რუსული თქმულება დინარ დედოფლის შესახებ

რუსული თქმულება დინარ დედოფლის შესახებ

XVI საუკუნის რუსეთში ფართოდ გავრცელებულ ლიტერატურულ ძეგლს წარმოადგენდა თქმულება დინარ დედოფლის შესახებ, რომელმაც დიდი კვალი დაამჩნია იმ ეპოქის რუსულ პოლიტიკურ აზროვნებას.

ამ თხზულებას არაერთი მეცნიერი შეეხო, თუმცა, ჯერ კიდევ არაა საბოლოოდ გარკვეული, როდის დაიწერა, ან საიდანაა აღებული მისი სიუჟეტი. ზოგიერთი ძეგლს ბერძნულიდან თარგმნილად თვლიდა, ზოგი კი ბალკანელი

სლავების მიერ შეთხზულად მიიჩნევდა. პირველი მარი ბროსე იყო, ვინც მართებულად დაასკვნა, რომ აღნიშნული თქმულების სიუჟეტი ქართული ისტორიული სინამდვილიდან იღებდა სათავეს.

ორიოდე სიტყვით თვით თქმულების შინაარსზე. ივერიის მეფე ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ დარჩა 15 წლის ქალიშვილი დინარა, რომელიც შეუდგა კიდეც ქვეყნის მართვას. სპარსთა მეფე ადრამელეხმა გადაწყვიტა ივერიის დამორჩილება და დინარას შეუთვალა, ხარკი გადამიხადეო. დინარამ მამამისზე ორჯერ მეტი ძღვენი გაუგზავნა, თან შეუთვალა- მე მეფობა ღვთისგან მაქვს ბოძებული და

 
შენ რა ხელი გაქვსო. განრისხებულმა ადრამელეხმა ძღვენი არ მიიღო და მისწერა, თუ გსურს, ტახტი შეინარჩუნო, საცვლების ამარა დამხვდი, წინაღმდეგ შემთხვევაში დიდი ჯარით მოვდივარო. დინარამ უპასუხა: თუ დამამარცხე, ქალზე გამარჯვება დიდი ვაჟკაცობა არაა, მაგრამ თუ დამარცხდი, სამუდამოდ თავი მოგეჭრებაო. ადრამელეხი დიდი სპით გაემართა ივერიაზე. დინარამ ლაშქრის მზაობა ბრძანა, მაგრამ სარდლებისგან უარი მიიღო- ბევრნი არიან და ვერ გავუძლებთო. მაშინ დედოფალმა მათ მოაგონა ბიბლიიდან მცირეთა მიერ მრავალთა ძლევა, შაბრენის მონასტერი მოილოცა, აღიჭურვა და ჯარს წინ წარუძღვა. ბრძოლა ივერიელთა ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. დინარამ საკუთარი ხელით განგმირა სპარსთა ხელმწიფე და მისი თავი შუბზე წამოცმული ატარა თავრიზამდე.

ამის შემდეგ დედოფალი მშვიდად მართავდა ქვეყანას 38 წელიწადი და 6 თვე და სიკვდილის შემდეგ დამარხეს შაბრენის მონასტერში. 


დინარასთან დაკავშირებით ქართულ ისტორიოგრაფიაში XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე გაჩნდა ორი განსხვავებული მოსაზრება. მარი ბროსეს მიაჩნდა, რომ თხზულებაში დამახინჯებით აისახა თამარის ეპოქა და შამქორის ბრძოლა. ეპისკოპოსი კირიონი კი თქმულების პერსონაჟს „ქართლის ცხოვრებიდან“ კარგად ცნობილ დინარ დედოფლად თვლიდა, ვინაც ჰერნი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. უნდა ითქვას, რომ თქმულების პერსონალიის პირდაპირი ანალოგების ძიება საქართველოს ისტორიაში უშედეგო საქმეა. ასეთი სახელების მქონე მამა-შვილი ქართულ წყაროებში უცნობია. სამაგიეროდ, ალექსანდრეს შემდეგ დინარას გამეფების ისტორია ძირითად შტრიხებში ემთხვევა გიორგი III გარდაცვალების შემდეგ თამრის ასვლას ტახტზე.

