ხელისუფლება შეიცვალა. ამის გამო რუსეთმა რომოდანოვსკის ექსპედიცია დააყოვნა. ტახტზე ახალი მეფის ასვლა მხოლოდ ფორმალური მიზეზი იყო. სავარაუდოდ, მოსკოვი მოერიდა რადიკალური ღონისძიების განხორციელებას მანამ, სანამ ირან-ოსმალეთის დაპირისპირებაში სასწორი რომელიმე მხარეს გადაიხრებოდა.

გოდუნოვმა, რომელიც სამხრეთის მიმართულებით ენერგიულ პოლიტიკას ატარებდა, კიდევ ერთხელ და საბოლოოდ სცადა საშამხლოს პრობლემის გადაჭრა. ეს მოხდა 1604-1605 წლებში, როდესაც ირან-ოსმალეთის ახალდაწყებულ ომში აშკარად გამოიკვეთა პირველის უპირატესობა. ახლა, უკვე, რუსეთს თავისუფლად შეეძლო ხელი გამოეღო სულთნის მომხრე შამხლის დასასჯელად, ისე, რომ ამაზე თვით აბას I ვერ გამოთქვამდა პრეტენზიას. ამის მიუხედავად, საშამხლოზე ახალი ექსპედიცია გასაიდუმლოებულ ვითარებაში მზადდებოდა. ამის შესახებ რუსეთის ხელისუფლებამ საქმის კურსში ჩააყენა 1603 წლის გაზაფხულზე მოსკოვში ჩასული კახელი დესპანები, არქიმანდრიტი კირილე ქსანტოპულო და მდივანი საბა. გადაწყდა, რომ ლაშქრობას ბოიარი ბუტურლინი უხელმძღვანელებდა.

საყურადღებოა ერთი გარემოება. რუსეთის ხელისუფლებამ კახეთში გამოგზავნილ ელჩებს, ტატიშჩევსა და ივანოვს, სპეციალური ინსტრუქცია მისცა იმ შემთხვევისთვის, თუ ტახტზე კვლავ დაბრუნებული ალექსანდრე II მათ განუცხადებდა, შამხალთან უკვე დაზავებული ვარო. ასეთ სიტუაციაში ელჩებს უნდა ეთქვათ, რომ მეფე ბორისმა ამის შესახებ არაფერი იცოდა, ხაზინამ ლაშქრობის ორგანიზაციისთვის დიდი ხარჯი გაიღო და კეთილი ინებეთ, შეთანხმება დაიცავითო. ეს მომენტი ცხადად აჩვენებს, თუ რამდენად იყო დაინტერესებული რუსეთი კახეთის ერთგულებითა და საშამხლოში ფეხის მოკიდებით.

1604 წელს ბუტურლინის ჯარი და კავკასიაში გამოისტუმრეს. სამწუხაროდ, არც ეს ლაშქრობა აღმოჩნდა წარმატებული. 1604 წელს ალექსანდრე II ირანში ყოფნამ, ხოლო 1605 წლის 12 მარტს ძეგამში დატრიალებულმა ტრაგედიამ შეუძლებელი გახადა შამხლის წინააღმდეგ რუს-ქართველთა გაერთიანებული ლაშქრის კოორდინებული მოქმედება. იმავე წლის ივნის-ივლისში ბუტურლინის კორპუსმა სასტიკი მარცხი განიცადა ყუმიხებთან ბრძოლაში და ამით რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკა კასპიისპირეთში დიდი ხნით შეფერხდა.

სამწუხაროდ, მთიელთა თარეში კვლავ გადაუჭრელ პრობლემად დარჩა ქართველი ხალხისათვის.