მარი ბროსე, რომელიც კარგად იცნობდა ჩვენი ქვეყნის ისტორიას, დინარ დედოფლის თქმულებას სწორედ სწორედ XII საუკუნის საქართველოს ისტორიაში კარგად ცნობილ ამ ფაქტთან აკავშირებდა. ასეთი ანალოგიის მოძებნაში მას ხელი ვერ შეუშალა სახელთა სხვაობამ, რადგან კარგად იცოდა, როგორ იყო დამახინჯებული რუსულ წყაროებში ქართული სახელწოდებანი.


რაც შეეხება კირიონისეულ მოსაზრებას, იგი არაა გაზიარებული. მართალია, „ქართლის ცხოვრებიდან“ ცნობილი დინარ დედოფლის მამის სახელი ადარნასე უფრო ახლოა ალექსანდრესთან, ვიდრე გიორგი, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. X საუკუნეში, როცა დინარი ცხოვრობდა, საქართველო ერთიანი არ ყოფილა. თანაც, ადარნასეს სხვა შვილებიც ჰყავდა, მათ შორის- ვაჟებიც, რაც დინარას გამეფებას გამორიცხავდა. მთავარი კი ისაა, რომ თქმულების დინარასა და „ქართლის ცხოვრების“ დინარას მოღვაწეობა სრულებითაც არ ჰგავს ერთმანეთს.

დინარ დედოფალთან დაკავშირებით საინტერესო ცნობაა დაცული ვოლკონსკისა და ხვატოვის ელჩობის მუხლობრივ აღწერილობაში, რომლებიც 1638-1639 წლებში იმყოფებოდნენ კახეთში. დიპლომატიური მისიის წევრი - იპატიევის მონასტრის არქიმანდრიტი იოსები ზებედე ალავერდელმა მიიწვია ალავერდის ტაძარში წირვაზე დასაწრებად. იოსებმა უარი განაცხადა, თუ ტაძარი ჩვენებური წესით არ ვაკურთხეთ,  არ შემიძლიაო. ზებედემ განუმარტა, რომ ტაძარი უკვე დიდი ხნის წინ იყო ნაკურთხი, თუმცა ამან რუსი არქიმანდრიტი არ დააკმაყოფილა.

გაიმართა კამათი, რომლის დროსაც შეეხნენ ალავერდის ისტორიასაც. იოსების შეკითხვაზე,  ვინ ააგო ტაძარიო, ზებედემ უპასუხა - სპარსელთა დამმარცხებელი დინარას შვილმა გიორგიმო (აქ, ცხადია, შეცდომაა. ალავერდის ტაძარი ლაშა-გიორგიმდე ორი საუკუნით ადრე, XI საუკუნის პირველ მესამედშია აგებული. ზ.დ.) არქიმანდრიტმა გაიოცა, დინარას შესახებ მატიანეებში ბევრი რამ წერია, მაგრამ ქმარ-შვილი თუ ჰყავდა, არ ვიცოდიო. ზებედემ დაუდასტურა- ჰყავდაო...  აღნიშნული ეპიზოდი ცხადად მეტყველებს, რომ XVII საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოში დინარ დედოფალი თამარ მეფედ მიაჩნდათ.

ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ საქართველოში რუსული თქმულების შესახებ XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე უნდა გაეგოთ. ამ მხრივ, საყურადღებოა 1618 წელს თეიმურაზ I მიერ რუსეთში გაგზავნილი ელჩის იღუმენ ხარიტონის ნათქვამი საგარეო საქმეთა საგანგიოს მოხელეებთან საუბარში - ჩემი მეფე ამჟამად ბაშაჩიკების (ბაშაჩიკების, იგივე ბაში აჩუკის ქვეყანა იმერეთია. გვიან შუა საუკუნეებში ასე ეძახდნენ მას ოსმალები. „აჩიქ ბაშ“ თურქულად ნიშნავს თავდაუხურავს, უქუდოს. ზ.დ.) ქვეყანაშია განდევნილი, იქ, სადაც დინარ დედოფალია დაკრძალულიო. ამასვე წერს პირად წერილში თეიმურაზ I მიხეილ თევდორეს ძეს. საფიქრებელია, კახეთის განდევნილი მბრძანებელი ინფორმირებული იყო რუსეთში დინარ დედოფლის შესახებ თქმულების თაობაზე და რუსთათვის ნაცნობი დეტალის ხსენებით სცადა განემარტა, რას წარმოადგენდა მისი შემფარებელი იმერეთის სამეფო.


ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ ქართველებს რუსული თქმულების შესახებ უნდა შეეტყოთ 1585-1605 წლებში, როდესაც კახეთსა და რუსეთს შორის უაღრესად ინტენსიური დიპლომატიური ურთიერთობები არსებობდა და კახელი ელჩები არაერთხელ ჩავიდნენ მოსკოვში.

ძნელი ასახსნელია, რატომ შეიცვალა დინარას მამის სახელი გიორგი ალექსანდრეთი. ამის თაობაზე ისტორიოგრაფიაში,ჯერჯერობით, მეტნაკლებად დასაბუთებული მოსაზრება არ არსებობს. მაგალითად, იასე ცინცაძის შეხედულებით, შესაძლოა, თქმულებაში თავიდან დინარას მამის სახელი არც ფიგურირებდა და იგი მოგვიანებით ჩაუმატეს რუსთათვის შედარებით კარგად ცნობილი კახთა მეფე ალექსანდრეს ანალოგიით.

თუ რუსული თქმულების დეტალებს ქართულ წყაროებს შევადარებთ, აშკარად ჩანს მსგავსება ბასილი ეზოსმოძღვრის თხზულებაში აღწერილ ბასიანის ომთან, თუმცა ბასილი არაფერს ამბობს იმის შესახებ, თითქოს სარდლებმა უარი განუცხადეს თამარს ლაშქრობაზე. დინარას მსგავსად, თამარმაც სიტყვით მიმართა ლაშქარს და მოაგონა ბიბლიური პასაჟი დებორასა და გედეონის შესახებ მცირეთიდიდთა ძლევის თაობაზე. ასევე, ორივე ძეგლის საერთო დეტალია დედოფლების წასვლა ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში, მხოლოდ განსხვავებულია სახელები.

რუსულ თქმულებაში ფიგურირებს შაბრენი, ბასილთან - მეტეხი. ჯერჯერობით, აუხსნელი რჩება თქმულების ცნობა დინარ დედოფლის შაბრენის მონასტერში დაკრძალვის შესახებ. 


საისტორიო მეცნიერებაში შენიშნულია, რომ რუსული თქმულების წყარო უნდა იყოს არა მხოლოდ ბასილის, არამედ, ზოგადად, სხვა მემატიანეთა ინფორმაცია თამარის მიერ გამართული ომების შესახებ. ამით უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ თქმულების ზოგიერთ ცნობას ანალოგია გააჩნია არა ბასილი ეზოსმოძღვრის, არამედ „ისტორიანი და აზმანის“ პასაჟებთან. შეიძლება დავასახელოთ სხვა პარალელებიც.

ქართულ და რუსულ წყაროებში საუბარია გამარჯვების შედეგად მოპოვებულ დიდძალ ალაფზე (ოქრო-ვერცხლი, თვალ-მარგალიტი, სუნელ-სანელებელი). თქმულების მინიშნება დინარასა და ალექსანდრეს მიერ ადრამელეხისთვის ხარკის გაგზავნის შესახებ ძალზე ჰგავს ბასილისვე ცნობას იმის თაობაზე, რომ თამარი ძღვენის საპასუხოდ თვითონაც უგზავნიდა საჩუქრებს რუქნადინს. თქმულება გვიამბობს დინარასა და ადრამელეხს შორის ელჩთა გაცვლის შესახებ. ასეთი რამ შამქორის ბრძოლასთან დაკავშირებით ბასილის ნათქვამი არ აქვს, მაგრამ ბასიანის ომის წინ ნამდვილად მიუთითებს რუმის სულთნის დესპანის მოსვლის თაობაზე. აშკარაა მსგავსება იმ შეურაცხყოფას შორის, რაც ადრამელეხმა და რუქნადინმა მიაყენეს დინარასა და თამარს, ასევე, იდენტურია დინარასა და თამარის პასუხები აგრესორთა მიმართ და მათი ფეხშიშველი წასვლა ღვთისმსობლის ტაძარში, ოღონდ ბასილი ამ ფაქტს აღწერს ბასიანის ბრძოლის წინ. 


რაც შეეხება სახელწოდება შაბრენს, არსებობს მისი ახსნის რამდენიმე არადამაჯერებელი მცდელობა. ზოგიერთი მის ანალოგიას ხედავს შატბერდის მონასტრის სახელწოდებაში, ზოგი კი ფიქრობს, რომ შაბრენი - ესაა სიტყვა ღვთისმშობლის მეორე ნაწილის (მშობელი) დამახინჯებული ვარიანტი (საინტერესოა, რომ შაბრენი სხვა რუსულ ნუსხაშიც გვხვდება, სადაც თემურ ლენგის მიერ დაპყრობილი ქვეყნებია ჩამოთვლილი. 


სპარსთა მეფის სახელი ადრამელეხი ქართულ ისტორიოგრაფიაში გაშიფრულია, როგორც შეკვეცილ-დამახინჯებული ნუქ (არდინ მელიქი). ეს მოსაზრება საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება, მით უმეტეს, რომ მელიქის ფონეტიკური მსგავსება მელეხთან აშკარაა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თქმულებაში ადრამელეხი სირიის მფლობელია, ხოლო ბასილის ცნობით, რუქნადინს ბასიანის ომში „თანა ჰყუა ლაშქარი დიმუშკით და ალაბით“ (ე.ი. დამასკოდან და ალეპოდან. ზ.დ.). 

ისმის კითხვა, - თუ რუსულ თქმულებაში რუქნადინი იგულისხმება, რატომაა იგი მონათლული სპარსთა მეფედ?

საქმე ისაა, რომ სიტყვა სპარსიც შეიძლება ქართული სინამდვილიდან მომდინარეობდეს, სადაც იგი შუა საუკუნეებში მაჰმადიანის აღმნიშვნელ განზოგადებულ ტერმინს წარმოადგენდა. 

თუ საქმე სხვა ანალოგიებზე მიდგება, ასევე იოლად შეიძლება დავაკავშიროთ თქმულების დინარას მიერ თავრიზის აღება და თამარის ჯარის გალაშქრება ხორასანში, რომლის დროსაც, სხვა ქალაქებთან ერთად, თავრიზიც იქნა აღებული.

თითქმის მსგავსია ორივე წყაროს მითითება დედოფლის მართველობის ხანგრძლივობაზე (თქმულებაში - 38 წელიწადი და 6 თვე, ბასილისთან- 37 წელიწადი). 

თქმულება დინარ დედოფლის შესახებ ფართოდ ყოფილა გავრცელებული რუსეთში. ყაზანელი მემატიანის ცნობით, ქალაქზე შეტევის დაწყებამდე ივანე IV სიტყვით მიუმართავს ჯარისთვის და მებრძოლთა გასამხნევებლად დაუმოწმებია დინარას მიერ სპარსელთა ძლევის მაგალითი (ამ ფაქტზე დაყრდნობით დამკვიდრებულია შეხედულება, რომ თქმულება დინარ დედოფლის შესახებ სწორედ ივანე მრისხანეს ეპოქაში, სავარაუდოდ, XVI საუკუნის 60-იან წლებში უნდა იყოს დაწერილი). 


რას უნდა გამოეწვია დინარას ისტორიით დაინტერესება რუსეთში? დამკვიდრებული შეხედულებით, თქმულების გავრცელება შეიძლება პროპაგანდისტულ მიზანთან იყოს დაკავშირებული. XVI საუკუნეში რუსეთში აქტუალური იყო ქედმაღალ ბოიარებთან ცენტრალური ხელისუფლების დამოკიდებულების საკითხი, რამაც, საბოლოოდ, „ოპრიჩნინა“ წარმოშვა. სწორედ ამგვარად გამოჩნდა თქმულებაში პასაჟი დინარას მიერ მშიშარა და ურჩი დიდებულების შერცხვენის შესახებ. საერთოდ კი, ამის გარეშეც, მამაცი ქრისტიანი მბრძანებელი ქალის ისტორიის გავრცელება მეზობელ ერთმორწმუნე სახელმწიფოში მაინცდამაინც დიდ გაოცებას არ უნდა იწვევდეს...